ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, დასაქმება და სხვა პრიორიტეტები
ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ 97 გვერდიან სამთავრობო პროგრამაში ოთხი მთავარი მიმართულებაა გამოყოფილი: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა.
პროგრამის სახელწოდებაა “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”.
მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის. კობახიძე პირადად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაა.
უკვე ცნობილია, რომ კობახიძე უცვლელად დატოვებს ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს – შეიცვლება მხოლოდ თავდაცვის მინისტრი, ისიც საკუთარი სურვილით. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
საგარეო პოლიტიკა და კონფლიქტები
პრიორიტეტად დასახელებულია ევროინტეგრაცია და ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აშშ-სთან კავშირების განმტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას.
● სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტად დარჩება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.
● ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
● ქვეყნის სატრანზიტო როლის გაზრდა. კონკრეტულად კი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარება.
როგორც დოკუმენტში წერია, საქართველოს უპირველეს მიზნად რჩება “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა”.
● დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.
ამავდროულად, ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
● დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით (2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესასრულებლად).
“ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა,” – წერია სამთავრობო გეგმაში.
● აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება.
● განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის 2023 წლის ივლისში დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში. ამ შემთხვევასიც აქცენტირებულია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი: “აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით ასევე მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს”.
● საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს: ჩინეთთან მეგობრობის რისკები და შესაძლებლობები
● საქართველო და ჩინეთი – რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში
● ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. მთავარობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება
ეკონომიკა
ამ მიმართულებით, მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს საკვანძო ეკონომიკურ ჰაბად გლობალურ და რეგიონულ დონეზე.
“შედეგად, შესაძლებელი გახდება დასაქმების ზრდა და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება,” – წერია დოკუმენტში.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მომავალი მთავრობა გეგმავს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას.
“ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის”.
“რაც მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის წინაპირობებს შექმნის”, წერია პროგრამაში.
სოციალური პოლიტიკა
ამ მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტად დასახელებულია ჯანდაცვა, განსაკუთრებით კი პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება.
მთავრობა გეგმავს გაიზარდოს ჯანდაცვის პროგრამის არეალი და ეტაპობრივად მოიცვას დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე პროცესი.
ასევე, პრიორიტეტების ჩამონათვალსია სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება, დასაქმების
ხელშეწყობა, განათლების სისტემის განვითარება და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა.
სახელმწიფო მმართველობა
ამ მიმართილებით, მთავრობის პრიორიტებს შორის დასახელებულია დეცენტრალიზაცია, საჯარო სამსახურის სისტემის განვითარება, მოქალაქეებისთვის სერვისების მაღალი სტანდარტით მიწოდება.
ამ ქვეთავში საუბარია დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე:
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გააქტიურება პრიორიტეტული სამოქმედო მიმართულებაა”.