საქართველოში გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოსტი აშშ-ს მოქალაქემ დაიკავა
საქართველოში ახალი ინსტიტუტი იქმნება – გარემოსდაცვითი ომბუდსმენი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვწამს, რომ მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას არ აქვს ალტერნატივა. საქართველოსთვის ეს არის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია“, – განაცხადა ბახტაძემ.
ახალი ინსტიტუტი
როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც საკითხების განმხილველი საბჭო ეყოლება, რომელიც აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებს იმსჯელებს.
ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში, გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.
გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი არაერთ განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის, უნგრეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში არსებობს. ამ ინსტიტუტის დანერგვაზე აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები.
„ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი, რათა დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას – ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოსდაცვითი პრინციპების და ინტერესების იგნორირებამ ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა და ჩვენ ამ შედეგებს ვებრძვით. საჭიროა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რაშიც ჩართული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე, სამოქალაქო
საზოგადოება და ამ საქმიანობით დაკავებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია”, – განაცხადა პრემიერმა.
დევიდ მორისონი – პირველი გარემოს დაცვის ომბუდსმენი
საქართველოს პრემიერმინისტრმა ახალ თანამდებობაზე აშშ-ის მოქალაქე დევიდ მორისონი წარადგინა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევიდ მორისონი გარემოსდაცვით საზოგადოებაში ძალიან ცნობილი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) ხელმძღვანელობდა.
„დევიდი ითანამშრომლებს ყველასთან – სამთავრობო უწყებებთან, საქართველოს პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი საქმიანობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
განათლებით იურისტი მორისონი საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს.
იგი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). საქართველოს მთავრობის ინფრომაციით, ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.
პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები.
«თქვენ იცით, რომ პროფესიით იურისტი ვარ. დღეიდან საქართველოს გარემო ჩემი კლიენტი იქნება და მე მის ინტერესებს დავიცავ», – განაცხადა წარდგენაზე დევიდ მორისონმა.
გარემოს მდგომარეობა საქართველოში
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც 2019 წლის იანვარში ჩატარდა, მოსახლეობამ გარემოს დაბინძურება რიგით მეორე ადგილობრივ პრობლემად დაასახელა (რომელიც ადამიანებს უშუალოდ საკუთარ ქალაქში ან სოფელში აწუხებთ). ეს საკითხი მთავარ პრობლემად გამოკითხულთა 22 პროცენტმა დაასახელა.
2016 წელს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100 ათას მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება (2012 წლის მონაცემებით).
2016 წელს კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, ამერიკულმა “ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტმა”, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მესამე ადგილზეა.