ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. რას ნიშნავს ეს? ვახუშტი მენაბდის განმარტება
პრემიერის იმპიჩმენტი
პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურებს განმარტავს და წერს, რომ იმპიჩმენტი შესაძლებელია ორი მოტივით დააინიციირო: პრემიერის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან პრემიერის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა.
ოპოზიციური პარტიები და NGO-ები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო იმპიჩმენტის პროცედურების და გამოძიების დაწყებას აპირებენ – საქმე ეხება ე.წ. ჩარტერების სკანდალს.
“ლელოს” წევრი, ლევან სამუშია აცხადებს, რომ პარტია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს, რადგან მისი თქმით, ღარიბაშვილმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
ამასთან, “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ ღარიბაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
ღარიბაშვილის შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებას ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვისაც” ითხოვს. მათი თქმით, მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე.
პრემიერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება და დოკუმენტების გასაჯაროება მოითხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ვახუშტი მენაბდე: “განმარტება – ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმპიჩმენტი შესაძლებელია ორი მოტივით დააინიცირო: (1) პრემიერის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, (2) ან პრემიერის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა.
როგორც ვნახე ოპოზიცია მეორე გზით მიდის. მოდით ვნახოთ რას ნიშნავს ეს:
1. ოპოზიციას სჭირდება სულ ცოტა 50 დეპუტატი;
2. ამათ უნდა მოამზადონ დოკუმენტი. სადაც დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას და გაუგზავნიან საკონსტიტუციო სასამართლოს;
3. ოპოზიციამ უნდა ჩამოწეროს არგუმენტები და წარმოადგინოს მტკიცებულებები (რამდენადაც შესაძლებელია მათ ხელთ არსებული მექანიზმებით ამ მტკიცებულებების მოპოვება), ანუ უნდა ააგოს ლოგიკური ჯაჭვი რითაც აჩვენებს გონივრულობას საკუთარი პოზიციის; თუმცა ეს არ არის ის სტანდარტი რაც მაგალითად პროკურორს მოეთხოვება (გასაგებია რომ დეპუტატებს არ შეუძლიათ იმ დონის გამოძიების ჩატარება და შესაბამისი ბრალდების მომზადება, რაც სამართალდამცავ სისტემას).
4. ყურადღება უნდა გავამახვილოთ საკონსტიტუციო სასამართლო არ ადგენს იმას პრემიერმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ის მხოლოდ ამ კითხვას პასუხობს: არის თუ არა პრემიერის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები;
5. ბუნებრივია, პირის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენას არ სჭირდება მტკიცების ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორც მის დამნაშავედ ცნობას. მეტიც საკონსტიტუციომ შეიძლება დადებითი დასკვნა გასცეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პირმა მართლა ჩაიდინა დანაშაული. საკონსტიტუციოს ამ დასკვნის შემდეგ შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის პირი გამართლდეს და ამაში არაბუნებრივი არაფერია.
და კიდევ პრეზიდენტისგან განსხვავებით პრემიერის იმპიჩმენტს 76 ხმა ყოფნის.”
● ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, ევროპიდან ამერიკაში – რეგულარულით. მთავრობის შეცვლილი განმარტება
● შეძლებს თუ არა “ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტს და რატომ წავიდა ამაზე მმართველი პარტია?
● “ე.წ. მეორე ფრონტზე დეზინფორმაციის მიზანი საზოგადოების მოწამვლაა” – რა თქვა ბორელმა პრემიერთან შეხვედრაზე
რა მოხდა
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა – მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადება შეცვალა და ახალი განმარტება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით გაფრინდა.
გუშინ კი “TV პირველთან” ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა – მისივე განმარტებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.
ამასთან, გაიაშვილის მტკიცებით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ღარიბაშვილის ვიზიტი მიუნხენში პირადი თუ სამსახურებრივი ხასიათის, თუმცა ამავე კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტი გერმანიაში, რა დროსაც, გაიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
“ქვეყნის პრემიერია, ვიღაც ქარხნის მუშა კი არ არის”, – განაცხადა გაიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე.
უკვე დღეს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც TV პირველს ღარიბაშვილის მგზავრობის შესახებ გასული სიუჟეტისთვის მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.
მათი მტკიცებით, რეისი, რომლითაც მთავრობის მეთაური მიუნხენში გაემგზავრა, კომერციული იყო და მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
“თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერმინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა”, – ნათქვამია განცხადებაში.