არშემდგარი გადატრიალება და საერთაშორისო ორგანიზაციების დევნა (აფხაზეთში). რა წერია სუს-ის 2023 წლის ანგარიშში
სუს-ის 2023 წლის ანგარიში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში სუს-მა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2023 წელს ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაურჩა, რომელსაც უცხო ძალები აწყობდნენ. ასევე ნათქვამია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთის დავალებით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის საქმიანობას ზღუდავს და მათ მუშაობას აკონტროლებს.
დესტაბილიზაციის მცდელობა უცხო ძალების მიერ:
სუს-ის ანგარიშში წერია, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში “საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო”. ანგარიშის თანახმად, ამ გეგმის განხორციელება იგეგმებოდა “უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით”.
სუს-ის თანახმად, განიხილებოდა არეულობის რამდენიმე სცენარი – ერთ-ერთის მიხედვით, სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადები უნდა მოწყობილიყო და სამთავრობო შენობები უნდა დაეკავებინათ. ასევე იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი.
როგორც ანგარიშში წერია, ამ გეგმის განხორციელება იგეგმებოდა “უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც გამოყენებული იქნებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ”.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად “შერჩეული იყო პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით”.
“მოლოდინი გათვლილი იყო იმ გარემოებაზე, რომ …ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, იქნებოდა უარყოფითი, რაც საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად მიმაგრებული პრორუსულობის ლოზუნგით, საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიდა.”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები ურთიერთობდნენ ქართულ მედია საშუალებებთანაც და ცდილობდნენ მათ გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის.
სუს-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დესტრუქციული ჯგუფები ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობებს აღვივებდნენ, სტრატეგიულ პარტნიორებთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ქვეყნის იმიჯს აზიანებდნენ, საზოგადოების პოლარიზებას ცდილობდნენ და ასევე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ფონსაც აუარესებდნენ.
ანგარიშის თანახმად, სუს-მა აღნიშნული რისკების განეიტრალება სხვა კომპეტენტურ უწყებებთან და პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციითა და “ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიებების” განხორციელებით შეძლო. სუს-ი არ აკონკრეტებს, თუ რომელი უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედებდნენ აღნიშნული ჯგუფები.
“ეფექტიანად იქნა გამოყენებული დესტრუქციულ საქმიანობაში ჩართული სუბიექტების ქვეყანაში არშემოშვებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემზღუდავი მექანიზმები” – წერია ანგარიშში.
ოკუპირებული ტერიტორიები:
როგორც სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 37, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 26 პირი.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის, რომ გასული წლის ნოემბერში საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა.
სუს-ი ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და დანაშაულებრივ ქმედებებს ახალისებს
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს გრძელდებოდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსი. “ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 39, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 3 შემთხვევა,” – აღნშნულია ანგარიიშში.
სუს-ის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე გრძელდება |ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია”.
“ადგილობრივ მოსახლეობას არ ეძლეოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება. აქტიურად ტარდებოდა რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის, მათი ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა.. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების“ შესახებ, რომელიც მათ შორის, მიზნად ისახავდა ოკუპირებული გალის რაიონის ქართული მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლას“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს დევნიან, წერს სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ შიდა ვითარებასაც ეხება. სუს-ის ინფორმაციით, 2023 წელს მკვეთრად გამკაცრდა დამოკიდებულება და მიდგომები ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
პარლამენტში წარდგენილ სუს-ი ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმი საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის მადისკრედიტებელი განცხადებებით გამოირჩეოდა და მათ “საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესების“ არევაში სდებდა ბრალს.
“საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დაბლოკვით საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის გავლენების გაზრდასა და აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის წესში ცვლილებები შეიტანა, რათა მკაცრად გააკონტროლოს, როგორ ურთიერთობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი.
სუს-ი წერს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ათანხმებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხი.
“2023 წლის 7 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, აღარ “მტკიცდებოდა“ USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით წარმოდგენილი პროექტები. ასევე შეჩერდა UNDP-ის პროექტების მიღება. იკრძალებოდა იმ პროექტების რეალიზება, რომელთა მიზანს ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის დამყარება წარმოადგენდა.
იზღუდებოდა იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის “შიდა და საგარეო პოლიტიკის“ საკითხების გაშუქებას ისახავდა მიზნად“, – ვკითხულობთ სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში.
სუს-ი ასევე წერს, რომ 2023 წელს ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმები რუსეთის ფედერაციის დახმარებით აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე “პოზიციონირებას“ – მუშაობა შეინიშნებოდა სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.