"არცერთი პოლიტიკოსი ქვეყნის ნებას არ წარმოადგენს" - პრეზიდენტის ინტერვიუ Українська правда-სთან
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Українська правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობისგან ორაზროვან სიგნალებს იღებს და შემდეგ ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა. მისივე თქმით, არცერთი ქართველი პოლიტიკოსი ქვეყნის ნებას არ წარმოადგენს.
უკრაინული მედიის მთავარი რედაქტორის, სევგილ მუსაიევის კითხვაზე იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველომ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი თქვა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:
“მგონი თქვენ გერევათ სიტყვა “საქართველო” და ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები. არც ერთი პოლიტიკოსი, საკუთარი სახით, ამ ქვეყანასა და ქვეყნის ნებას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით იმის წინააღმდეგ, რისი დემონსტრაციაც ხალხმა არაერთხელ მოახდინა.
ჩვენი ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ყველა ჩვენი პრეზიდენტი, რომლებიც გვყავდნენ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან, მხარს უჭერდნენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მუშაობდნენ ამ მიმართულებით. ასე რომ, არ არსებობს ერთი ადამიანი ან ხალხი, ვისაც ამის შეცვლა შეუძლია”.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის კურსი გაწერილია კონსტიტუციაში და თუ “ზოგიერთი ადამიანი” მას საკუთარი განცხადებებით ეწინააღმდეგება, ეს ქვეყნის შიდა პრობლემაა. მისივე განმარტებით, უკრაინა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წაიწევს უფრო მალე, ვიდრე საქართველო.
“დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამ მიმართულებით წინ წაიწევს, შესაძლოა, უფრო მალე – და ეს სწორია – ვიდრე საქართველო, იმის წყალობით, რისი ჩვენებაც ბოლო თვეებში შეძლო. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზე ვილნიუსის შემდეგ სამიტამდე. ვიმედოვნებ, ის შედგება, რადგან ეს NATO-ში ინტეგრაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება”. – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვას – რატომ არ ჩადის ზურაბიშვილი უკრაინაში, იმის ფონზე, რომ კიევს ბევრი დასავლელი ლიდერი სტუმრობს, საქართველოს პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
“მე ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ გადასცემთ ჩემს გზავნილს, შემიძლია ხვალვე ჩამოვიდე“.
უკრაინელი ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, თუ რატომ არ მიიწვია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზურაბიშვილი კიევში. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს “მისდამი პიროვნული დამოკიდებულება არაა” და უბრალოდ ეს ის არის, რასაც ამ ეტაპზე სამთავრობო წრეებს შორის “არც თუ ისე დამაკმაყოფილებელ” ურთიერთობებს ეძახიან.
“ამიტომ, რაღაც თვასაზრისით, მე ვგრძნობ ამ ყველაფრის შედეგებს, თუმცაღა მზად ვარ [ჩასასვლელად], და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე მოგვეცემა. ყირიმის პლატფორმაზე დასასწრებად მოწვევა ჯერ არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ეს ჯერ ორგანიზებული არაა”, – თქვა ზურაბიშვილმა.
ინტერვიუში საუბარი შეეხო ნიკა გვარამიას საკითხსაც. პრეზიდენტის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას და იმოქმედებს, როცა გადაწყვეტს.
“პრეზიდენტს არ შეუძლია შეწყალების აქტი გამოიყენოს ზეწოლის ქვეშ, რადგან ამ შემთხვევაში მასზე შეიძლება იქონიონ გავლენა შიგნიდან. ვფიქრობ, ამ დროისთვის, ჩვენთან 3000 პატიმარია. ნებისმიერ ადამიანს მათი ოჯახებიდან, მეგობრებიდან ან გავლენის მქონე ჯგუფებიდან შეუძლიათ ზეწოლის დაწყება. ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ [ამ პასუხისმგებლობის] შესაბამისად.
ჩემს თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მაშინ, როცა გადავწყვეტ ეს გავაკეთო [შევიწყალო] თუ არა. მაგრამ რაც უფრო ნაკლებია წნეხი გარედან, მით უკეთესია შეწყალებისთვის. ზეწოლა მოახდინო ხელისუფლებაზე, მოითხოვო პასუხი – ეს სულ სხვა საქმეა. თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება შეწყალებასთან დაკავშირებით – ნებისმიერი ქვეყნისთვის, პატარისთვის თუ დიდისთვის, მიუხედავად გამოყენებული კამპანიური მასშტაბისა – არ შეიძლება იყოს ზეწოლის საგანი. მე თავად ვიყავი ამ ჟურნალისტის დაუფიქრებელი სიტყვების სამიზნე, ის მხოლოდ ჟურნალისტი არ ყოფილა: ასევე, სხვადასხვა დროს იყო პროკურორი.” – ამბობს ზურაბიშვილი.
● პრეზიდენტის მიმართვა დამოუკიდებლობის დღეზე: საზოგადოება არ დათმობს ევროპულ არჩევანს. კიდევ რა თქვა ზურაბიშვილმა
● პრეზიდენტი “მილიონ ქართველზე”: ოცნების წევრები ტყუილად აპელირებენ რაღაც ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე
● “განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება” – საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, მარტის აქციების შემდეგ დაუახლოვდა თუ არა საქართველო ევროკავშირს, ზურაბიშვილმა უპასუხა:
“ვფიქრობ, რომ დიახ, გვქონდა შემაშფოთებელი ჟესტები ხელისუფლების მხრიდან, თუმცაღა, ვთვლი, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ეს ევროინტეგრაცია, კვლავ უკრაინის წყალობით, რაღაც რეალურად იქცა. აქამდე, გასულ წელს იყო მოძრაობა ევროპისკენ და ფაქტობრივად ჩვენ გავიარეთ ასოციაცია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.
ეს წინსვლა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მგონია, რომ უკრაინის ბრძოლამ და იმან, რაც უკრაინამ მიზანდასახულობის თვალსაზრისით აჩვენა, ევროკავშირის კარი გახსნა. და ის რაც იყო გრძელვადიანი პერსპექტივა, უცებ ხელმისაწვდომი გახდა.
ამიტომაა, რომ საქართველოს მოსახლეობას ასეთი ცოცხალი რეაქცია აქვს, როგორიც ქუჩებში ვნახეთ და რომელიც შეიძლება კვლავ ვნახოთ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ეს უკვე აქ არის და შეიძლება დავკარგოთ.”
პრეზიდენტის თქმით, მას ევროინტეგრაციის შესაძლებლობის დაკარგვა არ სურს იმის გამო, რომ გარკვეული პირები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
“მე არ მსურს ამის დაკარგვა იმის გამო, რომ ზოგიერთი ადამიანი არასწორ გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. აი, ასეთია პარადოქსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ”. – განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკრაინული მედიის მთავარმა რედაქტორმა, სევგილ მუსაიევამ ზურაბიშვილს ჰკითხა თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მორიგი ნაბიჯები. მან პრეზიდენტს ასევე ჰკითხა დაუდასტურებელი ცნობების შესახებ, რომელთა მიხედვითაც საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.
“ვფიქრობ, ბევრი ჭორია გავრცელებული. ვფიქრობ, რომ ძირითადად რუსეთმა იგრძნო, რომ არსებობს გარკვეული სივრცე მანევრირებისთვის და ახლა ისინი [ნიადაგს] სინჯავენ. ეს ტიპური რუსული ტაქტიკაა.
ისინი თქვენთან (უკრაინასთან) ომს აგებენ. ჩემი შეხედულებით, მათ უკვე წააგეს მრავალი მიზეზით: პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. ისინი ჯერ სრულად არ დამარცხებულან სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. სხვა გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არ არსებობს”. – თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ორაზროვან გზავნილებს უგზავნის, რის პასუხადაც რუსეთი ამოწმებს, რამდენად შორს შეეძლებათ წასვლა. ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობაში მიზანდასახულობის ნაკლებობაა და რუსეთი ნიადაგის მოსინჯვას აგრძელებს.
“ასე მოსინჯეს ნიადაგი ფრენების განახლებით და შესაძლოა იგივე ქნან სარკინიგზო მიმოსვლაზეც. ისინი სხვა რაღაცებსაც გამოცდიან. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ჩვენი მიზანდასახულობა”. – თქვა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და Українська правда-ს მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევი