სანქცირებული საქონელი ჩინეთიდან რუსეთში ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით შედის. კვლევა
სანქცირებული საქონელი ჩინეთიდან რუსეთში
ჩინეთიდან ცენტრალური აზიის გავლით რუსეთში ექსპორტირებული საქონელი არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც მზა იარაღი იყოს, რათა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას უკრაინაში ომის წარმოებაში დაეხმაროს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთს სანქციების ფართო სპექტრი დაუწესეს, რითიც აიძულეს მოსკოვი ალტერნატიული მარშრუტები გამოეყენებინა, როგორიცაა თურქეთი და მეზობელი ცენტრალური აზიის ქვეყნები.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა პირდაპირ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მაინც ურჩევნია აირიდოს მეორადი სანქციების დაწესების რისკი. მაგალითად, ჩინეთი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს რუსეთთან და ამავე დროს ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს მეორადი სანქციების რისკი. ცენტრალური აზიის ის ქვეყნები, რომლებსაც როგორც ჩინეთთან და ისე რუსეთთან აქვთ საზღვარი, განსაკუთრებით სასარგებლონი აღმოჩნდნენ ჩინეთისთვის, რათა მას რუსეთთან ვაჭრობაში დაეხმარონ.
ცენტრალური აზიის გავლით საქონლის იმპორტის გარეშე, მოსკოვი ვერ შეძლებდა იარაღის წარმოებას ამ მასშტაბით. ამგვარად, რეექსპორტის სქემები ძირს უთხრის სანქციებს, რაც საშუალებას აძლევს რუსეთს მოქნილობა შეინარჩუნოს სამხედრო საქონლის წარმოების თვალსაზრისით.
ჩინეთი ცენტრალური აზიის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო სავაჭრო პარტნიორია. ჩინეთიდან ცენტრალურ აზიაში იმპორტი თითქმის გაორმაგდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. თუმცა, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩინეთიდან იმპორტი კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა. ამავე პერიოდში შესამჩნევად მაღალი ტემპით გაიზარდა ექსპორტი ცენტრალური აზიიდან რუსეთშიც.
ჩინეთის მზარდი ექსპორტი ცენტრალურ აზიაში შესამჩნევია, რადგან მის გლობალურ ექსპორტს არ უნახავს ამდენი ზრდა, ხოლო ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდა წინა წლებთან შესაბამისობაშია.
2022 წელს ცენტრალური აზიიდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა თითქმის მესამედით გაიზარდა. თითქმის ორნახევარჯერ გაიზარდა ყირგიზეთის წილი რუსეთში რეგიონული ექსპორტის მთლიან მოცულობაში, ხოლო უზბეკეთიდან ნახევარზე მეტით. ყაზახეთმა ასევე გაზარდა ექსპორტი რუსეთში გასულ წელს, მაგრამ უფრო მოკრძალებულად, სულ რაღაც მეოთხედით. ამავდროულად, ტაჯიკეთის ექსპორტის მოცულობა რუსეთში არ შეცვლილა და ნულთან ახლოს დარჩა.
ამ კვლევის ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთთან და ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა ურთიერთდაკავშირებულია და ეს აიხსნება რუსეთში ჩინური საქონლის რეექსპორტით, კერძოდ, ჩინეთის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების თავიდან აცილებაში.
ამ კავშირის შემდგომი შესასწავლად, ჩვენ გავაანალიზეთ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო ვაჭრობა ონლაინ რესურსის Trade Map-ის გამოყენებით, შევადარეთ ჩინეთიდან იმპორტის და რუსეთში ექსპორტის საქონლის ძირითადი კატეგორიები დააღვნიშნეთ, რომელ კატეგორიებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ზრდა 2021 წლიდან 2022 წლამდე. თურქმენეთი გამოირიცხა ამ კვლევაში მონაცემების ნაკლებობის გამო.
უზბეკეთის შემთხვევაში, 2022 წლისთვის ჩინეთიდან იმპორტისა და რუსეთში ექსპორტის ძირითადი ტიპების სიაში ორი ახალი კატეგორია გამოჩნდა: „ბირთვული რეაქტორები, ქვაბები და მანქანები“ და „ელექტრონული მანქანები და აღჭურვილობა“. უზბეკეთიდან რუსეთში კი „ბირთვული რეაქტორების, ქვაბების, მანქანების“ მიწოდება გაიზარდა 264 პროცენტით, ხოლო ელექტრო მანქანების და აღჭურვილობის 150 პროცენტით. ამავდროულად, ჩინეთიდან უზბეკეთში „ბირთვული რეაქტორების, ქვაბების, მანქანების“ იმპორტი გაიზარდა მესამედზე მეტით (134 პროცენტი), ხოლო ელექტრო მანქანები და აღჭურვილობა თითქმის მეოთხედით (124 პროცენტი). თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთიდან ამ საქონლის იმპორტის აბსოლუტური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთში ექსპორტს.
ყირგიზეთის შემთხვევაში გამოჩნდა ოთხი ახალი კატეგორია, რომლებიც წარმოდგენილია როგორც ჩინეთიდან იმპორტის, ისე რუსეთში ექსპორტის ნუსხებში: „ბირთვული რეაქტორები, ქვაბები და მანქანები“; “ტრიკოტაჟული ქსოვილები”; “ფეხსაცმელი”; და „ძირითადი ლითონის სხვადასხვა ნაწარმი“.
კერძოდ, „ბირთვული რეაქტორების, ქვაბების და მანქანების“ ექსპორტი 41 105 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით შესამჩნევია 2021-2022 წლებში „ძირითადი ლითონებისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქციის“ ზრდა: რუსეთში ექსპორტი 1245-ჯერ გაიზარდა.
საინტერესო მომენტია ის ფაქტი, რომ “ტრიკოტაჟი” გახდა მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ახალი კატეგორია რუსეთში ექსპორტის თვალსაზრისით – ექსპორტი გაიზარდა 411-ჯერ. “ბირთვული რეაქტორები, ქვაბები და მანქანები”-ს ექსპორტი გაიზარდა 23-ჯერ, ხოლო “ფეხსაცმლის” – შვიდჯერ.
ყირგიზეთის მსუბუქი მრეწველობის საწარმოების ასოციაციის, “ლეგპრომის” ხელმძღვანელის საფარბეკ ასანოვის თქმით, ტექსტილის ექსპორტის ასეთი განსაცვიფრებელი ზრდა შესაძლოა გამოწვეული იყოს რუსული კომპანიების შეკვეთების მკვეთრი ზრდით. სავარაუდოა, რომ სამხედრო ფორმაზე მოთხოვნამ იმოქმედა ამ კატეგორიის ზრდაზე.
გარდა ამისა, ფინანსურმა სანქციებმა აიძულა ბევრი რუსული კომპანია, რომლებიც ადრე თავიანთი წარმოების საჭიროებებს სხვა ქვეყნებში ავსებდნენ, ყირგიზეთის ბაზარზე გადასულიყვნენ. ყირგიზული ტანსაცმლის მწარმოებლები არა მხოლოდ რუსული ბრენდების შეკვეთებს ასრულებენ, არამედ გაიზარდა უშულოდ ყირგიზული ტანსაცმლის ბრენდების ექსპორტიც.
ყაზახეთისთვის, „ბირთვული რეაქტორები, ქვაბები და მანქანები“, ასევე „ელექტრონული მანქანები და აღჭურვილობა“ შეტანილი იყო როგორც ჩინეთიდან 2022 წელს ძირითადი იმპორტის, ასევე რუსეთში ექსპორტის სიაში. ეს 2021 წელს მოხდა, ანუ ეს არ არის ახალი საექსპორტო პროდუქტი, თუმცა ომამდელ წელთან შედარებით ამ კატეგორიის იმპორტი და ექსპორტი ხუთჯერ გაიზარდა.
„რკინა და ფოლადი“ ახალი მნიშვნელოვანი კატეგორიაა 2022 წელს. ასევე „არაორგანული ქიმიკატები“ და „არასარკინიგზო ტრანსპორტი”. ყველა ეს კატეგორია ადვილად შეიძლება მოიცავდეს სანქცირებული საქონელს, რომელსაც რუსეთი სამხედრო მრეწველობაში გამოიყენებს.
ტაჯიკეთის შემთხვევაში 2022 წელს ჩინეთიდან იმპორტისა და რუსეთში ექსპორტის სიებში სასაქონლო ჯგუფების თანხვედრა არ შეიმჩნეოდა. ნაწილობრივ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ტაჯიკეთი უფრო შეზღუდულ როლს თამაშობს ჩინეთისა და რუსეთის ვაჭრობაში.
უმაროვის თქმით, უახლოეს წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებს „უფრო და უფრო გაუჭირდებათ რუსების დახმარება სანქციების გვერდის ავლით“, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ირეაგირებენ ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები.
უმაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დასავლური ქვეყნები არ ხუჭავენ თვალს ამ ტენდენციაზე“ და ამის შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობა 2023 წელს უკვე მცირედ შემცირდა.
თუმცა, ეს კლება ფარდობითია და, უმაროვის თქმით, რეექსპორტის სქემები შეიძლება სულ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც არ ექვემდებარება კონკრეტულ სანქციებს, მაგრამ რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი რუსეთში“ იმის გამო, რომ იქედან გლობალური ბრენდები გავიდნენ.
სტატია მომზადებულია n-ost-თან პარტნიორობით პროექტის “გავლენის სფეროების განსაზღვრის” ფარგლებში