აზერბაიჯანში ახალი ტენდენციაა - ხელისუფლება ქალ-ჟურნალისტებს აპატიმრებს
აზერბაიჯანში ჟურნალისტები დააკავეს
ნიჯათ ამირასლანოვი მაღაზიიდან პროდუქტებით სავსე პარკებით დაბრუნდა. ის მეუღლის, ჟურნალისტ ელნარა გასიმოვასთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისატან ამანათს ამზადებს.
„ორშაბათს და სამშაბათს, როცა ადვოკატი ელნარასთან მიდის, ის ატანს სიას,თუ რა სჭირდება. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ვიწყებ სიის მიხედვით ყველაფრის შეგროვებას. ბოსტნეული, პროდუქტები, სხვადასხვა ნივთები. ხუთშაბათს ამ ყველაფერს სახლში ვაგროვებ და ვფუთავ“, – ამბობს ის.
“აბზას მედიას საქმე”
ელნარა გასიმოვა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის Abzas Media-ის მეექვსე თანამშრომელია, რომელიც დააკავეს.
2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 13 იანვრამდე დააკავეს გამოცემის დირექტორი ულვი ჰასანლი, დირექტორის მოადგილე მაჰამედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი, გამომძიებელი ჟურნალისტი ჰაფიზ ბაბალი, რეპორტიორები ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალად ედებათ ჯგუფური კონტრაბანდა. ამ ბრალდებით “აბზას მედიას” თანამშრომლებს 5-დან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ელნარა გასიმოვა. “დაკითხვაზე რომ წავიდა, მზად იყო დასაჭერად”
28 წლის ჟურნალისტი ელნარა გასიმოვა ბაქოში დაიბადა. პროფესიული კარიერის განმავლობაში ძირითადად სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა. მისი მეუღლე, ნიჟატ ამირასლანოვი ასევე ჟურნალისტია. ისინი ბევრი წელი მეგობრობდნენ და თანამოაზრეები იყვნენ, 2017 წელს კი დაქორწინება გადაწყვიტეს.
„ზოგადად, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უჭირთ აზერბაიჯანში მუშაობა. სადაც არ უნდა წახვიდე გადაღებაზე, ყველგან ძალადობაა. აქ არ გვაძლევენ უფლებას, განვახორციელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა. საპროტესტო აქციებზე გვდევნიან და გვცემენ. ერთხელ ელნარა აქციიდან პოლიციაში გაიყვანეს. პოლიციის უფროსმა მას იქ შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენი საქმე სავსეა მსგავსი უბედურებებით.
თუმცა, ეს მაინც არ არის ჩვენთვის დაბრკოლება. მე თვითონ არაერთხელ დავუკავებივართ, მაწამეს კიდეც. ელნარამ იცოდა, რაზეც მიდიოდა. ორივე შეგნებულად დავდივართ ამ გზაზე. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს ეს?“, – ამბობს ნიჯატი.
ის ამბობს, რომ ელნარას დაკავება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა:
„დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 12 იანვარს, როდესაც გამომძიებელმა დაურეკა და ელნარა მოწმის სახით დაიბარა ბაქოს საქალაქო პოლიციის დეპარტამენტში, უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ მას დააპატიმრებდნენ. ჩვენი კოლეგა ნარგიზი მეორედ როცა დაიბარეს მოწმის სტატუსით, იმავე დღეს დააკავეს. ასე რომ, ელნარამ ჩაალაგა თავისი ნივთები, დაასრულა თავისი საქმეები და დამიბარა, რა უნდა გამეკეთებინა“.
ელნარა და მისი კოლეგები ამბობენ, რომ დაკავებები დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან – ისინი მაღალი თანამდებობის პირების და მათი ნათესავების კორუფციულ საქმეებს იძიებდნენ. ამ გამოძიებებს Abzas Media აქვეყნებდა.
Abzas Media-მ აზერბაიჯანში ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიებები გამოაქვეყნა.
Abzas Media-ის მთელი მენეჯმენტისა და ჟურნალისტების დაკავების შემდეგ, გამოძიება გრძელდება პროექტის „Baku Connection Forbidden Stories“ ფარგლებში, რომელიც აერთიანებს 15 მედია ორგანიზაციას სხვადასხვა ქვეყნიდან.
„აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა არასდროს ყოფილა ისეთი კრიტიკული, როგორიც ახლაა“
ექსპერტი მედიის უფლებების საკითხებში, ადვოკატი ხალიდ აგალიევი ამბობს, რომ ჟურნალისტების ასეთი მასობრივი დაკავება აქამდე არ მომხდარა.
„2005-2010 წლებში, აზერბაიჯანი, ეუთოს ანგარიშის თანახმად, რეგიონში პირველ ადგილზე იყო დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით. იმ დროს ბევრი ჟურნალისტი ციხეში იჯდა. თუმცა, იმ წლების დაკავების სტატისტიკაც რომ ავიღოთ, ახლა მაინც უარესი მდგომარეობაა, მეტია დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა“.
წლების განმავლობაში აზერბაიჯანში დამოუკიდებელ ჟურნალისტებს დროდადრო აპატიმრებდნენ. საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები მათ „პოლიტპატიმრებად“ აღიარებდნენ. თუმცა, მრავალი წლის განმავლობაში, ხელისუფლება ერიდებოდა ქალი ჟურნალისტების დაკავებას. 2014 წელს კი, ეს ტენდენცია შეიცვალა.
პირველად აზერბაიჯანში ჟურნალისტი 2014 წელს დააკავეს
2014 წლის 5 დეკემბერს, ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას დააკავეს.
სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლში ბრალდებულ ჟურნალისტს, შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იმ პირობით, რომ სამი წლის განმავლობაში არ დაეკავებინა ხელმძღვანელი თანამდებობები.
ორი წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ, საკასაციო საჩივრის საფუძველზე, ხადიჯა ისმაილოვას სასჯელის დარჩენილი ნაწილი პირობითი სასჯელით შეუცვალა და იგი ციხიდან გაათავისუფლეს.
ცოტა ხნის წინ ისმაილოვა დაკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია Toplum TV-ის საქმეზე. ამ ტელევიზიის მთავარი რედაქტორია იგი 2022 წლიდან. ახლობლები და კოლეგები შიშობენ, რომ ის კვლავ შეიძლება დააპატიმრონ.
Abzas Media-ს შემდეგ, აზერბაიჯანში სწორედ დამოუკიდებელი ონლაინ ტელევიზიის, Toplum TV-ის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმეზე უკვე შვიდი პირია დაკავებული, კიდევ ორი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ყველა მათგანს ბრალად ედება კონტრაბანდა, ისევე როგორც აბზას მედიის საქმეში.
„მათ აღარ აინტერესებთ ვინ მუშაობს იქ, ქალი თუ კაცი“
ხადიჯა ისმაილოვას დაკავებიდან თითქმის ათი წელი გავიდა და ახლა ციხეში სამი ჟურნალისტია, ყველა ერთი და იგივე რედაქციიდან.
ხელისუფლებისთვის სულ ერთია, ქალები არიან თუ კაცები ის ჟურნალისტები, რომლებიც მათ ხელს უშლიან, ამბობს უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი.
„ეს დაპატიმრებები მიზნად ისახავს აბზას მედიის საქმიანობის შეჩერებას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მუშაობს ამ რედაქციაში, ქალებე თუ კაცები“, – ამბობს ჯაფაროვი.
ხალიდ აგალიევის თქმით, ეს დაჭერები ასევე მიზნად ისახავს დააშინოს ქალები, რომლებიც ბოლო დროს შესამჩნევად მომრავლდნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის რიგებში. ეს გაფრთხილებაა მათთვის, რათა თავი შეიკავონ ამ საქმიანობიდან.
ნარგიზ აბსალამოვამ პოლიციის ძალადობის შედეგად ლავიწის ძვალი მოიტეხა
„აბზას მედიის“ ერთ-ერთი დაკავებული თანამშრომელია ნარგიზ აბსალამოვაც.
დაიბადა 1998 წლის 17 ივლისს ბაქოში. დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
პროფესიული საქმიანობა ჟურნალისტად 2018 წელს დაიწყო. 2021 წლიდან თანამშრომლობს Abzas Media-თან.
2021 წლის დეკემბერში ნარგიზ აბსალამოვას წინააღმდეგ პოლიციამ იძალადა. დამოუკიდებელი ჟურნალისტი მილი მეჯლისის წინ მედიის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებდა. შედეგად, მას ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. აბსალამოვას კომპლექსური ოპერაცია ჩაუტარდა და იძულებული გახდა გარკვეული დროით თავი დაენებებინა სამსახურისთვის.
მა სამართალოს მიმართა საჩივრით პოლიციელების წინააღმდეგ, თუმცა მისი საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2023 წლის 30 ნოემბერს ნარგიზ აბსალამოვა მეორედ დაიბარეს ბაქოს ქალაქის პოლიციის შტაბში აბზას მედიის საქმეზე ჩვენების მისაცემად და იმ დღეს იგი აღარ გამოუშვეს – დააკავეს დაკითხვის შემდეგ. მასაც ჯგუფურ კონტრაბანდაში ედება ბრალი.
იგი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი დაკავება დაკავშირებული იყო მის პროფესიულ საქმიანობასთან, ისევე როგორც სხვა კოლეგებთან.
სევინჯ ვაგიფგიზი – “მას შეეძლო არ დაბრუნებულიყო”
როდესაც Abzas Media-ს დირექტორი ულვი ჰასანლი და მისი მოადგილე მაჰამედ კეკალოვი დააკავეს, გამოცემის მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი აზერბაიჯანში არ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი და კოლეგები სთხოვდნენ, არ დაბრუნებულიყო ქვეყანაში საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჟურნალისტმა სტამბოლის აეროპორტში გადაღებულ ვიდეოში თქვა: „მე არ შემიძლია ჩემი მეგობრები იქ დავტოვო ციხეში და კომფორტულად ვიცხოვრო სხვა ქვეყანაში. ასეთი რამე არ მოხდება.“
20-21 ნოემბრის ღამეს ჟურნალისტი სწორედ აეროპორტში დააკავეს, როგორც კი თვითმფრინავიდან გადმოვიდა.
სევინჯ ვაგიფგიზი დაიბადა 1989 წლის 5 ივლისს ფიზულის რაიონში. 1993 წლის აგვისტოში, ყარაბაღის პირველი ომის დროს, ის და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სახლი, რადგან მათი მშობლიური რეგიონი ოკუპირებული აღმოჩნდა. უმაღლესი განათლება მან ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო.
სევინჯ ვაგიფგიზი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაში, პროფესიული კარიერის განმავლობაში არაერთხელ იყო დაკავებული პოლიციის მიერ.
2016 წელს, Meydan TV-ს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დროს, მას და მეიდანის სხვა თანამშრომლებს აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა. მან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მან მოახერხა ამ აკრძალვის მოხსნა.
სევინჯ ვაგიფგიზსს სამართალდამცავები დევნიდნენ ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გადაღებული ვიდეოს გამო, სადაც ჩანდა, თუ როგორ აყალბებდნენ არჩევნებს. ამ ვიდეოს გამო სასამართლო პროცესი თითქმის ოთხი წელი გაგრძელდა, თუმცა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა.
„სევინჯის, ელნარას და ნარგიზის დაკავების შემდეგ პატიმრობა აღარ არის ისეთი საშინელი პერსპექტივა“
„ჟურნალისტ ულვი ჰასანლის დაკავების შემდეგ ბევრმა დასვა კითხვა, დაბრუნდებოდა თუ არა სევინჯი. მე არ მქონია ეს კითხვა. ხალხი, ვინც მას იცნობდა, დარწმუნებული იყო, რომ ის დაბრუნდებოდა. ის დაბრუნდა და დააკავეს და მან ეს იცოდა“, – ამბობს აიტაჯ ტაპდიგი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც სევინჯ ვაგიფგიზთან ერთად იყო ბრალდებული Meydan TV-ის სისხლის სამართლის საქმეზე.
ის ამბობს, რომ სევინჯ ვაგიფგიზის დაპატიმრებამ, მართალია შოკში ჩააგდო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია:
„ძალიან ვწუხვარ, რომ სევინჯი დააკავეს, მაგრამ პასიურობა და უიმედობა არ დამეუფლა ამის გამო. პირიქით, სევინჯ ვაგიფგიზის ჩამოსვლა ქვეყანაში, იცოდა რა, რომ დააპატიმრებდნენ, დიდი სტიმულია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ანუ სევინჯის, ელნარას და ნარგიზის დაკავებამ ბევრს გაუადვილა ეს ბრძოლა. პატიმრობა უკვე აღარ არის ისეთი საშინელი რამ“.
საერთაშორისო რეაქცია – აზერბაიჯანის ხელისუფლების თავდაჯერებულობა
ბოლო დროს ჟურნალისტების დაკავების შემდეგ, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლოს ჟურნალისტები ციხიდან და ადამიანურად მოეპყროს მათ. ოფიციალურმა ბაქომ, თავის მხრივ, მათ „ურჩია“ არ ჩარეულიყვნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში.
მაგალითად, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანში, პიტერ მიჩალკომ, X-ზე დაწერა, რომ ის „შეშფოთებულია აზერბაიჯანში ახლახან დაპატიმრებული ჟურნალისტების დამამცირებელი მოპყრობით, განსაკუთრებით იმით, რომ ახალგაზრდა ქალებს ხელბორკილებს ადებენ და შემინულ გალიებში ათავსებენ სასამართლო დარბაზში“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიხან ჰაჯიზადემ ამ განცხადებას “უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო” უწოდა.
„უკეთესი იქნებოდა, ელჩმა ყურადღება გაამახვილოს ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებულ უსამართლობაზე და არასათანადო მოპყრობაზე. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე აგებული აზერბაიჯანის სასამართლო სისტემაში ჩარევა მიუღებელია“, – განაცხადა ჰაჯიევმა.
აზერბაიჯანის მთავრობის პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობის მსგავს მოწოდებებზე ძალიან განსხვავდება იმ რეაქციისგან, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას წინა წლებში ჰქონდა, ამბობს მედია ექსპერტი ხალიდ აგალიევი.
„10-15 წლის წინ მთავრობა უფრო სენსიტიური იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიმართ და ამიტომ შეიძლებოდა გარკვეული პროგრესისი მიღწევა კონკრეტულ საქმეებზე. ახლა კი ხელისუფლება, როგორც წესი, უბრალოდ არ რეაგირებს და აიგნორებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს“.
აზერბაიჯანის ხელისუფლება თავს არიდებს პასუხისმგებლობას და აფასებს საერთაშორისო გამოწვევებს, როგორც ერთგვარ „შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას“, ამბობს უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი.
“თუმცა ფაქტია, რომ ადამიანის უფლებები არ არის შიდა საკითხი”, – ხაზს უსვამს ჯაფაროვი.
“ქურდახანის” გზაზე
Დღეს პარასკევია. „ქურდახანის ციხის” სახელით ცნობილ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმართა ამანათების მიღება 09:00 საათზე დაიწყება. ნიჯათ ამირასლანოვი სახლიდან 08:00 საათზე გადის, ტაქსის მძღოლი ნივთების მანქანის საბარგულში ჩატვირთვაში ეხმარება. უკვე ორი თვეა, ყოველი პარასკევი დილა მისთვის ასეთია.
„ჩემი სახლიდან წინასწარი დაკავების იზოლატორამდე დაახლოებით 20 კილომეტრია. 10 საათზე უკვე იქ ვართ. მთელი ეს პროცესი გრძელდება მინიმუმ სამი-ოთიi საათი. მაგრამ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? სხვა გზა არ გვაქვს. Უნდა წავიდე“.
როგორც კი უახლოვდება, ნიჯატი კიდევ ერთხელ ათვალიერებს სიას, რომ არაფერი გამორჩეს.
“ორი წუთი დამელოდეთ, ახალ პურს ვიყიდი”, – ეუბნება იგი ტაქსის მძროლს.
“მედიაქსელის” მხარდაჭერით