"ოქსანა მეტადონის თერაპიის გაუქმების გამო გარდაიცვალა - მას შემდეგ, რას ყირიმი რუსეთის გახდა". ახალი წიგნი ყირიმის შესახებ
ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის ნატალია გუმენიუკის წიგნი “დაკარგული კუნძული”, რომელიც ახლახანს გამოიცა, ყირიმის ცხოვრებაზე მოგვითხრობს მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინის ეს რეგიონი რუსეთმა თავის ნაწილად გამოაცხადა.
ყირიმში მაშინ რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა. უკრაინა და მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი ამას კრემლის მიერ ორგანიზებულ ანექსიის აქტად მიიჩნევენ. სანამ აღმოსავლეთ უკრაინაში ომი და პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება, ყირიმში ცხოვრებას დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი აგრძელებს.
ნატალია გუმენიუკი სწორედ ამით დაინტერესდა. ექვსი წლის განმავლობაში იგი ყირიმში არაერთხელ ჩავიდა, ესაუბრებოდა ხალხს და მათ ამბებს თავის რეპორტაჟებში ჰყვებოდა. ამ ადამიანებიდან ზოგი ანექსიის წინააღმდეგია, ზოგიც მომხრეა. არიან ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ აგრძელებენ ცხოვრებას და შეცვლილ გარემოებებთან ადაპტირებას ცდილობენ.
ყველა ეს რეპორტაჟი ახალ წიგნშია შეგროვებული.
რატომ ღირს “დაკარგული კუნძულის” წაკითხვა? – ავტორი წიგნის შესახებ
”ეს არის წიგნი ცვლილებების – ჯერ შოკისმომგვრელი, შემდეგ კი” მცოცავის” შესახებ. ეს ცვლილებები განსხვავებული იყო სხვადასხვა ადამიანისთვის. პოლიტიკურად აქტიურებისთვის ეს ნიშნავდა მუდმივი რისკსა და პოლიტიკური ცხოვრების შესაძლებლობის სრულად გადაკეტვას,”- უყვება JAMnews- ს ნატალია გუმენიუკი.
”ყველაზე დიდი ცვლილება, სავარაუდოდ, ყირიმის იზოლაციაა. მსოფლიო მსჯელობს გლობალიზაციაზე, აქ კი რაღაც სხვა ნაზავია – საბჭოთა მენტალობის, 90-იანი წლების და პუტინის რუსეთის.”
”ჩემი სპეციალობა არის ჟურნალისტიკა კონფლიქტურ ზონებში. რუსეთ – უკრაინის ომის დაწყებამდე მე ვმუშაობდი ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, საშინელებაა, როდესაც საკუთარ გამოცდილების საკუთარ ქვეყანაში გამოყენება გიწევს.”
”ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული არის ამბის მოყოლა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე. ეს რუტინაა, რომელიც არ არის დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებებთან და ამიტომ მის მიმართ ინტერესი დაბალია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ომამდე ყირიმთან და დონბასთან არავითარი კავშირი არ მქონია. მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ ჩავედი და ვმუშაობდი, განსაკუთრებით ცხადი გახდა, თუ რამდენად უნივერსალურია ადამიანური პრობლემები.
და კიდევ უფრო გასაგები გახდა, რომ არაფერი შეიძლება იყოს უფრო ღირებული, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ”
“დაკარგული კუნძულის” რამდენიმე ამბავი
“23 წელი ოკუპაციაში ვიცხოვრეთ და ახლა სახლში ვბრუნდებით… ჩვენ (საბჭოთა დროს) რუსეთის დაქვემდებარების ქალაქი ვიყავით, უკრაინულ ენას არ ვსწავლობდით, მოხუცებულებს წამლის ანოტაციის წაკითხვა არ შეეძლოთ. ასე შეიძლება? მთელი 23 წლის განმავლობაში ჩვენ ლექსიკონი გვჭირდებოდა, რომ არ მოვწამლულიყავით და ამ წამლებისგან არ მოვმკვდარიყავით,”- ამბობენ რეპორტაჟის გმირები, რომლებიც სევასტოპოლში ყირიმის რუსეთთან შეერთებას აღნიშნავდნენ.
“ძნელია იმის აღიარება, რომ საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობ… თავდაპირველად იყო აღშფოთება, შემდეგ ტკივილი და ახლა გულგრილობა. მთავარია საკუთარ თავს მცირე მიზნები დაუსახო, მაგალითად, ბავშვს ასწავლო … და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წახვიდე”, – ეს ყირიმელი თათრების მონოლოგებია, რომლებიც ყირიმში დღეს ყველაზე დაჩაგრული უმცირესობაა.
ათობით მათგანი ამჟამად რუსეთის ციხეებში სხვადასხვა ბრალდებით იმყოფება.
წიგნში არის გმირი, რომელიც ანექსიას ვერ გადაურჩა, მაგრამ არა პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ოქსანაა, ნარკოდამოკიდებული გოგონა, რომელიც მეტადონის თერაპიას წარმატებით გადიოდა, სანამ ყირიმს უკრაინა აკონტროლებდა, მაგრამ რუსეთის კანონების გამო მისი შეწყვეტა მოუხდა.
”ოქსანა გარდაიცვალა”, – მიხსნიან მე, როდესაც 2014 წლის მაისში ჩაწერილ ვიდეოს ვაჩვენებ, რომელზეც ისაა აღბეჭდილი – ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტი.
”ფიზიკურად არ შემიძლია! გვაიძულებენ დოზა შევამციროთ. ეს მუდმივი ტკივილია. მუდმივი სისუსტე! არავის უნდა რომ დაგვეხმაროს,” – ამბობდა ის მაშინ.”
იმედი
ასე ჰქვია წიგნის ბოლო თავს, რომელიც უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეძღვნება 2019 წლის ბოლო დღეებში – რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის ფარგლებში. რუსეთის ციხეებიდან დაბრუნებულ უკრაინელებს შორის არიან ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრები ყირიმიდან – ოლეგ სენცოვი და ალექსანდრ კოლჩენკო.
”ხუთი წლის განმავლობაში, რაც ყირიმში მოვლენებს ვაშუქებ, ეს არის პირველი დადებითი ემოცია, რომელიც რეგიონთან ასოცირდება. გრძელი ფილმის ბედნიერი დასასრულივით. მაგრამ ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად დრო არ გვყოფნის – ამას სხვა ამბები ფარავს. ამავე დროს, შეშფოთებას ვგრძნობ: ოკუპირებული ყირიმის და იქ დარჩენილი ხალხის ამბავი ამით არ მთავრდება. ხოლო ისინი, ვინც გათავისუფლდნენ, სახლში, ყირიმში ჯერ ვერ ბრუნდებიან.”
წიგნის “დაკარგული კუნძული” (რუსული ვერსია – მხოლოდ ელექტრონული ფორმით) შეძენა შეგიძლიათ აქ. ”