მოსაზრება ბაქოდან: აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამწვავებით, რუსეთი თავად ქმნის ქაოსს სამხრეთ კავკასიაში
დაძაბულობა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი უარყოფს დასავლეთის გეგმებს, გადააქციოს სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური დაპირისპირების არენად.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ რეგიონი ქაოსისგან და ვაქციოთ თანამშრომლობისა და პროგრესის ზონად,“ — აღნიშნა გალუზინმა და დაამატა, რომ ეს სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს.
![](https://jam-news.net/app/uploads/2022/05/elxan214.jpg)
კვლევითი ცენტრის, Atlas-ის ხელმძღვანელი ელხან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ მიხაილ გალუზინის განცხადება რეალობას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
“რუსეთი თავად ქმნის ქაოსს რეგიონში, ამწვავებს რა ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. კრემლის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან და მისი უუნარობა, იპოვოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, სულ უფრო ჰგავს წინასწარ განზრახულ სტრატეგიას.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეუძლია ერთ წუთში დაასრულოს ეს დაძაბულობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის სურვილი არ აქვს.
რამდენიმე წლის წინ, თურქეთმა ჩამოაგდო მისი საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, რის შემდეგაც ანკარასა და მოსკოვს შორის გარკვეული დროით უთანხმოება შეინიშნებოდა. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოდიშის წერილი გაუგზავნა თავის რუს კოლეგას, რასაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მოჰყვა.
ახლა კი პუტინი მავე ნაბიჯის გადადგმას აზერბაიჯანის მიმართ არ აპირებს. ამის ნაცვლად, მოსკოვი ირჩევს აზერბაიჯანზე ზეწოლის ტაქტიკას — პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია შავი პროპაგანდის გზით. ოფიციალური ბაქო ამას უპასუხოდ არ ტოვებს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს,“ — განაცხადა ელხან შაჰინოღლუმ.
![](https://jam-news.net/app/uploads/2024/10/farhad-mammadov.jpg)
პოლიტოლოგმა ფარჰად მამედოვმა გამოცემა Pressklub.az-თან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მზარდი დაძაბულობის გავლენა რეგიონზე ჯერჯერობით შესამჩნევი არ არის. მისი თქმით, სომხეთში ამ მოვლენებზე ორი განსხვავებული შეხედულება არსებობს.
“ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად მოქმედებდნენ და რეგიონში სომხეთისა და ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ კოორდინირებულ პოლიტიკას ატარებდნენ. თუმცა ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანი პრინციპულ პოზიციას იკავებს და არ ერიდება დაპირისპირებას მოსკოვთან.
მეორე მხრივ, სომხეთში მიაჩნიათ, რომ ეს დაძაბულობა შეასუსტებს რუსეთის გავლენას რეგიონში, რაც ერევნის ინტერესებს შეესაბამება,“ — აღნიშნა მამედოვმა.
პოლიტოლოგი ასევე განმარტავს, რომ სომხეთი არ მონაწილეობს სატრანსპორტო სამმხრივი კომისიის მუშაობაში, რომლის შემადგენლობაში რუსეთიც შედის.
“ამ მიზეზით, კომისიის საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერებულია. თუმცა ფაშინიანის მთავრობას არ მიუღია პოლიტიკური გადაწყვეტილება კომისიიდან გამოსვლის შესახებ, რის შედეგადაც რუსეთი კვლავ რჩება პროცესის მონაწილედ. ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა აქტიურად ჩაერთოს და მისი წინადადებები კვლავ ძალაშია.
ეს კომისია 2021 წლის 11 იანვრის ერთობლივი დეკლარაციით ჩამოყალიბდა. თუ სომხეთი არ სურს, რომ რუსეთი რაიმე ფორმით ჩაერთოს რეგიონში სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში, მან ამის შესახებ ოფიციალურად უნდა განაცხადოს,“ — თქვა მამედოვმა.
რაც შეეხება საქართველოს, პოლიტოლოგის თქმით, რუსეთთან დაახლოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ნიშნები არ შეინიშნება.
“მართალია, ქვეყნის ურთიერთობები დასავლეთთან გაუარესდა, თუმცა განსაკუთრებული დაახლოების ნიშნები რუსეთთან ჯერ არ ჩანს.“
ეკონომიკური კუთხით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სიახლეების შესაძლებლობაზე საუბრისას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველომ შესაძლოა გაზარდოს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი, თუკი რუსული ენერგომატარებლების ფასები შემცირდება.
თუმცა, რაც შეეხება ფუნდამენტურ პოლიტიკურ საკითხებს, ექსპერტი მიუთითებს, რომ არც პოლიტიკური და არც დიპლომატიური მოლაპარაკებები არ განახლებულა და ღია დიალოგი არ მიმდინარეობს.
“ამიტომ ამ მოსაზრების დასაბუთება შეუძლებელია,“ — დასძინა მან.
ფარჰად მამედოვი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში საერთო ჯამში სუსტდება.
“ამ პროცესის საწყისი იყო აზერბაიჯანიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანა, რასაც მოგვიანებით სომხეთიც შეუერთდა. შედეგად, რუსეთის პოლიტიკური გავლენა შემცირდა, თუმცა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით მოსკოვმა პოზიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნა,“ — განაცხადა პოლიტოლოგმა.
პარტია “რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერის, ნათიგ ჯაფარლის აზრით, დასავლეთთან დაძაბულობის მიუხედავად, აზერბაიჯანმა უნდა მოამზადოს და განახორციელოს სტრატეგიული გეგმა ორი საკვანძო მიმართულებით, რათა კრემლის ზეწოლას მომზადებული შეხვდეს.
“რაც არ უნდა აშინებდეს აზერბაიჯანს, მოსკოვი ცდილობდა და კვლავაც შეეცდება ზეწოლას ამ მიმართულებით. რაც უფრო მეტ საფრთხეს დავინახავთ რუსეთში მყოფი აზერბაიჯანელი მიგრანტებისა და იქ ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხებში, მით მეტად გაუსვამს ხაზს კრემლი ამ პრობლემებს. ამიტომ, ლოგიკურად, საჭიროა, ეს ორი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ, რათა მომავალშიც ამ ბერკეტებით შანტაჟის საფრთხე ავირიდოთ.“
ჯაფარლი ეკონომიკურ სტატისტიკასაც ეყრდნობა: 2024 წელს აზერბაიჯანმა რუსეთში 1 მილიარდ 178 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც ქვეყნის მთლიან ექსპორტში მხოლოდ 4,4%-ს შეადგენს. იმავე წელს რუსეთმა აზერბაიჯანს 3 მილიარდ 621 მილიონი დოლარის საქონელი მიჰყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვმა ბაქოსთან ვაჭრობით 2 მილიარდ 443 მილიონი დოლარი მოიგო.
“თუ რუსეთი უარს იტყვის ჩვენს პროდუქციაზე, საბოლოოდ, ისინი უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიდრე ჩვენ. მათი საექსპორტო ბაზრებიც ისედაც შეზღუდულია.“ – თქვა პოლიტიკოსმა.
ჯაფარლის აზრით, ბაქო არ უნდა დარჩეს დამოკიდებული ბაზარზე, სადაც წლიურად მხოლოდ 1,2 მილიარდ დოლარს შოულობს.
“მთავრობას მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და შეამციროს ის ბარიერები, რომლებიც თავადვე შეუქმნა მეწარმეებს. ამით ჩვენი ფერმერები შეძლებენ, მაგალითად, არაბულ ქვეყნებში გაიტანონ თავიანთი პომიდორი და არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ რუსეთის ბაზარზე.“ — აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მიგრანტების პრობლემა – გამოწვევა თუ შესაძლებლობა?
ნათიგ ჯაფარლის თქმით, მიგრანტების საკითხი, რომელსაც აზერბაიჯანის მთავრობა და მედია ძირითად საფრთხედ აღიქვამს, სინამდვილეში შესაძლებლობაა.
“მთავრობას უბრალოდ უნდა გაუხსნას კარი მათ, ვისაც დაბრუნება სურს, და შეუქმნას პირობები, რათა აქ საკუთარი ბიზნესი დაიწყონ.“
ჯაფარლი მიიჩნევს, რომ ყარაბახსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში 1 მილიონი ადამიანის დასახლებაა აუცილებელი:
“ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა რაოდენობა დღემდე მცირეა. ბაქოს ცხოვრების სტილს შეჩვეული ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, იქ გადასვლას არ ჩქარობს. ამიტომ, მათთვის, ვინც რუსეთიდან დაბრუნებას და იქ ცხოვრებას აპირებს, აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ მათ არამხოლოდ გადასვლის, არამედ დარჩენის, ცხოვრების და წარმატების მოტივაციაც ჰქონდეთ.“
თუმცა, ჯაფარლის თქმით, მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა ან პროგრამა არ გააჩნია.
“მოკლედ რომ ვთქვათ, თუ აზერბაიჯანი მიგრანტებისა და ვაჭრობის პრობლემებს საფრთხედ არ აღიქვამს და მათ მოგვარებაზე აქტიურად იმუშავებს, რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის ბერკეტები მნიშვნელოვნად შესუსტდება. საჭიროა მხოლოდ ინიციატივის გამოჩენა და ეკონომიკური თავისუფლების მინიჭება. ესაა ერთადერთი გამოსავალი.“ — აღნიშნა ნათიგ ჯაფარლიმ.