"აშშ ცდილობს გააფრთხილოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ" - თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნები სანქციებზე საუბრობენ
თეთრი სახლის მაღალჩინოსნები სანქციებზე
თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნები, დენიელ ფრიდი და დევიდ კრამერი, ასევე საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი, “ამერიკის ხმასთან” სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აშშ ცდილობს გააფრთხილოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ძალოვნები, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა.
ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სავიზო შეზღუდვები დაუწესა. აღსანიშნავია, რომ “ხარებას” მსგავსად მისი მარჯვენა ხელიც ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. ორივე მაღალჩინოსნის სახელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ჩადენილ ძალადობას უკავშირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ მათ ისეთ ქვეყნებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა.
დენიელ ფრიდი, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი: “ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა.
მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ოცნების მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან
ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა.
ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებული რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს.”
დევიდ კრამერი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი: “ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი – სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა.
მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე ქართულ ოცნებას, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით
ისინი საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი ენჯეობის წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!”
უილიამ კორტნი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი: “ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი.
ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ
გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება.”