რა მოხდება მას შემდეგ, როდესაც ფორმალურად, სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. შეფასებები
პრეზიდენტის არჩევნები და ზურაბიშვილის როლი
ხვალ, 14 დეკემბერს, “ქართული ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილია. ის ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
პარტიაში ირწმუნებიან, რომ ორი ტურიც რომ გახდეს საჭირო პრეზიდენტის ასარჩევად, ორივე ტური ხვალ გაიმართება. 29 დეკემბერს კი პრეზიდენტის ინაუგურაციაა დანიშნული.
საქართველოს პრეზიდენტს, ისტორიაში პირველად, არა ხალხი, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიაში 300 წევრია, მათგან, 150 პარლამენტის დეპუტატი. ვინაიდან ახალ პარლამენტს ამ დრომდე (არჩევნებიდან უკვე გავიდა თვენახევარი), არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ეს პროცესი არაკონსტიტუციური იქნება.
პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი.
“არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება. ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში“, – აცხადებენ ოპოზიციურ პარტიებში.
პრეზიდენტის არჩევნებს არც თავად სალომე ზურაბიშვილი აღიარებს. ის ამბობს, რომ რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად საქართველოში.
მიხეილ ყაველაშვილი სხვადასხვა წლებში „დინამო თბილისში“, „მანჩესტერ სიტში“, „გრასჰოფერში” და სხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდა. პარლამენტში მოხვედრამდე ის ასევე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ექსპერტი.
მეათე მოწვევის პარლამენტში ის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ნაძალადევის რაიონში.
რაც შეეხება მის განათლებას, პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, განათლების გრაფა ცარიელია.
JAMnews-მა ექსპერტებს ჰკითხა რა მოხდება მას შემდეგ, როდესაც ფორმალურად სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი? რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას? ხომ არ დაკარგავს ქვეყანა შესაძლებლობას – მკაფიოდ ისმოდეს მისი ხმა დასავლეთში?
გია ნოდია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის პროფესორი
ხელისუფლებამ უარი თქვა ქვეყნის ტრადიციულ, კონსტიტუციით გამყარებულ ორიენტაციაზე, ანუ დასავლურ კურსზე და დღეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი იქცევა კონსტიტუციის თანახმად. ის, როგორც პრეზიდენტი, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებას საერთაშორისო ასპარეზზე და აჩვენებს, რომ არსებობს ლეგიტიმური პოლიტიკური ფიგურა, ხალხის მიერ არჩეული, რომელიც ამ გზის, ამ პოლიტიკის ერთგულია. დღეს ეს არის მისი მთავარი ფუნქცია.
ასევე, გარკვეულწილად ის ცდილობს, შიდა პოლიტიკური ფუნქციაც ჰქონდეს, რაც გამოიხატა ოპოზიციის გაერთიანების თუ საერთო ოპოზიციური პლატფორმის შექმნის მცდელობაში, თუმცა ახლა, ამ აქციების ფონზე, ოპოზიცია პრაქტიკულად აღარ ჩანს. ოპოზიციის როლი ამ პროცესებში ძალიან მცირეა და შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის ფუნქციაც ამ თვალსაზრისით ნაკლებია. ანუ მას, როგორც შიდა პოლიტიკურ მოთამაშეს, ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
სალომე ზურაბიშვილის წასვლის შემდეგ დადგება ახალი რეალობა ის, რაც ყოველთვის უნდოდა ბიძინა ივანიშვილს – ქვეყანას ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც აღარანაირი როლი არ ექნება. ეს იქნება ცარიელი ადგილის შემვსები ფიგურა.
ივანიშვილი ყოველთვის თვლიდა, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ის გინდა იყოს, გინდა – არა. კანდიდატი, რომელიც ოცნებამ ამ პოსტზე შეარჩია, სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება – უსახო და უფუნქციო. სავარაუდოდ, ის წმინდა ცერემონიულ ფუნქციებს შეასრულებს ან ამასაც არა – შესაძლოა, ეს ფუნქციები საერთოდ არ იყოს. საგარეო ურთიერთობებში მის რაიმე მონაწილეობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
მართალია, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახალი პრეზიდენტი ვერ იქნება ლეგიტიმური, რადგან მის არჩევნებში არალეგიტიმური პარლამენტი მონაწილეობს და, შესაძლოა, პრინციპის დონეზე ის მართალია, მაგრამ რადგან პარლამენტმა თავი ლეგიტიმურად გამოაცხადა, ამ ხელისუფლებას აქვს იმის ბერკეტები, რომ ჩაატაროს პრეზიდენტის არჩევნები და ჩაანაცვლოს არსებული პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილს ძალა არა აქვს, რომ ამ პროცესს შეეწინააღმდეგოს. შეიძლება, ეს უბრალოდ იყოს, ვთქვათ, დამატებითი ბიძგი სახალხო პროტესტისთვის, რომელიც ისედაც გვაქვს.
იმისთვის რომ არსებული ვითარება გადატყდეს, ხელისუფლების შიგნით უნდა დაიწყოს ერთგვარი კრიზისი. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გონზე მოვა, რაღაცას მოინანიებს და მსოფლმხედველობა შეეცვლებათ მას და კობახიძეს, ძნელი წარმოსადგენია. ამ პროცესებმა რაღაცნაირად კრიზისული ტენდენციები უნდა გააღრმაოს ხელისუფლებაში და რაც მთავარია, რეპრესიულ აპარატში. დღეს ხელისუფლება პრაქტიკულად რეპრესიული აპარატის ხარჯზეა და ამიტომ ამ რეპრესიულ აპარატში უნდა შეიცვალოს რამე.
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც უკვე გაკეთებული აქვს სალომე ზურაბიშვილს და ჯერ კიდევ წინ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, აღარ იყოს ფორმალურად პრეზიდენტი.
ის უკვე გახდა ოპოზიციის ლიდერი და ხალხის ხმის გამხმოვანებელი. მისი ყველაზე მთავარი მიღწევა არის ის, რომ ის ევროპას ატყობინებდა ლეგიტიმური პოზიციიდან, ხალხის ნებიდან გამომდინარე, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპა.
ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი არგუმენტი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც ქუჩაში არიან. ანუ, მოქალაქეები ქუჩაში მარტოები კი არ იყვნენ, არამედ მათ პროტესტს, მათ აზრს პრეზიდენტი ახმოვანებდა. ხალხის არჩეული პრეზიდენტი ადასტურებდა, რომ ამ ხალხის ნება არის მკაფიო, ცალსახა, რომ მათ უნდათ ევროპული ღირებულებები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო პროტესტის მხარდამჭერი, ასე დამაჯერებელი არ იქნებოდა საქართველოს მოქალაქეების პროტესტი. ახლა ფორმალურად პრეზიდენტი რომც აღარ იყოს, სიმაღლე მას უკვე აღებული აქვს და პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი, რომელიც დიდი ალბათობით დაინიშნება ამ პოსტზე, ვერ გაუწევს მას კონკურენციას, ვერ იქნება ზურაბიშვილის საპირწონე.
ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი დიდი შეცდომა, რომ ისინი არც კი ცდილობენ სალომე ზურაბიშვილის წონიანი ადამიანი დაუპირისპირონ, რომელიც ასევე ივლის ევროპაში და მკაფიოდ იტყვის „ოცნების“ პოზიციებს. ერთადერთი რჩება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ილაპარაკებს ქართველი ხალხის სახელით. ის არის ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი და ეს აძლევს მას წონას.
რაც შეეხება ტრამპთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, მე ამ შეხვედრიდან ჯერჯერობით ბევრს არაფერს ველოდები. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. ეს შეხვედრა მაინც უფრო იყო მაკრონის, მას სჭირდებოდა. მან მოახერხა და ტრამპი ასევე შეახვედრა ფაშინიანს. მაკრონს ქვეყნის შიგნით პრობლემები აქვს, მთავრობის კრიზისია და ამ ფონზე მას სჭირდებოდა ეს ქულები.
ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ მუდმივად ვიღაცის იმედი გვაქვს. ამ დროს ჩვენი ძალა ქვეყნის შიგნითაა. უნიკალური ოქროს ძალა გვაქვს ხალხის სახით. იგივე, საქართველოში მოქმედი სალომე ზურაბიშვილი ათ ტრამპს სჯობია.
უნდა შეგვეძლოს ზოგადად ჩვენი სიმდიდრის დაფასება. ნუ ვეძებთ გამოსავალს გარეთ, როდესაც გამოსავალი შიგნით არის. ეს არის მუდმივი აქციები, დაუმორჩილებლობა, გაფიცვები. ფაქტია, რომ პროცესები უკვე ხელში აქვს აღებული ხალხს. „ოცნება“ რომ იძულებულია, პოლიციაში კრიმინალები შეიყვანოს, კრიმინალური მეთოდებით ამოქმედოს, აშკარად აჩვენებს, რომ კრიზისში არიან და ამ კრიზისიდან ვერ გამოვლენ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს, მან იმ მოძრაობას, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რაღაც ფორმით ხელი უნდა შეუწყოს. შესაძლოა, სათავეშიც კი არ ჩაუდგეს, მაგრამ ხელი შეუწყოს თავისი მხარდაჭერით ისე, როგორც აქამდე უჭერდა.
მე მომწონს რომ ლიდერი არ ჩანს. არ ჩანს კი არა, არ არის და რაც არ არის, არც გამოჩნდება. მომწონს, რომ საქართველო, როგორც იქნა, გათავისუფლდა ბელადებისგან და ბელადომანიისგან.
ახლა მთავარია, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს და სალომე ზურაბიშვილი გახდება ამ მუდმივი მუხტის შემკვრელი საქართველოში და გამტანი უცხოეთში. მას ორი ფუნქცია ექნება – მასზე შეიძლება შეიკრას ბევრი საკითხი საქართველოში და მან შეიძლება ეს საკითხები თამამად გაიტანოს უცხოეთში, დემოკრატიულ სამყაროში.
სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტს გაიტანს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტი და პარლამენტი ერთად აღებული. ეს, ვითომდა, არალეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი უფრო ლეგიტიმური იქნება უცხოელების თვალში, ვიდრე პარლამენტი, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კორნელი კაკაჩია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი
სალომე ზურაბიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მისადმი დიდი მოლოდინი არ იყო, რადგან იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბოლო პერიოდში შეძლო აზრის შემოტრიალება თავის სასარგებლოდ.
რაც ყველაზე მთავარია, ის გახდა ამ დემოკრატიული მოძრაობის კოორდინატორი, გამაერთიანებელი. მით უმეტეს, რომ მას ჰქონდა ის უპირატესობა, რომ არის ხალხის მიერ, პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი.
ამასთან, მისი კონტაქტები დასავლელ ლიდერებთან, იგივე ევროკავშირის, საფრანგეთის პირველ პირებთან, დაეხმარა, კიდევ უფრო წარმოეჩინა თავი, როგორც საქართველოს პროევროპული არჩევანის მეჩირაღდნეს, წამყვან ძალას.
ის არის მიღებული ევროკავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებში შეიძლება განსხვავებული აზრები არსებობდეს, მათ ნახეს, რომ ის მართლა დგას ევროპული გზის სადარაჯოზე. ყველანაირად ცდილობს, ქვეყანას გაუკვალოს გზა და გახდეს საქართველოს ხმა ევროკავშირსა და საერთაშორისო ასპარეზზე. ამას მეტ-ნაკლებად წარმატებულად ახერხებდა ბოლო წლების განმავლობაში და დღემდე აგრძელებს.
ბუნებრივია, მას პეზიდენტის პოსტზე ყოფნის პლუსი აღარ ექნება, მაგრამ მისი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გახდეს ოპოზიციის ან სპიკერი, ან კოორდინატორი, შესაძლოა, ლიდერიც, არ ვიცი, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები.
ის ცოტა სხვა სიბრტყეში აღმოჩნდება, მაგრამ, მგონია, რომ მოახერხებს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერად თავის წარმოჩენას. იმედია, რომ ის კონტაქტები, რაც მას ჰქონდა, დაეხმარება რაღაცნაირად კიდევ იყოს საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენელი.
რაც შეეხება მოლოდინებს, რა შეიძლება მოხდეს, ხელისუფლება, როგორც ბევრმა აღნიშნა სოციალურ ქსელებში, არის „საცივისა და ტრამპის მოლოდინში“. ანუ, ამ ორი ფაქტორით კვებას საკუთარ მომხრეებს. მაგრამ არა მგონია, რომ ეს გათვლა სწორი იყოს. შესაძლოა, ახალი წლის დღეებში აქციები შესუსტდეს ან სულაც არ იყოს, მაგრამ, მინიმუმ, 20 იანვრამდე ეს მუხტი შენარჩუნდება. მერე ყველაფერი დამოკიდებული იქნება იგივე ტრამპის ადმინისტრაციაზე, რადგან ორივე მხარე ამას ელოდება.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამ პროტესტს რამდენი ხანი ექნება მხარდაჭერა გარედანაც და შიგნიდანაც. ორივე წნეხი საჭიროა, რადგან მხოლოდ ერთ-ერთით ვერაფერი გაკეთდება.
თუმცა, მეორე მხრივ, ასევე არის რესურსების პრობლემაც ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლებას აქვს ეს პრობლემა, ასევე აქვს ამ პროტესტსაც, თუნდაც ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე.
რაც მთავარია, უნდა გამოიკვეთოს მიზნები. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური სპექტრის როლი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს გარკვეულად არ ჩანს. მე მესმის პოლიტიკოსების სიფრთხილე, რადგან მერე „ოცნება“ ამას ხელზე დაიხვევს, რომ აი, მათ ხელისუფლებაში მოსვლა და გადატრიალება უნდათ, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება, პროტესტს პოლიტიკური მდგენელი არ ჰქონდეს.
გასაგებია, რომ ამ პროტესტს ხალხი მართავს, მაგრამ რაღაც კონკრეტული მიზანი ხომ უნდა იყოს დასახული. ხვალ რომ ჩამოიქცეს ეს ხელისუფლება, რას აპირებს ხალხი, რა გეგმები აქვთ, ვინ რა პასუხისმგებლობას იღებს. ეს კი ამ პროცესში არ ჩანს და ამან შესაძლოა, ძალიან გაართულოს ყველაფერი.
პრეზიდენტის არჩევნები და ზურაბიშვილის როლი