ბაქომ გაიმარჯვა, სომხები ტოვებენ ყარაბაღს. რა იქნება შემდეგ - კონფლიქტი დასრულდა? ყველა მხარის პოზიცია ერთად
რა მოხდება ყარაბაღში
ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა? ამ კითხვას სვამენ არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანში. ბაქო გამარჯვებას ზეიმობს, ყარაბაღელი სომხები ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს – ზოგი სამუდამოდ ემშვიდობება სამშობლოს, ზოგიც დაბრუნების იმედით.
რა მოხდება შემდეგ, რას ელის ხალხი? ამის შესახებ ერევნისა და ბაქოს მცხოვრებლები საუბრობენ.
- “სადაც რუსეთია, იქ არის გადაგდება, ღალატი, შეურაცხყოფა”. ქართველი ექსპერტები ყარაბაღის მოვლენებს აფასებენ
- მოსაზრება ბაქოდან: ყარაბაღის სომხების რეინტეგრაცია? ეს ფანტასტიკის სფეროა
- „ბაქო და მოსკოვი არ არიან დაინტერესებული, რომ ყველა სომეხმა ყარაბაღი დატოვოს” – მოსაზრება ერევნიდან
ნაწილი პირველი. ხედვა სტეპანაკერტიდან
“კომუნიკაცია და პური ახლა ყველაზე საჭირო რამ არის” ორი ყარაბაღელის ამბავი
ავტორი – არმინე მარტიროსიანი, ერევანი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა საომარი მოქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის ფაზები. სსრკ-ს დროიდან მოყოლებული, მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ სომხურ დასახლებებში არაერთხელ მომხდარა ეთნიკური წმენდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სომხები მაინც განაგრძობდნენ მიწაზე ცხოვრებას. 19 სექტემბერს, 10 თვიანი ბლოკადის შემდეგ დაწყებულმა აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ ვითარება რადიკალურად შეცვალა.
„შექმნილ რთულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, არცახის მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის პრიორიტეტიდან გამომდინარე, მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა წყვეტს არსებობას“, – განაცხადა ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ.
ყარაბაღის მოსახლეობამ ტერიტორიიდან გასვლა 24 სექტემბერს დაიწყო, როგორც კი ლაჩინის დერეფანი გაიხსნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ „არავინ აიძულებს სომხებს ყარაბაღის დატოვებას და ეს თითოეულის პირადი და ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა“.
აზერბაიჯანული მხარის ამ განცხადებას სომხეთის საგანგებო დავალებათა ელჩი გამოეხმაურა და ჩამოთვალა ის მიზეზები, თუ რატომ ტოვებს სომხური მოსახლეობა ყარაბაღს:
- ხალხი მიდის იმიტომ, რომ მათ თავს ესხმიან აზერბაიჯანელი სამხედროები;
- ხალხი მიდის იმის გამო, რომ მათი ქალაქები და სოფლები ოკუპირებულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ;
- ხალხი მიდის იმიტომ, რომ არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არც აზერბაიჯანი არ იძლევა მათი უსაფრთხოების გარანტიებს;
- ხალხი მიდის იმიტომ, რომ აზერბაიჯანმა ეთნიკური წმენდის პოლიტიკის ფარგლებში 10 თვის განმავლობაში 120 ათასი ადამიანი, მათ შორის 30 ათასი ბავშვი ალყაში მოაქცია და აშიმშილა;
- ხალხი მიდის იმიტომ, რომ არავინ დასჯილა აზერბაიჯანის 2016-2020 წლებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის.
რას ამბობენ შექმნილ ვითარებაზე თავად ყარაბაღელები? ორმა მათგანმა ჯემნიუსს თავიანთი ისტორიები გაუზიარა. მათ ისაუბრეს წარსულ დღეებზე და სამომავლო გეგმებზე:
არშალუის ჰარუთუნიანი, სტეფანაკერტის მკვიდრი:
„მთავრობის შენობა ლამის ერთადერთი ადგილია სტეფანაკერტში, სადაც ტელეფონის დატენვა შეგიძლიათ. დილიდან აქ ვარ, უკვე შვიდ საათზე მეტია,თან მაქვს წამოღებული ჩემი ოჯახის წევრებისა და მოხუცი მეზობლის ტელეფონები.
აქ ბევრი ხალხია. დიდი გამართლებაა, რომ მოვახერხე თავიოსუფალი როზეტის პოვნა. ბევრს აქ ძველი ტელეფონი აქვს და სწრაფად ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე სჭირდება დატენვა. მე ასევე სანათიც უნდა დავტენო ბავშვების ოთახისთვის.
მასალის მომზადების პროცესში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა შეზღუდა საკომუნიკაციო ოპერატორის, Karabakh Telecom-ის მუშაობა, რითაც ფაქტობრივას დატოვა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ფიჭური კომუნიკაციის გარეშე.
აზერბაიჯანელებმა სტეფანაკერტთან 50 მეტრიანი ანძა გაანადგურეს, რომელიც მობილური კომუნიკაციის ფუნქციას ასრულებდა. შესაბამისად, მთიანი ყარაბაღიდან უკვე გასულმა სომხებმა დაკარგეს კონტაქტი ყარაბაღში დარჩენილ იმ ნათესავებთან, რომლებიც გრძელ საცობში დგანან, რათა ამ ტერიტორიიდან გავიდნენ.
სამწუხაროდ დღეს ვერ მოვასწრებ power bank-ის დატენვას, რადგან ახლა ქალაქში პურის საძიებლად გვიწევს წასვლა. დილით გვითხრეს, რომ პურის ყიდვა დღეს მხოლოდ ორ ადგილას შეიძლებოდა, თუმცა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ უკვე მხოლოდ ერთგან დარჩა. საშინელებაა ამაზე ფიქრი – უკვე ერთი კვირაა, პურის გარეშე ვართ.
კომუნიკაცია და პური ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სომხეთში უსაფრთხოდ გასვლის უზრუნველყოფა. თუმცა, გააკეთებს კი ამას ადგილობრივი ხელისუფლება, ეს საკითხავია.
▇ ჩვენ აქ რუსებს ვჭირდებით, რათა გააგრძელონ თავიანთი ჯარების მანდატი. არცახის ხელისუფლება რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არ წავა. ჩვენ ყველანი მძევლები ვართ“.
რაც არ უნდა რთული იყოს სამშობლოს დატოვება, ჩვენ მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება, რომ უნდა წავიდეთ. ამ ეტაპზე სომხებისა და აზერბაიჯანელების თანაცხოვრება, განსაკუთრებით აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაში, შეუძლებელია.
სასაცილო და ამაზრზენია ზოგიერთი ლიდერის მოსმენა, როდესაც ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ ყარაბაღის კონფლიქტის სწრაფად მოგვარებით და ჩვენს ხალხებს შორის მშვიდობის ეპოქის დადგომით.
თუ მართლა უნდოდათ სომხურ-აზერბაიჯანული შერიგების ხელშეწყობა, სულ სხვა გზას დაადგებოდნენ. ეს ძალიან გრძელი და რთული გზაა: უნდა შეიცვალოს თაობები, გამოჩნდეს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც არმენოფობიიდან კონსტრუქციულ, ადამიანურ დიალოგზე გადავა.
მაგრამ ახლა ეს ფანტაზიის სფეროა. ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გენოციდი და არა “მშვიდობის დამყარების” სურვილი.უფრო მეტიც, გენოციდს ახლავს დაუფარავი ანტისომხური რიტორიკა და შურისძიება ყარაბაღის პირველ ომში დამარცხებისთვის.
ამ ყველაფრის ფონზე ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ, როგორ იცხოვრებენ სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების პირობებში. მაგალითად, სკოლებში ბავშვებს ასწავლიან, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე არსებული ყველა სომხური კულტურული და ისტორიული ძეგლი და ეკლესია რეალურად ალბანურია. ასევე, თანამედროვე ისტორიის დისკურსის ფარგლებში, ჩვენს შვილებს მოუწევთ დაგმონ „სომხური სეპარატიზმი“ და განადიდონ გამარჯვებული აზერბაიჯანული მხარე.
რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სომეხ ახალგაზრდებს, აზერბაიჯანის ყველა მოქალაქის მსგავსად, მოუწევთ შეუერთდნენ აზერბაიჯანულ ჯარს და სომხეთთან მორიგი სამხედრო კონფლიქტის დროს ისინი ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ შესაბამისი ბრძანებები.
კიდევ შემიძლია გავიგო მოხუცების, რომლებიც ამბობენ, რომ არსად წავლენ და საკუთარ მიწაზე დარჩენა და საკუთარ სახლში სიკვდილი ურჩევნიან. მაგრამ ახალგაზრდები და ბავშვები აქ ნამდვილად ვეღარ იცხოვრებენ.
ჩვენ მივდივართ სომხეთში – სრულ გაურკვევლობაში. სახლი უნდა ვიქირაოთ სადმე ერევნის გარეუბანში, ქირის ტვირთის შესამსუბუქებლად, რამდენიმე ოჯახი ერთმანეთს შევეხიდებით. ალბათ ეს არის ერთადერთი რამ, რისი დაგეგმვაც შეიძლება უახლოეს მომავალში. სხვას ვერაფერს დავგეგმავთ, არ ვიცით რა იქნება. მთავარია ცოცხლები გავიდეთ.
მარუტ ვანიანი, ჟურნალისტი სტეფანაკერტიდან:
„მე უკვე გორისში ვარ. ომს, რომელიც აზერბაიჯანმა დაიწყო 19 სექტემბერს, მოჰყვა საწვავის რეზერვუარის აფეთქება. ეს იყო ტრაგედია, რამაც დაგვავიწყა ყარაბაღის 10 თვიანი ბლოკადა. საწვავის ავზების აფეთქებამ უფრო ძლიერი კვალი დატოვა, ვიდრე ჭურვების აფეთქებამ, რომლის ხმები ჯერ კიდევ ჩაგვესმის.
▇ ათი თვის განმავლობაში პირველად მივიღე შხაპი. ბლოკადის დროს წყალს ვაცხელებდით დენს როცა გვაძლევდნენ, მაშინ. შხაპმა, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა ვერ ჩამობანა, მაგრამ კომფორტისა და რაღაც უცნაური შვების შეგრძნება მოიტანა.
სტეფანაკერტიდან რომ მივდიოდით, ბევრი არაფერი წაგვიღია. გვეგონა, რამდენიმე საათში გორისში ვიქნებოდით, მაგრამ გზა უსასრულოდ გაიწელა. მანქანაში მხოლოდ შოკოლადი იყო. ტკბილეული საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
ორ მეტრს გავივლიდით და მერე ორი საათს ვჩერდებოდით. ამ სტრესულ სიტუაციაში 25 საათი ვიყავით გზაში.
ოთხ რიგად ჩამწკრივებული მანქანების უწყვეტი ხაზი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სტეფანაკერტის ეკლესიიდან დაიწყო და ჰაკარის ხიდამდე და შემდგომ კიდევ 60 კილომეტრზე მეტს გაგრძელდა. სამგზავრო მანქანებს შორის იყო სატვირთო მანქანები, ტრაქტორები, ასევე გაფუჭებული მანქანები. ბავშვები ტირიან, ხალხი მშიერია, ცივა. ამას დაუმატეთ სტრესი – უბრალოდ არავინ იცის, რა ელის წინ. ხიდზე გადახვალ თუ არა, საგუშაგოზე რა იქნება, სად დაიძინებ?
მოულოდნელად ვიღაცა იღებს შეტყობინებას საწვავის ავზის აფეთქების შესახებ და რომ ბავშვები დაზარალდნენ. იქწყება პანიკა, ზოგს არ სურს სიმართლე დაიჯეროს, რომ ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. ვიღაც, მთელ ამ ქაოსში გადაწყვეტს, რომ უკან უნდა გაბრუნდეს. შენ კი ისეთი დაღლილი ხარ, მთელი ამ ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, დღეებია არ გიძინია, რომ გათიშული მანქანაში იძინებ. შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს კოშმარს ხედავ, თუმცა თვალებს ახელ და აღმოჩნდება, რომ ეს რეალობაა“.
გორისში რომ ჩავედით, პირველი, რაც ჩემმა თვალმა დაინახა, იყო თონე. წარმოიდგინეთ, ხუთი-ექვსი ქალი აცხობს პურს, მაგრამ პურის რიგი არ არის. ბოლო დროს სტეფანაკერტში პური საერთოდ აღარ იყო. ზოგან ისეთი პური იყიდებოდა, რომელსაც უბრალოდ ვერ დაღეჭავდი, ისეთი მაგარი იყო. ხანდაზმულები ჩიოდნენ, რომ პროთეზის გამო ასეთი პურის ჭამა არ შეეძლოთ.
გორისის სუპერმარკეტში თვალები გამინათდა, როცა თაროებზე საპონი დავინახე. შოკოლადი არასდროს მიყვარდა, მაგრამ ტკბილეულის მბზინავმა შეფუთვებმა თვალი მომჭრა და ბავშვივით გამახარა.
სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ხშირად მთხოვდნენ, რომ სტეფანაკერტში მაღაზიების ცარიელი დახლები გადამეღო. ცარიელ თაროებს ისე ვიღებდი, რომ არც კი მახსოვდა, რომ არსებობს პროდუქტებით სავსე სუპერმარკეტი.
ერთ დღეს სტეფანაკერტის ეკლესიის მღვდელმა საიდანღაც ერთი მუჭა ტკბილეული მოიტანა და ბავშვებს დაურიგა. უნდა გენახათ მათი ბედნიერი თვალები.
გორისის სასტუმროში რომ მივედით, ჯიბიდან ჩემი ბინის გასაღები გამოვიღე ავტომატურად და ამ გასარებით მინდოდა კარის გარება. ბინა დავტოვე, მაგრამ გასაღები წამოვიღე.
ახლა ყველა მოვლენა ისე დინამიურად მიმდინარეობს, რომ არაფერზე ფიქრის დრო არ გრჩება. გავა გარკვეული დრო და ჩვენ დავიწყებთ იმის გაცნობიერებას, რაც დაგვემართა.
მხოლოდ ახლა ვიწყებ გაცნობიერებას, თუ რა გამოცდილება გაიარეს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა. მანამდე სულ ვფიქრობდი, რატომ იტანჯებიან ისინი მუდმივად, როცა პარიზში და გლენდეილში ცხოვრობენ და ყველაფერი აქვთ. ახლა ვხვდები, რატომაც“.
ნაწილი მეორე: ხედვა ერევნიდან
დანებება და ხალხსი მასობრივი გადინება: ყარაბაღი სომხების გარეშე რჩება
ავტორი – არტურ ხაჩატრიანი, ერევანი
მოხდა ის, რისიც ასე ეშინოდათ სომხეთში და რაზეც წლები ოცნებობდნენ აზერბაიჯანში. ათი თვის განმავლობაში მთიანმა ყარაბაღმა ტოტალური ბლოკადის პირობებს გაუძლო, თუმცა ბაქოდან ახალ სამხედრო თავდასხმას ვერ გადაურჩა. სომხეთის ხელისუფლებამ სამხედრო ჩარევისგან თავი შეიკავა. შედეგად, ერთდღიანი ომი ადგილობრივი ჯარის განიარაღებით დასრულდა. დაიწყო სომეხი მოსახლეობის მასობრივი გასვლა მთიანი ყარაბაღიდან.
რატომ არ ჩაერია ერევანი?
აზერბაიჯანის ე.წ. „კონტრტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის აპარატი ჯიუტად დუმდნენ. სოციალურ ქსელებში აღშფოთების ტალღაც კი მოვიდა. ამავდროულად გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა სომხეთის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს სამხედრო ინტერვენციას. თუმცა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართვაში, ფაქტობრივად, ჰაერში მყოფ კითხვებზე პასუხები გაეცა:
„მიუღებელია სომხეთის სამხედრო ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები, ჩვენ მოვახერხებთ ამ პროცესის მართვას. ჩვენ კარგად გვესმის იმ განცდების და ემოციების, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ზოგიერთმა გარე და შიდა ძალებმა საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას“.
ამგვარად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იმთავითვე მიანიშნა, რომ ჩიხური სიტუაციის მიუხედავად, ოფიციალური ერევანი არ აპირებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის დახმარებას. უკვე ცხადი გახდა, რომ ყარაბაღის დაცემა რამდენიმე საათის ან დღის საქმე იყო. ზუსტად ასე მოხდა.
შეეძლო თუ არა სომხეთის არმიას მთიან ყარაბაღში შესვლას? არა, რადგან ამ შემთხვევაში თვით სომხეთი გახდებოდა აზერბაჯანის თავდასხმის სამიზნე, მიიჩნევს პოლიტოლოგი რუბენ მეჰრაბიანი:
„სომხეთს ამაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ სომხეთი არის მხარე, რომელიც ხელყოფს მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიას. ყოველ შემთხვევაში, ალიევი სწორედ ასე შეეცდებოდა სიტუაციის წარმოჩენას. შესაბამისად, ის დაიტოვებდა უფლებას განეხორციელებინა სამხედრო თავდასხმა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე. ძალთა ბალანსი კი ისეთია, რომ ზიანის გარდა, ეს სომხეთს ვერაფერს მოუტანდა“.
სომხეთს ამჟამად რომ ნამდვილად არ აქვს რესურსი სრულმასშტაბიანი ომის საწარმოებლად, ამას ეთანხმება სომხეთის ყოფილი ელჩი კანადაში არა პაპიანიც. მაგრამ ამაში თავად სომხეთის ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც 2020 წლის ომის შემდეგ არმიის რეფორმა ვერ მოახერხა, დარწმუნებულია დიპლომატი:
„ამ სიტუაციაში პირადად ნიკოლ ფაშინიანია დამნაშავე, რადგან ის ისეთი სულისკვეთებით ლაპარაკობდა, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი თავის შიდა საქმედ მიიჩნია. ასევე მან პრაქტიკულად არაფერი გააკეთა ქვეყნის დასავლეთისკენ გადამისამართებლად“.
რა ბედი ელის ყარაბაღს?
მთავარი კითხვაა, დარჩება თუ არა სომეხი მოსახლეობა ყარაბაღში? ამ კითხვაზე პასუხი დღითიდღე უფრო ნათელი ხდება. საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან ორი დღის შემდეგ, აზერბაიჯანმა რესპუბლიკაში საწვავის შეტანაზე აკრძალვა მოხსნა და ლაჩინის დერეფანი გახსნა. თანაც, მხოლოდ სომხეთის მიმართულებით.
▇ პირველ სამ დღეში 40 ათასამდე სომეხმა დატოვა სამშობლო. მასალის გამოქვეყნების დროისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში უკვე 100 ათასი ადამიანი იყო ჩასული. ბოლო მოვლენებამდე ყარაბაღში დაახლოებით 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, არტურ ხაჩიკიანი მთიან ყარაბაღში თუნდაც ერთი სომეხი დარჩენის პერსპექტივას ვერ ხედავს:
„ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ დარჩებიან სომხები ამ სისასტიკეების, მკვლელობების, ბულინგის, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის შემდეგ. ეს გაკეთდა სწორედ მოსახლეობის დასაშინებლად“.
თუმცა, არა პაპიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში, შესაძლოა, მცირერიცხოვანი სომხური მოსახლეობა მაინც დარჩეს. ვარაუდობს, რომ რუსული მხარე მაინც შეეცდება გარკვეული რაოდენობის ხალხის შენარჩუნებას – გაამართლოს თავისი ყოფნა მთიან ყარაბაღში:
„რუსეთის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ყარაბაღში მინიმუმ 10 ათასი სომეხი დარჩება. ეს აზერბაიჯანის ინტერესებშიც შედის. აზერბაიჯანმა მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ინტეგრაცია მიმდინარეობს და არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამ ხალხს იძულებულს გახდიან, რომ აზერბაიჯანს დაუჭირონ მხარი და მადლობები უხადონ ამ ქვეყანას. ანუ რაღაც რაოდენობა სომხების ბოლომდე დარჩება. წელიწადნახევარში ბაქო და მოსკოვი შეთანხმდებიან და რუსი სამშვიდობოები დარჩებიან პატარა ტერიტორიაზე, სადაც რუსული ბაზა განთავსდება.
ანტირუსული განწყობები სომხეთში
არასოდეს ყოფილა სომხეთში ანტირუსული განწყობის ასეთი ტალღა. დროდადრო სომხეთის ხელისუფლება ღიად აკრიტიკებს რუსეთის პოზიციას და მთიან ყარაბაღში განლაგებული სამშვიდობო კონტინგენტის უმოქმედობას.
▇ ერევანში, რუსეთის საელჩოსთან, პერიოდულად იმართება რიგითი მაცხოვრებლების საპროტესტო აქციები, რომლებიც სკანდირებენ: „რუსეთი მტერია“. სრული იმედგაცრუებაა მთიანი ყარაბაღის ტრადიციულად პრორუსულ სომხებშიც.
მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოფიციალური მოსკოვი აგრძელებს სომხეთთან „მოკავშირე ურთიერთობებზე“ საუბარს.
„სომხეთი რჩება ჩვენს მოკავშირედ, ახლო სახელმწიფოდ. სომხები ჩვენთვის ახლობელი ხალხია. თქვენ იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში, ბევრად მეტი. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ფუნქციების შესრულებას, გავაგრძელებთ დიალოგს სომხურ მხარესთან, მათ შორის ფაშინიანთან. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დაცული იყოს ყარაბაღის მაცხოვრებლების უფლებები“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
დატოვებს თუ არა რუსეთი სომხეთს და მთიან ყარაბაღს?
პარალელურად, სომხეთიდან ისმის განცხადებები, რომ „სამშვიდობო მისიამ ვერ უზრუნველყო მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთა უსაფრთხოება, რის შედეგადაც ახლა მიმდინარეობს ხალხის მასობრივი ევაკუაცია“. რუსეთი კი მთელ პასუხისმგებლობას სომხეთის ხელისუფლებას აკისრებს. ცნობილია, რომ სწორედ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი პრაღაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დოკუმენტს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ჩათვლით.
ამ არგუმენტით რუსი ოფიციალური პირები და ექსპერტები დავას მოგვარებულად მიიჩნევენ. ეს მაშინ როცა თავად პუტინმა, პრაღის შეთანხმებამდე დიდი ხნით ადრე, ორჯერ საჯაროდ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოკავშირეებს შორის ურთიერთობა უპრეცედენტო კრიზისს განიცდის. ფაშინიანმა ფაქტობრივად ღიად დაადანაშაულა რუსეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში – კერძოდ კი, ერევანში მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების პროვოცირებაში.
▇ სომხურ საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებში გახშირდა საუბრები სომხეთის რუსული სამხედრო ბლოკიდან – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის აუცილებლობის შესახებ.
დატოვებს თუ არა რუსეთი სომხეთს და ყარაბაღს? აქ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ამბობს პოლიტოლოგი არტურ ხაჩიკიანი:
„ცივი ომის შემდეგ, მსოფლიოს ჰქონდა შანსი აეშენებინა ერთიანი უსაფრთხოების არქიტექტურა. მაგრამ ეს არ მოხდა. და ჩვენ ახლა, შესაძლოა, რამდენიმე რეგიონული კონფლიქტის ზღვარზე ვართ. ამ ფონზე, ყველა მხარე გულგრილად უყურებს 120 ათასის ეთნიკურ წმენდას [მთიან ყარაბაღში]“.
რა ბედი ეწევა ყარაბაღს და ყარაბაღელ სომხებს?
სომეხი პოლიტიკოსები ცალსახად ვერ პასუხობენ კითხვას, თუ რა ბედი ეწევა ყარაბაღს უახლოეს მომავალში. პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს არც დღევანდელი ხელისუფლება და არც ოპოზიციას. ერევნის ქუჩებში, სადაც ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მთიანი ყარაბაღის თემა მთავარია. თუმცა, რა პოლიტიკა ექნება ოპოზიციას მთიანი ყარაბაღის მიმართულებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უცნობი და გაურკვეველია.
სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ედუარდ შარმაზანოვი ამბობს, რომ „არცახი უკვე დაკარგულია“ და ახლა პოლიტიკოსების ამოცანაა იფიქრონ, როგორ არ დავკარგოთ სომხეთი: „მოვიდა მოქმედების დრო ქვეყნის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებისთვის. ჩვენზეა დამოკიდებული სომხეთი დამოუკიდებელი იქნება თუ თურქეთის ვილაიეთად გადაიქცევა”.
▇ “თქვენ მუდმივად არცახზე ლაპარაკობთ, მაგრამ არა მარტო არცახს ემუქრება საფრთხე. სომხეთის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და უსაფრთხოებაა საფრთხეში,” – დასძენს ექსპერტი.
მაშინ, როცა ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებაში მოვიდეს ქუჩის ბრძოლით, ხოლო პაშინიანის პარტია ცდილობს ამ ხელისუფლების შენარჩინებას, სომხეთის სამხრეთი სწრაფად ივსება ყარაბაღიდან მიგრანტებით.
მთავრობამ უნდა მოაგვაროს ათიათასობით ადამიანის საცხოვრებლის საკითხი.
ბრიუსელმა, პარიზმა და ვაშინგტონმა უკვე გამოაცხადეს მზადყოფნა ერევნისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. თუმცა, მათზე პასუხისმგებლობა დიდწილად სწორედ დღევანდელ ხელისუფლებას აწვება.
ერევნის ქუჩებში გამოკითხული ადამიანებიც იგივეს ელიან ხელისუფლებისგან:
„ხელისუფლება ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ყველა ჩვენი თანამემამულე ღირსეულად მიიღოს.
„სახელმწიფოც და ხალხიც ვალდებულია ყარაბაღელებს კარგად მიესალმოს. ესენი ხომ სომხები არიან, სომხური პასპორტებით. სახელმწიფო კი ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები“.
„რა თქმა უნდა, ხალხი ახლა დაძაბულია, რბილად რომ ვთქვათ. მათ საშინელება გაიარეს. ჩვენ ისინი უნდა მივიღოთ ხელგაშლილად“.
ნაწილი მესამე: ხედვა ბაქოდან
“უდავოდ ისტორიული მოვლენა.” რას ამბობენ აზერბაიჯანში იმაზე, რაც ყარაბაღში ხდება?
ავტორი: ჰუსეინ ისმაილბეილი, ბაქო
2024 წლის 1 იანვარს ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი დე-ფაქტო შეწყვეტს არსებობას. 32 წლის თავზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძველი ეთნიკური კონფლიქტი – ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდება.
რა მოხდება შემდეგ? დარჩება თუ არა სომხების ნაწილი ყარაბაღში? როგორ იცხოვრებენ ისინი აზერბაიჯანის შემადგენლობაში?
ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვები, რომლებიც დღეს აზერბაიჯანში ისმის.
„მათ 30 წელი მოიპარეს. ჩვეც მოგვპარეს და საკუთარ თავსაც. და Რა მიიღეს სანაცვლოდ? და ეს მაშინ, როცა ისინი კომფორტულად ცხოვრობდნენ ბაქოს ცენტრში, განჯაში, სუმგაითში, მინგაჩევირში და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში. ჩემს მშობლიურ ლენქორანშიც კი, სადაც სომხებს ერთი ხელის თითზე დაითვლიდი, ყველაზე პოპულარული სკოლის დირექტორი სომეხი იყო.
1988 წელს ხუთი თვე ვიმსახურე სტეფანაკერტში, ცნობილ 366-ე პოლკში. ქალაქში ყველა აბრა ორ ენაზე იყო: რუსულად და სომხურად. ყველაფერი, რაც მაღაზიებში იყიდებოდა, ნავთობიდან სიგარეტამდე, სომხეთში იწარმოებოდა. არ ჩანდა, რომ აქაურობა აზერბაიჯანის ნაწილი იყო. სანამ შუშში არ ჩახვიდოდი. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა თქვენთვის საკმარისი.
▇ 30 წელი მოიპარეთ. ათასობით სიცოცხლე წაიღეთ – ჩვენიც და საკუთარიც. არადა, ძნელია იპოვო აზერბაიჯანელებზე უფრო მომთმენი ხალხი. აქ რამდენ ხანსაც გინდოდან იმდენს იცხოვრებდით, მიწაზე პრეტენზია რომ არ გამოგეთქვათ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნავთობიდან და გაზიდან ჩვენზე მეტს თქვენ გამოიმუშავებდით. მაგრამ თქვენ გახდით თქვენივე მითების მსხვერპლი.
და რა იქნება შემდეგ? დაჯექით ნორმალურად, დაფიქრდით. ისევ გადაწყვეტთ, რომ ორივეს მოგვპაროთ წლები და სიცოცხლე, თუ ისწავლით ადამიანურად ცხოვრებას?“ – მიმართავს ყოფილი პოლიტპატიმარი და ისტორიკოსი იადიგარ სადიგლი სომხებს.
რა იყო ეს?
„უდავოდ, ეს ისტორიული მოვლენაა“, – ასე აფასებს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი აზერ გასიმლი ყარაბაღში მომხდარს.
მისი აზრით, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ რუსეთმა პოზიცია შეცვალა.
„თუ რუსეთის მხარდაჭერით, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, სომხებმა მოახერხეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სეპარატისტული ერთეული შეექმნათ და შვიდი მიმდებარე რაიონი მიეტაცებინათ, ახლა მოსკოვმა განზე დარჩენა არჩია და არ ჩაერია.
რუსეთს კვლავ ერთადერთი მიზანი აქვს – სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნება. ამისათვის მან ერევანში ფაშინიანი უნდა ჩამოაგდოს და სომხეთის ხელისუფლებაში კრემლის მიმართ ლოიალური პოლიტიკოსი მოყვანოს. ასევე, ის აპირებს თავისი ჯარების აზერბაიჯანში დატოვებას.”
უკანასკნელი საომარი მოქმედებების შემდეგ, „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმ ტერიტორიის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული “, – ამბობს პოლიტიკური კომენტატორი შაჰინ ჯაფარლი.
„იმართება შეხვედრები ოფიციალურ ბაქოსა და ყარაბაღის სომხური თემის წარმომადგენლებს შორის, სადაც განიხილება რეგიონის სომეხი მოსახლეობის აზერბაიჯანულ საზოგადოებაში რეინტეგრაციის პირობები. ამ შეხვედრებზე ძირითადად განიხილება ჰუმანიტარული საკითხები, მაგრამ ეს შეხვედრები მიუთითებს იმაზე, რომ ყარაბაღის სომხები უკვე აღიარებენ აზერბაიჯანის სუვერენულ უფლებებს რეგიონზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებია“.
„ეჭვგარეშეა, რომ ბაქომ შეათანხმა მოსკოვთან კონტრტერორისტული ოპერაცია. ცხადია, რომ ასეთ საკითხებში მხარეებს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს. პირადად მე მაინტერესებს, რას დაჰპირდნენ მოსკოვს?
შესაძლოა, აზერბაიჯანი დათანხმდა 2025 წლის შემდეგ ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის არსებობას. რა თქმა უნდა, რუსეთს არ სურს რეგიონის დატოვება. და ამ თვალსაზრისით, ოფიციალურ ბაქოს შეეძლო ასეთ დათმობაზე წასვლა.
სავარაუდოდ, რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი დარჩება როგორც ყარაბაღში დარჩენილი სომხების უსაფრთხოების გარანტი, ან შეათანხმეს ამ კონტიგენტს რეორგანიზაცია გაუკეთონ და აზერბაიჯანში დროებით რუსულ სამხედრო ბაზად ჩამოაყალიბონ. ეს კითხვები კვლავ ღია რჩება. ჩვენ მივიღებთ მათზე პასუხებს მოვლენების განვითარებასთან ერთად“, – ამბობს ჯაფარლი.
თითქმის იგივე აზრი აქვს აზერ გასიმლის:
„ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ერთი კითხვა მაინტერესებს: რას დაჰპირდა აზერბაიჯანი იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი მხოლოდ უყურებდა იმას, რაც მას უშუალოდ ხდებოდა?
გააგრძელებენ თუ არა სომხები ყარაბაღში ცხოვრებას?
19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტრტერორისტული ოპერაციის შემდეგ დაიწყო ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მასიური გადინება სომხეთში. სომხური წყაროების მიხედვით, ამ დროისთვის ყარაბაღი 100 ათასამდე ადამიანმა დატოვა.
აზერბაიჯანში ამ მაჩვენებლებს დიდი სკეპტიციზმით უყურებენ. ნებისმიერს, ვისაც ესმის ელემენტარული არითმეტიკა, მიხვდება, რომ ეს ციფრი საეეჭვოა. სომხური მხარის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებზე დაყრდნობით,გამოდის რომ ყოველ წუთში დაახლოებით 16 ადამიანი კვეთს საზღვარს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ლაჩინის საგუშაგოზე. იმის გათვალისწინებით, რომ საგუშაგოზე მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო ფანჯარაა და ყველა გასული უნდა დარეგისტრირდეს, ეს თითქმის შეუძლებელია.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ტოფიკ ზულფუგაროვის განცხადებით, საბჭოთა წლებში მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ რეგიონში 127 ათასი სომეხი და 32 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა.
„2020 წლის ომის დაწყებამდე, ზოგიერთი შეფასებით, ყარაბაღში დაახლოებით 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამ მოსახლეობის უმრავლესობა სამხედრო პერსონალი იყო. ეს ციფრი მოიცავს სომხეთის შეიარაღებულ ძალებს და მათ, ვინც იქ მსახურობდა. დაახლოებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ფაქტობრივად, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო ბანაკად იქცა.
2020 წლის ომის შემდეგ მოსახლეობის უმეტესობამ დატოვა ყარაბაღი, მაგრამ შემდეგ მათი ნაწილი დაბრუნდა. აზერბაიჯანულმა მხარემ ვიზუალური კვლევის შედეგად გაარკვია, რომ დაახლოებით 24 ათასი ადამიანი დაბრუნდა. რუსი სამშვიდობოები დაახლოებით 50 ათასს ასახელებენ. ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სამხედროებთან და მათ ოჯახებთან ერთად ყარაბაღის ამ ნაწილში“, – განაცხადა ზულფუგაროვმა JAMnews-თან ინტერვიუში.
„დღეს საკმაოდ რთულია იმის თქმა, რამდენი სომეხი დარჩება ყარაბაღში. მე ვვარაუდობ, რომ საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება 5-დან 10 ათასამდე ეთნიკუირი სომეხი“, – დასძინა მან.
სომხების სრული გასვლა რუსეთისთვის არახელსაყრელია
„ინტერესს იწვევს სომხების ყარაბაღიდან სომხეთში გასვლის პროცესი. სინამდვილეში რუსეთი ამით არ უნდა იყოს დაინტერესებული. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ყარაბაღში ყოფნის გასაგრძელებლად, რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სომხები დარჩნენ რეგიონში.
ეს აიძულებს ზოგიერთ პოლიტოლოგს იფიქროს, რომ კრემლი ცდილობს ისარგებლოს ყარაბაღელი სომხების საპროტესტო განწყობით სომხეთში ფაშინიანის მთავრობის დასამხობად. თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ სომხები დარჩნენ ყარაბაღში.
ჩემი აზრით, ხანკენდში რამდენიმე ათასი სომეხი მაინც დარჩება“, – ამბობს ჩვენთან საუბარში პოლიტიკური კომენტატორი შაჰინ ჯაფარლი.
„მჯერა, რომ დაახლოებით რამდენიმე ათეული ათასი სომეხი დარჩება ყარაბაღში. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სომხების გარკვეული ნაწილი დარჩეს“, – ეთანხმება ამ აზრს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი აზერ გასიმლი.
დარჩებიან თუ არა რუსი სამშვიდობოები რეგიონში?
2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მიხედვით, რომელმაც დაასრულა ყარაბაღის მეორე ომი, რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში 2025 წლის ნოემბრამდე დარჩებიან. თუ ამ ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე ერთ-ერთი მხარე (აზერბაიჯანი და სომხეთი) არ გამოვა ამ შეთანხმებიდან, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ვადა ყარაბაღში ავტომატურად გაგრძელდება კიდევ 5 წლით.
▇ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო აზერბაიჯანში ბევრი სვამს კითხვას: რა ბედი ეწევა რუს სამშვიდობოებს? წავლენ თუ დარჩებიან?
„ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება რუსი სამშვიდობოების როლს რეგიონში მომხდარის შემდეგ. და რა თქმა უნდა, დგას საკითხი ყარაბაღში მათი ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ.
ეჭვგარეშეა, რომ სამშვიდობოები ყარაბაღში 2025 წლის 10 ნოემბრამდე დარჩებიან, რადგან 2020 წელს მათი ყოფნის ვადა განისაზღვრა 5 წლით. მაგრამ დარჩებიან კი ამის შემდეგ? აქ მთავარია, რაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და რუსეთი კულისებში“, – აღნიშნავს შაჰინ ჯაფარლი.
რა მოხდება თავად ყარაბაღში?
ყარაბაღში კონტრტერორისტული ოპერაციის შემდეგ ახალი რეალობა დადგა. 2024 წლის 1 იანვარს არაღიარებულმა მთიანმა ყარაბაღმა არსებობა ოფიციალურად უნდა შეწყვიტოს. მაგრამ ეს მართლა ასე მარტივია?
„ვფიქრობ, თავდაპირველად ოფიციალური ბაქო იქ დაამყარებს მართვის სპეციალურ რეჟიმს, რადგან… ტერიტორია მილიტარიზებულია, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ნაღმების გასაწმენდად და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ნორმალური მმართველობა, როგორც აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში“, – ამბობს ტოფიკ ზულფუგარლი.
ყველაფერი დროთა განმავლობაში გადაწყდება, ფიქრობს პოლიტიკური კომენტატორი შაჰინ ჯაფარლი:
„რაც შეეხება ყარაბაღში სომხებისა და აზერბაიჯანელების სამომავლო თანაცხოვრების პრობლემას, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტას, ამას დრო სჭირდება. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში სომხების ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ერთ ღამეში მოგვარდება. ეს მოიცავს სკოლებში სასწავლო გეგმას, სამხედრო სამსახურის საკითხს, დასაქმებას და ა.შ.
ვუშვებ იმ ამბავს, რომ თავიდან ხანკენდის თვითმმართველობის სისტემაში სომხები აქტიურად ჩაერთვებიან. ალბათ აზერბაიჯანის კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედი მუნიციპალიტეტის სახით. შესაძლოა ბაქომ ხანკენდის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელად ერთ-ერთ ერთგული სომეხს დანიშნოს. ამ ყველაფერს ცოტა დრო სჭირდება.”
აზერ გასიმლის ყარაბაღისთვის უახლოეს მომავალში სრულიად განსხვავებული პროგნოზი აქვს:
„ჩემი ვარაუდით, კრემლი შეეცდება რაიმე ფორმით მაინც დატოვოს ხანკენდის სეპარატისტული რეჟიმი. ვთქვათ, მინი მოდელის სახით. ამიტომ, თითქმის ყველა სომეხი, ვინც ყარაბაღში დარჩენას გადაწყვეტს, ხანკენდში დარჩება. მანდვე იქნება ფოკუსირებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტიც. იქ ფორმალურად აზერბაიჯანის დროშა იფრიალებს და ოფიციალური ბაქოს წარმომადგენელი დაჯდება, მაგრამ მას არ იქნება კონტროლი ქალაქზე. ხანკენდის რუსები გააკონტროლებენ”.
შესაძლებელია თუ არა კონფლიქტის სომხეთის ტერიტორიაზე გადატანა?
„სომხების ერთ-ერთი მთავარი შიში არის ზანგეზურის დერეფნის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების გაგრძელების ალბათობა.
ვფიქრობ, ეს საკითხი აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო. ერევნის პოზიცია აშკარაა – მას არ სურს ექსტერიტორიული სტატუსი ჰქონდეს გზას, რომელიც აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებს ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამ სცენარს ეწინააღმდეგება ირანიც. და, ალბათ, ეს გეგმა უნდა გადაიხედოს, რადგან დერეფანი, როგორც ასეთი, უკვე აღარ იქნება.
სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ზანგეზურის დერეფნის გახსნით ყველაზე დაინტერესებული მხარე რუსეთია.
ის ყველანაირად ცდილობს სომხეთში ამ ექსტერიტორიული პროექტის გატანას. როგორც ცნობილია, 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების პირობების მიხედვით, დერეფანი უნდა იყოს რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ და ამ ფაქტორმა შეიძლება გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის მნიშვნელობა სომხეთში, რომელიც ბოლო პერიოდში სერიოზულად შესუსტდა. მაგრამ რუსეთს არ შეუძლია უგულებელყოს ირანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან თეირანი მოსკოვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ექსტერიტორიული ზანგუზერის დერეფნის გახსნის ალბათობა შესამჩნევად შემცირდა“, – განუცხადა შაჰინ ჯაფარლიმ JAMnews-ის კორესპონდენტს.
როგორ უნდა იცხოვრონ სომხებმა აზერბაიჯანის ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან?
სომხების ერთ-ერთი შიში, როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანში ცხოვრების შესაძლებლობას, არის ქვეყანაში ანტიდემოკრატიული რეჟიმი. მოყვანილი არგუმენტებია ოპოზიციონერების, აქტივისტების დაკავება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არქონა.
პოლიტიკური კომენტატორი შაჰინ ჯაფარლი არც ისე კატეგორიულია ამ საკითხთან დაკავშირებით:
„სომხების არგუმენტი იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ანტიდემოკრატიული რეჟიმი საკმაოდ მკაცრად ექცევა თავის მოქალაქეებს, პროპაგანდად გამოიყენება. ძირითადად სხვადასხვა ქვეყნების სომხური დიასპორიდან.
არა მგონია ეს არგუმენტი დასაბუთებული იყოს. ვთქვათ, ხვალ შეიცვლა აზერბაიჯანში ხელისუფლება და ძალაუფლება გადავიდა ოპოზიციაზე, მაგალითად, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიაზე. რა შეიცვლება ამ შემთხვევაში სომხურ მოსახლეობისთვის?
ყველამ იცის, რომ ოპოზიციის პოზიცია ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მიმართ უფრო მკაცრია, ვიდრე ხელისუფლების. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანში საზოგადოების დემოკრატიზაცია ჯერ კიდევ არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ამ საკითხში”.
კონფლიქტი დასრულდა?
„არა მგონია, რომ კონფლიქტი დასრულებულია. მან მხოლოდ ფორმა იცვალა, სხვა სიბრტყეზე გადავიდა. კონფლიქტი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსული ჯარები დატოვებენ აზერბაიჯანს. და ასევე ქვეყნების ლიდერები ყარაბაღის საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ და უაპელაციოდ აღიარებენ ყარაბაღს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად“, – შეაჯამა თავისი სიტყვები პოლიტიკოსმა აზერ გასიმლიმ.