"ჩემი ძმა ახლა უკრაინაში ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის - როგორ არ გამოვიდე საპროტესტო აქციაზე საქართველოში?" - რეპორტაჟი თბილისიდან
უკრაინაში მებრძოლები პროევროპულ პროტესტებზე
JAMnews პარტნიორის, Новини Донбасу-ს სტატია
უკრაინისა და საქართველოს ისტორიას ბევრი საერთო აქვს. სსრკ-ს დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთი ყველანაირად ცდილობს ისევ დაიმორჩილოს უკრაინელებიც და ქართველებიც. ორივე ქვეყანა დიდ წინააღმდეგობას უწევს ამ პროცესს და ერთმანეთსაც ეხმარება.
როდესაც 1993 წელს ქართველები სოხუმში იბრძოდნენ, უკრაინამ მოაწყო ჰუმანიტარული მისია მთაში 8000 ქართველი ლტოლვილის გადასარჩენად. პარალელურად უკრაინული ლეგიონი ქართველებთან ერთად იბრძოდა. 2008 წელს უკრაინამ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა და უკრაინელი ჯარისკაცები კვლავ იბრძოდნენ ქართველებთან ერთად. როცა უკრაინაში ღირსების რევოლუცია იყო, ქართველები უკრაინელების მხარდასაჭერად ჩავიდნენ. როდესაც 2014 წელს დონბასში ომი დაიწყო, ქართველები უკრაინელებთან ერთად იბრძოდნენ და შექმნეს „ქართული ლეგიონი“. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ათობით ქართველი შეუერთდა ლეგიონს და წავიდა საბრძოლველად უკრაინაში.
მაშინ როცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გაჩუმება ამჯობინა, თბილისში მოქლაქეები უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას აგროვებდნენ. ATS-ის [ქართული კვლევითი კომპანია – რედაქტორის შენიშვნა] გამოკითხვის მიხედვით, ქართველების 87 პროცენტი უკრაინის ომს თავის ომად მიიჩნევს. უკრაინელები და ქართველები ერთმანეთს ისე ესმით, როგორც არავის.
საქართველოში უკვე რამდენიმე კვირაა ანტისამთავრობო და პროევროპული აქციები იმართება. Donbass News-ის ჟურნალისტმა, რომელიც რეგულარულად ესწრება საპროტესტო აქციებს, რეპორტაჟი მოამზადა თბილისიდან. ის ესაუბრა ორ ქართველსა და ერთ უკრაინელს ურთიერთდახმარების, ომისა და პროტესტის შესახებ.
როგორ დაიწყო პროტესტი
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებსაც ქართული ოპოზიცია არ აღარებს, გაიმარჯვა პრორუსულმა მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ”. პირველი რამდენიმე დღე იყო იგრძნობოდა დაძაბულობა, გამოსავლის არარსებობის განცდა. მიტინგებიც იყო, კარვებიც გაშალეს, მაგრამ პროცესს აკლდა მასშტაბი და მუხტი. ასე იყო 28 ნოემბრამდე, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. როგორც თავად ქართველები ხუმრობენ, „ოპოზიციამ ვერ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში“, სამაგიეროდ გამოიუვანა ხელისუფლებამ.
კობახიძის ამ განცხადების შემდეგ ქვეყანა მაშინვე აფეთქდა.
იმავე საღამოს თბილისში, პარლამენტის წინ უამრავი ხალხი შეიკრიბა. პროტესტის ნიშნად მეც გავედი. პარლამენტის შენობასთან ტევა არ იყო, ამაოდ ვცდილობდი პარლამენტთან ახლოს მისვლას – ძალიან სიმჭიდროვე იყო. უცებ მესმის ყვირილი:
– გაზი!
ხალხი უკან დახევას იწყებს. ჩვენკენ რობოკოპები მოდიან – ისინი ცრემლსადენი გაზის კაფსულებს გვესვრიან. მე ვერაფერს ვხედავ და ვგრძნობ, რომ ყელი მეწვის. ხალხი ძალიან ბევრია, აქციის მონაწილეებმა ქალაქის მთავარი გამზირის, რუსთაველის დიდი ნაწილი გაავსეს. ხალხი ცდილობს გაიქცეს, ვიღაც ეცემა.
– ნელა! – უყვირიან ერთმანეთს ქართველები, რომ არავინ დაშავდეს.
ხალხი ჩერდება ცოტათი მოშორებით, რომ შედარებით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს, მაგრამ არავინ მიდის. გაზის შემდეგ ყოველი ამოსუნთქვა ძალიან მტკივნეულია. ირგვლივ ყველა ახველებს, ოპერის შენობასთან ვჩერდებით. რამდენიმე ადამიანმა მიიღო სიფრთხილის ზომები და თან ფიზიოლოგიური ხსნარი მოიტანა. ეს ხსნარი კარგად რეცხავს თვალებს გაზის შემდეგ. ადამიანები ამ ხსნარს ერთმანეთს უზიარებენ, ეხმარებიან.
ცრემლებს ვიწმენდ და ვცდილობ გავიგო, რა ხდება პარლამენტთან. შევდივარ Telegram-ში და ვკითხულობ, რომ ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ ვიღაცას სასწრაფოს მანქანით გადაყვანა დასჭირდა, ვიღაცეები სპეცრაზმმა სცემა.
აქციები საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა, ისეთ პატარა ქალაქებშიც, სადაც სამი ათასი ადამიანი ცხოვრობს. მთელი ქვეყანა აპროტესტებს. ვიწერ ახალ ქართულ ტელეგრამ არხებს, რათა მოვლენების ეპიცენტრში ვიყო და არაფერი გამომრჩეს.
ფოტოგრაფი ზურაბი
პარლამენტისკენ მივიწევთ, იმდენი ხალხია, არაფერი ჩანს. ისევ Telegram-იდან ვცდილობ ახალი ამბები გავიგო. არხი “ჯავახაძე!” წერს, რომ პარლამენტთან უკვე დაიწყო სერიოზული შეტაკებები უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის, გამოიყენეს წყლის ჭავლი. ვყვირით: “საქართველო გაუმარჯოს!”. დილამდე იქ ვართ. ცხადი ხდება, რომ ხელისუფლების გეგმაა საპროტესტო აქციის სასტიკად ჩახშობა, ქართველები კი – ბოლო-ბოლომდე დგომას აპირებენ.
სახლში რომ მივბრუნდი, კიეველ ახლო მეგობარს მივწერე. ვიცი, რომ ის კარგად გაიგებს ჩემს გადაწყვეტილებას, დავდგე საპროტესტო აქციებზე ქართველებთან ერთად. ის მთხოვს, ფრთხილად ვიყო და მიგზავნის იმ ნივთების სიას, რაც შეიძლება გამომადგეს – დამცავი ნივღები, გარკვეული მედიკამენტები, რაც მას ყოველთვის თან ჰქონდა მეიდანზე.
ადრენალინისგან ვერ ვიძინებ, ამიტომ გადავწყვიტე არხის “ჯავახაძე“ ავტორი გუგლში მოვძებნო. მას ფოტოჟურნალისტი ზურაბ ჯავახაძე უძღვება. 10 წლამდე ზურაბი თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ მშობლებმა მოსკოვში წაიყვანეს. ზურაბი დიდხანს მუშაობდა რუსეთში, იღებდა საპროტესტო აქციებს და აშუქებდა მოვლენებს კავკასიაში. შემდეგ წავიდა მაიდნის გადასაღებად და ასევე ფრონტზე, ომის დასაწყისში, 2014 წელს. 2022 წელს ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა. ახლა ის საქართველოში საპროტესტო აქციებს ტელეგრამის არხისთვის იღებს.
ზურაბი საუბრობს იმაზე, რაც ნახა მაიდანზე ათი წლის წინ და რა ხდება ახლა თბილისში:
”ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 2014 წელს შესაძლებელი იყო უკრაინაში TASS-ში მუშაობა, მე მქონდა აკრედიტაციაც კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან. კიევში მომიტინგეების პირველ დარბევამდე ჩავედი, ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა. პირველი დარბევა ფაქტიურად გავმაზე, ჩამეძინა – დილის 7 საათზე გამოვედი სასტუმრო “უკრაინიდან”, ირგვლივ კორდონებია და იქ არავინაა. ამის შემდეგ ყველაფერი დატრიალდა, მერე ბანკოვაზე შეჯახება მოხდა – იქ ვიღებდი. ბერკუტი ჩემკენ გამოიქცა, მიწაზე დავწექი და ინსტინქტურად ლინზას გადავეფარე. დამიწყეს ცემა, ხუთნი მირტყამდნენ. გადამარჩინეს შინაგანი ჯარების ბიჭებმა, წვევამდელები იყვნენ. ევგენი მალოლეტკაც [ასოშიეითედ პრესის ფოტოგრაფი_JAMnews] იქვე იყო, მაშინ მაჯა მოიტეხა. ავდექი, ისევ დავიწყე სურათების გადაღება და უსაფრთხოების ძალების კორდონის მიღმა აღმოვჩნდი. ისინი უმოწყალოდ სცემდნენ ადამიანებს, ყველას, ვისაც შეეძლოთ – ქალებსაც და მოხუცებსაც. გადავიღე, როგორ მიათრევდნენ ერთ ქალს კისერში და ახრჩობდნენ. იმ დღის ერთ-ერთი ფოტო 2013 წლის Times-ის ტოპ 20-შიც მოხვდა.
პირველი დარბევის შემდეგ, უკრაინელები არა თუ არ გამოვიდნენ და შეშინდნენ, არამედ ზღვა ხალხი გამოვიდა, დაახლოებით ნახევარი მილიონი. ეს რომ ვნახე, უკრაინოფილი გავხდი. უკრაინელი ხალხის თავისუფლების სიყვარულმა გამაოცა და აღაფრთოვანა. ჩემს მეუღლეს ყოველთვის ვეუბნები, რომ არა თბილისი, კიევში გადავიდოდი საცხოვრებლად. მერე კიდევ რამდენჯერმე წავედი მეიდანზე. უკრაინაში მაშინ ჩამოვედი, როცა იქ სააკაშვილი აქტიურობდა. ის მაიდანზე გავიდა და თქვა: “რუსეთი ახლა დაიწყებს ომს”. ჩემს ირგვლივ მყოფთა სახეებს შევხედე, ისინი სასტიკად შეშინებულები იყვნენ, ჩურჩულებდნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რაზე ლაპარაკობს? “რა ომი?” უკრაინულ საზოგადოებას არ სურდა ომი და არ იყო მზად ამ ომისთვის.
მერე დაიწყო ომი და ზურაბი ფრონტზე წავიდა – იქ მუშაობდა ჟურნალისტად.
უკრაინის ომის დაწყების შემდეგ TASS-ის რედაქციაში ცენზურა გამოჩნდა. ზურაბმა თავისი პოზიცია არ დამალა და 2015 წელს TASS-დან გაათავისუფლეს. ის დარჩა მოსკოვში საცხოვრებლად მეუღლესთან და შვილთან ერთად – ბავშვს მუდმივი მკურნალობა სჭირდებოდა, რაც მაშინ საქართველოში არ შეეძლო. ზურაბმა განაგრძო გადაღებები – ჯერ ქორწილები, შემდეგ სპორტული შეჯიბრებები. თუმცა უკვე 2022 წელს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაყიდა თავისი ქონება რუსეთში და გადავიდა საქართველოში.
„სრულმასშტაბიანი ომის დაწყება აღვიქვი, როგორც ახალი შეჭრა რუსეთისა ჩემს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი, საქართველოს ბედის გამეორებას იმაში, რაც ხდება უკრაინაში. საქართველოში მაშინვე დაიწყეს უკრაინისთვის უამრავი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, ლტოლვილების მიღება და უკრაინის არმიისთვის შემოწირულობების შეგროვება. ოდესღაც უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ აფხაზეთში და ბევრმა მათგანმაც სიცოცხლე გაწირა რუსეთის შესაჩერებლად. ასევე, ბევრი ქართველი მოხალისე უკრაინაში საბრძოლველად წავიდა 2022 წელს და იქ რჩება დღემდე. „ქართული ოცნება“ ამბობს: „თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, მაშინ ომი დაიწყება“. სინამდვილეში, სანამ უკრაინა ხელს უშლის ამ ურდოს, აქ ომი არ იქნება.
ზურაბი შეუერთდა საქართველოს პროევროპულ საპროტესტო აქციებს, ყოველდღე მიდის რუსთაველზე და ტელეგრამის არხზე ავრცელებს ინფორმაციას:
„ახლა მთელი ქვეყანა გამოვიდა პროტესტის ნიშნად, რადგან ვიცით, რომ რუსეთი ნიშნავს ომს და ეთნიკურ წმენდას. მათგან სისხლისა და ტკივილის გარდა არაფერი გვინახავს. რუსეთისგან მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებამ შეიძლება გადაგვარჩინოს, ამიტომ საპროტესტო აქციები არ წყდება და იმედი მაქვს, არც გაჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპებით როგორც ერი. ხელისუფლება ახლა მოქმედებს ისევე, როგორც პრორუსული ხელისუფლება მოქმედებდა მაიდანზე. გამოჩნდნენ უნიფორმის გარეშე ტიტუშკები, რომლებიც იჭერენ ადამიანებს გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით. რობოკოპები მზად არიან მიმართონ აგრესიას ფულისთვის.
ჩვენ ყველანი დავიღალეთ იმით, რომ რუსეთი ცდილობს უკან, საბჭოთა კავშირში შეგვითრიოს – ოცდაათი წელი გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ ამას ვეწინააღმდეგებით. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნით, რომელიც ქუჩაში გამოვიდა თავისი მომავლის დასაცავად“.
თითქმის პირველივე დღიდან რუსთაველსა და მიმდებარე ქუჩებზე მომიტინგეებმა ნაგვის ურნებისა და სხვა იქცე მდებარე ნივთებისგან ბარიკადები ააგეს. ბარიკადების ყოველ ახალ ნაწილს ტაშით ხვდებიან. ბარიკადებზე მყოფი ხალხი რობოკოპების წინ პირველ რიგში დგას – ისინი სხვებზე მეტ დარტყმას იღებენ საკუთარ თავზე.
ბარიკადებს შორის გავრბივარ, რათა დაზარალებულებს ფიზიოლოგიური ხსნარით დავეხმარო. მესმის ოკეან ელზის “ბრძოლის გარეშე” – ქართველებთან ერთად ამ სიმღერას ფილტვების დაბერვამდე ვმღეროდით.
უშიშროების ძალები გამუდმებით ცდილობდნენ ბარიკადების დანგრევას, მაგრამ ერთის ნაცვლად სამი ახალი ჩნდებოდა. იქვე გამზირზე ცეცხლი დაანთეს – გარეთ ძალიან ცივა, უკვე შუაღამეა, ხანძრის ირგვლივ ვდგებით და ვთბებით. ეს სითბო განსაკუთრებით სჭირდება მათ, ვისაც პარლამენტის შენობასთან წყლის ჭავლი მოხვდა. ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ცეცხლთან აშრობენ ტანსაცმელს, ხოლო ვინც წყალში არ დასველდა, მაშინვე იხსნის მშრალ ტანსაცმელს და აძლევს დაზარალებულებს. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა უკვე ნულის ქვემოთაა.
რობოკოპები დღითიდღე უფრო ბრაზდებიან. ყოველ საღამოს აქციის მონაწილეებს გაზს უშენენ, წყლის ჭავლს, რის შემდეგაც კანი გეწვის. იმდენი გაზია, რომ გამზირი სქელი ნისლითაა დაფარული. ჩემს ირგვლივ ბევრ ადამიანს, ჩემსავით, სამშენებლო ნიღბები და რესპირატორები უკეთია.
ყოველ საღამოს პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობს და არასოდეს იცი როდის დაიწყება დარბევა. ერთ-ერთი მშვიდობისას მივდივარ პარლამენტთან და ვამჩნევ ნაცნობ დროშას, რომელზეც გამოსახულია უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ სიმბოლო. მივუახლოვდი, დროშა ზურაბს უჭირავს, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა ხარკოვის რაიონში – ნაღმს დააბიჯა. ჩვენ ვახერხებთ ორიოდე ფრაზის გაცვლას უკრაინულისა და ქართულის ნაზავით. მე მას მადლობას ვუხდი. ის კეთილად მიღიმის და მეუბნება: „ეს ჩვენი საერთო მტერია“. მერე დარბევა იწყება და ზურაბს მხედველობიდან ვკარგავ.
დაკავებები დღითიდღე უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა, რობოკოპები შემთხვევით გამვლელებსაც კი იჭერდნენ. შემდეგ გამოჩდნენ ტიტუშკი, იგივე, რაც მეიდანზე. ღამით ქუჩებში გამოსულ ხალხს უდარაჯებენ, უსაფრთდებიან, სცემენ საკუთარ სახლებთან, ოფისებში უვარდებიან. ტიტუშკები მიტინგებზეც დადიან – როცა ხალხის ცემას იწყებენ, პოლიცია ახლოს დგას, მაგრამ მოქალაწეებს არ იცავს. ქართული ლეგიონის კიდევ ერთ მებრძოლს, კობა ხაბაზს 4 დეკემბერს პარტია„ახალის“ მთავარ ოფისში ტიტუშკები დაესხნენ თავს და სცემეს. მას თავი გაუტეხეს. ერთი კვირის შემდეგ ის ისევ ქუჩაში დაბრუნდა, თავშეხვეული. ძალადობამ და დაშინებამ არ იმუშავა – ქუჩაში კიდევ უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა.
ქართული ლეგიონის მებრძოლი მირო
ლეგიონის მებრძოლები მზად იყვნენ საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს გამოიწვევს არალეგალური ხელისუფლების მხრიდან სამხედრო ესკალაციას. ლეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი, მირო ვანაძე 2018 წელს საქართველოდან უკრაინაში გადავიდა, რათა პროფესიონალი MMA მებრძოლი გამხდარიყო.
მირო შერეულ ორთაბრძოლებში WGFC-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. და ასევე ქართველი ხალხის საერთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას კიეველებისთვი უფასო ქართულ შოთის პურებს აცხობდა, შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდა, მერე კი ქართულ ლეგიონს შეუერთდა. ის ამჟამად რეაბილიტაციას კიევში გადის. საქართველოში მიმდინარე პროტესტებსა და უკრაინის ომისადმი მის დამოკიდებულებაზე გვესაუბრება:
„უკრაინა ჩემთვის მეორე სახლი გახდა. ომი რომ დაიწყო, დიდხანს არ მიფიქრია, ლეგიონში გავწევრიანებულიყავი თუ არა. მე ასე ვფიქრობ: როცა ქვეყანაში ომია, კაცს სინდისმა არ უნდა მიუშვას სადმე დაიმალოს, მაშინ როცა სხვები ბრძოლაში იღუპებიან. ვამაყობ, რომ მონაწილეობა მივიღე კიევის რეგიონის განთავისუფლებაში – ვიყავი ირპენში და ბუჩაში. რუსმა ტერორისტებმა იქ უამრავი ადამიანი მოკლეს. ეს მშვიდობიანი ხალხი იყო, ბუჩას მაცხოვრებლები, ხელებშეკრული პირდაპირ გზებზე ეყარნენ მკვდრები. ეს იყო უკრაინელი ხალხის ნამდვილი გენოციდი.
ომში რომ წავედი, ვიცოდი, რა შეეძლოთ რუს ნაძირლებს. იგივე განიცადა საქართველომ 1992-1993 წლებში და 2008 წელს – სცენარები იგივეა. მე მიყვებოდნენ, როგორ მოჭრეს სოხუმში რუსმა ჯარისკაცებმა ქართველ მებრძოლს თავი და ბურთივით თამაშობდნენ, როგორ აუპატიურებდნენ 13-14 წლის გოგოებს. 1992 წელს რუსებმა ბიძაჩემი ტყვეობაში მოკლეს. მაშინ არ არსებობდა სოციალური ქსერლები და რუსული დანაშაულების გადაღება არ ხდებოდა, მაგრამ ახლა მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა შეუძლია რუსეთს.
ჩვენ გვყავს საერთო მტერი. 100-ზე მეტმა ქართველმა უკვე გაწირა სიცოცხლე უკრაინისთვის”.
საპროტესტო აქციები რომ დაიწყო, მიროს სურდა საქართველოში წასვლა, მაგრამ ახლა წასვლის უფლება არ აქვს. გარდა ამისა, მისი თქმით, ნაცნობებისგან შეიტყო, რომ შავ სიაში იყო ქართულ ლეგიონში მონაწილეობის გამო. ის მუდმივად საუბრობს სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა მედიის ეთერში, თუ რა ხდება საქართველოში:
„მე ვგრძნობ ტკივილს ჩემი ქვეყნის გამო. ეს ე.წ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაწყვიტოს ურთიერთობა ევროპასთან და დაუახლოვდეს დამპყრობელს, რომელმაც წაიღო ჩვენი მიწის 20 პროცენტი, ვინც დახოცა ჩვენი ხალხი. მე, როგორც ქართველი ხალხის საერთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, მისი ყველა წევრის სახელით, არ ვაღიარებ ამ მთავრობას.
ეს პრორუსული ხელისუფლება ტერორს იყენებს ქართველების წინააღმდეგ. მე ვამაყობ, რომ ვხედავ, როგორ გამოდიან ქუჩაში პროტესტის ნიშნად არა მარტო თბილისში, არამედ ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და მრავალ სხვა ქალაქში. ასევე ვხედავ უკრაინელ ქალებს, რომლებიც ასევე დადიან ჩვენს აქციებზე – ძალიან მადლობელი ვარ მათი.
მე მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის, ვხედავ ათასობით ადამიანს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის. აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ – უკრაინა და საქართველო. ჩვენი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ჩვენ მუდმივად ვიბრძვით ამ დაწყევლილი იმპერიის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას – როგორც აქ, ფრონტზე, ასევე საქართველოს ქუჩებში. ჩვენი ქვეყნები აუცილებლად გახდებიან ევროკავშირის წევრები“.
“მედიაქსელის” მხარდაჭერით
exchange