სენატორმა ჯინ შაჰინმა "ქართველი ხალხის აქტი" ეროვნული თავდაცვის აქტში შესწორების სახით წარადგინა
ჯინ შაჰინმა “ქართველი ხალხის აქტი” წარადგინა
სენატორმა ჯინ შაჰინმა “ქართველი ხალხის” აქტი, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებასა და სამოქალაქო საზოგადოების, მინიმუმ, 50 მილიონი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა. აქტის ავტორი შაჰინთან ერთად სენატორი ჯიმ რიშიცაა. ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
“ქალბატონმა შაჰინმა წარადგინა ცვლილება ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც 2025 წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობისთვის, სამხედრო მშენებლობისთვის და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობისთვის დაფინანსებას გამოყოფს”. – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აშშ-მ შესაძლოა შეწყვიტოს საქართველოს სამხედრო და მატერიალური დახმარება, ასევე შეჩერდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგი.
რას გულისხმობს კანონი
საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი – “ქართველი ხალხის აქტი” სენატში 24 მაისს დარეგისტრირდა.
კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.
პირველი:
• განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის:
- სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს, უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის.
- ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში და
- სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
• სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.
• აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას”,- ნათქვამია სენატორების მიერ კანონპროექტის სულისკვეთების განმარტებით წერილში.
სენატორების განცხადების მიხედვით, კანონპროექტის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას:
• ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
• გამოყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.
• ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ MEGOBARI 11 აქტი ივლისს მიიღო. “MEGOBARI AQTI“-ს ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში “რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.