უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი
საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის ბრუნვის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აღინიშნება როგორც თანხობრივი, ასევე წილობრივი მატება. შობადობის კლებისა და მასობრივი ემიგრაციის მიუხედავად, მიგრანტებად ქცეული რუსი ვიზიტორების ხარჯზე, გასულ წელს საქართველოს მოსახლეობაც კი გაიზარდა.
საგარეო ვაჭრობა
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რუსეთი როგორც ნაცნობი ბაზარი, საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა – 2006 წლის ემბარგომდე მისი წილი სავაჭრო ბრუნვაში სტაბილურად 15 პროცენტს აჭარბებდა, ემბარგოს შემდეგ 5 პროცენტს ჩამოსცდა. 2022-2023 წლებში კი ისევ გადააჭარბა 13 პროცენტს.
ომის დაწყების შემდეგ 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 54.4 პროცენტით გაიზარდა [მათ შორის ექსპორტი 3.2 პროცენტით და იმპორტი – 85.5-ით].
ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა, იმ განსხვავებით, რომ პირველ ოთხ თვეში ექსპორტიც მნიშვნელოვნად – 44.6 პროცენტით გაიზარდა, რასაც იმპორტის 54.2 პროცენტიანი ზრდა დაემატა. იანვარ-აპრილში მთელს მსოფლიოსთან სავაჭრო ბრუნვა 21.9 პროცენტითაა გაზრდილი (5 მილიარდ 254 მილიონი დოლარიდან 6 მილიარდ 493 მილიონამდეა) , ცალკე აღებულ რუსეთთან კი 51.4 პროცენტით (560 მლნ დოლარიდან $848 მლნ დოლარამდე).
ცალკე აღებულ ექსპორტში, რუსეთის წილი 2022 წლის იანვარ-აპრილში 9.9 პროცენტს შეადგენდა, 2023 წლის იანვარ-აპრილში კი 11.5 პროცენტს გაუტოლდა. სულ ოთხ თვეში, საქართველომ რუსეთში 226 მლნ-ის დოლარის პროდუქცია გაყიდა.
რუსეთში ექსპორტზე 11.5 პროცენტიანი დამოკიდებულება ზოგადად მცირე არაა, თუმცა არც განსაკუთრებულად დიდად მიიჩნევა.
პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ცალკეულ პროდუქციებს ვნახავთ ჩაშლილად – მაგალითად, ღვინის ექსპორტის 67 პროცენტი რუსეთზე მოდის, მინერალური წყლების – 57 პროცენტი და ფეროშენადნობის 53 პროცენტი ასევე ექსპორტზე რუსეთში გავიდა. fff1cc
ანუ ქართული ეკონომიკის ცალკეული, მნიშვნელოვანი დარგები, ისეთი როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები, ფეროშენადნობები კვლავ დიდწილად რუსულ ბაზარს მიება.
ემბარგოს მოხსნის შემდეგ 2013 წლიდან, ყველაზე მეტი ღვინო მართალია ისევ რუსეთში გადიოდა, მაგრამ ამ ზომის დამოკიდებულება მაინც არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2021 წელს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 55 პროცენტს შეადგენდა.
ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში იყიდება, ოღონდ სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფად, ან ბევრად უფრო იაფად. ოთხი თვის მონაცემებით ერთი ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი რუსეთში 2.75 დოლარს შეადგენდა, ევროკავშირში 3.16 დოლარს, შეერთებულ შტატებში კი 6.58 დოლარს. სხვაგან დსთ-შიც რუსეთის გამოკლებით – 3.08 დოლარს.
მსგავსი მასშტაბის დამოკიდებულება, სხვა თანაბარ პირობებში, არაოკუპანტ სახელმწიფოსთანაც კი რისკის შემცველია. რუსეთის შემთხვევაში, ეს რისკი, თუნდაც მხოლოდ 2006 წლის ემბარგოს გამოცდილების გათვალისწინებით, შეუდარებლად უფრო მაღალია.
როგორც 2022-ში, ასევე 2023-ში ექსპორტზე მეტად იმპორტი გაიზარდა, რაშიც გადამწყვეტი ფაქტორი რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლამ გამოიწვია. სანქციების გათვალისწინებით, რუსეთი იძულებულია თავის ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე — ენერგომატარებლებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება გასწიოს.
თუ რუსეთი ადრე საქართველოსთვის საწვავის რიგითი მომწოდებელი იყო, 2023 წლის იანვარ-აპრილში, მისი წილი ბენზინისა და დიზელის იმპორტში 85 პროცენტამდე გაიზარდა.
მკვეთრად, 116 პროცენტით 37 მლნ დოლარიდან 80 მლნ დოლარამდეა გაზრდილი ბუნებრივი გაზის იმპორტიც.
ეს მთლიანად კომერციული გაზი უნდა იყოს, რადგან მოსახლეობისა და თბოსადგურებისთვის ბუნებრივ გაზს საქართველო აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მსხვილ საწარმოებს კომერციული გაზის შესაძენად უფლება აქვთ ალტერნატიული მომწოდებელი თავად შეარჩიონ, ასეთი კი რეგიონში ერთადერთი რუსეთია.
საწვავისგან განსხვავებით, სხვა პროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა კვლავ ძალიან მაღალი 96 პროცენტიანი დამოკიდებულება ნარჩუნდება რუსეთის წილზე ფქვილისა და ხორბლის იმპორტში.
რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდის ფონზე, იანვარ-აპრილის მონაცემებით, მკვეთრად შემცირებულია ექსპორტი ჩინეთში (44 პროცენტით). ჩინეთი 2020-2022 წლებში საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილს იკავებდა, დღეს მეხუთეზეა.
ვარდნა ბევრად უფრო დრამატულია შეერთებულ შტატებში, სადაც ოთხ თვეში ექსპორტი 79 პროცენტით შემცირდა.
ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ – მხოლოდ 5.5 პროცენტით. და თანაც, თანხობრივი ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის წილი ექსპორტში 14.8 პროცენტამდე შემცირდა. თუკი ეს დინამიკა შემდეგ რვა თვეშიც შენარჩუნდა, მაშინ 1997 წლის შემდეგ ეს იქნება მინიმალური მაჩვენებელი.
გასათვალისწინებელის ისიც, რომ აშშ მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკაა, ჩინეთი მეორე, ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი – მესამე. ჯამში, სამივე ერთად, პლანეტის ეკონომიკის 60 პროცენტს აგენერირებს, 30-ჯერ მეტს ვიდრე ცალკე აღებული რუსეთი.
ტურიზმი/მიგრაცია
საგარეო ვაჭრობა ერთადერთი სფერო არაა, სადაც რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა. მზარდია რუსეთზე დამოკიდებულება ტურიზმის სეგმენტშიც. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტების ნაწილი მიგრანტი აღმოჩნდა და საქართველოში დარჩა, ეს თემა კიდევ უფრო საყურადღებოა.
2019 წელს რუსეთის მოქალაქეების წილი ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში 19 პროცენტს შეადგენდა, 2023 წელს 24.1 პროცენტია. გაიზარდა შემოსავალიც, რომელსაც რუსი ვიზიტორები საქართველოში ტოვებენ – თუ შემოსავლების მიხედვით დავითვლით, რუსეთის წილი 2019-დან 2023 წლამდე 23.7 პროცენტიდან 33.5 პროცენტამდე გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წელს მიგრაციულმა სალდომ რუსეთიდან 56 ათასს გადააჭარბა, რაც საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი მიგრაციული სალდოსა და უარყოფითი ბუნებრივი მატების მიუხედავად მოსახლეობის ზრდის უმთავრესი განმაპირობებელი მიზეზი გახდა.
მიგრაციამ გავლენა უძრავი ქონების ბაზარზეც იქონია.
15 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა 8249 ბინა, 3958 მიწის ნაკვეთი 766 არასაცხოვრებელი და 178 კომერციული ფართი შეიძინეს.
19 მაისიდან, თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. დამატებითი შესაძლებლობის გაჩენა ვიზიტორთა რაოდენობას ზრდისკენ უბიძგებს, მაგრამ შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა თუ რა ოდენობით.
ფულადი გზავნილები
საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღარიბი ქვეყნის ეკონომიკაში, ფულადი გზავნილები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა. წლიდან წლამდე ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდებოდა, იცვლებოდა მისი სტრუქტურაც. თუ 2012 წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 56 პროცენტს შეადგენდა, 2021 წელს 18 პროცენტამდე იყო შემცირებული. 2022 წელს 47 პროცენტამდე, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 54 პროცენტამდე გაიზარდა.
2022 წელს 2021 წელთან შედარებით ფულადი გზავნილების სახით ქვეყანაში ჯამში 2 მილიარდი დოლარით მეტი 4 მილიარდ 372 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.
ზრდის ტემპი 2023 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა ქვეყანაში თანხა ნაღდი ფულის სახით შემოიტანა. ლარი გამყარების უმთავრესი მიზეზიც რუსეთიდან გაზრდილი ფულადი ნაკადები გახდა და რომ არა ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესავსებად ერთი მილიარდ დოლარზე მეტის შესყიდვა, დოლარის ღირებულება ახლა ბევრად უფრო დაბალი იქნებოდა.
რისკები და შესაძლებლობები
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა, მათ შორის ფრენების აღდგენაზე დათანხმება, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების მიუხედავად, პირდაპირი გაგებით სანქციების დარღვევას არ ნიშნავს.
თუ ექსპორტის სტატისტიკას ჩაშლილად ვნახავთ, მასში 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, სანქცირებულ პროდუქციას ვერ აღმოვაჩენთ, მსგავსი ფაქტი ლარსის საბაჟოზე არ დადასტურებულა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დარღვევის კონკრეტული ფაქტი ამ დრომდე არ გამოვლენილა, რისკები მზარდია. ევროკავშირი სანქცირების მე-11 პაკეტზე მუშაობს, რომლის მიზანსაც არსებული ხვრელების ამოვსება და შემოვლითი გზების გადაკეტვა წარმოადგენს.
გარკვეული საყურადღებო სიგნალები ამ მიმართულებით დასავლეთიდან საქართველოს მიმართულებითაც მოდის.
გავლენიანი ამერიკული გამოცემის Politico-ს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ რუსეთმა მიკროჩიპებისა და ელექტრომოწყობილობების იმპორტის ომამდელ ნიშნულამდე აღადგენა მოახერხა. იმავე თემაზე საუბრისას, ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველო, სომხეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყაზახეთი „სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნის.“
ეს ჯერ კიდევ არაა ოფიციალური ბრალდება, მაგრამ შეიძლება ერთგვარ გაფრთხილების ნიშნებს შეიცავდეს.
საერთაშორისო მედიაში: The New York Times, CNBC მსგავსი ბრალდებები ადრეც გაჟღერებულა, მაგრამ მაშინ დასკვნები სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და ლარსზე არსებულ სატვირთოების რიგებს ემყარებოდა. მხოლოდ ეს მონაცემები (არასანქცირებული პროდუქციის ექსპორტის ზრდა) ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან რაიმე მძიმე გადაწყვეტილების მიზეზი ვერ გახდებოდა.
დასავლეთის მხრიდან პირდაპირი დასანქცირების გაზრდილი საფრთხის გარდა, არსებობს პოლიტიკური ფაქტორებიც, სადაც საქართველოს იმიჯი ილახება.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს იმიჯი “ქართული ოცნებისთვის” არც თუ ის მნიშვნელოვანია. რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებზე ზრუნვით ხსნის და პროპაგანდისტული არხების მეშვეობით ავრცელებს ნარატივს, რომ დასავლეთს ომში ჩართვა უნდა. ასევე, მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე საქართველოს ეკონომიკას გაუჭირდება.
მაგალითად, “ქართულ ოცნებას”, სოციალურ ქსელში, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ციტატა ჰქონდა დასპონსორებული. კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა დღეს არსებული 10 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, 10-18 პროცენტით შემცირდება.
დაშვების დონეზე, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების სრული გაწყვეტა, ეკონომიკური ზრდის ტემპს ნამდვილად შეამცირებდა. ზუსტად რამდენით რთული სათქმელია. 2009 წელს, ომის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, საქართველოში 3.7 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა, 2020 წელს პანდემიის დროს, როდესაც პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერდა 6.8 პროცენტიანი ვარდნა. უფრო ადრე 2006-2007 წლების ემბარგოს პერიოდს საქართველო უფრო მარტივად გაუმკლავდა, ალტერნატიული ბაზრები იპოვა და 2007 წელს ეკონომიკური ზრდის რეკორდიც კი მოხსნა. (12.6-იანი ზრდა, რომელიც 2007 წელს დაფიქსირდა, 16 წლის შემდეგაც რეკორდულად რჩება). დღეს გლობალური ზრდა შენელებულია და იგივეს გამეორება გაჭირდებოდა, თუმცა 10 და 18 პროცენტიანი ვარდნის სცენარიც არარეალისტურად გამოიყურება.
ტერიტორიული სიახლოვე და ნაცნობი ბაზარი ფაქტობრივი გარემოებებია რომლებიც მუშაობს, მაგრამ ასევე ფაქტია ისიც, რომ რუსეთის ეკონომიკა პლანეტის ეკონომიკის ორ პროცენტზე ნაკლებია. რუსეთზე პოლიტიკურად/ეკონომიკურად დამოკიდებული ერთი ქვეყანაც არაა მდიდარი და განვითარებული, ხოლო რუსეთისგან დისტანცირებული სახელმწიფოები – რამდენიც გინდათ.
უსაფუძვლოა იმის შიშიც, რომ თუ რუსეთმა საქართველოში ექსპორტი აკრძალა, პური და ბენზინი გათავდება – მათ სხვა ქვეყნიდან შემოიტანენ, ფასი კი გაიზრდება, მაგრამ დეფიციტის საფრთხე ფაქტობრივად გამორიცხულია. ბუნებრივი გაზის ძირითად მომწოდებლადაც საქართველოსთვის აზერბაიჯანი რჩება.
იმპორტისგან განსხვავებით, ექსპორტის ჩანაცვლება ბევრად უფრო რთულია და მეტ დროს მოითხოვს. რუსეთისთვის, სურვილის შემთხვევაში, ემბარგოს საბაბის პოვნა მარტივია – ხელახალი ემბარგოს შემთხვევაში მთავრობას სუბსიდიის გაზრდა, ან უკმაყოფილო მევენახეების პროტესტის ატანა მოუწევს.
შესაბამისად, ყოველგვარი ემოციური ფონის გარეშეც, რაციონალური გათვლებით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა გრძელვადიან პერიოდში სიღარიბეში ჩარჩენას ნიშნავს.