როგორ შეიცვალა ცხინვალის პარლამენტი არჩევნების შემდეგ
სამხრეთ ოსეთის პარლამენტი
ცხინვალის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა – სანამ ოპოზიცია და საზოგადოება მსჯელობენ რამდენად შეესაბამება ეს შედეგები რეალობას, პროსახელისუფლებო მედიამ პარლამენტის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
უფრო მეტიც, ის ნამდვილად “ახალია“ – თუმცა არჩევნებს განსაკუთრებული სიურპრიზები არ მოჰყოლია და, ზოგადად, ძალთა ბალანსი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ მაინც ბევრი “ახალმოსული“ დაჯდება ახლა საპარლამენტო მანდატებზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ერთი ოპოზიცია ოთხი პარტიისთვის
VIII მოწვევის პარლამენტში სულ 34 დეპუტატისაგან შემდგარი 4 პარტია შევიდა.
მათ შორის მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიაა – “ერთიანი ოსეთი”, ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის პარტია.
პარალელურად, “ერთიანი ოსეთი” აპირებს უჩივლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნების შედეგების გადახედვა. კერძოდ, პარტია აცხადებს, რომ ერთ-ერთ უბანზე ამომრჩევლებზე ზეოწლა მოახდინეს.
მმართველმა პარტიამ თავის მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა: პარტიულ სიებში მას 6 მანდატი აქვს, პლუს ამ ფრაქციაში მაჟორიტარებიდან კიდევ 9 დეპუტატი იქნება. ამრიგად, “ნიხასი” ჯამში 15 მანდატს მიიღებს.
„სახალხო პარტია“, რომელმაც 5 მანდატი მიიღო, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ავლენდა ხელისუფლებისადმი ლოიალობას და კრიტიკას მიმართავდა მხოლოდ კონკურენტების მიმართ, „ერთიანი ოსეთის“ სახით. ანუ სახალხო პარტიის ფრაქცია არ იქნება ოპოზიციური და დაეხმარება მმართველ პარტიას.
კომუნისტური პარტია, რომელსაც 2 მანდატი აქვს, ოპოზიციასთანაც კი არ გაერთიანდება. ეს პარტია ყველას მიმართ ლოიალურია, ვინც ხელისუფლებაშია.
ახალი სახეები
მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვნად განახლდა პარლამენტის შემადგენლობა. ბევრი ახალი სახე გამოჩნდა და, ძირითადად, ეს არის ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მაჟორიტარები.
თუ მმართველი პარტიული სიების მიხედვით, ალან გაგლოევის გარემოცვის ამჟამინდელი ოფიციალური პირები შევიდნენ პარლამენტში, მაშინ მის პარტიაში შესულ მაჟორიტარებს არ შეიძლება ეწოდოს გამოცდილი პოლიტიკოსები. მათ რიგებში არის არის ერთადერთი ქალი მოქმედ პარლამენტში – ზიტა ბესაევა, პარტიის თავმჯდომარე და წინა ორი მოწვევის დეპუტატი.
არჩევნების მოსაგებად მოქმედმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა. შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ალან მარგიევმა, პრეზიდენტის თანაშემწემ ალან პლიევმა, პარტიის ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე რუსლან ხუბეჟოვმა და სხვა უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებმა მიიღეს საპარლამენტო მანდატი.
მაგრამ, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ცნობილი პიროვნება მთელ ამჟამინდელ პარლამენტში არის ელდარ ახმედოვი, თვითდასახელებული კანდიდატი, რომელმაც გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ გაგლოევის პოლიტიკას და შეუერთდა მის პარტიას.
ახმედოვს, მისივე თქმით, დეპუტატად არჩევისთვის საჭირო რეზიდენტურის კვალიფიკაცია არ აქვს და მისი საარჩევნო კამპანია გაიხსენეს არა გამოსვლებით, არამედ იმით, რომ სატელევიზიო დებატების დროს გონება დაკარგა.
რაც შეეხება ოპოზიციურ “ერთიან ოსეთს”, ამ პარტიის დეპუტატებს შორის ორი “დებიუტანტია” – ვლადიმირ პუხაევი და ვასილი გულიევი.
პუხაევი საპრეზიდენტო არჩევნებში 2022 წელს იყრიდა კენჭს, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა მის რეგისტრაციაზე.
ვასილი გულიევი, წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და თანამდებობიდანაც ალან გაგლოევმა გაათავისუფლა. ჭორების თანახმად, გაგლოევმა ეს მხოლოდ პირადი მტრობის გამო გააკეთა.
ამასობაში, მხოლოდ ხალხს ეცინება და რეალურ ცვლილებე ელოდება, რომელიც არც ამ არჩევნებზე მოხდა.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო