ერდოღანის პარტიამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა. როგორ მოხდა ეს?
თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები
31 მარტს თურქეთში მორიგი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ტრადიციულად, წინასაარჩევნო პერიოდში მეტი ყურადღება ეთმობა არა მუნიციპალიტეტების და ქალაქების მართვას, არამედ ეკონომიკას, იდეოლოგიასა და პოლიტიკურ საკითხებს. ასევე დიდი ყურადღება გამახვილდა სტამბოლსა და ანკარაზე, რომელიც ერდოღანმა 2019 წელს წააგო.
არჩევნების შედეგები ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ოპოზიციურმა “რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ” (CHP) პირველად გაიმარჯვა 1977 წლის შემდეგ. ამასთან, მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” (AKP) დაარსების შემდეგ არჩევნები პირველად წააგო.
- პანკისის ახალ იმამს ჩეჩენი ბლოგერი კადიროვის აგენტობაში ადანაშაულებს
- რატომ (არ) სჭირდება აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტას საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება? მოსაზრება
როგორ მოხდა ეს?
ახლა ყველას აინტერესებს: როგორ განიცადა ერდოღანმა თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში ტრიუმფიდან სულ რაღაც 10 თვის შემდეგ?
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არჩევნების ამ შედეგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია “ახალი კეთილდღეობის პარტია” (YRP), რომელსაც ფაქტობრივად იგივე იდეოლოგია აქვს, რაც ერდოღანის პარტიას. აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნებში მათ მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირეს მხარი.
“ახალ კეთილდღეობის პარტიას” ხელმძღვანელობდა ფატიჰ ერბაქანი, ერდოღანის პოლიტიკური მასწავლებლის, ნეჯმედდინ ერბაქანის ვაჟი. ამ პარტიამ გუშინ, თავის პირველ არჩევნებზე, ხმების 6,2 პროცენტი მოიპოვა და მესამე ადგილზე გავიდა.
ეს პარტია ერდოღანის პარტიას ადანაშაულებს მისი დაარსების დროს დადგენილი პრინციპების “ნეოლიბერალურ და გლობალისტურ პოლიტიკასთან კაპიტულაციაში”.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტმა მეთინ ჯიჰანმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მან ამხილა თურქეთსა და ისრაელს შორის სავაჭრო თანამშრომლობა და წარმოადგინა ფაქტები ათობით გემის შესახებ, რომლებიც ყოველდღიურად გადიან თურქეთის პორტებიდან ისრაელში. სტატიამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ერბაქანმა ერდოღანი ასევე დაადანაშაულა პალესტინელების ღალატში. გარდა ამისა, ახალმა პარტიამ ამომრჩეველთა ყველაზე კონსერვატიულ ნაწილად მიჩნეული პენსიონერების თემა თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად აქცია, რამაც წინასწარ განსაზღვრა ახლადშექმნილი პარტიის მოულოდნელი წარმატება.
ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც წარუმატებლობის მიზეზი
სახელისუფლებო პარტიის მარცხის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი არის მათი ეკონომიკური პოლიტიკა.
თუმცა ეს თეზისი ცოტა საკამათოა, რადგან 2023 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე თურქეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არ იყო უკეთესი, მაგრამ ერდოღანმა მაინც მოახერხა გამარჯვება.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გადაწყვიტა ნეოლიბერალურ, ორთოდოქსულ ეკონომიკურ პოლიტიკას დაუბრუნდეს.
ახალ კაბინეტში ეკონომიკის მინისტრად მეჰმედ შიმშეკის დანიშვნის შემდეგ, პარტიამ დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მსგავსი ანტიკრიზისული პოლიტიკის განხორციელება.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, იყო ეკონომისტი და აკადემიკოსი ილჰან დოღუში. გუშინდელი არჩევნების შემდეგ მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ოპოზიცია შარშან დამარცხდა სწორედ მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერის გამო.
ეკონომიკის პროფესორმა ტანსელ გუჩლუმ ვითარება შემდეგნაირად აღწერა: „პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკის ნეოლიბერალურ პოლიტიკას – ორთოდოქსი ეკონომისტებისა და მუშათა ფართო ფენების ხარჯზე – ემუქრებათ არასასურველი საარჩევნო შედეგები. ამიერიდან მათ მოუწევთ მოიქცნენ ამ გარემოებების გათვალისწინებით“.
ერდოღანმა წააგო ნეოლიბერალი ეკონომისტების რეკომენდაციების გამო, ამბობს ეკონომისტი ალი ალპერ ალემდარი.
დიდი ხნის განმავლობაში ერდოღანი განაგრძობდა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, რომელსაც სერიოზულად აკრიტიკებდნენ მთელ მსოფლიოში. მან შეინარჩუნა დაბალი განაკვეთი, თვალი დახუჭა დოლარის კურსის ზრდაზე და დაბეჭდა ფული შემდგომი ინფლაციის გათვალისწინების გარეშე.
შედეგად, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა: საშუალო ფენას შეექმნა ეკონომიკური სირთულეები, მაგრამ ამავდროულად, ქვეყანაში გაიზარდა პენსია, უმუშევრობა კი ისევ დაბალ მაჩვენებელზე დარჩა.
მაგრამ 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, საგრძნობლად გაიზარდა განაკვეთი, დაიწყო ფულის მცირე ოდენობით დაბეჭდვა, ხოლო საჯარო მოხელეთა პენსიებისა და ხელფასების ზრდა წინა ზრდის ტემპზე დაბალი იყო.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი დამარცხების მიზეზი.
ნაციონალისტების მარცხი
მუნიციპალური არჩევნების ყველაზე მოულოდნელი შედეგი იყო ულტრამემარჯვენე ძალების შედეგების მკვეთრი ვარდნა.
ამრიგად, İYİ Parti-მ (კარგი პარტია) და Zafer Partisi-მ (გამარჯვების პარტია), რომლებიც ნაციონალისტურ და ანტიმიგრაციულ იდეებს იცავენ, სერიოზული მარცხი განიცადეს. პირველმა მიიღო ხმების 3,7 პროცენტი გასული წლის არჩევნების ცხრა პროცენტთან შედარებით, მეორემ კი მხოლოდ 1,74 პროცენტით დაკმაყოფილდა.
ნაციონალისტური ძალების აღზევების შესახებ მითი განადგურდა, ამბობს ჟურნალისტი რუშენ ჩაკირი. ყველა მათგანმა ერთად ვერ მიიღო ხმების 10 პროცენტიც კი.
მაგრამ პოლიტოლოგი იაშარ ალტუნდაგი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, არასწორია ფიქრი, რომ ნაციონალისტური იდეები დასუსტდა. მისი თქმით, ასეთმა აზრებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპოზიციას. იმიტომ, რომ ნაციონალისტები მუნიციპალურ არჩევნებში ყოველთვის მარცხდებოდნენ, მაგრამ მათ მაინც აქვთ დიდი პოტენციალი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი წარმატებით ქმნიან მტრის ხატებს.
ამრიგად, ოპოზიციის მთავარმა ფიგურებმა – ეკრემ იმამოღლუმ და მანსურ იავასმა – შეინარჩუნეს თანამდებობები სტამბოლსა და ანკარაში. იმამოღლუმ მმართველი პარტიიდან თავის მოწინააღმდეგეს 12 პროცენტით, იავასში კი 29 პროცენტით გაუსწრო.
ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში ფსიქოლოგიური უპირატესობა მთლიანად ოპოზიციის მხარეს გადავიდა. ახლა ყველას აწუხებს კითხვა: შეძლებს თუ არა “რესპუბლიკური სახალხო პარტია” უპირატესობის შენარჩუნებას მომავალ არჩევნებამდე – რა პოლიტიკას გაატარებენ იმამოღლუ და იავასი? მათი ავტორიტეტი უკვე შედარებულია თავად ერდოღანის ავტორიტეტთან.