გადაიხადე ღიმილით. როგორ მუშაობს უახლესი ტექნოლოგია
თუ ავლაბრის მეტროში ბევრი უმიზეზოდ გაღიმებული ადამიანი შეგხვდებათ, არ დაფრთხეთ, ეს ხალხი უბრალოდ მეტროს საფასურს იხდის.
საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც მეტროთი მგზავრობის თანხის გადასახდელად საკმარისია კამერასთან პოზირება.
Face Recognition–ით ანუ სახის ამომცნობი კამერით გადახდის სისტემა უკვე ამოქმედდა ავლაბრის მეტროში. ინიციატივა “საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის.
როგორ მუშაობს სისტემა?
მარტივად. მიდიხართ მეტროს ტურნიკეტთან და ნაცვლად იმისა, რომ საფულეში ბარათი ეძებოთ, იქვე დამონტაჟებულ კამერაში იყურებით.
კამერა თქვენს სახეს რომ ამოიცნობს, მგზავრობის საფასური ავტომატურად მოიჭრება თქვენი ბარათიდან, ტურნიკეტი გაიღება და მეტროში ჩახვალთ.
რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ სისტემაში ჩავერთო?
პირველ რიგში, უნდა გქონდეთ „საქართველოს ბანკის“ რომელიმე ბარათი – Visa, Mastercard-ი ან American Express-ი.
მეორე ეტაპია თქვენი სახის/გამოსახულების საერთო მონაცემთა ბაზაში შეყვანა, რაც ასევე მარტივი საქმეა – „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში იღებთ „სელფის“ და ამ ფოტოს სასურველ ბარათს მიაბამთ.
ამის შემდეგ თქვენი ფოტო უკვე მონაცემთა ბაზაში მოხვდება, მეტროში დამონტაჟებული კამერა ამოგიცნობთ და ე.წ. „ღიმილით გადახდასაც“ შეძლებთ.
რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი? ხომ შეიძლება ვინმე მგავდეს და ჩემი ბარათით ისარგებლოს?
გამორიცხულია, რადგან გადახდის ახალ სისტემას გავლილი აქვს უსაფრთხოების ყველა საფეხური. ყველა ადამიანის სახე ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითის ანაბეჭდები. ამ სისტემას უკვე იყენებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა Amazon-ი და Alibaba. ის ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების ყველა სხვა პარამეტრის გათვალისწინებით.
სახის ამომცნობი კამერა მარტო ავლაბრის მეტროში იქნება?
არა, რა თქმა უნდა. 2020 წლის განმავლობაში სახის ამომცნობ ვიდეოკამერებს „საქართველოს ბანკი“ სხვა მეტროსადგურებშიც დააყენებს.
და არა მარტო მეტროსადგურებში.
როგორც „საქართველოს ბანკში“ ამბობენ, 2020 წელს ბანკი თავის კლიენტებს ბევრ სხვა სიახლეს შესთავაზებს.
მაგალითად, „ღიმილით გადახდის“ გარდა შესაძლებელი იქნება „ღიმილით განაღდებაც“ – მიდიხართ ბანკომატთან, უყურებთ კამერას, იღიმით, შეგყავთ პინ-კოდი და ანაღდებთ თანხას.
მაინც ვერ გავიგე, რა უპირატესობა აქვს ამ სისტემას. ბარათითაც ხომ მშვენივრად ვიხდი?
პრინციპში, ნაღდი ფულითაც რომ გადაიხადოთ, არც ამით დაიქცევა ქვეყანა, მაგრამ ტექნოლოგიები წინ მიდის და პირველ რიგში, ზოგავს ყველაზე ძვირფასს, რაც გაქვთ – დროს.
„ღიმილით გადახდის“ სერვისი ბევრად უფრო სწრაფია – სულ 0.5 წამი სჭირდება, ბევრად კომფორტული – ბარათის ჯიბიდან ამოღება არ მოგიწევთ და ბევრად უსაფრთხო – ბარათების თან ტარება არ დაგჭირდებათ და შესაბამისად, მათი დაკარგვის საფრთხეც არ იქნება.
სისტემის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ გადახდას მაშინაც შეძლებთ, თუ საბანკო ან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბარათი სახლში დაგრჩებათ.
მაგალითად, ჩინეთში, სადაც ეს სისტემა უკვე ბევრ მაღაზიაშია დანერგილი, მისი წყალობით სალაროებთან უზარმაზარი რიგების თავიდან აცილება შეძლეს
და ეს ყველაფერი არ არის
2020 წლისთვის „საქართველოს ბანკში“ კიდევ რამდენიმე ისეთ სიახლეს აანონსებენ, რაც ბევრად კომფორტულს გახდის სერვისებს.
გატერმინალება
ასე ჰქვია პროექტს, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ ანდროიდის ტელეფონი და რამე ბიზნესი გაქვთ.
„სამწუხაროდ, ტერმინალი არ გვაქვს,“ – ეს ფრაზა, რომელსაც დღემდე ბევრ მაღაზიაში გაიგონებთ, წარსულს ჩაბარდება, რადგან ამ პროდუქტის წყალობით, უნაღდო გადახდა შესაძლებელი გახდება იქაც კი, სადაც ტერმინალი არ აქვთ.
ბიზნესის მფლობელისთვის აღარ იქნება სავალდებულო ტერმინალის შეძენა – საკმარისია ჰქონდეს Android 5.0 სისტემის ტელეფონი NFC მხარდაჭერით. სწორედ ეს ტელეფონი შეასრულებს ტერმინალის ფუნქციას. ანუ ბიზნესის მფლობელი გადახდების მიღებას მისი კუთვნილი მობილურით შეძლებს (და ქეშად დასაბრუნებელი ხურდის ძებნაც აღარ მოუწევს).
ტერმინალით განაღდება
კიდევ ერთი კომფორტული სიახლე – სავაჭრო და მომსახურების წერტილებში თანხის ტერმინალით განაღდებაა.
თუკი საჭირო თანხა არ აღმოაჩნდებათ, შეგიძლიათ სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოთ თანხა. ამისათვის მხოლოდ საბანკო ბარათია საჭირო.
მაგალითად, ხართ სუპერმარკეტში, იყიდეთ საჭირო პროდუქტები და აღმოაჩინეთ, რომ გჭირდებათ ნაღდი ფული 20 ლარი, ბანკომატი კი ახლოს არ არის.
ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ იქვე, იმავე სავაჭრო ობიექტში „საქართველოს ბანკის“ ტერმინალის დახმარებით გაანაღდოთ.
როგორც „საქართველოს ბანკში“ ამბობენ, 2020 წელს ეს მომსახურება უკვე ბევრ სუპერმარკეტში, ასევე აფთიაქებში და სხვა სავაჭრო წერტილებში დაინერგება.
„თიფი“, „ ჩაი“ და „სამადლობელი“
რაც გინდათ ის დაარქვით. მთავარი ის არის, რომ 2020 წლიდან მიმტანებთან თავს ვეღარ დაიძვრენთ „აუ, ქეში არა მაქვს და თიფს ვერ გიტოვებ“ ფრაზით.
„საქართველოს ბანკის“ ახალ პროდუქტის საშუალებით, კაფეში, ბარში, რესტორანში შესაძლებელი იქნება „თიფის“ დატოვება მაშინაც კი, როცა ნაღდი ფული თან არ გაქვთ.
ამ პრობლემას „სამადლობელი“-ის ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს, რომელიც ასევე 2020 წლიდან ამოქმედდება. მოითხოვთ „საქართველოს ბანკის“ ტერმინალს და მასზე ბარათის მხოლოდ ერთი შეხებით დატოვებთ ე.წ. „თიფს“. „თიფის“ გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით.