მიკროჩიპებიდან ავტომობილებამდე: როგორ ეხმარებიან რუსეთს მეზობლები სანქციების გვერდის ავლაში
როგორ უვლის გვერდს სანქციებს რუსეთი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა დააწესეს და რეგულარულად აფართოებენ სანქციებს რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის წინააღმდეგ. სანქციების დახმარებით დასავლეთი ცდილობს შეასუსტოს ამ ქვეყნების ეკონომიკა და შეაჩეროს ისეთი აღჭურვილობისა და საქონლის მიწოდება, რომელიც აგრესორმა ქვეყანამ შეიძლება სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის გამოიყენოს.
თუმცა, აკრძალვების მიუხედავად, რუსეთი ახერხებს სანქციების გვერდის ავლას და ამაში მას მეზობელი ქვეყნები ეხმარებიან.
ყირგიზეთი
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი ყირგიზეთიდან რუსეთში, კერძოდ, ელექტრონული კომპონენტების ამერიკული მწარმოებლების Texas Instruments-ისა და Analog Devices-ისგან, გაარკვიეს “რადიო თავისუფლების” ყირგიზეთის ბიუროს ჟურნალისტებმა. გამოცემის ცნობით, სანქციების გვერდის ავლის სქემაში ჩართული კომპანიები წარსულში რუსეთს სამხედრო ინდუსტრიისთვის პროდუქციას აწვდიდნენ.
გაეროს სავაჭრო მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ყირგიზეთს თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო თვითმფრინავების ნაწილები არ შემოუტანია. 2022 წელს კი, ასეთი პროდუქცია ქვეყანაში შემოიტანეს, ძირითადად ამერიკიდან. ეს იყო 3,5 მილიონ დოლარის ღირებულების პროდუქცია, აქედან 1,5 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანეს.
ქვეყნის პოლიტიკოსები რეგულარულად აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ ყირგიზდეთიდან რუსეთში არ მოხვდეს სანქცირებული პროდუქცია. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების დარღვევაში „არც თვით ყირგიზეთის სახელმწიფო და არც რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა და კომპანია არ მონაწილეობენ“.
თუმცა, რეალობაში, საქმე სხვაგვარადაა. როგორც ყირგიზული გამოცემის Kloop-ისა და კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის (OCCRP) ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტი პროდუქციის ექსპორტის შესახებ მონაცემებს მალავს.
სააგენტომ შეცვალა საექსპორტო საქონლის კოდების გამოქვეყნების წესი, რის გამოც მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა იქმნება საექსპორტო საქონლის კატეგორიაზე და უცნობი რჩება, კონკრეტულად რა პროდუქტზეა საუბარი. დეპარტამენტმა ეს ცვლილებები განმარტა „ოპტიმიზაციით“ და „შიდა გადაწყვეტილებებით“.
მაგალითად, Kas Impulse-მა, რომელიც არის დეტონატორების მწარმოებელი პირველი ქარხანა ცენტრალურ აზიაში, 2022 წლის იანვარ-აპრილში რუსეთში 661 000 დეტონატორი გაგზავნა. თავად ქარხანამ აწარმოა მხოლოდ 19,6 ათასი. დანარჩენის მიწოდება, დიდი ალბათობით, ჩინეთიდან მოხდა. მიმღები იყო ORICA CIS, კომპანია, რომელიც ევრობლასტ ჯგუფში შედის. ევრობლასტი სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებების უმსხვილესი რუსული მწარმოებელია.
Kas Impulse-ის არცერთი მიწოდება არ არის ასახული ყირგიზეთის ოფიციალურ სტატისტიკაში. ძნელია დადგენა, კონკრეტულად რამდენი ასეთი მიწოდება “გაქრა” ანგარიშებიდან.
ასევე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ყირგიზეთში რეგისტრირებული ხუთი კომპანია დაექვემდებარა აშშ-ს სანქციებს სამხედრო სექტორის მხარდაჭერისა და რუსეთის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების გამო:
Tro.Ya – რუსული სამხედრო სექტორის მხარდაჭერისთვის.
RM Design and Development – ასობით ნახევარგამტარული მოწყობილობების, ელექტრონული ინტეგრირებული სქემების და კონდენსატორების რუსეთისთვის მიწოდების გამო.
„GTME Technologies“ – აშშ-ს ხაზინის მონაცემებით, ეს კომპანია რუსეთს აწვდის ტანტალის კონდენსატორებს და ელექტრონულ ინტეგრირებულ სქემებს.
Progress Leader-მა მთელი რიგი საქონელი მიაწოდა რუსულ კომპანია Xiaixi-ს, რომელიც ძირითადად ყიდის ელექტრონულ და ოპტიკურ აღჭურვილობას, ასევე კომპიუტერებს.
Cargoline-მა რუსეთს 1 მილიონი დოლარის სანქცირებული საქონელი მიაწოდა. კერძოდ, Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების ნაწილები.
ყაზახეთი
აპრილსა და ივნისში აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა (სახაზინო მდივნის თანაშემწემ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა) განაცხადეს, რომ ყაზახური კომპანიები და ბანკები მეორადი სანქციების გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ყაზახეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, რეგულარულად აცხადებს, რომ ქვეყანას 2022 წლიდან აქვს აკრძალული სამხედრო საქონლის ექსპორტი. ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისთვის საჭიროა სპეციალური სერტიფიცირება.
საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, რომ რუსეთს სანქცირებულ საქონელს არ აწვდიან, ყაზახეთის ხელისუფლება იშველიებს იმას, რომ 2023 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში ფუნქციონირებს იმპორტირებული საქონლის მიღებისა და გადაადგილების თვალთვალის ავტომატიზირებულ ონლაინ სისტემაა.
თუმცა, ყაზახური გამოცემის, “რესპუბლიკას” ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ სისტემის მუშაობის შესამოწმებლად დასავლეთ ყაზახეთში, რუსეთის საზღვართან გაემგზავრნენ, აღმოაჩინეს, რომ ეს სისტემა ბუტაფორიაა – საგუშაგოზე არ მუშაობდა სპეციალური სკანერი სატვირთო მანქანების შესამოწმებლად. ასევე, არსებობდა ე.წ. “მწვანე” სია იმ მანქანების, რომლებიც არ უნდა შემოწმებულიყო.
ზოგადად, მხოლოდ 2022 წელს ყაზახეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 2 მილიარდი დოლარით და შეადგინა 28 მილიარდ დოლარო. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებმა, რომლებმაც მიწოდებული მონაცემები შეისწავლეს, დაადგნეს, რომ შესაძლოა, ყაზახეთი მონაწილეობს ევროკავშირიდან რუსეთში კომპიუტერების რეექსპორტში.
2022 წელს ყაზახეთში კომპიუტერების მიწოდება შვიდჯერ გაიზარდა, 1,2 მილიარდ დოლარამდე. აქედან 310 მლნ. არის ევროკავშირიდან იმპორტი. ამავე დროს, კომპიუტერული პროდუქციის ექსპორტი ყაზახეთიდან რუსეთში იმავე პერიოდში 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 2300-ჯერ მეტია.
რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი უარყო პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმაც და აღნიშნა, რომ ყაზახეთი ერთგულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების და იცავს საერთაშორისო ბაზრის ყველა წესს.
თუმცა, “რადიო თავისუფლების” ყაზახეთის ბიუროს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ყაზახეთის EltexAlatau რუსეთს აწვდის ტრასივერებს Analog Devices. მაგალითად, ისინი აღმოაჩინეს უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებულ T-72B3M ტანკში. ხოლო Elem Group-ის კომპანიამ რუსეთის ფედერაციას ელექტრონიკის მინიმუმ 300 პარტია მიაწოდა, მათ შორის ორმაგი დანიშნულების.
ყაზახეთში რეგისტრირებული კომპანიები ასევე მონაწილეობენ რუსეთისთვის ჩიპებისა და დრონების მიწოდების სქემებში. 2023 წლის მაისში, ყაზახური გამოცემის “ვლასტის”, რუსული მედიასაშუალების “ვაჟნიე ისტორიის” და საერთაშორისო კონსორციუმის OCCRP-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ გადააქვთ დრონები და ჩიპები ყაზახეთის გავლით რუსეთში შუამავლების ქსელის მეშვეობით.
საქართველო
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ საკუთარ სანქციებს არ დააწესებს რუსეთის წინააღმდეგ, არამედ არც დასავლეთის სანქციებს შეუერთდება. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი და ცალკეული უწყებები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანა დაიცავს სანქციების რეჟიმს და არავის დაეხმარება მათ თავიდან აცილებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 17 ათასი რუსული კომპანია იყო რეგისტრირებული, მათგან ნახევარზე მეტი ომის დაწყების შემდეგ გამოჩნდა.
2023 წელს რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა იმპორტის მხრივ, ხოლო ექსპორტის მხრივ მესამე. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანაში რუსული იმპორტი 79 პროცენტით, ხოლო რუსეთში ექსპორტი შვიდი პროცენტით გაიზრდება.
2023 წლის ივნისში ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის წარმომადგენელი კუმარ აიერი.
პრესკონფერენციაზე ო’სალივანმა ისაუბრა ევროკავშირის იმედგაცრუებაზე, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, “ეს გასაგებია”:
“ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, უნდა შეესაბამებოდეს, მათ შორის, ჩვენს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიაზრებთ, რა სპეციფიკურ სიტუაციაში იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და მრავალმხრივ რუსეთის კონტექსტის გათვალისწინებით. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ასრულებს ჩვენს სანქციებს. თუმცა, ბოლო ორ დღეში ვნახეთ, საქართველოს მთავრობა საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების თავის ასარიდებელ პლატფორმად”. – ამბობს ო’სალივანი.
თუმცა, საქართველოს დასავლელი პარტნიორები შეშფოთებულნი იყვნენ რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენით. ამიტომ მათ მოუწოდეს საქართველოს, ფრთხილად გააკონტროლოს საქონელი, რომელიც გადაკვეთს საჰაერო საზღვარს.
თურქეთი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან ეს ქვეყანა ომის „შუამავალი“ გახდა. მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. თურქეთში ჩაიყვანეს რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის პოლკის მეთაურებიც.
თუმცა, ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები ეხმარებიან რუსეთს. მაგალითად, ევროპაში საჰაერო ხომალდებს რუსეთი თურქული კომპანიის გამოყენებით იძენს.
გარდა ამისა, ომის შემდეგ თურქეთი იქცა „რუსული ეკონომიკის სიცოცხლის წყაროდ“: ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა ომის შემდეგ დაახლოებით 93%-ით გაიზარდა, აღნიშნავს Atlantic Council თავის მოხსენებაში.
ატლანტიკური საბჭო აღნიშნავს, რომ თურქეთმა მიჰყიდა რუსეთს ინტეგრირებული სქემები და ნახევარგამტარები, რომლებიც გამოიყენებოდა იარაღის დასამზადებლად. „2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე თურქული ელექტრონიკის ექსპორტი რუსეთში დაახლოებით 85%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია ატლანტიკური საბჭოს მოხსენებაში, რომელსაც “ამერიკის ხმა” ციტირებს.
ანკარა უარყოფს რუსეთში ისეთი საქონლის ექსპორტს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სამხედრო გამოყენება.
ბელარუსი
უკრაინის წინააღმდეგ ომში თანამონაწილეობისა და მასიური რეპრესიების გამო, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა 2022 წელს დააწესეს და რეგულარულად აფართოვებენ სანქციებს, როგორც ბელარუსის პოლიტიკური ელიტის, ისე სახელმწიფოსთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ.
თუმცა, ამ პირობებშიც კი ბელარუსს შეუძლია დაეხმაროს რუსეთს მონაწილეობა მიიღოს მისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდებაში.
ევროსტატის მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისში ევროკავშირიდან ბელარუსში საქონლის მიწოდება 2022 წლის დასაწყისთან შედარებით 64,5%-ით გაიზარდა. საქონლის ყველაზე მოთხოვნადი ჯგუფი იყო „მანქანა და სატრანსპორტო აღჭურვილობა“. ბელარუსმა მათში 1,14 მილიარდი ევრო გადაიხადა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-აპრილში (0,56 მილიარდი ევრო), აღნიშნეს ბელარუსული გამოცემის, “ევრორადიო’ ჟურნალისტებმა.
რედაქტორების თქმით, პირველ რიგში, საუბარია ევროკავშირიდან ბელარუსში მანქანების მიწოდებაზე.