აზერბაიჯანელები საქართველოში: რატომ არის ასეთი რთული კარგი განათლებისა და პერსპექტიული სამსახურის მიღება
აზერბაიჯანელები საქართველოში – დაახლოებით 300 ათასი ადამიანია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ოთხ მილიონზე ნაკლებია. აზერბაიჯანელების უმეტესობა კომპაქტურად ცხოვრობს ქვემო ქართლის რეგიონში – ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის „უხილავი“ ცხოვრებით, ქართული საზოგადოებისგან ფაქტობრივად იზოლაციაში.
• როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებზე?
• ისლამური სალოცავი საქართველოში – აზერბაიჯანელები მთავრობას მის აღდგენაში დახმარებას სთხოვენ
წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები უამრავ პროექტს იგონებდნენ ამ რეგიონისთვის, რათა სიტუაცია შეეცვალათ. ბევრი ფული დაიხარჯა, მაგრამ შედეგი დიდი არ არის.
„ეს ადამიანები კვლავინდებურად არ მონაწილეობენ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ აღიქვამენ თავს მის სრულფასოვან ნაწილად“, – ეს არის საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება. ნინო ლომჯარიამ „ქართველ“ აზერბაიჯანელებსა და სომხებზე თბილისში, 2019 წლის ივნისში გამართული დისკუსიისას ისაუბრა.
[su_pullquote align=”right”]უხარისხო განათლება სკოლებში – საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემების საფუძველია[/su_pullquote]
მსგავს დასკვნამდე მივიდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (სოროსის ფონდის ქართული განყოფილების დახმარებით) მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევა.
ევროპული მოთხოვნების შესაბამისი კანონმდებლობის, გაწეული ძალისხმევისა და უზარმაზარი ფინანსების დახარჯვის მიუხედავად, რატომ ვერ ხერხდება კარდინალურად პრობლემის გადაჭრა?
ჩვენ გადავწყვიტეთ ამ კითხვაზე პასუხები ქვემო ქართლის რეგიონში, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში მოგვეძებნა. ათობით ინტერვიუსა და გასაუბრების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ პრობლემის ფესვები იქაა, სადაც თემის განვითარებასა და ინტეგრაციას უნდა ჩაეყაროს საფუძველი – სკოლაში.
ადგილობრივ მასწავლებლებს, სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს სამი მთავარი პრეტენზია აქვთ ადგილობრივი სკოლებისადმი:
•ქართული ენის სწავლების დაბალი დონე.
•ზოგადი განათლების დაბალი დონე.
• ქართულ სკოლაში სწავლა – ძალიან ხშირად გადაუჭრელი პრობლემები და შექმნილი დამატებითი პრობლემები.
დეტალურად თითოეული მათგანის შესახებ.
ქართული ენის სწავლების დაბალი დონე
ქვემო ქართლში სულ 78 სკოლაა. მათგან 58 – არაქართულია. ბავშვები აქ ძირითადად აზერბაიჯანულ ან (იშვიათად) რუსულ ენაზე სწავლობენ.
ქართული ენა არაქართულ სკოლებში პირველი კლასიდან ისწავლება, მაგრამ მოსწავლეთა უმრავლესობა ისე ამთავრებს სკოლას, რომ ელემენტარული ფრაზებიც კი არ იციან.
• ჩემი გერმანული სახლი ბოლნისში
ამას სამი მთავარი მიზეზი აქვს.
პირველი – ქართულ ენას კვირაში მხოლოდ ხუთი გაკვეთილი ეთმობა. და ეს ინფორმაციაც საკმარისი იქნებოდა იმის გასაგებად, რატომ არ იციან ბავშვებმა სკოლის დასრულებისას ქართული პრიმიტიულ დონეზეც კი.
მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზი – სახელმძღვანელოების პრობლემა. ისინი უხარისხოებია, მაგრამ ასეთებიც კი არაა საკმარისი რაოდენობით. პედაგოგები ამბობენ, რომ ბავშვები ერთმანეთს გადასცემენ წიგნებს წლების განმავლობაში და ახალი მოსწავლეები ხმარობენ წიგნებს, რომელშიც უკვე რთულია რაიმეს გარჩევა.
მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ორი პრობლემაც კი არაა ყველაზე მთავარი. ყველაზე დიდი სირთულეა – პედაგოგები, რომლებიც არ შეესაბამებიან ადგილობრივების საჭიროებებს.
[su_pullquote align=”right”]აზერბაიჯანელი ბავშვების უმრავლესობა ისე ამთავრებს სკოლას, რომ ქართულად ელემენტარული ფრაზების გამოთქმაც კი არ იციან[/su_pullquote]
„ჩვენი ქართულის მასწავლებელი გაკვეთილებზე თბილისიდან ჩამოდის. მას საერთოდ არ ესმის აზერბაიჯანული და, შესაბამისად, ბავშვებთან ურთიერთობა არ შეუძლია. გაკვეთილები გადის არა ენის სწავლაში – არამედ მასწავლებლისა და მოსწავლეების მცდელობაში, რაიმე მაინც გაიგონ, ერთმანეთს რამე მაინც უთხრან“, – განუცხადა JAMnews-ს ერთ-ერთი აზერბაიჯანული სკოლის დირექტორმა.
საკუთარი ვინაობის დასახელება მან არ ისურვა – როგორც თქვა, ქართულის მასწავლებლისადმი პატივისცემის გამო.
პრობლემის გადაჭრის რა გზები არსებობს?
მოსახლეობის დონეზე გამოსავალი არ არსებობს – ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების სურვილზე (ან თავშეკავებაზე) გადაწყვიტოს პრობლემა – ასეთი კატეგორიული იყო ჩვენი ყველა რესპონდენტი.
„კერძო რეპეტიტორი? ეს ფინანსურად ჩვენი ოჯახისთვის ყოვლად შეუძლებელია. არა მხოლოდ რეპეტიტორს უნდა გადავუხადოთ – ტაქსის ფულიც უნდა გადავიხადოთ, რათა ჩვენი ბიჭი სოფლიდან მარნეულში ჩავიდეს. აქ მასწავლებელი არ ჩამოვა“, – უმეორებდნენ JAMnews-ს რეგიონის ყველა სოფელში.
შეიძლება შეეპასუხოთ – არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო ენის კურსები. მაგრამ ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ გასაგები გახდა, რომ ეს არ წყვეტს პრობლემას.
ამ კურსებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. მაგრამ მასში მონაწილეობა რომ მიიღო – აუცილებელია ტესტის ჩაბარება. ბევრს კი ან არ შეუძლია ამის გაკეთება – ან გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
„არ მინდა გამომცდელებთან შევრცხვე“, – განუცხადა JAMnews-ს 32 წლის ფერმერმა მარნეულიდან.
ეს უმრავლესობის შესახებ. მაგრამ ამ კურსებსა და სხვადასხვა პროექტს, რა თქმა უნდა, შედეგებიც აქვს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის.
მარნეულის ცენტრში JAMnews-ს ბევრმა უფროსკლასელმა განუცხადა, რომ მათ ძალიან დაეხმარა არაფორმალური განათლების პროგრამები, რომლის საფასურსაც ან საერთაშორისო ორგანიზაციები იხდიან, ან სახელმწიფო ბიუჯეტი.
„ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის მიღება მე-8 კლასის შემდეგ დავიწყე. ქართულად საუბარი ძალიან მალე შევძელი მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვიყავი საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და ტრენინგკურსებზე“, – გვეუბნება 17 წლის აითან რუსტამოვა.
მან ახლახან დაასრულა სკოლა და უმაღლესში მოსახვედრად აბარებს გამოცდებს. ფიზიოთერაპევტობა სურს.
„ამ მოგზაურობების შემდეგ, სადაც მეპატიჟებოდნენ, სოციალურ ქსელებში ბევრი ქართველი „ფრენდი“ გამიჩნდა. და როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარებ – ალბათ, სხვა ქართველებსაც გავიცნობ „ცოცხლად“ და მეყოლება ქართველი მეგობრებიც, არა მხოლოდ აზერბაიჯანელები, როგორც ახლა.
ახლა, როდესაც ეს გზა უკვე გავიარე, შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში ქართული ენის ხუთი გაკვეთილი კვირაში, იყო დროის უაზრო ფლანგვა“, – ამბობს აითანი.
ზოგადი განათლების დაბალი დონე
„პარალელური რეალობა“ – ასე მოიხსენიებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე სკოლებს, რომელშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ.
აზერბაიჯანული და სომხური სკოლების ბავშვები საქართველოში მოსწავლეთა საერთო რიცხვის აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ – მაგრამ მათ შორის, ვინც სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს აგდებს, მათზე დაახლოებით 20-25 პროცენტი მოდის.
„რატომ ვერ ახერხებენ თქვენი შვილები ასე ხშირად სკოლის დამთავრებას და უნივერსიტეტში ჩაბარებას?“ – ჰკითხა JAMnews-ის კორესპონდენტმა აზერბაიჯანელ მშობლებს, რეგიონის მთავარ ქალაქ მარნეულში.
„იმიტომ, რომ მათ ასწავლიან მასწავლებლები, რომლებიც დიდი ხანია პენსიაზე უნდა იყვნენ გასულები“, – გვიპასუხა მათმა უმრავლესობამ.
სტატისტიკის მიხედვითაც, სკოლების მასწავლებლები – ძირითადად, ხანშიშესული ადამიანები არიან. მათ ზურგს, ძირითადად, საბჭოთა გამოცდილება უმაგრებს. მაგრამ ბევრი მათგანი, როგორც მოსწავლეები და მათი მშობლები აცხადებენ, დიდი ხანია ჩამორჩნენ სიახლეებს საკუთარ დისციპლინებში და წარმოდგენა არ აქვთ სწავლების თანამედროვე მეთოდიკაზე.
რა გამოსავალი არსებობს?
არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის გადაჭრის მცდელობაა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელსაც 2016 წლიდან ატარებს საერთაშორისო ორგანიზაცია IREX საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით.
პროგრამის ბენეფიციარები არიან – სკოლების დირექტორები და მე-7-მე-12 კლასების ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლები.
[su_pullquote]„რატომ ვერ ახერხებენ არაქართული სკოლადამთავრებულები უნივერსიტეტში ჩაბარებას?“ – „იმიტომ, რომ მათ ასწავლიან მასწავლებლები, რომლებიც დიდი ხანია პენსიაზე უნდა იყვნენ გასულები“[/su_pullquote]
ერთ-ერთი მათგანი, ვინც ეს კურსი გაიარა – მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარის სკოლის ახალგაზრდა დირექტორი, ვუსალ ბაირამოვია.
„პროგრამა ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი და ყოველი ტრენინგის შემდეგ ვცდილობდი „გამემეორებინა“ ის ჩემი სკოლის მასწავლებლებისთვის. მე თვითონ ეს ცოდნა ძალიან გამომადგა“, – თქვა ვუსალმა.
და როგორაა საქმე სიტუაციიდან თითქოსდა ყველაზე აშკარა გამოსავლის შემთხვევაში – როდესაც აზერბაიჯანელი ბავშვები სასწავლებლად ქართულ სკოლებში მიდიან?
სწავლა ქართულ სკოლაში – არა პრობლემის მოგვარება, არამედ ახალი პრობლემის შექმნა
სულ უფრო და უფრო მეტი აზერბაიჯანელი მშობელი უშვებს შვილს ქართულ სკოლაში სასწავლებლად – იმ იმედით, რომ ეს უკვე ნამდვილად გადაჭრის ბავშვის პრობლემებს მომავალში – მიიღებს უმაღლეს განათლებას, იშოვის კარგ სამსახურს, გახდება პოლიტიკოსი, მინისტრი.
„ჩვენი შვილი ქართულ სკოლაში სწავლობს. ცოლთან ერთად გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ასე შეძლებს ის თვითდამკვიდრებას მშობლიურ ქვეყანაში, – გვითხრა მარნეულის მკვიდრმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი სახელის დასახელება, – აზერბაიჯანული ენა ისედაც იცის, მეტი არცაა საჭირო“.
თუმცა, სიტუაცია არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც შეიძლება ჩანდეს.
მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს მკვიდრი, 18 წლის აისელ ნასიბოვა გვიყვება, რომ როდესაც ოჯახში განიხილებოდა, მას სად უნდა ესწავლა, მამამ დაჟინებით მოითხოვა ქართული სკოლა – თქვა, რომ ქალიშვილს ქართული ენა ეცოდინებოდა.
მაგრამ 9 წლის შემდეგ აისელს სკოლის დატოვება მოუწია – საატესტატო გამოცდები ჩააგდო.
„პირველი კლასიდან რთულად მიდიოდა სწავლა. სახლში არ შეეძლოთ საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება – რეპეტიტორებთან მომზადება მიწევდა. მეხუთე კლასამდე ქართული ენა ელემენტარულ დონეზე ვიცოდი. ხშირად, ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილებზე, საერთოდ არ მესმოდა, რას გვიხსნიდა მასწავლებელი. თანაკლასელებს ვთხოვდი დახმარებას, მაგრამ მათაც ბევრი არაფერი შეეძლოთ, ისინიც ხომ მხოლოდ ქართულად მელაპარაკებოდნენ“, – ჰყვება აისელი.
აზერბაიჯანელი ბავშვების ქართულ სკოლებში გაშვება არასწორად მიაჩნია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ცენტრის ხელმძღვანელ შალვა ტაბატაძეს:
„ქართული სკოლები და მათი პროგრამები არ არის მორგებული აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაზე. საბოლოოდ ვიღებთ მოსწავლეს, რომელმაც ცუდად იცის ქართული ენა და სხვა დისციპლინებიც. მაგრამ ეს ტენდენცია უკვე ფართოდ გაჯდა აზერბაიჯანულ მოსახლეობაში და, სამწუხაროდ, სახელმწიფო ამას მხარს უჭერს“.
[su_pullquote align=”right”]აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების 80%-მდე წყვეტს უნივერსიტეტში სწავლას ბაკალავრიატის შუაში[/su_pullquote]
სკოლის შემდეგ
მრავალი წლის განმავლობაში, ქართული ენის არცოდნის გამო, აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება არ ჰქონდათ.
სიტუაციის შეცვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2009 წელს სახელმწიფომ საგანმანათლებლო პროგრამა „1+4“ გაუშვა.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აბიტურიენტებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, შეეძლოთ უმაღლესში მისაღები გამოცდა მშობლიურ ენაზე ჩაებარებინათ, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში გაძლიერებულად ესწავლათ ქართული. ამის შემდეგ, ისინი ავტომატურად გადაჰყავთ მათ მიერ თავდაპირველად ამორჩეულ ფაკულტეტზე, სადაც სწავლა ქართულად მიმდინარეობს.
2017-2018 წლებში ამ მოსამზადებელი პროგრამით 792-მა სტუდენტმა ისარგებლა. ეს ორი-სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე გასული წლების განმავლობაში.
მაგრამ თავისთავად ეს ციფრი ძალიან ცოტაა აზერბაიჯანული და სომხური სკოლების გამოშვებულ მოსწავლეთა რაოდენობასთან შედარებით. მათგან ძალიან ცოტა ხდება სტუდენტი.
და არის კიდევ ასეთი სამწუხარო სტატისტიკა.
აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების, სულ ცოტა, 80% სწავლას მოსამზადებელი კურსის ან ბაკალავრიატის შუა ეტაპზე წყვეტს. როგორც ბევრმა ჩვენა რესპონდენტმა გვითხრა – სწავლა ძალიან ძნელდება, რადგან არ ჰყოფნით ზოგადი განათლება და ქართული ენის ცოდნა, რომელიც სკოლამ უნდა მისცეთ.