რა ჯდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატება. ვიზუალურად გაჩვენებთ, როგორ იკარგება ემიგრანტების ხმები
ემიგრანტები არჩევნებში
“წარმოიდგინეთ, იძულებული გახდით, დაგეტოვებინათ სამშობლო, ყოველ დღე უკან დაბრუნებაზე ფიქრობთ და მთავრობა, რომელიც თქვენ უნდა გემსახურებოდეთ, ყველაფერს აკეთებს, რომ მინიმალური კავშირი გქონდეთ თქვენს ქვეყანასთან”, — ეუბნება JAMnews-ს 31 წლის ემიგრანტი, გურამ კვახაძე, რომელმაც საქართველო თითქმის ორი წლის წინ დატოვა და ახლა ირლანდიაში ცხოვრობს.
ის ერთ-ერთია იმ ემიგრანტებს შორის, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვს და ამისთვის ხელმოწერებსაც აგროვებს.
ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ სირთულეს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების სიმცირე წარმოადგენს. მათ დიდ ნაწილს ასობით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ათასობით კილომეტრის გავლა უწევს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ, ეს კი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის დროსა და ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამონახვასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ.
ამაზე მეტყველებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მაჩვენებელიც. კერძოდ, ცესკოს თანახმად, 2020 წელს ემიგრაციაში მყოფი ამომრჩევლების საეთო რაოდენობა 66 217 იყო, ხმა კი მათმა 18.5%-მა მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების საერთო რაოდენობას უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიხედვით და იმ ადამიანების რაოდენობის თანახმად ითვლის, ვინც არჩევნებამდე 19 დღით ადრე დარეგისტრირდება არჩევნებზე ხმის მისაცემად. თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ემიგრანტების რაოდენობა აღნიშნულ რიცხვს ბევრად აღემატება.
მართალია, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, თუმცა გაეროს თანახმად 2019 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 852 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, 2020-ის შემდეგ კი ემიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს ქვეყნიდან 163 480 ადამიანი წავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
“მე დღემდე საქართველოს მოქალაქედ ვრჩები და მაინტერესებს ჩემს ქვეყანაში როგორი პოლიტიკური და სოციალური ვითარება იქნება. მართალია დღეს ემიგრაციაში ვარ, მაგრამ სულ დაბრუნებაზე ვფიქრობ. ემიგრანტები ძალიან დიდ როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ალბათ არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ერთი ადამიანი მაინც არაა წასული ემიგრაციაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მოგვეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა”, — ამბობს გურამი.
ემიგრანტების მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემას არა საარჩევნო უბნების სიმცირეში, არამედ ემიგრანტების მოტივაციაში ხედავენ და ასევე აცხადებენ, რომ უბნების დამატება იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომ ამას საქართველოს მთელი ბიუჯეტიც ვერ გაწვდება.
“ჯემნიუსი” შეეცადა დაედგინა, თუ რა დაუჯდებოდა საქართველოს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნა.
რა დაუჯდებოდა საქართველოს ემიგრანტებისთვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნა
იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებში მეტ ემიგრანტს მიეცეს მონაწილეობის საშუალება, არსებობს ორი გზა:
- დაემატოს საარჩევნო უბნები უცხოეთში
- მოხდეს ემიგრანტებისთვის დისტანციურად ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვა
პირველი ვერსიის სრულყოფისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა: “გირჩი — მეტი თავისუფლება” და “დროა” დაიწყეს კამპანია სახელწოდებით “საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში”.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ისინი საზღვარგარეთის 90 ქალაქში აგროვებენ ხელმოწერებს, რათა გაიხსნას საარჩევნო უბნები. ხელმოწერები შემდეგ იგზავნება საგარეო საქმეთა სამინსტროში, რომლის კომპეტენციაშიც შედის საარჩევნო უბნის გახსნის საჭიროების თაობაზე აცნობოს ცესკოს. ამ დროისთვის აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში 35 ქალაქიდან არის შესული განაცხადი უბნების გახსნის თაობაზე.
აღნიშნული მოთხოვნების საპასუხოდ ემიგრანტებმა მიიღეს წერილი, სადაც განმარტებულია, თუ რა შემთხვევაში ხდება საარჩევნო უბნის დამატება:
“საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩეველი, ამომჩეველთა ერთიან სიაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, შეიყვანება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისათვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი”, — განამრტებულია სამინისტროს მიერ ერთ-ერთი ემიგრანტისთვის მიწოდებულ წერილში.
რაც შეეხება მეორე შესაძლებლობას, ემიგრანტებისთვის დისტანციურად ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD)” გასული წლის ნოემბერში კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში განსახილველად. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დისტანციურად ხმის მიცემის პრაქტიკა მსოფლიოს 35 ქვეყანაში უკვე დანერგილია და წარმატებით მუშაობს.
EECMD ითხოვს, რომ დასაწყისისთვის დისტანციურად ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ემიგრანტებს მიეცეთ, რადგან ისინი განსაკუთრებით დიდ დაბრკოლებებს აწყდებიან ხმის მიცემისას, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი ასიათასობით მოქალაქიდან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 12 ათასმა ემიგრანტმა მიიღო.
EECMD-ის თანახმად, ქვეყნებს, რომლებიც ინტერნეტ-კენჭისყრის მეთოდს იყენებენ, ყოველწიურად სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, განახლება, კონტროლი და კიბერუსაფრთხოება წლის განმავლობაში 300 ათას ლარამდე უჯდებათ. თუმცა:
“ვინაიდან აღნიშნული მოდელი სიახლეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, ხსენებული მოდელისთვის ადაპტირებული სისტემის შეძენა, დანერგვა, პროგრამული უზრუნველყოფა, განახლება, კონტროლი და კიბერუსაფრთხოება, გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას 2 დან 3 მილიონ ლარამდე”, — წერია განმარტებით ბარათში.
ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ ინიციატივას კიბერუსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე იწუნებენ. დიასპორის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემის დანერგვა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული:
“საფრანგეთმაც კი უარი განაცხადა ასეთი სისტემით (დისტანციურად ხმის მიცემა) არჩევნების ჩატარებაზე და პირდაპირ თქვა, რომ კიბერთავდასხმის საშისროებაა რუსეთის მხრიდან. თქვენ წარმოგიდგენიათ, ხომ მილიონამდე ქართველი თუ ჩაერთვება, რაოდენ დიდი რისკის ქვეშ დადგება საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებში, რადგან შეიძლება უხეში ჩარევა და შეჭრა მოხდეს მათ გაჯეტებში, დივაისებში და ა.შ.”, — განაცხადა ოდიშარიამ “პოს ტვ”-ის ეთერში.
რა დაჯდებოდა არჩევნების ჩატარება თუ სახელმწიფო უცხოეთში საარჩევნო უბნებს დაამატებდა
დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ემიგრანტებისთვის არც საარჩევნო უბნების დამატებას ემხრობა. საკუთარი პოზიციის ერთ-ერთ არგუმენტად კი მოჰყავს ფინანსები:
“როგორ უნდა გახსნას საქართველოს ბიუჯეტის მქონე სახელმწიფომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ქალაქში საარჩევნო უბანი, რომლის გახსნაც არის დაკავშირებული მინიმუმ ნახევარ მილიონ ევროსთან. ეს მხოლოდ გახსნა და შემდეგ მისი ოპერირება არის წარმოუდგენელ ხარჯებთან დაკავშირებული. მთელი ბიუჯეტი რომ მივმართოთ, ჩვენ ვერ მოვახერხებთ”, — თქვა ოდიშარიამ 29 მარტს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი უბნის გახსნა ოპერირების ხარჯების გარეშე 400-500 მილიონი ევრო დაჯდებოდა, რადგან მისი თქმით სწორედ ამდენი ჯდება საკონსულოების გახსნა უცხოეთში, საარჩევნო უბნები კი მისივე განმარტებით, მხოლოდ საკონსულოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება გაიხსნას.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია საარჩევნო უბნების დამატებას მსოფლიოს ყველა ქალაქში არ ითხოვს. ამასთან, ოპერირების ხარჯები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, სულაც არ არის დაკავშირებული “წარმოუდგენელ ხარჯებთან” და საშუალოდ ერთი უბანზე 9 691 ლარი ჯდება.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უბანი იხსნება იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში მონაწილეობის მსურველია სულ მცირე 50 ადამიანი და თუ ეს რაოდენობა არ აღემატება 3000-ს.
თუ ვივარაუდებთ, რომ ქალაქებში, სადაც “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” აგროვებენ ხელმოწერებს მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მაშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2024 წლის არჩევნებისთვის დამატებით 90 ქალაქში საარჩევნო უბნების გახსნა საშუალოდ 872 190 ლარი დაუჯდებოდა. თუმცა აქ არ არის გათვალისწინებული ხარჯები, რომლის გაწევაც სახელმწიფოს ფართის ქირაობისთვის დასჭირდებოდა.
აღნიშნული ხარჯების გამოსათვლელად საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა უჯდება სახელმწიფოს საკონსულოებისთვის ტერიტორიის ქირაობა, ამასთან დაკავშირებით “ჯემნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი.
თუმცა, ხელისუფლების პოზიციას საარჩევნო უბნების მხოლოდ საკონსულოებში გახსნის თაობაზე არ იზიარებენ იურისტები და განმარტავენ, რომ კანონში ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითება არ არის გაკეთებული:
“საარჩევნო კოდექსს როდესაც ვკითხულობთ, პირდაპირ არ წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მაინცდამაინც საკონსულოში გახსნას საარჩევნო უბანი. შეუძლია რეალურად იქირაოს შენობა და ამ შენობაში გახსნას საარჩევნო უბანი, ანუ ამის შესაძლებლობას საარჩევნო კოდექსი იძლევა.
თუმცა საარჩევნო ადმინსიტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო საარჩევნო კოდექსს კითხულობს და აპრაქტიკებს ისე, რომ საარჩევნო უბნებს მხოლოდ და მხოლოდ ხსნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში. ეს ამ კანონის მათეული ხედვაა, ჩვენი ხედვა ცოტათი განსხვავდება”, — განმარტავს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი, გიორგი მონიავა “ჯემნიუსთან”.
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ დიასპორის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ უსასყიდლოდ დაუთმონ სივრცეები ხელისუფლებას უცხოეთში საარჩევნო უბნების გასახსნელად. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე წლის მარტში განმარტა, რომ პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მზად არიან ხელი შეუწყონ ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაში დამატებითი უბნების გახსნაში:
“იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში შექმნას მის დაქვემდებარებაში უბნის გახსნისთვის საჭირო სივრცეები, ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან (ხელისუფლებებთან), მაგრამ ეს არის სრულიად შესაძლებელი. ჩვენ გვქონდა და გვექნება შეხვედრები ელჩებთან, ვისთანაც შეიძლება ეს მოგვარდეს, რადგან ყველა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩმა გამაოცხადა მზადყოფნა, რომ გაგვიადვილონ ეს საკითხი…
დიასპორისგან ძალიან მაღალ დონეზეა მზადყოფნა, რომ სხვადასხვა ქალაქში არსებული სივრცეები, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, როგორიცაა ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რომელსაც თავად იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები, მზად არიან, რომ საარჩევნოდ დაუთმონ ეს ფართები ან თავად იმოშაონ ქალაქებში ასეთი სივრცეების მოპოვებაზე. მოლდოვას მაგალითზე არსებობს პრაქტიკაც, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ჩვენს სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის”, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
თუმცა, ოდიშარია აცხადებს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემის გამარტივებისთვის აუცილებლად გაიხსნას საკონსულოები, თითო საკონსულოს გახსნა კი საშუალოდ 400-500 ათასი ევრო ჯდება.
აღნიშნულ მოსაზრებას არ იზირაებს ISFED-ის იურისტი, გიორგი მონიავა და განმარტავს, რომ საკონსულოს გახსნა შესაძლებელია ერთ პატარა ოთახშიც, სადაც დაინიშნება მხოლოდ საპატიო კონსული, რომელიც შრომის ანაზღაურებასაც კი არ იღებს და იურიდიულად აღნიშნულ საკონსულო უფლებამოსილი იქნება იქირაოს ან უსასყიდლოდ მიიღოს ნებისმიერი ტიპის ფართი, სადაც საარჩევნო უბნის გახსნა იქნება შესაძლებელი.
“ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება”, — ამბობს ის.
რაც შეეხება ოპერირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიას მიმდინარე წელს ბიუჯეტის სახით დამტკიცებული აქვს 171,219,000 ლარი. ცესკო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთვის საზღვარგარეთის საუბნო საარჩევნო კომისიების რაოდენობა განისაზღვრა 60 ერთეულით. იმ შემთხვევაში თუ ცესკო “დროას” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ დასახელებულ 90-ვე ქალაქში გახსნიდა ერთ საარჩევნო უბანს, ცესკოს ნავარაუდევი 60 უბნის გათვალისწინებით, 2024 წლის ბიუჯეტიდან 0.8488%-ის დახარჯვა მოუწევდა.
იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დისტანციურად ხმის მიცემის დანერგვას გადაწყვეტდა, EECMD-ის კანონპროექტის თანახმად, ამისთვის ბიუჯეტიდან 2-3- მილიონი ლარის გამოყოფა დასჭირდებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში საარჩევნო უბნებს დაამატებდა, ფართის ქირაობის გარდა თითო საარჩევნო უბნის მოწყობა საშუალოდ 9 691 ლარი დაუჯდებოდა, რაც ბევრად ნაკლებია ოდიაშიარიას მიერ დასახელებულ მილიონობით ლარზე.
ამასთან, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გარეთ მყოფი მილიონზე მეტი ემიგრანტისთვის არჩევნებს ატარებს. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა მოლდოვა, რომელმაც 2020 წელს, მაშინ როცა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე 12 ათასი ემიგრანტი მივიდა ხმის მისაცემად, საზღვარგარეთ დიასპორის 263 117 წარმომადგენლისთვის ჩაატარა არჩევნები. როგორც მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩვენთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ქვეყანამ საზღვარგარეთ არჩევნების ჩასატარებლად საერთო ჯამში 9 630 000 მოლდოვური ლეი დახარჯა, რაც ამჟამინდელი კურსით 1 512 275-ს ლარის ტოლია.
nproject