"უკიდურესად შემაშფოთებელია" - ჰერჩინსკი რუსულ ბაზაზე, ე.წ. კარვების კანონზე და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
პაველ ჰერჩინსკის კომენტარი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ გავრცელებული ცნობები უკიდურესად შემაშფოთებელია. ე.წ. კარვების კანონზე ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ ევროკავშირის მკაფიოდ უჭერს მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის იმპიჩმენტზეც და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი “ნამდვილად არ უწყობს ხელს” დეპოლარიზაციას.
რა თქვა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან
აფხაზეთში რუსული ბაზის შესახებ
“ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, ცხადია, მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა.”
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედია Известия-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება “დღეს არ იყო მიღწეული” და გადაწყვეტილება წინა, ერთობლივ შეხვედრებზე მიიღეს. მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების განხორციელების მაგალითი.
● “შემაშფოთებელია განცხადება ოჩამჩირეში რუსული ბაზების მოწყობაზე” – გამოხმაურება თბილისში
ე.წ. კარვების კანონზე
“რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.”
5 ოქტომბერს პარლამენტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ
“საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის შესრულებას – 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მხრივ არაერთგვაროვანი სურათია.
ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან.”
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა 100 დეპუტატის ხმა – ამ ეტაპისთვის “ქართულ ოცნებას” საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.
● შეძლებს თუ არა “ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტს და რატომ წავიდა ამაზე მმართველი პარტია?