აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა
აგვისტოს ომის საქმე
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთი არ აღიარებს.
საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და “ბუფერულ ზონაში” მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ.
დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას. ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის გადასახდელად ჯამში 129 827 500 ევრო დააკისრა.
კომპენსაცია სხვადასხვა დარღვევებზე განაწილდა:
- სტრასბურგის გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა მომდევნო სამ თვეში საქართველოსთვის 3 250 000 მილიონი ევროს გადახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებსა და “ბუფერულ ზონაში” მოქალაქეების დახოცვის ადმინისტრაციული პრაქტიკისა და მკვლელობების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამ ყველაფრის მსხვერპლი, სულ მცირე, 50 ადამიანი იყო.
- რუსეთს დაეკისრა 2 697 500 ევროს მომდევნო სამ თვეში გადახდა, სულ მცირე 166 დაზარალებულისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის გამო, რაც მოიცავდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, უკანონო დაკავებებს, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფებში ხდებოდა, 2008 წლის 10-27 აგვისტოს შუალედში.
- რუსეთს დაეკისრა საქართველოსთვის მომდევნო სამ თვეში 640 000 ევროს გადახდა სულ მცირე 16 დაზარალებულის გამო, რომლებსაც ზიანი მიადგათ ცხინვალის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველი ომის ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად, 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში.
- რუსეთს დაეკისრა საქართველოსთვის მომდევნო სამ თვეში 115 000 000 ევროს გადახდა სულ მცირე 23 000 დაზარალებულისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებაში ხელის შეშლის გამო.
- რუსეთს დაეკისრა საქართველოსთვის მომდევნო სამ თვეში 8 240 000 ევროს გადახდა იმ ზარალის გამო, რაც მიადგა სულ მცირე 412 ადამიანს, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ომის აქტიური ფაზის პერიოდის სიკვდილის შემთხვევების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად.
● ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა. რას ნიშნავს ეს? შეფასებები
● ჰააგამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით 3 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა
● სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასული წლის 19 დეკემბერს დაასრულა აგვისტოს ომის პერიოდში (2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით) ჩადენილი დანაშაულების შესწავლა ადამიანურობისა და ომის დანაშაულების კონტექსტში.
საქმის პროკურორმა კარიმ ხანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გამოძიების ფაზის დასრულების შესახებ ჰააგის სასამართლოს 20-წლიან ისტორიაში პირველად იქნა მიღებული. პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიებისას მისმა ოფისმა შეისწავლა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც კონფლიქტის მხარეებმა წარადგინეს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.
მანამდე, 2022 წლის ზაფხულში, ჰააგის სასამართლომ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი თანამდებობის პირის დაკავების ორდერი გასცა, რადგან გამოიკვეთა მათი ბრალეულობა ადამიანურობისა და ომის დანაშაულების კონტექსტში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) თანახმად, ეს პირები სავარაუდოდ პასუხისმგებელნი არიან თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანის ღირსების შელახვაზე, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გადაადგილებაზე.
2021 წლის 21 იანვარს კი ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა აგვისტოს ომის საქმეზე. სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების დაწვა და განადგურება.