რეკლამების აკრძალვის მიუხედავად, აზარტული თამაშების ბრუნვა გაიზარდა, მედიის შემოსავლები კი შემცირდა
აზარტული თამაშების რეკლამა
ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალა. 2022 წლის მარტიდან ამოქმედებულ ამ რეგულაციას, მთავრობის განმარტების თანახმად, თამაშებზე დამოკიდებულება უნდა შეემცირებინა და ახალგაზრდები ამ მავნე ჩვევისგან დაეცვა.
თუმცა, ციფრები ამბობს, რომ ეს შედეგი არც მთლად მიღწეულია. ანალიტიკოსი გიორგი ელიზბარაშვილი აჯამებს საკანონმდებლო ცვლილებებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით.
___________________________
ეჭვი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების მიზანს რეალურად მედიისთვის შემოსავლის წყაროების შემცირება წარმოადგენდა თავიდანვე გაჩნდა, რაც შემდგომ ოფიციალურმა სტატისტიკამაც გაამყარა — 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით აზარტული თამაშების ბრუნვა 4 მილიარდ 509 მილიონი ლარით, 52 მილიარდ 596 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ლუდომანია საქართველოში ობიექტურად დიდ პრობლემას წარმოადგენს. სანდო კვლევის არ არსებობის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა მარტივად გაიხსენებს იმ ნაცნობს, ვინც თამაშის გამო სახლი გაყიდა, ქვეყნიდან გაიქცა, ან უკიდურეს შემთხვევაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არც თუ ისე მცირე ეკონომიკური სარგებელი, რაც სათამაშო ინდუსტრიას მოაქვს (11 ათასზე მეტი დასაქმებული და წლიურად 500 მილიონ ლარზე მეტი გადახდილი თანხა ბიუჯეტში) მოთამაშეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მიყენებულ ზიანს მაინც ვერ გადაწონის.
ასეთ შემთხვევაში, ერთი შეხედვით საუკეთესო გადაწყვეტილება მისი სრული აკრძალვა უნდა იყოს, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს და ნარკოტიკებთან ბრძოლას დაემსგავსება – იატაკქვეშეთში გადანაცვლებით კრიმინალური შემთხვევები გაიზრდება. ამასთან, დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში, მომხმარებელს კანონის გვერდის ავლით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ონლაინ კაზინოშიც შეუძლია თამაში.
რეგულირება ერთგვარი ოქროს შუალედია. კითხვები სწორედ აქ ჩნდება. 15 წლის მოსწავლე კაზინოში არ უნდა დაიშვებოდეს, მაგრამ უნდა შეეძლოს თუ არა თამაში 18 წლის პირს, ადამიანს რომელსაც არჩევნებში ხმის უფლება და შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღების უფლება გააჩნია? 21 წლისას? უახლოეს წარსულში 21 წლის პირს შეეძლო დეპუტატი გამხდარიყო. კანონის გამკაცრებამდე, კაზინოებშიც ასაკობრივი შეზღუდვა 21 წელს შეადგენდა. შეცვლილი რეგულაციით მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდეა გაზრდილი.
კანონი რამდენიმე მიმართულებით გამკაცრდა, კერძოდ:
- ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა;
- სოციალურად დაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ;
- სურვილის შემთხვევაში, ადამიანებს სპეციალურ რეესტრში საკუთარი თავის დაბლოკვის საშუალება მიეცათ;
- აიკრძალა საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ონლაინ კაზინოებში რეგისტრაცია;
- აიკრძალა ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვა;
- გაიზარდა მოსაკრებელი;
- გაიზარდა ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო;
- აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა.
სარეკლამო ინდუსტრიის ბრუნვა მსოფლიო მასშტაბით 600 მილიარდ დოლარს აჭარბებს. იქნება ეს ძალიან მცირე ზომის საწარმო, თუ ტრანსნაციონალური კომპანია, რეკლამის გაკეთება და შემოსავლის არც თუ მცირე წილის დახარჯვა ორივეს უწევს. მიზანი ერთია, გაყიდვების იმ ზომამდე გაზრდა, რომ დამატებითმა შემოსავალმა სარეკლამო ხარჯებს გადააჭარბოს.
რეკლამას, როგორც შემახსენებელ საშუალებას, მონოპოლისტებიც მიმართავენ, მაგრამ შედარებით მცირე დოზით. რეკლამა უფრო ხშირად კონკურენტზე უპირატესობის ჩვენების მიზნით კეთდება. ავტომობილის მფლობელი ბენზინს საკუთარ მანქანაში ბენზინს ყოველგვარი რეკლამის გარეშე მაინც ჩაასხამს, თუმცა რეკლამამ მასზე შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ ავტოგასამართი სადგურის ქსელი შეცვალოს.
როდესაც მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, შეერთებულ შტატებში სიგარეტის სატელევიზიო რეკლამა აიკრძალა, ერთგვარი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტებმა არც თუ ისე დიდი წინააღმდეგობა გასწიეს. რეალურად ისინი ფინანსურად ნაკლებად დაზარალდნენ. მართალია გაყიდვები მცირედით შემცირდა, მაგრამ შემცირდა ხარჯებიც. თუ ვინმე კანონის ცვლილებამდე, დამოუკიდებლად გადაწყვეტდა რეკლამის შეჩერებას ის წააგებდა, მაგრამ როდესაც რეკლამა ყველასთვის აიკრძალა, თამაშის წესები ყველაზე თანაბრად გავრცელდა.
იმის თქმის საფუძველს, რომ აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვის რეალური მიზეზი შესაძლოა ლუდომანიის კი არა, მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო რამდენიმე გარემოება იძლევა. 2013 წლის მაისში, პარლამენტმა მეორე მოსმენისას, პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი ჩააგდო. დეპუტატ კობა დავითაშვილის კანონ-პროექტი მაშინაც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა და არა მთლიანად კაზინოების. უმრავლესობის წევრებმა მაშინ გადაწყვეტილება „სარეკლამო ბიზნესის არ დაზიანების“ მოტივით ახსნეს. კობა დავითაშვილი გააკრიტიკა იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც და აღნიშნა რომ მისი ინიციატივა საინვესტიციო გარემოს აზარალებდა.
აზარტული თამაშების რეგულირებას რეკლამების აკრძალვას, სოციალურად დაუცველებისა და საჯარო მოსამსახურეების დაბლოკვას, ანუ ფაქტიურად იგივეც, რაც 2022 წლიდან ამოქმედდა, 2017 წლიდან მოყოლებული ითხოვდა დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც, 2019 წელს პარლამენტმა მისი ინიციატივაც დაიწუნა.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის ისტორია გრძელია და 2022 წელს არ დაწყებულა. თუ რეკლამის აკრძალვა პანაცეა იყო, რატომ ითქვა მასზე უარი 2013 და 2019 წლებში? თუ აკრძალვით სარეკლამო ბიზნესი და საინვესტიციო გარემო ზიანდებოდა, მაშინ რატომ დასთანხმდა პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას? რა გახდა პრიორიტეტების შეცვლის მიზეზი?
კითხვებზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გარკვეული ლოგიკური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. 2013 წელს, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, პოპულარობით სარგებლობდა, დემოკრატიულ პრინციპებსაც აღიარებდა. სუსტი ოპოზიცია და კრიტიკული მედია მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
2019 წლის მაისში, უკვე გაუარესებულ მედიაგარემოში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. მესაკუთრის ცვლილების შემდეგ, ახალი კრიტიკული ტელევიზიები „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ შეიქმნა. სავარაუდო მოთხოვნის მიუხედავად, სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების სასარგებლოდ არც „ტვ პირველს“ შეუცვლია. კონკრეტულ საქმეზე, ევროპულ სასამართლოში მიღწეული გამარჯვების მიუხედავად, კრიტიკულ მედიაზე კონტროლი ვერ დამყარდა და მიზნის მისაღწევად ფინანსურ წყაროებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გადაწყდა.
კანონ-პროექტის განხილვის პროცესში, საბა ბუაძემ, პარტია „ლელოს“ სახელით, მოსალოდნელი შემოსავლების შემცირების კომპენსირების მიზნით, მედიისთვის გადასახადებისგან 3 წლით გათავისუფლების ინიციატივა დააყენა. მისი წინადადება ნაწილობრივადაც არ იქნა გათვალისწინებული და მედიისთვის საგადასახადო ტვირთი, თუნდაც მხოლოდ დროებით, არც გაუქმებულა და არც შემსუბუქებულა.
ფინანსური წნეხი ზეწოლის მხოლოდ ერთი ნაწილია.
კრიტიკულ მედიასთან ბრძოლის კონტექსტში, კითხვებს მედიამენეჯერების სამართლებრივი დევნის შემთხვევებიც აჩენს. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვიდან ორ თვეში, 2022 წლის მაისში, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომიკური ბრალდებით დააკავეს. მან საპატიმროში 13 თვე დაჰყო და 2023 წლის ივნისში, პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. 2021 წლის სექტემბერში, უზენაესმა სასამართლომ, ქვედა 2 ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. 2022 წლის მარტში მას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა. ერთი წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რაიმეს გადაჭრით მტკიცება შეუძლებელია, თუმცა რეკლამების აკრძალვისა და მედიამენეჯერების სამართლებრივი დევნის დროში დამთხვევა ეჭვებს მხოლოდ აძლიერებს.
2021 წელს ტელევიზიებმა 80 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, მათ შორის აზარტული თამაშებიდან 22%-ზე მეტი — 17 მილიონ 900 ათასი ლარი. შემოსავლების 22%-ით კლება ნებისმიერი ინდუსტრიისთვის დიდი დარტყმაა, განსაკუთრებით კი მედიისთვის, რომელიც საქართველოში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია მომგებიანი და მისი არსებობა სხვა გარე დაფინანსებაზეა დამოკიდებული, იქნება ეს სახელმწიფო, მესაკუთრე თუ საერთაშორისო დონორი.
კომუნიკაციების კომისია ინფორმაციას ტელევიზიებისა და რადიოს შესახებ აქვეყნებს. სატელევიზიო რეკლამა ყველაზე ძვირია, თუმცა სპეციფიკიდან გამომდინარე, ონლაინ სააგენტოებისთვის მთლიან რეკლამებში აზარტული თამაშების წილი პროცენტულად კიდევ უფრო მაღალი იყო.
ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შემცირებამ, 2022 წელს მედიაში ხელფასების დროული გაცემის პრობლემაც წარმოშვა.
რა შედეგი მოიტანა რეგულაციებმა? საქსტატის ცნობით 2021 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ (დადებული ფსონების ჯამმა) 48 მილიარდ 86 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ეკონომიკის ბრუნვის (150 მილიარდ 415 მილიონი) 32%-ს უდრიდა. 2022 წელს მთლიანი ეკონომიკის ბრუნვა 179 მილიარდ 477 მილიონ ლარამდე გაიზარდა, აზარტული თამაშების 52 მილიარდ 596 მილიონამდე. შედარებით დაბალი ტემპით ზრდის გამო, მისი წილი მთლიან ბრუნვაში 29.3%-მდე შემცირდა. შეიძლება თუ არა წილი კლება წარმატებად მივიჩნიოთ? ნაკლებად, რადგან ჯერ ერთი წილი მხოლოდ მცირედით შემცირდა და ისიც დროებით. ჩაშლილი სტატისტიკა ურო საინტერესოა. პირველ კვარტალში, როდესაც შეზღუდვები მხოლოდ მარტში მოქმედებდა, წილი 30.4%-ს შეადგენდა, მეორეში 28%-მდე იყო შემცირებული, მესამეში უკვე 28.6%-მდე გაზრდილი, ხოლო მეოთხეში 30.2%-მდე.
რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალს, იანვარ-მარტში, აზარტული თამაშების ბრუნვის წილმა 32.3%-ს მიაღწია, რაც არათუ 2022 წლის, 2021 წლის მაჩვენებელსაც კი აღემატება.
2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2023 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბიზნესის ბრუნვა 53%-ითაა გაზრდილი, მხოლოდ აზარტული თამაშების კი 55%-ით.
ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს, რომ მკაცრი რეგულაციების გავლენა, უმნიშვნელო იყო და თანაც დროებითი. რა მოცულობამ გადაინაცვლა იატაკქვეშეთში და რა რეგულაციების გვერდის ავლით, ძირითადად კრიპტოვალუტის გამოყენებით საზღვარგარეთის ონლაინ კაზინოებში ამაზე სტატისტიკა არ საუბრობს და არც რაიმე სანდო კვლევა არსებობს. მართალია გარკვეულწილად აზარტული თამაშების ბრუნვის ზრდის ტემპი შემცირდა, მაგრამ უცნობია რის ხარჯზე, რადგან რეკლამასთან ერთად რეგულაციები სხვა მიმართულებითაც გამკაცრდა.
რა თქმა უნდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბრუნვა კი გაიზარდა, მაგრამ მოთამაშეთა რაოდენობა მაინც შემცირდა და ზრდა გაზრდილი ფსონების ხარჯზე მოხდა. ნაწილობრივ ეს ასეცაა, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ვისაც შეეზღუდა თამაში უფლება მათმა ნაწილმა სხვისი ანგარიშის გამოყენება დაიწყო.
ცალკე პრობლემაა აღსრულების ნაწილი, რეკლამების ხილვადობა საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ ნაწილობრივ შემცირდა. ის აღარაა ტელეეთერით, არც ქართულ საიტებზე, მაგრამ გვხდება Youtube-ზე, მათ შორის ქართულენოვანი კონტენტის ნახვისას.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ გაცხადებული მიზანი ვერ შესრულდა, პირიქით ინდუსტრიის ბრუნვა გაიზარდა და რეალურად ფინანსური დარტყმა რომელიმე კაზინოთა ქსელმა კი არა მედიამ მიიღო.