ფეისბუკმა გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების კავშირი ასობით ყალბ გვერდთან და ანგარიშთან
20 დეკემბერს ფეისბუკის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში ასობით ყალბი ფეისბუკ-ანგარიში მოქმედებდა, რომლებიც ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული.
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჰერი, ნათქვამია, რომ ფეისბუკის ადმინისტრაციამ გააუქმა საქართველოში მოქმედი გვერდები და ჯგუფები, რომლებიც „კოორდინირებული არაავთენტური (არადამაჯერებელი) ქცევით“ გამოირჩეოდნენ.
საერთო ჯამში წაიშალა 418 ქართული ფეიბუკ-პროფილი, გვერდი და ჯგუფი. მათგან 39 პროფილია, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში.
როგორც ფეისბუკის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს იყო საგანგებოდ შექმნილი ქსელი იმისთვის, რომ ყალბი ინფორმაცია გაევრცელებინათ და შეცდომაში შეეყვანათ მომხმარებლები.
• ფეისბუკ-ტროლები და ყალბი მედია-გვერდები. როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებს
რა ინფორმაცია ვრცელდებოდა ყალბი ანგარიშებით?
ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ პოლიტიკურ ამბებს და თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად.
ყველა წაშლილი ანგარიში აკრიტიკებდა ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს და ავრცელებდა პროსახელისუფლებო ინფორმაციას.
“ამ გვერდების ადმინები, როგორც წესი ავრცელებდნენ ინფორმაციას ადგილობრივ პოლიტიკურ პრობლემებზე და ახალ ამბებზე, როგორიც არის არჩევნები, ხელისუფლების და სახელმწიფო ჩინოვნიკების ქმედებები, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ადგილობრივ აქტივისტებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
რამხელა იყო აუდიტორია?
ფეისბუკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ყალბი ინფორმაციის მომხმარებელი იყო.
როგორც ფეისბუკის ადმინისტრაციამ დაადგინა, ამ ყალბ ქსელს ჯამში დაახლოებით 442 300 ათასი მიმდევარი ჰყავდა.
მაგალითად, მხოლოდ ერთ-ერთ წაშლილ ჯგუფში 52 ათასი ადამიანი იყო გაწევრიანებული – ისინი ყოველდღიურად ეცნობოდნენ ამ ჯგუფის ადმინის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას.
რა თანხა იხარჯებოდა რეკლამაზე?
ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 დოლარის ფარგლებში დახარჯეს ფეისბუკსა და ინსტაგრამზე რეკლამაში.
ამ პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებული იყო, რათა ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს წაეკითხა.
ვინ მართავდა ამ ქსელს?
ფეისბუკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირები, რომლებიც ამ ქსელის მიღმა იყვნენ, იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რათა ემართათ ეს გვერდები. ამდენად, კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება არ ხერხდება.
თუმცა, მთლიანად ქსელის და ასევე აქ განთავსებული ინფორმაციის ანალიზმა გამოავლინა, რომ ეს ქსელი საქართველოს ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. ასევე საუბარია მათ კავშირზე სარეკლამო სააგენტო “პანდასთან”.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს ფეისბუკი.
ვინ არის პანდა?
სარეკლამო სააგენტო “პანდა”, რომელზეც საუბარია ფეისბუკის განცხადებაში, “ნეტგაზეთის” ცნობით, ქართულ ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა.თუმცა, ქართული საზოგადოება ამ სააგენტოს შემქმნელებს მანამდეც იცნობდა – ისინი პოპულარულ მუსიკალურ პროექტს ქმნიდნენ. საუბარია მუსიკალურ ჯგუფ “პანდაზე”, რომლის რამდენიმე ვიდეო youtube-ზე სუპერ-პოპულარული გახდა განსაკუთრებით თინეიჯერებში. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს მუსიკალური ჯგუფი გადაკეთდა მოგვიანებით სარეკლამო სააგენტო “პანდად”, რომელიც ასიათასობით ადამიანს ყალბ ინფორმაციას უზიარებდა.
სხვათაშორის, “პანდას” მუსიკალურ კლიპებშიც შემსრულებლის სახე არ ჩანს. იგი დაფარულია.
როგორ გავიდა ფეისბუკი ამ ქსელზე?
ფეისბუკი აცხადებს, რომ გამოძიებაში მათ ე.წ. დარეპორტების მექანიზმი დაეხმარათ.
“ეს ანგარიშები გამოვლენილია შიდა გამოძიების საფუძველზე,” – აღნიშნულია განცხადებაში. ამ ანგარიშებით დაინტერესება მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი კოორდინირებულ, არადამაჯერებელ აქტივობებში შეამჩნიეს.
ფეისბუკის ბრძოლა ყალბ ანგარიშებთან
საქართველოს გარდა, ფეისბუკმა ყალბი ქსელი ვიეტნამსა და აშშ-შიც გამოავლინა. ვიეტნამური და ამერიკული ქსელები ესპანურ და ჩინურ ენოვან აუდიტორიაზე იყო გათვლილი და ყალბ ინფორმაციას ამ ორ ენაზე ავრცელებდა.
ფეისბუკს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კომპანია არასაკმარისად მკაცრად ებრძოდა ყალბ ანგარიშებსა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. 2017 წლიდან ფეისბუკმა ფეიკ-ანგარიშების გამოვლენის აქტიური კამპანია დაიწყო. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2019 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ფეისბუკზე 3, 2 მილიარდი ყალბი ანგარიში გამოვლინდა და წაიშალა.
ყალბ ანგარიშებთან და ყალბ ინფორმაციასთან (fake news) ბრძოლა მსოფლიოში ყველაზე დიდმა სოციალურმა ქსელმა თავის ერთ-ერთ მთავარ სამომავლო პრიორიტეტად გამოაცხადა.