ჯონ ჰერბსტი: "ქართული ოცნების" მთავრობა დისკრედიტებულია - ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას მოსკოვის მოთხოვნების მიმართ
ინტერვიუ ჯონ ჰერბსტთან
ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტს და საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ეხმაურება. მისი თქმით, ის, რომ ქართული ოცნებიდან პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე არავინაა მიწვეული, იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია.
დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით ვითარდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით, 20 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
ჯონ ჰერბსტი:
საქართველოს მთავრობის არაღიარების მნიშვნელობაზე
“ვფიქრობ, ამის არსებითი საფუძველი არსებობს. კონგრესმენ უილსონს დიდ პატივს ვცემ. ასევე უნდა ვთქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროპის ბევრ მთავრობას ნელი რეაგირება ჰქონდა გასულ შემოდგომაზე, საქართველოს არჩევნებში სერიოზულ დარღვევებზე და არ გამოუთქვამს საბოლოო პოზიცია ამ არჩევნების შედეგებზე.
მაგრამ, ისინი სერიოზულად აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ რეპრესიებს, რაც დაახლოებით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ხდება და რაც იმ ქართველების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ამ არჩევნების თავისებურებებსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს – უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე.
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდისმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც
ბაიდენის ადმინისტრაციაზე
“[ბაიდენის ადმინისტრაციას] საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრი ენით უნდა დაეგმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად, რაც მოხდა [არჩევნების შემდეგ], ამ არჩევნებში დარღვევების გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც, ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში.
მე და სხვებს, ვინც კავკასიის რეგიონზე ვმუშაობთ ადმინისტრაციასთან ამაზე საუბარი გვქონდა და ნათელია, რომ მათ უადგილო იმედები ჰქონდათ, რომ პირად საუბრებს შეძლო თბილისში ოფიციალური პირებისთვის სწორი ნაბიჯებისკენ ებიძგებინა
მაგრამ ეს მცდელობები აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაბამისი პოლიტიკა არ არსებობდა, რადგან რომ ყოფილიყო დროული მკაცრი სასანქციო პოლიტიკა, ეჭვი მაქვს, რომ სიტუაცია არ გაუარესდებოდა იმ დონემდე, როგორც ახლაა.
ვფიქრობ [ივანიშვილის სანქცირება] ცვლილებების ნაწილი იქნება. თუმცა, ივანიშვილი ვერ იმუშავებს თავისი მთავარი “ლეიტენანტების” გარეშე. ასე რომ, რეპრესიების მთავარი აღმასრულებლის, კობახიძისთვის სანქნციების არდაწესება, [ამერიკის საქართველოსადმი არსებული] პოლიტიკის პრობლემაა.
და მხოლოდ კობახიძეზე არაა საუბარი, არსებობენ სხვა ადამიანები მინისტრების, მინისტრების მოადგილეების დონეზე, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩარეული და ისინიც უნდა დასანქცირდნენ.”
აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
არ ვიტყოდი, რომ [ამერიკა] საქართველოს სომხეთით ანაცვლებს. უბრალოდ, ისე მოხდა, სომხეთის პოლიტიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა 2020 წელს, აზერბაიჯანის გამოვლენილი აგრესიის შემდეგ. 30 წელზე მეტია ვაკვირდები სამხრეთ კავკასიას. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სომხეთი იყო ის, ვინც უკომპრომისოდ იქცეოდა მთიანი ყარაბაღის კრიზისთან დაკავშირებით
თუმცა, აზრი, დაახლოებით, 6 წლის წინ შემეცვალა. მას შემდეგ უპირატესობა და უკომპრომისო პოზიცია უკვე ბაქოს ახასიათებს და არა ერევანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ვფიქრობ, სომხეთის მთავრობამ ასევე გააცნობიერა, რომ კრემლზე მისი დამოკიდებულება რეალურად ძალიან, ძალიან, თვითდამამარცხებელი პოლიტიკა იყო, იმიტომ რომ 2020 წლის ომთან დაკავშირებული კრიზისისას, მოსკოვმა ერთგვარად აზერბაიჯანზე გააკეთა გათვლა.
პარალელი ბელარუსთან
საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გავავლებდი. არსებითად, ბელარუსი მოსკოვის გავლენის ქვეშ, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდანაა. საქართველომ კი საოცრად დაიხსნა თავი მოსკოვისაგან, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებში. რუსეთმა, 90-იანების დასაწყისშივე, იქამდეც კი, ვიდრე შევარდნაძე პრეზიდენტი გახდებოდა, თბილისის საწინააღმდეგო პოზიციების სუბსიდირება დაიწყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში. შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ორი ნათლად კრემლისგან ორკესტრირებული მკვლელობის მცდელობა ვნახეთ [შევარდნაძის წინააღმდეგ].
ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში.