მოსაზრება: საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება არის რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის ბოლოს წინა ნაბიჯი
ნოდარ ხარშილაძის მოსაზრება
“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძე ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის მიერ “მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება არის აფხაზეთის სრული ანექსიის ბოლოს წინა ნაბიჯი, ამას კი მოჰყვება უკვე საბოლოო ანექსია.
როგორც ნოდარ ხარშილაძემ გადაცემაში “თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ეს არის რუსეთის მიერ ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭროდ მზადება. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ეკონომიკური ინტეგრაცია ხდება და თუ რუსეთს დაჭირდება ეს პოლიტიკურ ჭრილშიც გადავა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ რუსი ინვესტორები 8 წლით თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის იმპორტისთვის, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდისგან.
დამატებითი ღირებულების გადასახადი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი – ჩვეულებრივის ნახევარი.
გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობა ვალდებულია, ამ ხელშეკრულებით დაფარული და ცალკე რეესტრში შეყვანილი ინვესტორები უზრუნველყოს ენერგეტიკული სიმძლავრეებით და კომუნალურ ქსელებთან და კომუნიკაციებთან მიერთების უპირატესი უფლებით.
და ბოლოს, ინვესტორს უფლება აქვს, ბანკში გირაოს სახით ჩადოს აფხაზეთის მთავრობის მიერ მიწოდებული მიწა. შესაბამისად, თუ ინვესტორს რამე “დაემართება”, ბანკს შეუძლია წაართვას ეს “სახელმწიფო“ მიწა.
შეთანხმების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც უბრალოდ ვერ გაუწევს კონკურენციას რუსულ ბიზნესს ასეთი პირობებით. უფრო მეტიც, მათი აზრით, ეს შეთანხმება საფრთხეს უქმნის აფხაზეთის უსაფრთხოებას.
ნოდარ ხარშილაძე: ტრამპის მოსვლასთან ერთად რუსეთი აპირებს, რომ გაავლოს ხაზები. რუსეთის სურვილია ახალი “პოტსდამის კონფერენცია“, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ახალი რუკა დახაზა. ევროკავშირს ეს ჯერჯერობით ძალიან არ უნდა და არც აპირებს ამაზე წასვლას. საუბარია იმაზე, თუ ეს ხაზი სად გაივლის.
რუსეთი ამზადებს ამ ხაზებს, რომ თუ დაჭირდა ეს იყოს აფხაზეთი თავის შემადგენლობაში, საქართველო თავისი გავლენის სფეროში შეიყვანოს. ეს არის რუსეთის მიერ ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭროდ მზადება
აფხაზეთი, რა თქმა უნდა, არ იქნება მთავარი თემა, მეათე თემაც არ იქნება, მაგრამ როცა წავა ვაჭრობა, თქვენი რა არის და ჩვენი რა არის, მათ უნდა თქვან, რომ ეს ჩვენი შემოხაზული ტერიტორიებია, ხოლო ამაზე კი ბატონო ვივაჭროთ, ასეთი ვაჭრობა წარმოუდგენიათ მათ ტრამპთან და რამდენად იქნება, ეს სხვა თემაა. მე არა მგონია, რომ ტრამპის მოსვლამდე ამან ოფიციალური სახე მიიღოს. კანონს გაიტანენ აუცილებლად, რუსეთი ემზადება.
ყველაზე სასწაული ისაა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე უსინდისოდ გვპირდებოდა, რომ კარგ ამბებს დაელოდეთ აფხაზეთიდანო – აი, მივიღეთ ახლა „კარგი ამბები”
ეს არის, ალბათ, ბოლო ნაბიჯი საბოლოო ეკონომიკური ინტეგრაციის აფხაზეთზე, თუმცა საინტერესოა რამდენად პოლიტიკურ ჭრილში გადავა შემდეგ ეს ინტეგრაცია და რამდენად ჭირდება ეს რუსეთს.
ოსეთის კრიმინალური რეჟიმი დიდი ხანია ეხვეწება რუსეთს, რომ მიგვიღეთ რუსეთის ფედერაციაში, აფხაზებს ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. სამხრეთ ოსეთში ორჯერ რეფერენდუმი ჩაატარეს, თუმცა იმათაც კი უარი უთხრეს რუსებმა იმიტომ, რომ დღეს მათ ეს პოლიტიკურად არ სჭირდებათ. ეს სატყუარაა, რომ შემდეგ ევრაზიის კავშირში შეგვიყვანონ ევროკავშირის ნაცვლად.”