"საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს საერთაშორისო ჰაბი ფაგების მიმართულებით"
ფაგების საწარმო საქართველოში
“ბიოქიმფარმის” საწარმო, რომელიც ისტორიული ბაქტერიოფაგის შენობაში მდებარეობს, წლების წინ, ბევრისთვის საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა. ისტორიული ფაგების საწარმო 1934 წელს დაარსდა და საბჭოთა კავშირის არაერთი ქვეყნიდან ფაგები სწორედ აქედან მიჰქონდათ. თითქმის 90 წლის შემდეგ კი, დღეს, ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პირველი GMP( კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერთიფიკატის მქონე საწარმო გახდა სამხრეთ კავკასიაში.
კომპანიის დირექტორი, რატი ღოლიჯაშვილი იხსენებს, რომ ფაგების საწარმომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა.
„გაზი არ იყო, არც წყალი და დენი, განადგურების პირას იყო საწარმო, ჟანგიანი დანადგარები გვქონდა. წარმოება 1998-1999 წლებში განახლდა, ის ცოდნა და ტექნოლოგია, რაც იქ არსებობდა, ახალ რელსებზე დადგა. ნელ-ნელა დაიწყო ფაგების საამქრომ ფუნქციონირება”,- ამბობს რატი.
საწარმოს მოდერნიზაცია და გადაიარაღების ორწლიანი პროექტი ევროკავშირის, EBRD-ისა და ადგილობრივი უწყებების მხარდაჭერით განხორციელდა და ჯამში 17, 5 მილიონი ლარი დაჯდა. კომპანიას ქართული ფაგები უკვე 8 ქვეყანაში გააქვს, თუმცა მიზანი ისტორიული ბაქტერიოფაგების რაც შეიძლება მეტ პაციენტამდე მიტანაა.
„8 ქვეყანაში გვაქვს ამ ეტაპზე ექსპორტი. ჩვენი მიზანია, რომ ერთი ნული მივუმატოთ და 80 ქვეყანაში გავიტანოთ ქართული ფაგები. ძალიან ამბიციური, რთულად შესასრულებელი მისიაა, მაგრამ ეს არის ჩვენი სლოგანი, ბევრი მიმართულებით უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და ვმუშაობთ აქტიურად“, – ამბობს რატი.
ისტორიული კონტექსტისა და შექმნილი რეალობის ფონზე, როდესაც ანტიბიოტიკების რეზისტენტობას უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, რატი ღოლიჯაშვილს სჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს საერთაშორისო ჰაბი ფაგების მიმართულებით:
„საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია, არა მხოლოდ ღვინის სამშობლო, არამედ ფაგების სამშობლოც არის. ქვეყანას აქვს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება”.
ფაგების მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება. მაშინ, როდესაც არაერთ ქვეყანაში ანტიბიოტიკების რეზისტენტობის პრობლემის გადასაჭრელად გზებს ეძებენ, ბაქტერიოფაგები ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.
მართა ქლოქი ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორია და უკვე წლებია, ბაქტერიოფაგებს იკვლევს. ის გაერთიანებულ სამეფოში ახლადდაფუძნებული ფაგების კვლევის ცენტრის დირექტორია.
Მართა საქართველოშიც არა ერთხელ არის ნამყოფი და გვეუბნება, რომ ელიავას ინსტიტუტის მეცნიერებთან მუდმივად კონტაქტზეა. მიუხედავად იმისა, რომ ფაგების მიმართ ინტერესი მზარდია, მისი თქმით, დღეს დიდ ბრიტანეთში ფაგებით მკურნალობა შეუძლებელია, ამის მიზეზი კი ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული პრობლემების წრეა, რომლის გარღვევასაც ვერ ახერხებენ.
„ექიმს რომ სურდეს ფაგების დანიშვნა, ვერ შეძლებს, რადგან გაერთიანებულ სამეფოში GMP სტანდარტით ბაქტერიოფაგები არ იწარმოება. წარმოებაში ფულის ჩადება არავის სურს, რადგან ბაზარი არ არსებობს, არც რეგულაციებია, მაგრამ როგორ იარსებებს რეგულაციები, თუ კი არ არსებობს ფაგები. რომ დაარეგულირო, უნდა იყოს ჩატარებული კლინიკური კვლევები. ამ ტიპის ჩაკეტილ წრეში ვართ სამწუხაროდ“, -ამბობს მართა.
გაერთიანებულ სამეფოში ფაგების მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება.
2024 წლის იანვარში მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტმა ბაქტერიოფაგების პოტენციალზე ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ლაპარაკი იყო, რა როლი შეიძლება შეასრულოს ფაგებმა ანტიბიოტიკების რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც კომიტეტის ანგარიშში იყო ხაზგასმული, ამ პროცესში ფაგებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია. კომიტეტის რეკომენდაციები კი გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ სრულად გაითვალისწინა.
მართა გვეუბნება, რომ ბოლო თვეებში ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები შეიმჩნევა და გაერთიანებული სამეფო ფაგების მიმართულებით მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის.
“ხელისუფლებამ თქვა, რომ განიხილავს საწარმოს გახსნას, მეც ჩართული ვარ ამ პროცესში. ყველა რგოლი დაინტერესებულია და მხარს უჭერს ამ იდეას“, – გვეუბნება მართა.
ინტერესი დიდია პაციენტების მხრიდანაც. არაერთი ადამიანი, რომელსაც ანტიბიოტიკების რეზისტენტობის პრობლემა აქვს, მართას უკავშირდება და ფაგებით მკურნალობის შესახებ რჩევებს სთხოვს. ამ ეტაპზე მას ერთადერთი არჩევანი აქვს, რომ ეს ადამიანები ელიავას ინსტიტუტში გადაამისამართოს.
“ხშირად ადამიანები მწერენ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე არიან, მეკითხებიან, რა ქნან, წავიდნენ თუ არა საქართველოში. მე მათ ვეხმარები ელიავას ინსტიტუტთან დაკავშირებაში, ამ როლს ვასრულებ ამ ეტაპზე”, – ამბობს მართა.
ქართული კომპანიის “ბიოქიმფარმის” გეგმები, რომ ფაგები საქართველოდან ევროპაში ექსპორტზე გავიდეს, მართასთვის რეალურია, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს დიდ გამოწვევებთანაც იქნება დაკავშირებული.
“აუცილებელია, რომ წარმოების ის სტანდარტი ჰქონდეთ, რაც სხვა ევროპულ ქვეყანაში. ეს კი ძალიან რთულია. ფაგების წარმოებისას ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ტექნიკური პრობლემაა. თანხვედრაში უნდა იყოს ჯანდაცვის სხვა სისტემებთან, რაც ხშირად პრობლემაა. ქართული ნარევები საკმაოდ კომპლექსურია და დეტალურად არ არის დახასიათებული”, -ამბობს მართა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის კრეატიული მოდელების მოფიქრებაც შეიძლება.
„როგორც ვიცი, ქართველი ექიმები თანამშრომლობენ ინდოელ კოლეგებთან. ფაგები გადის ინდოეთში, და შემდეგ ქართველი მედიკოსები ინდოელ ექიმებს ატრენინგებენ. ეს ძალიან კარგი მოდელია, რომ ქართული ფაგები სხვა ქვეყანაში გავიდეს“, – გვეუბნება მართა.
ქართული ფაგები, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2024 წლის ქვეყნის სამ ძირითად ტექნოლოგიურ მიმართულებას შორის დასახელდა. საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ მაშინ, როდესაც ფაგებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება, საქართველოს შეუძლია ამ მიმართულებით მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს.
“პროექტი დაფინანსებულია ICFJ-ის მიერ ინოვაციური ჯანდაცვის პროგრამით”