7 ფაქტი სომხეთის რუსეთიდან დაშორების შესახებ. როგორ ხედავენ მოვლენების განვითარებას მოსკოვსა და ერევანში
იცვლის თუ არა სომხეთი კურსს რუსეთიდან დასავლეთისაკენ?
ბოლო დღეებში სომხეთის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადებები, რომლებიც აქტიურად განიხილებოდა რუსეთში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა წყარომ სამთავრობო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მოსკოვი უკიდურესად უკმაყოფილოა სომხეთის ხელმძღვანელობის განცხადებებით“. წყაროს თქმით, ეს განცხადებები განიხილება დასავლეთის ინტერვენციის მცდელობად, რათა „რუსეთი განდევნოს სამხრეთ კავკასიიდან, ამ მიზნის მიღწევის საშუალებად კი დასავლეთი ერევანს იყენებს“. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ „რუსეთის ფედერაცია არ აპირებს რეგიონის დატოვებას“.
სომხეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია ღიად და მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის პოზიციას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
სომხური მხარის უკმაყოფილების მიზეზი აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტები გახდა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ და რუსეთის სამხედრო ბლოკმა ОДКБ-მ უარი თქვეს თავიანთი მოკავშირის სუვერენული ტერიტორიის დაცვაზე. სომხეთისთვის კიდევ ერთი მტკივნეული მომენტია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის უმოქმედობა სომხური მოსახლეობის დასაცავად.
სომხური საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის პოზიციას სტრატეგიული მოკავშირის სტატუსთან შეუთავსებლად მიიჩნევს – ამ მოსაზრებას გამოხატავს ქვეყნის ხელისუფლებაც, რომელიც რუსეთში აღიქმება როგორც „დასავლეთისკენ შემობრუნება“.
თუმცა სომეხი პოლიტოლოგების უმრავლესობა არ იზიარებს ამ მოსაზრებას და არ ეთანხმება იმას, რომ სომხეთი ცვლის საგარეო ვექტორს.
ბოლო დღეების მოვლენების ჩამონათვალი, რომლებიც განიხილება როგორც სომხეთის მიერ რუსეთის მიტოვება, ასევე სომეხი პოლიტოლოგის კომენტარი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
“ანტირუსული ინციდენტები”
1
ფაშინიანის მეუღლის მოგზაურობა კიევში
6 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა აკობიანი კიევში გაფრინდა. ის უკრაინის დედაქალაქის მესამე სამიტში მონაწილეობს. ეს ღონისძიება პირველად უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკაიამ 2021 წელს მოაწყო. მისი მიზანია გააერთიანოს მსოფლიოს მაღალი რანგის ჩინოვნიკების მეუღლეები გამოცდილების, მოსაზრებების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
სამიტზე ანა აკობიანი იყო ერთ-ერთი მომხსენებელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ავსტრიის პრეზიდენტის მეუღლეებთან, ალბანეთის, კვიპროსის და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ლედებთან ერთად.
შეუმჩნეველი არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ იგი უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთით ჩავიდა. ჩამოსვლის შემდეგ კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ეწვია ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენას.
„ომებში დაღუპული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების მარცხია. მიუტევებელი, გამოუსწორებელი მარცხი“, – აღნიშნა აკოფიანმა.
2
სომხეთმა შეიძლება მოახდინოს რომის სტატუტის რატიფიცირება
იმავე დღეს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა:
„დიდი ალბათობით, რომის სტატუტი რატიფიცირებული იქნება. ჩვენ განვიხილავთ და გავიგებთ, რა სარგებელი მოაქვს ამას, რადგან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო და ხდება ომის დანაშაულები. ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება“.
რომის სტატუტი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელმაც დააარსა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. მისი შექმნა მოტივირებული იყო დამოუკიდებელი სასამართლოს საჭიროებით, რათა გადაეწყვიტა საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია გენოციდთან, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან.
17 მარტს სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ, როგორც ეჭვმიტანილი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში. ყველა ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ხელშეკრულების რატიფიცირებას, ვალდებულია გადასცეს იგი სასამართლოს, თუ ის მათ ტერიტორიაზე ჩავა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვმა უკვე მოითხოვა განმარტება სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებასთან დაკავშირებით.
„ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განვსაზღვრავთ ერევნის პასუხის შინაარსიდან გამომდინარე“, – თქვა ზახაროვამ.
იმავდროულად, სომხეთის პასუხი არაერთხელ გაჟღერდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ არშაკიანმა კვლავ განაცხადა, რომ დოკუმენტის რატიფიცირება „არანაირად არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ემსახურება სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ხელყოფის აღკვეთას“.
3
სამშვიდობოები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს
2 სექტემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები არ ასრულებენ სამმხრივ განცხადების ფარგლებში დაკისრებულ მისიას [საომარი მოქმედებების შეწყვეტას ყარაბაღში]“.
ეს იყო პასუხი კითხვაზე, შეეძლო თუ არა აეხსნა ფაშინიანს, რა აფერხებდა რუსეთს 2020 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებების შესრულებაში, რომლის მიხედვითაც მან უნდა უზრუნველყოს გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს არაღიარებულ მთიან ყარაბაღს სომხეთთან. გასული წლის დეკემბერში ის აზერბაიჯანელებმა დაბლოკეს. რუს სამშვიდობოებს, როგორც სომეხი ექსპერტები ამბობენ, „არ შეეძლოთ ან არ სურდათ გზის განბლოკვა“.
4
ზახაროვა: “სომხური მხარის საჯარო რიტორიკა უხეშობის ზღვარზეა”
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ფაშინიანის ინტერვიუს შემდეგ ასევე განაცხადა, რომ 2020 წლის ნოემბრის შეთანხმებების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების იურისდიქციაში უნდა იყოს.
ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხური მხარის საჯარო რიტორიკა ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით „უხეშობის ზღვარზეა“.
ალენ სიმონიანმა სომეხი ჟურნალისტების თხოვნის პასუხად ზახაროვას სიტყვებზე კომენტარის გაკეთების თაობაზე თქვა: „არ ვაპირებ რაიმე დეპარტამენტის რომელიმე მდივნის სიტყვებზე კომენტარს. თავად რუსეთი თავისი უმოქმედობით ფაქტობრივად ბლოკადაში აცხოვრებს არცახს.”
5
„რუსეთი ტოვებს რეგიონს“ თუ მისი „განუყოფელი ნაწილია“?
იმავე ინტერვიუში იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან, სომხეთის პრემიერმინისტრმა სტრატეგიულ შეცდომად გამოაცხადა, რომ სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა „99,99%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული“.
მან ასევე განმარტა: „ჩვენ ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც დგამს. ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ გავიღვიძებთ და დავინახავთ, რომ რუსეთი აქ არ არის.“
ამ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა: „რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ვერსად წავა. რუსეთს არ შეუძლია სომხეთის დატოვება.“
მას არაფერი უთქვამს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე – არც სომხეთის საზღვრებზე და არც ლაჩინის დერეფანზე. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ სიტუაცია შეიცვალა. „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აპირებს როგორმე შეზღუდოს თავისი საქმიანობა რეგიონში“.
6
ОДКБ-ში სომხეთის წარმომადგენლის განცხადება
5 სექტემბერს რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან თავისი მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი გაიწვია“.
ვიქტორ ბიაგოვი მაშინვე დაინიშნა სომხეთის ელჩად ნიდერლანდებში და მუდმივ წარმომადგენლად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში.
თუმცა, რუსმა ექსპერტებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და გაწვევა სომხეთის უკმაყოფილებას სამხედრო ბლოკის პოზიციით დაუკავშირეს.
ОДКБ-სთან დაკავშირებული პრობლემები აიხსნება მკაფიო პოზიციის არარსებობით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრასთან დაკავშირებით.
„2021 წლის 11 მაისიდან აზერბაიჯანმა სამჯერ გამოიყენა შეიარაღებული ძალა და დაიკავა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის დაახლოებით 140 კვადრატული კილომეტრი. რას ველით ОДКБ-სგან ამ მხრივ? აღნიშნული ფაქტის განცხადებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეფასების სახით. ასეთი შეფასებისგან თავის შეკავება და იმის თქმა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ არსებობს, ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა არ არსებობს. და თუ არ არის პასუხისმგებლობის ზონა, მაშინ არ არსებობს თავად ორგანიზაცია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა 2022 წლის 23 ნოემბერს ერევანში, ОДКБ კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.
7
სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები
11 სექტემბერს სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები „არწივი პარტნიორი 2023“ სომხეთში დაიწყება და 10 დღე გაგრძელდება.
წვრთნების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დონის ამაღლება, სარდლობისა და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, ასევე სამხედრო მზადყოფნის ამაღლება.
მოსკოვში აღნიშნულმა ინფორმაციამ შეშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის შეშფოთების მიზეზი, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში. ამიტომ, ჩვენ ღრმად გავაანალიზებთ ამ სიახლეს და დავაკვირდებით სიტუაციას“. – განაცხადა პესკოვმა.
კომენტარი
პოლიტოლოგ არეგ კოჩინიანს არ სჯერა, რომ სომხეთი ცვლის კურსს.
„ქვეყნის ხელისუფლება უბრალოდ ღიად გამოხატავს თავის უთანხმოებას ან უკმაყოფილებას რუსეთის პოლიტიკის მიმართ. კერძოდ, ყარაბაღის საკითხზე. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს. სომხეთის პრემიერმინისტრი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკა და ქმედებები არ აკმაყოფილებს სომეხ ხალხს. და ეს არის ობიექტური რეალობა. დღეს არცახში 120 ათასი სომეხის სიცოცხლეს რეალურად საფრთხე ემუქრება – ბლოკადისა და შიმშილის გამო“, – განუცხადა მან JAMnews-ს.
ბოლო დღეებში პოლიტოლოგმა რუსულ მედიაში არაერთი პუბლიკაცია შენიშნა, რომელიც „ისტერიას ასტიმულირებს“. თვალსაჩინო მაგალითია ОДКБ-ში სომხეთის წარმომადგენლის გაწვევის შესახებ ინფორმაციის განხილვა.
„გაწვევა დიპლომატიური პროცედურაა, ამას ჰქვია ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა. მაგრამ სომხეთმა იგი უკვე დანიშნა ელჩად ნიდერლანდებში. რამდენადაც მე მესმის, მალე ახალი წარმომადგენელი დაინიშნება ОДКБ-ში“.
კოჩინიანი „ხელოვნურ ისტერიას“ განმარტავს მისი განზრახვით, შემდგომში გამოიყენოს ეს ინფორმაცია თავისი უმოქმედობის გასამართლებლად საკუთარი და სომხური საზოგადოების თვალში:
„ეს არის მზადება სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მორიგი შეჭრის შემთხვევაში. ყველა საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ აზერბაიჯანი ემზადება ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებისთვის.
სომხეთი ცდილობს ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე გაიყვანოს. ის ცდილობს ერთ გვერდზე იყოს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, რომელიც უკრაინის საკითხზე რუსეთის მეორე მხარესაა. ამგვარად, ქვეყანა თავის თავს უქმნის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს“.