ანაკლია - პოლიტიკურ ჭაობში ჩაძირული მომავალი
ანაკლიის პორტის მშენებლობა
შავი ზღვა, კენჭოვანი სანაპირო, კარგი კლიმატი, ხელსაყრელი გეოგრაფია – ანაკლია თავისუფლად შეიძლებოდა ქართულ რივიერად ქცეულიყო.
მეტიც, ამ შავიზღვისპირა სოფელს დასავლეთ საქართველოში, ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან, რომელიც იდეალური ადგილია ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, აქვს პოტენციალი არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის ცხოვრება შეიცვალოს.
თუმცა, უკვე რამდენიმე ათწლეულია ანაკლია შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და გეოპოლიტიკური თამაშების მსხვერპლია, რაც აფერხებს როგორც მნიშვნელოვანნი საერთაშორისო პროექტების განხორციელოებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებასაც.
დღეს აქაურობა ქალაქ-მოჩვენებას უფრო ჰგავს, ვიდრე ზღვისპირა კურორტს: ნახევრადაშენებული, ნგრევის პირას მისული შენობები, მიტოვებული სასტუმროები, ლპობაშეპარული ხის ხიდი, რომელიც ოდესღაც აქაურობის სავიზიტო ბარათი იყო.
ცოტა მოშორებით, სანაპიროზე ქვიშის დიდი გორებია დახვავებული და მწყობრიდან გამოსული სამშენებლო ინვენტარი ჰყრია, რომელიც დროთა განმავლობაში შტორმმა და წყალმა მორეცხა – ეს ქვიშა რამდენნიმე წლის წინ ზღვიდან ამოიღეს, რადგან აქ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღრაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო. ამ პორტს საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად, რეგიონში დასავლეთის მთავარ ჰაბად უნდა ექცია.
თუმცა, პროექტი, რომელსაც ამერიკული კონსორციუმი ახორციელებდა, 2020 ელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა. ოთხი წლის თავზე კი, ანაკლიაში პორტის აშენების უფლება ჩინურმა კომპანიამ მოიპოვა.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეს პატარა ზღვისპირა სოფელი მთელი ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილების სიმბოლოა და მისი ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება.
___________________________________
ანაკლიის პორტი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სკანდალური საერთაშორისო მასშტაბის პროექტია საქართველოში.
2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49 პროცენტიან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა რომ ინვესტორი თითქოს ცნობილია, ეს ისტორია მაინც ბუნდოვანებითაა მოცული და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
წინაისტორია
ანაკლია არის პატარა, ზღვისპირა სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში, აფხაზეთის საზღვართან.
მიუხედავად იმისა, რომ აქ კენჭოვანი სანაპირო და კარგი კლიმატია, აქაურობა ძველ დროშიც არ ყოფილა პოპულარული კურორტი.
კომუნისტურ ეპოქაში ანაკლია უგზოობის გამო ძნელად მისასვლელი ზღვისპირა სოფელი იყო, სადაც მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობით ირჩენდა თავს და არა ტურიზმით. მაშინ დასასველებლად ყველა აფხაზეთს, მის კეთილმოწყობილ სანატორიუმებსა და სანაპიროებს ირჩევდა.
“მე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში აქაურობა გაუვალ ტყესავით იყო, მოუვლელი, სანაპიროზე ძროხები, კამეჩები ძოვდნენ,” – იხსენებს ელისო ჩიქობავა, ზუგდიდის მკვიდრი.
ანაკლიის ახალი სიცოცხლე 2010 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ანაკლიისა და მისი მიმდებარე სოფლის – განმუხურის სწრაფი ტემპებით განვითარების გადაწყვეტილება მიიღო.
სააკაშვილის ინიციატივით, გაჩნდა პროექტი, რომ ანაკლიაში საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი აშენდებოდა. მეტიც, მისივე ინიციატივით, გაჩნდა იდეა, რომ ამ ტერიტორიაზე აშენებულიყო საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი სახელწოდებით “ლაზიკა”, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდებოდა.
ორიოდე წლის განმავლობაში ცხოვრება აქ მართლაც გამოცოცხლდა. გარემონტდა და მოეწყო სანაპირო ზოლი, აშენდა რამდენიმე დიდი სასტუმრო, იმართებოდა კონცერტები, რეივ-მუსიკის ფესტივალები. ადგილობრივებმა აიღეს კრედიტები და დაიწყეს საკუთარი სახლების ტურისტებისთვის მომზადება, სანაპიროზე გახსნეს ზღვისპირა ბარები და ბუნგალოები.
თუმცა 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პოლიტიკა შეიცვალა.
“ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ყველანაირად ცდილობდა სააკაშვილის მემკვიდრეობისგან დისტანცირებას და მისი დაწყებული თითქმის ყველა პროექტი შეაჩერა, ანაკლიის მიმართაც გულგრილობა გამოავლინა.
“დღემდე ვიხდი მაშინ აღებულ კრედიტს. ბუნგალო გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, პირველ წელს მთელი სეზონი კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ მერე ჩაკვდა ყველაფერი,” – ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრიმ, ალეკო კაკულია JAMnews-თან საუბარში.
თუმცა, მოგვიანებით, ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა “ქართული ოცნებისთვისაც” აქტუალური გახდა.
2016 წელს “ქართულმა ოცნებამ” ანაკლიაში უმსხვილესი პროექტის მშენებლობა დაანონსა.
“საუკუნის პროექტი” ასე უწოდებდა “ქართული ოცნების” ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც 2016 წელს “ანაკლიის განვითარების ქართულ-ამერიკულმა კონსორციუმმა” გაიმარჯვა.
ანაკლიის პორტს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი უნდა გაეზარდა და ე.წ. “ახალი აბრეშუმის გზის” პროექტის ნაწილი უნდა გამხდარიყო, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან დააკავშირებდა.
ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო. დაიწყეს ზღვიდან ქვიშის ამოღება, რომ ნაპირი გაეღრმავებინათ. თუმცა, პროექტი, რომელსაც მრავალმილიონიანი ინვესტიციები უნდა მოეზიდა, ათასობით სამუშაო ადგილი შეექმნა და გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც ქვეყნისთვის დიდი სარგებელი მოეტანა, 2020 წელს ინვესტორებსა და ხელისუფლებას შორის დავის გამო შეჩერდა.
კონსორციუმის თანადამფუძნებლის, ქვეყნის უმსხვილესი ბანკის, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამ ფონზე პროექტიდან გავიდნენ ამერიკელი ინვესტორებიც.
ხელისუფლების მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად დასახელდა ის, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართული თიბისი ჰოლდინგი, ამერიკული, დიდი ბრიტანული და ბულგარული კომპანიები, ვერ მოახერხა ვალდებულებების შესრულება, საჭირო თანხების მოზიდვა და აქედან გამომდინარე, შეაფერხა პროექტი.
ამ ბრალდებებს უარყოფდნენ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” წევრები. ტედ ჯონასი, ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მაშინ ღიად საუბრობდა საქართველოს მთავრობასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირზე და რუსეთის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე.
დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, რეალური მიზეზი გეოპოლიტიკური იყო – რუსეთი ამერიკულ ინვესტიციებს ეწინააღმდეგებოდა.
ანაკლიის პორტის მნიშვნელობა
ანაკლიის პორტს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
საქართველოს დღეს შავ ზღვაზე ორი პორტი აქვს – ფოთის და ბათუმის. თუმცა, არასაკმარისი სიღრმის გამო, ამ პორტებში ყველა ტიპის გემი ვერ შედის. ამიტომაც, ისინი კონკურენციას ვერ უწევენ ვერც თურქულ და ვერც რუსულ შავიზღვისპირა პორტებს.
იმ შემთხვევაში თუ ანაკლიის პორტი აშენდება, ეს სურათი რადიკალურად შეიცვლება, რადგან პროექტის თანახმად, ანაკლიას 10 ათასი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება შეეძლება (ქვეყნის მთავარ პორტში -ფოთში მხოლოდ 1.5 ათასი კონტეინერის ტევადობის გემები შემოდიან).
მეორე – ნატოსკენ და დასავლეთისკენ მისწრაფება, ნატოს ინტერესების გამყარება. რუსეთთან სიახლოვეს ისეთი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა, სადაც ნატოს გემებს მომავალში შეეძლებათ შემოსვლა, საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.
ანაკლიის პროექტის საგარეო მტრები და მეგობრები
ანაკლიის პროექტის მთავარი საგარეო მტერი რუსეთია. კრემლი არასოდეს მალავდა, რომ ანაკლიაში პორტის მშენებლობა მის ინტერესებში არ შედის.
მოსკოვი ამ პროექტში გეოპოლიტიკურ საფრთხეს ხედავს, რადგან ამერიკელების მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შენდება, გარდა სხვადასხვა ტვირთებისა, საჭიროების შემთხვევაში ამერიკული სამხედრო გემების, ამერიკული წყალქვეშა ნავების და ნატოს სამხედრო ხომალდების მიღებაც შეეძლება.
მეორეც, ის წამგებიანია რუსეთისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან კონკურენციას გაუწევს რუსეთის შავიზღისპირა პორტებს და რუსეთის გვერდის ავლით აზიიდან ევროპაში ტვირთბრუნვას შეუწყობს ხელს.
ვაშინგტონი რომ ამ პორტის აშენებით ძალიან დაინტერესებული რომ იყო, ეს აშშ მაღალჩინოსნების განცხადებებიდანაც კარგად ჩანდა.
დონალდ რამსფელდმა, აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მდივანმა, 2016 წელს სტატიაში ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე. აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი, საქართველოში ვიზიტის დროს იმდროინდელ პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აშშ დიდ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო შეძლებს ანაკლიის პორტის დასრულებას და არ ჩავარდება რუსეთისა და ჩინეთის კლანჭებში.
თუმცა, ამ სიტყვებიდან რვა წლის თავზე, საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას აფორმებს ჩინეთთან და ანონსდება, რომ ანაკლიის პორტს სწორედ ჩინური კონსორციუმი ააშენებს.
ჩინური კომპანია – რა ვიცით მასზე
29 მაისს, საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობაში ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), (ქვეკონტრაქტორები – China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co., Ltd) შეირჩა.
კერძო პარტნიორის შერჩევისას მოთხოვნები ასევე შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ დააკმაყოფილა, თუმცა საბოლოო ეტაპზე განაცხადი მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ შეიტანა.
ანუ, ერთადერთი მსურველი ანაკლიის პორტის აშენების ჩინური კომპანია გახდა.
ამნის გამო, პროპაგანდისტულ არხებზე ხშირად ისმის პროსახელისუფლებო ექსპერტების განცხადებები, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა ჩინური კომპანიის არჩევისა, რადგან სხვამ არავინ შეიტანა განაცხადი.
კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული China Communications Construction Company Limited-ი 2006 წელსაა დაფუძნებული და მას ჩინეთის სახელმწიფო საწარმო SASAC ფლობს.
ამერიკული „ფორბსის“ ინფორმაციით, შარშან კომპანიამ 106 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, მისი აქტივების ჯამური ღირებულება 218.8 მილიარდი დოლარია. ის ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩართული: პორტების, გზების, ხიდებისა და რკინიგზის მშენებლობაში.
China Communications Construction Company Limited [CCCC]-ის შვილობილი კომპანიები (მას 35 შვილობილი კომპანია ჰყავს) აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტს 2020 წლის აგვისტოში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო ჰყავს სანქცირებული.
რა ხდება დღეს და რა მომავალი აქვს ანაკლიას
საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის კერძო ინვესტორად, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ტენდერით შერჩევის შემდეგ, ოთხი თვე გავიდა, თუმცა, 29 მაისს გაცემული დაპირება, რომ China Communications Construction Company Limited და China Harbour Investment, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან, მთავრობა გამარჯვებულად „რამდენიმე დღეში“ გამოაცხადებდა, ჯერჯერობით, ყოვნდება.
მთავრობა აცხადებს, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკება ისევ გრძელდება, თუმცა არ აკონკრეტებს, ჩინური და ქართული მხარეები რა საკითხებზე ვერ თანხმდებიან.
“(ჩინურ) კონსორციუმთან ჩატარდება კიდევ ერთი რაუნდი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ იმედი გვაქვს, დაზუსტდება პირობები. გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ პირობები საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში იქნება .“ – განაცხადა 2 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ანაკლიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები “ხელისუფლების მორიგი ბლეფია”:
“დღესაც კი, ანუ, ამ განცხადების გაკეთებიდან ლამის ოთხი თვეა გასული და არანაირი შეთანხმება არანაირ ჩინურ თუ სხვა კომპანიასთან არ არსებობს და ანაკლიის საკითხი ზუსტად ისევეა გამოკიდებული, როგორც იყო მანამდე,” – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელიც ორგანიზაცია ბოლო წლებია საქართველოში ჩინეთის საქმიანობას აკვირდება.
ხიდაშლის თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, “სამოქალაქო იდეამ” ვერ მიიღო ეკონომიკის სამინისტროსგან ვერანაირი საბუთი, რომელიც ჩინურ კომპანიასთან რაიმე შეთანხმებას დაადასტურებდა.
“ჩვენ რეგულარულ მონიტორინგს ვუკეთებთ ამ თემას და ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვაგზავნით წერილს ეკონომიკის სამინისტროში იმის გასარკვევად, არათუ გაფორმებული ხელშეკრულება, არამედ საერთოდ თუ არსებობს შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება და ვითხოვთ ამ გადაწყვეტილების ასლს. ყოველ წერილზე გვპასუხობენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, სამუშაო პროცესია, კომისია მსჯელობს, გასულია გადაწყვეტილების მისაღებად და როგორც კი რამე გახდება ცნობილი, გაგაგებინებთო. ბოლო ასეთი პასუხი მივიღეთ ერთი კვირის წინ. ანუ, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ კომისიას გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული გამარჯვებულის გამოვლენაზე. აღარაფერს ვამბობ ხელშეკრულების გაფორმებასა და შემდგომ პროცესზე. ანუ, ხელისუფლებამ დადგა მორიგი დიდი ბლეფი,” – ამბობს ხიდაშელი.
ამ “ბლეფის დადგმის” მიზეზი, ექსპერტის აზრით, გეოპოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.
“აგენტების რუსულ კანონზე ჩვენი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორების – დასავლეთის რეაქცია იმდენად მძაფრი იყო და იმდენად სერიოზული შედეგები მოჰყვა, რომ [ხელისუფლების წარმმომადგენლებმა] გადაწყვიტეს, მათი აზრით, საბოლოო დარტყმა მიეყენებინათ ამერიკელებისთვის და ასე, ცარიელ ადგილზე გამოვიდა ვიცე-პრემიერი და გვითხრა, აი, გუშინ ხომ თქვენ გქონდათ ინტერესი, დღეს გადავწყვიტეთ, ჩინელებს მივცეთო. ეს იყო დაახლოებით იმ ტიპის კომუნიკაცია, პატარა ბავშვი რომ გაბრაზდება და ჯიბრით რაღაცას აფუჭებს,” – ამბობს ხიდაშელი.
ანაკლიის პროექტი უკვე ოთხი წელია გაჩერებულია.
გარდა იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში დაიკარგა ის ფინანსური ბენეფიტები, რომლებსაც ამ პროექტს უკავშირებდნენ – ადამიანების დასაქმების, შემოსავლების მიღების, ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდის კუთხით, ასევე, ქვეყანას მიადგა დიდი რეპუტაციული ზიანი, ფიქრობენ ექსპერტები.
“უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი გაიფლანგა, რომელიც პარტნიორობასა და ნდობაზე იყო დაფუძნებული. ხელისუფლება შეიცვლება, ანაკლია აშენდება, მაგრამ ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ საქართველომ ამ დიდი რეპუტაციული ზიანიდან თავი ამოსწიოს და ისევ ისეთივე სანდო პარტნიორი იყოს, როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო დასავლეთისთვის,” – ამბობს ხიდაშელი.
მისი თქით, ანაკლიის პორტის პროექტი შეეწირა ორ რამეს:
“სტრატეგიულად თუ შევხედავთ, სტრატეგიული ხედვის არქონას მმართველების და ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან. და უკვე ტაქტიკურ დონეზე თუ შევხედავთ, მათ წმინდა ვიწრო პარტიულ მიზნებსა და ამბიციებს”.
გეოპოლიტიკური ფაქტორი
ქართველი ექსპერტები ხედავენ კავშირს ანაკლიაში ჩინური კომპანიის შემოსვლასა და სხვა მოვლენებს შორის, რომლებიც ბოლო დროის განმავლობაში ქვეყნის შიგნით განვითარდა, მათ შორის, რუსული კანონის მიღებასთან.
“ძალიან მკაფიოდ იკვეთება რასთან გვაქვს საქმე. მივიღთეთ “რუსული კანონი”{, რომელზეც პირდაპირ გვითხრეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომ ამ კანონბის მიღების შემთხვევაში გამორიცხული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაცია, მივიღეთ “ოფშორების კანონი”, რომლის ასევე წარდგენაზევე ითქვა, რომ გათეთრებული ფული წამოვა ოფშორებიდან. ამის პარალელურად გვესმის კრემლში შედგენილი ნარატივები, რომ რუსეთი კი არა, დასავლეთია საქართველოოს მტერი და დასავლეთი არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევა უნდა. ამ კონტექსტში როდესაც ვხედავთ, რომ ამერიკული კომმპანია გააგდეს ანაკლიიდან და შემოიყვანეს ჩინური, ყველაფერი ნათელი ხდება. ქართული ოცნების გაცხადებული ამოცანაა, რომ ჩვენ რუსეთის უკანა ეზო გავხდეთ,” – ამბობს შოთა გვინერია, PRC მკვლევარი.
“ეს არის გეოპოლიტიკური განაცხადი. როგორ შეიძლება თან დასავლეთის პარტნიორად და დასავლურ ჰაბად ხედავდე თავს და თან დასავლეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში მყოფი ქვეყნის კომპანიას აძლევდე ერთადერთ და ყველაზე ძლიერ კოზირს და ჯოკერს, რომელიც გაგაჩნია. ეს არის უდიდესი გეოპოლიტიკური განაცხადი და ადასტურებს ქართული ოცნების საგარეოპოლიტიკურ ამოცანას და აყენებს დიდ დარტყმას საქართველოს სატრანზიტო როლს,”- დასძენს ის.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოსავალი პირველ რიგში ის კი არ იყო, რუსეთს რა გაუხარდება, არამედ ის, თუ რა გადაარჩენს მათ, რომ ხელისუფლებაში უფრო დიდხანს იყონ.
“როდესაც ვამბობთ, ხელისუფლებას რუსული ნარატივი აქვს და რუსულ ტალღაზეა, ეს აუცილებლად იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი დირექტივებს იღებენ მოსკოვიდან. არამედ ისინი ფიქრობენ, რუსეთი უკრაინას ომს რომ მოუგებს, მერე გაბრაზებული ჩვენკენ გამობრუნდება და ამიტომ მოიფიქრეს ასეთი სქემა, რომ რუსეთი ასიამოვნონ. მერე კრემლი დაუფასებთ ამ ერთგულებას და დაეხმარება მათ, რომ ხელისუფლებაში, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩენენ. ამ ხელისუფლებას ხომ არანაირი სტრატეგიული ხედვა არა აქვს. ბიძინა ივანიშვილი იმდენად მოკლებულია სტრატეგიულ ხედვასა და რეალობის დანახვას, რომ დღემდე სჯერა , რომ ამ საშინელ ომში რუსეთი იმარჯვებს „კოლექტიურ დასავლეთზე“ – ამბობს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი მიიიჩნევს, რომ ჩინეთის მიერ ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელება, როგორიც ანაკილიის პორტია, საფრთხის შემცველია საქართველოსთვის. თუკი ანაკლია საბოლოოდ მაინც გახდა ჩინეთის საკუთრება, დიდ რისკებს ხედავენ ექსპერტები უსაფრთხოების თვალსაზრისით:
“საქართველო კი არა, დიდი ქვეყნები და მათ შორის, ევროპული ქვეყნები დადგნენ ეკონომიკურად გადაყლაპვის და სუვერენიტეტის კარგვის საფრთხის წინაშე. G7-ის წევრია იტალია, ანუ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც მიხვდა, რომ ამ მახეში ჩავარდნის საფრთხის წინაშე იდგა და მან დაიწყო სტრატეგიული პარტნიორობიდან გასვლის პროცესი” – ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სწორი ნავიგაცია ჩინეთთან ურთიერთობისას
“ეს კი სრულიად შეუძლებელია, თუ არ გაქვს ზურგი, რომელიც ამ ნავიგაციის შესაძლებლობებს გაძლევს. ასეთი ზურგი იქმნება სწორედ აშშ-სა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათ მიერ მონიჭებული სიმყარით, რაც ასეთ პროცესში გაძლიერებს,”– აღნიშნავს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ გეოპოლიტიკური ვითარება და ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ისე იცვლება, რომ ეს საქართველოზე და რეგიონზეც მოახდენს დიდ გავლენას.
“ბევრი ადამიანი სვამს ამ კითხვას, აქ ხომ არ დევს რუსეთის ინტერესი… რუსეთი სულ უფრო მეტად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რის გამოც ის ძალიან მალე ჩინეთის კლიენტ-სახელმწიფო გახდება. ანუ, თავიდან ბოლომდე ჩინეთი სახალხო რესპუბლიკაზე იქნება ჩამოკიდებული და გახდება ჩინეთის ინტერესების, სურვილების გამტარებელი და მისი სტრატეგიების განმახორციელებელი. რუსეთი ხდება ჩვეულებრივი რესურსებით სავსე ყულაბა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩინეთის სტრატეგიული ხედვებისა და ინტერესებისთვის. ამიტომ ეს ნარატივი, რომ აქ ჩინეთი თუ დამკვიდრდა, რუსეთის ინტერესების გატარება დაიწყება, ფუნდამენტურად არასწორია, რადგან თავად რუსეთზე მძლავრობს ჩინეთი,” – ამბობს ექსპერტი.
მისი თქმითკ სხვა საკითხია, რომ ავტორიტარული სახელმწიფოების ინტერესები ძალიან ხშირად ერთმანეთს ემთხვევა და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, თუკი მათი პირველადი სტრატეგიული ინტერესი დაკმაყოფილებულია.
_________________________________________________
სტატია გამოქვეყნდა n-ost-ის მიერ განხორციელებული პროექტის „გავლენის დაუფარავი სფეროების“ ფარგლებში.