NATO-ს კომუნიკე: საქართველო გახდება ალიანსის წევრი სამოქმედო გეგმით, MAP-ით
NATO-ს კომუნიკე საქართველოზე
NATO ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ კომუნიკეს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალიანსი “ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას”, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, MAP-ით, რაც პროცესის განუყოფელი ნაწილია.
ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, სადაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის NATO-სთან დაახლოების სამი ნაბიჯი წარადგინა:
– სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც უკრაინას NATO-ს სასწავლო სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება;
– შეიქმნება NATO-უკრაინის ახალი საბჭო, სადაც ალიანსი და უკრაინა თანაბარი უფლებებით შეიკრიბებიან, ხოლო პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ხვალ გაიმართება;
– სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა შეუერთდება NATO-ს, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება და მისი გაწევრიანების გზა ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესზე შეიცვლება.
კომუნიკეში ვკითხულობთ:
● ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
● მივესალმებით NATO-საქართველოს გაფართოებული არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის კრიზისების მართვაში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში, აგრეთვე ახალი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) თავდაცვის ინიციატივებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
● “ევროკომისიიდან გვეუბნებიან, ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო” – ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია
● “იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველო სანქციებს არ ასრულებს, თუმცა გვესმის” – რა თქვა სანქციების ოფისმა
● 85% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 90% ევროკავშირში. Edison Research-ის კვლევის მთავარი მიგნებები
● ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს.
● NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე.
● NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
● NATO მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს თავისი ჯარი, რომელიც საქართველოში თანხმობის გარეშე განათავსა.
● ასევე, ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრის დაწესების, საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები.
__________
აღსანიშნავია, რომ ვილნიუსის სამიტზე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008-ში და დაიწყო ომი უკრაინაში.
“ერთ დღეს უკრაინა შეუერთდება NATO-ს, მაგრამ ჩვენ არასდროს გადავდგით ხელშესახები ნაბიჯი წინ ამ გზაზე. ამავდროულად, რუსეთმა ყოყმანის გარეშე აიღო ინიციატივა საქართველოში შეჭრით 2008 წელს, მოახდინა ყირიმის ანექსია, ვითარების დესტაბილიზაცია დონბასში და შემდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო უკრაინაში. დროა, ეს პარადიგმა შეიცვალოს. არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპაში, სანამ უკრაინის მომავალი არ იქნება განსაზღვრული. მკაფიო გზა NATO-ს წევრობისკენ არის ის, რაც უკრაინის მიმართ გვმართებს.” – განმარტავს ნაუსედა.