შეძლებს თუ არა უკრაინა ბახმუტის დაბრუნებას და როგორ იმოქმედებს ქალაქისთვის ბრძოლები ომის მიმდინარეობაზე?
ვინ აკონტროლებს ბახმუტს
კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებენ, რომ ბახმუტს აიღეს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ამას კატეგორიულად უარყოფენ. ქალაქში ვითარება კრიტიკულია – ბახმუტის უკრაინელი დამცველები საარტილერიო ცეცხლისა და მძლავრი აფეთქებების შესახებ იუწყებიან.
ბახმუტისთვის ბრძოლა თითქმის ერთი წელია გრძელდება. ქალაქი უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
რატომ არის ვითარება ასეთი დაძაბული აღმოსავლეთ უკრაინის აქამდე ნაკლებად ცნობილ რეგიონში, რომლის კონტროლიც, სამხედრო ექსპერტების უმეტესობის აზრით, დიდ დივიდენდებს არ მისცემს არც ერთ მხარეს?
რუსული გზავნილები
პრიგოჟინი პირველი იყო, რომელმაც ქალაქის აღების შესახებ განაცხადა 21 მაისს დილით, შემდეგ იყო განცხადებები “ბახმუტის გათავისუფლების” შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კრემლისგან.
„ვლადიმირ პუტინი ულოცავს “ვაგნერის” სამხედროებს, ისევე როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც უზრუნველყვეს საჭირო მხარდაჭერა ფლანგებიდან. ყველა, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბრძოლაში, დაჯილდოვდება სახელმწიფო ჯილდოებით“, – აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.
- ჰოთ-დოგების გაყიდვიდან ბახმუტთან ბრძოლებამდე – პუტინის “მზარეულის”, ევგენი პრიგოჟინის პორტრეტი
- ლავროვის შვილი საქართველოშია? პროტესტი ყვარლის ტბასთან რუსული ქორწლის გამო
უკრაინული გზავნილები
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიაში, ჰიროსიმაში, G7-ის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განმარტა, რომ მისმა ფორმულირებამ, მათ შორის იმ სიტყვებმა, რომ ბახმუტი „ჩვენს გულებში რჩება“, ვიღაცეებმა მიიღეს ისე, თითქოს პრეზიდენტმა ბახმუტის დაცემა დაადასტურა. თუმცა, ზელენსკის თქმით, ბახმუტში სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
ზელენსკიმ ჰიროსიმა ბახმუტს შეადარა: „რაც მოხდა ჰიროსიმაში და ის ნგრევა, რაც გვაქვს ბახმუტში, ღიად ვიტყვი, რომ ერთმანეთს ჰგავს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ახერხებენ პოზიციების შენარჩუნებას ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები.
ჩერევატიმ ასევე დასძინა: „რუსეთი ბახმუტს ზედმეტ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. ქალაქი დანგრეულია, მას არავითარი სამხედრო და თუნდაც პოლიტიკური სარგებელი არ მოაქვს“.
- ერთი წელი ემიგრაციაში. როგორ მოეწყვნენ საქართველოში და რას აპირებენ ემიგრანტი რუსები
- თბილისის ანტირუსულმა აქციებმა სოხუმსა და ცხინვალში „მეორე ფრონტის“ შიში გააჩინა. ხელისუფლების რეაქცია
- ევროპაში რუსული პროპაგანდა აკრძალულია, მაგრამ ასობით კლონი წარმატებით აგრძელებს მუშაობას
“ბახმუტისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა”, – თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ.
ბახმუტი უკრაინაში ომის სიმბოლოდ იქცა
ქალაქი დაბლობზეა, ბორცვების მახლობლად, რომლებიც ქმნიან ბუნებრივ თავდაცვით ხაზს უკრაინული ძალებისთვის. ომამდე ბახმუტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი იყო, მაგრამ 2022 წლის ზაფხულში ბახმუტის გავლით გზებმა დაკარგეს თავდაცვითი მნიშვნელობა.
2022 წლის ზაფხული
„2022 წლის ზაფხულში ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის დატოვების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მათ აღარ უნდა დაკარგონ არც ერთი ქალაქი“, – წერს Meduza.
პირველად რუსული ძალები ბახმუტს 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში მიუახლოვდნენ, მაგრამ ოქტომბრამდე მისი შტურმის რეალური მცდელობა არ ყოფილა. შემოდგომაზე “ვაგნერის” დაქირავებულთა რაზმები ქალაქს მიუახლოვდნენ. გარეუბანში ბრძოლები დეკემბრამდე გაგრძელდა.
2022 წლის დეკემბერი
წლის ბოლოს, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების პატიმრები “ვაგნერს” შეუერთდნენ და მათ მასიურად დაიწყეს ჩასვლა ფრონტის ხაზზე. შედეგად, ვაგნერმა რამდენიმე გარღვევა მოახერხა.
ზამთარი 2023
რუსებმა სოლედარი აიღეს 11 იანვარს. 2023 წლის თებერვალში, დაქირავებულებმა შეძლეს ბახმუტის გვერდის ავლით ორი მხრიდან – დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეტევა – არსებობდა ქალაქის ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე.
უკრაინის სარდლობის წინაშე დადგა ჯარების ქალაქიდან გაყვანის საკითხი, მაგრამ კიევმა ეს არ გააკეთა, პრიქით – მათ დიდი რეზერვები გადაისროლეს ბახმუტში და უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს ქალაქის ალყაში მოქცევის თავიდან აცილება.
თუმცა, ფრონტის ამ ხაზის საფუძვლიანი მომარაგების აღდგენა ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ქალაქის დამცველი დაჯგუფების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება.
2023 წლის გაზაფხული
უკრაინელთა მსხვერპლი ბახმუტში იმდენად დიდი იყო, რომ პენტაგონის გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ურჩია უკრაინას დაეტოვებინათ ქალაქი. თუმცა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ისევე როგორც უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ, კატეგორიულად უარყო მსგავი შესაძლებლობა.
გაცილებით დიდი დანაკარგები ჰქონდა “ვაგნერს”, თუმცა როგორც ჩანს, ქალაქის აღება პირდად პრიგოჟინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მაისი-2023
შედეგად, მიუხედავად პრიგოჟინის საჯარო პრეტენზიებისა საბრძოლო მასალის ნაკლებობის შესახებ, მაისში მისმა არტილერიამ გაანადგურა მაღლივი შენობების რამდენიმე ბლოკი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იბრძოდნენ.
რატომ არიან უკრაინელები და რუსები მზად ბახმუტისთვის ყველაფრის გასაღებად?
როგორც უკრაინელმა, ისე რუსმა სამხედროებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მთავარი მიზანი არ არის თავად ქალაქი, არამედ ეს არის მტრის ძალების “გამოფიტვის” მცდელობა. თუ ვინ მიუახლოვდა ამ მიზანს უფრო მეტად, ამის გაგება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
სამხედრო ანალიტიკოსებმა და ზოგიერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადეს, რომ ბახმუტში მათი გამძლეობა ემსახურება ორ სტრატეგიულ მიზანს, რომლებიც დაკავშირებულია მოსალოდნელ კონტრშეტევასთან: რუსული ძალების დასუსტება და რუსი მეთაურების იძულება, გადაიყვანონ ჯარები ფრონტის სხვა ხაზებიდან.
შეუძლიათ თუ არა უკრაინულ ძალებს ბახმუტის აღება?
თეორიულად კი.
2023 წლის მაისის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს შეტევები ბახმუტის მახლობლად ფრონტის მთელ ხაზზე. ამ დროისთვის “ვაგნერის” დაქირავებულებმა დატოვეს ეს ტერიტორიები და რუსულმა ქვედანაყოფებმა, რომლებმაც ისინი შეცვალეს, სწრაფად დაიხიეს უკან.
რუსეთის ძალებს ახლა შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნათ თავდაცვაში. თუ “ვაგნერის” რაზმები დატოვებენ ბახმუტს, როგორც პრიგოჟინი ირწმუნება, რამდენიმე ათეული კილომეტრის ფრონტის ხაზი უნდა დაიფაროს რუსული არმიის ახალი რეზერვებით. უფრო მეტიც, საჭირო იქნება გამოცდილი საჯარისო ნაწილები, რადგან მობილიზებულებმა და მოხალისეებმა ამოცანებს ვერ გაართვეს თავი.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ “ვაგნერი” ტერიტორიაზე დარჩეს, თუ მისი ძველი კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მოგვარდება.