ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს - NDI-ს ახალი კვლევა
NDI-ს ახალი კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს არ აქვს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.
კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის თანახმად, ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, რაც მას და მის ოჯახს აწუხებს. 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია, ხოლო 28%-სთვის – სიღარიბე.
შეკითხვაზე ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ 3 პასუხის არჩევის შესაძლებლობა), პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ფასების ზრდა/ინფლაცია – 37%.
- სამუშაო ადგილები – 35%
- სიღარიბე – 28%
- ტერიტორიული მთლიანობა – 23%
- პენსიები – 20%
- ხელფასები – 17%
- განათლება – 11%
- ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – 8%
- ადამიანის უფლებები – 8%
- NATO-ში გაწევრიანება – 7%
- ევროკავშირში გაწევრიანება – 7%
- სამართლიანი არჩევნები – 6%
- რუსეთთან ურთიერთობა – 6%
- სიტყვის თავისუფლება – 5%
- საკუთრების თავისუფლება – 4%
- გარემოს დაცვა – 4%
- კორუფცია – 4%
- სამართლიანობის აღდგენა – 3%
- სასამართლო სისტემა – 3%
- კრიმინალი – 3%
- სხვა – 3%
- არ ვიცი – 3%
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 79% უჭერს მხარს, 11% წინააღმდეგია, ხოლო 8%-ს არ აქვს პასუხი.
ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარებული კვლევით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევენ.
NATO-ში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 67% უჭერს.
უმრავლესობის აზრით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ძალიან ცოტას უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. იმ 12% დან ვისაც ეს უფიქრია, ნახევარი ასეც მოიქცა, მეორე ნახევარმა კი მიზეზად შესაბამისი ფინანსების ან საჭიროების არქონა დაასახელა.
საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს.
58% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, 33% კი დარწმუნებულია, რომ შეძლებს. 9% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევის მიხედვით განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევაა. გამოკითხულების 23% ფიქრობს, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა, ხოლო 22%-ის აზრით – უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური.
დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს უფრო კრიტიკულად აფასებენ. შეინიშნება მცირე სხვაობა ქალებსა და კაცებს შორის. განათლების საფასურს მეტი ქალი ასახელებს პრობლემად.
გამოკითხულთა 62% თვლის, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 29% კი ფიქრობს, რომ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. 7% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იციან, 2%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 47%-მა არცერთი პარტია დაასახელა, 19%-მა – “ქართული ოცნება”, ხოლო 4%-მა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. გამოკითხულთა 12%-მა დაასახელა “სხვა პარტიები”, 6%-მა “არ ვიცი”, 13%-მა კი, უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 33%-ის აზრით – სწორი მიმართულებით, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. ამასთან, NDI აღნიშნავს, რომ ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებები, ოპოზიციის მხარდამჭერები და ქალები არიან განწყობილნი.
გამოკითხულთა 54% მთავრობის მუშაობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად, 6%-მა არ იცის, ხოლო 2% უარს ამბობს პასუხზე.
მიმდინარე წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, მთავრობის მიმართ დადებითი შეფასება 11%-ით გაიზარდა.
● “მოდი, დანაშაულს „ტრადიცია“ დავარქვათ”. როგორ ხდება ბავშვთა ქორწინება საქართველოში ტრაგედიების მიზეზი
● “სახელმწიფო არ გვიცნობს” – როგორია უმცირესობათა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში
● რა სჭირს სკოლას? ექვსი მთავარი პრობლემა საქართველოს სასკოლო განათლებაში