საქართველოში მკაცრდება ძაღლებისა და კატების ყოლის წესები. რა იცვლება კანონში - დეტალურად
ახალი კანონი შინაური ცხოველების შესახებ
საქართველოში მკაცრდება ძაღლებისა და კატების ყოლისა და მიკედლების წესები – შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას “ქართული ოცნების” 24 დეპუტატი აწერს ხელს.
ახალი კანონმდებლობა არეგულირებს შინაური ცხოველების სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, მათი გამრავლების და ყიდვა-გაყიდვის საკითხებს. ასევე, ადგენს ახალ წესებს მათი საარსებო გარემოს სტანდარტების კუთხით. მათ წინააღმდეგ, კი, ვინც წესებს დაარღვევს შემოდის ახალი ტიპის მკაცრი სანქციები.
ცხოველთა მოყვარულები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მართალია, კანონმდებლობას აქვს ხარვეზები და უზუსტობები, თუმცა საერთო ჯამში იგი ცხოველთა დაცვაზეა ორიენტირებული და ამ მიმართლებით გადადგმული დადებითი ნაბიჯია.
გიყვებით, რა წერია კანონპროექტში:
კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებნული ცვლილებები დაფუძნებულია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებულ მეთოდებზე.
რა ვალდებულებები აქვს ადამიანს, რომელსაც სახლში ჰყავს ძაღლი ან კატა:
● აუცილებელია, რომ ცხოველი იყოს რეგისტრირებული. მეპატრონე, რომელიც ამ წესს დაარღვევს, დაჯარიმდება 1000 ლარით.
● ყოველწლიურად ცხოველმა უნდა გაიაროს სავალდებულო ვაქცინაცია და ვეტერინარული შემოწმება. წესის დამრღვევი დაჯარიმდება 1000 ლარით.
● ცხოველის დაკარგვის ან სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონემ უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს;
● თუკი ცხოველი მიაყენებს ზიანს სხვა ადამიანს, მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი;
● არ დაუშვან ე.წ. მეტისის გამრავლება – ჩაუტარონ სტერილიზაცია/კასტრაცია;
● ცხოველის დაკარგვის ან სიკვდილის შემთხვევაში აცნობონ მუნიციპალიტეტს;
● თუკი თქვენ ცხოვრობთ მრავალბინიან კორპუსში და უკვე გყავთ სამი შინაური ცხოველი, მეოთხეს ვერ იყოლიებთ მეზობლების თანხმობის გარესე. მეოთხე და ყოველი შემდეგი შინაურის ყოლისთვის საჭიროა მეზობლების უმრავლესობის თანხმობა. გამონაკლისია ორ თვემდე კნუტები და ლეკვები.
“მომეტებული საფრთხის” შემცველი ჯიშის ძაღლების პატრონებისთვის:
კანონპროექტში ჩამოთვლილია ძაღლების 30 ჯიში, რომელიც მიჩნეულია “მომეტებული რისკის” ჯიშად. ჩამონათვალში მოხვდა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი, კანე კორსო, დობერმანი.
-
"მომეტებული საფრთხის" შემცველი ჯიშების სრული სია
გარდა ამისა:
1. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი
2. კანე კორსო
3. დობერმანი.
4. ფილა ბრაზილეირო;
5. ბულტერიერი;
6. ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი;
7. არგენტინული დოგი;
8. ტოსა ინუ;
9. ამერიკული ბულდოგი;
10. კანგალი;
11. კავკასიური ნაგაზი;
12. შუააზიური ნაგაზი;
13. აღმოსავლეთევროპული ნაგაზი;
14. ბერძნული ნაგაზი;
15. კრაშის ნაგაზი;
16. გერმანული ნაგაზი;
17. რუმინული ნაგაზი;
18. მასტიფები;
19. ბორდოული დოგი;
20. კანარის დოგი;
21. როტვეილერი;
22. რიზენშნაუცერი;
23. ლეონბერგერი;
24. მარემა;
25. მოსკოვური საყარაულო;
26. კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი);
27. სტაფორდშირ ბულ ტერიერი;
28. ბანდოგი;
29. გულდონგი;
30. მგლის ჰიბრიდები.
● “მომეტებული რისკის” ჯიშის ძაღლი ცალკე რეგისტრაციას საჭიროებს.
● 18 წლამდე ადამიანს ეკრძალება ჰყავდეს “მომეტებული რისკის” ჯიშის ძაღლი. 18 წელს მიუღწეველი პირი ასეთ ძაღლს ვერც გაასეირნებს.
● აკრძალულია ამ ტიპის ძაღლების წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის (გარდა საჯარო დაწესებულებების საკუთრებაში არსებული ფუნქციური დანიშნულების ძაღლებისა);
● პატრონმა, რომელსაც “მომეტებული რისკის” ჯიშის ძაღლი ჰყავს ან აპირებს იყოლიოს, მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები – ცნობა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მან გაიარა შესაბამისი სასწავლო კურსი, რომელიც მსგავსი ტიპის ცხოველის მოვლისთვის აუცილებელია. ასევე, უნდა წარადგინოს ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური ცნობა.
რა ვალდებულებები და აკრძალვები ეხება ვეტერინარიულ კლინიკებს:
● კლინიკას ეკრძალება ისეთი ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დანიშნულება. მაგალითად, ყურებისა და კუდის დაჭრა, სმენის დაქვეითება, ხმის იოგების გადაჭრა და ა.შ. თუკი ასეთმა ოპერაციამ ცხოველის სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, სასჯელია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით სამოციდან ასოც საათამდე ან შინაპატიმრობა ექვს თვემდე;
რა ვალდებულებები უჩნდებათ თავშესაფრებს:
● თავშესაფრებში უნდა იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
● ცხოველის განსათავსებელ სივრცეში უნდა იყოს შესაბამისი განათება და ტემპერატურა;
● ვოლიერი უნდა მოეწყოს ისე, რომ ცხოველს შეეძლოს გადაადგილება და არ შეეზღუდოს სივრცეში ხედვა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ვალდებულებები:
● უპატრონო ძაღლების გამრავლებაზე კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან დაიჭირონ უპატრონო/მიკედლებული ცხოველები, ჩაუტარონ კასტრაცია/სტერილიზაცია, აცრან, დაარეგისტრირონ ბაზებში.
ცხოველების ყიდვა-გაყიდვა/გამრავლება/ კასტრაცია/ ევთანაზია
● იკრძალება დაურეგისტრირებელი და აუცრელ კნუტის ან ლეკვის გაყიდვა;
● ცხოველების გამრავლება შეეძლებათ მხოლოდ ავტორიზებულ საშენებს;
● დაუშვებელია ორ თვემდე ცხოველის დედასთან დაშორება;
● დაუშვებელია გამრავლება: მეტისების, დაურეგისტრირებელი ცხოველების, ცხოველების გენეტიკური დაავადებებით, წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ ცხოველის გამრავლება;
● ძუ ცხოველის სტერილიზაცია დასაშვებია ოთხი თვის ასაკიდან, ხოლო ხვადი ცხოველის კასტრაცია დასაშვებია ერთი წლის ასაკიდან. ამავდროულად, დაუშვებელია ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია რვა წლის ასაკიდან
● ევთანაზიის სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ვეტერინარის დასკვნით და მისი ზედამხედველობით. ევთანაზიისას ცხოველმა არ უნდა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.
● ევთანაზია შესაძლებელია თუ: ცხოველი აგრესიულია და ვერ ცვლიან მის ამ ქცევას; ცოფით დაინფიცირების ეჭვის შემთხვევაში; ცხოველისა და ადამიანისთვის საშიში დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში; ისეთი ტრავმის შემთხვევაში, რაც შეუთავსებელია სიცოცხლესთან.
რა ითვლება ცხოველის არასათანადო და სასტიკ მოპყრობად?
“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ პროექტის ფარგლებში პარლამენტში ინიცირებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებიც, რომელთა მიხედვით პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები დგინდება.
ცხოველების არასათანადო მოპყრობად ითვლება:
● ცხოველის მუდმივად დაბმა;
● ცემა;
● ტრანსპორტის განზრახ დაჯახება;
● ცხოველის ისეთი ფიზიკურად დატვირთვა, რომელიც მის ტანჯვას იწვევს;
● შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე;
● ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა;
გარდა ამისა, მკაცრდება არსებული სისხლის სამართლის სანქცია შემდეგი დანაშაულის ჩადენაზე:
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე;
ხოლო ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, შესაძლოა, პირს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
სად შეიძლება ცხოველის გასეირნება და ცხოველით მისვლა?
● ღია სივრცეში – ბულვარში, პარკში ან სკვერში ძაღლის გასეირნება შეიძლება მხოლოდ ალიკაპით ან საბელით.
● კანონი ყოველგვარი დათქმების გარეშე კრძალავს ცხოველის შეყვანას:
- საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში;
- სასურსათო მაღაზიებში;
- აფთიაქებში;
- საავადმყოფოებში;
- საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.
● მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძაღლის გადაყვანა შეიძლება მხოლოდ ალიკაპით და საბელით. ხოლო კატა უნდა იყოს სპეციალურ გადამყვანში.
-
ვის რამდენი ჯარიმა დაეკისრება დარღვევებისთვის. სია
ვაქცინაციის ან სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური წესის დარღვევისთვის – 100 ლარი;
მომეტებული რისკის ძაღლის არ დარეგისტრირებისთვის – 200 ლარი;
თუ მეტისს სტერილიზაცია/კასტრაციას არ ჩაუტარებს – 300 ლარი;
თუ ხელს შეუშლის მიკედლებული ცხოველის ვაქცინაციისთვის გადაყვანას – 300 ლარი;
თუ შინაური ცხოველი დააზიანებს სხვა ცხოველს ან ადამიანს – 500 ლარი;
ცხოველის მიტოვებისთვის – 3000 ლარი (კომპანიების შემთხვევაში – 5000).
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცხოველის შეყვანა – 50 ლარი;
ღია სივრცეში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოფნა – 150 ლარი (მომატებული რისკის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარი);
რეგულაციის დარღვევით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა – 150 ლარი (მომატებული რისკის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარი);
თვრამეტ თვემდე და ან/და რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება – 200 ლარი (იურიდიული პირის შემთხვევაში – 500 ლარი);
ცხოველის გამრავლება ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის ცნობის გარეშე – 500 ლარი (იურიდიული პირის შემთხვევაში – 1000 ლარი);
მეტისის გამრავლება – 500 ლარი (იურიდიული პირის შემთხვევაში – 1000 ლარი);
საჭირო ლიცენზიის გარეშე ცხოველის გამრავლება – 1000 ლარი (იურიდიული პირის შემთხვევაში – 2000 ლარი);
ევთანაზიის წესის დარღვევისთვის – 500 ლარი.