სამუშაო შშმ ადამიანებისთვის. ფოტორეპორტაჟი სომხეთის ძვრი, მაგრამ პოპულარული კაფედან
გიუმრიში, სომხეთის მეორე ქალაქში, ცენტრალური მოედნის მახლობლად ერთ წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის წინათ გაჩნდა კაფე, რომელსაც „არეგაკი“ („მზე“) ჰქვია.
დაუნის სინდრომისა და აუტიზმის, სმენისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პრობლემების მქონე ადამიანები მუშაობენ. ისინი პურისა და ფუნთუშების ნაირსახეობებს, კრუასანებს, სენდვიჩებს და ყავის სხვადასხვა სახეობას ამზადებენ და მომსვლელებს თავადვე ართმევენ.
მათთან ერთად ოთხი ისეთი დედაც მუშაობს, რომლებსაც შშმ შვილები ჰყავთ.
• მხოლოდ ქალებისთვის – როგორ აამოქმედეს სომხეთში „სოციალური ბიზნესი“
• სომხეთის ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯები
სომხეთში ინკლუზიური კაფე „არეგაკის“ შესახებ ბევრმა იცის. აქ ყავის დასალევად ბევრი რიგითი და ცნობილი ადამიანი, ასევე – სხვადასხვა ქვეყნის ელჩი დადის. ზოგი აქ იმისთვის მოდის, რომ ამგვარი კაფეს არსებობაში დარწმუნდეს, ვიღაც – დასახმარებლად, ზოგი კი – უბრალოდ ნაცნობებისგან ნაქები მენიუს დასაგემოვნებლად.
კაფეს თანამშრომლები – საკუთარი თავისა და მეგობრების შესახებ
მიკაელს დაუნის სინდრომი აქვს, ის მცხობელის თანაშემწეა. ტრაბახობს, რომ ვარსკვლავი გახდა, მასთან ერთად ყველას ფოტოს გადაღება სურს, დარწმუნებულია, რომ მალე ავტოგრაფებსაც გამოართმევენ.
ის 22 წლისაა. დიდხანს ოცნებობდა, რომ სადმე ემუშავა. ოცნება რომ ასრულებოდა, მაჯაზე წითელი ძაფი შეიბა. რადგანაც ამ ძაფმა გაჭრა, ახალი გაიკეთა – სხვა ოცნების ასასრულებლად. ახლა მას ოჯახის შექმნა სურს:
„როდესაც ოჯახი მეყოლება, ჩემს შვილს აქ მოვიყვან. ახალშობილის დაბადებას და მამობას მომილოცავენ. შემდეგ კი, ბავშვი რომ წამოიზრდება, მე მას პურის ცხობას ვასწავლი“.
ბარმენის თანაშემწე ოვანესს – ასევე დაუნის სინდრომი აქვს. იმ დღეს, როდესაც ჩვენ კაფეში მივედით, ის ძალიან აღელვებული იყო. მისმა მეგობრებმა გვიამბეს, რომ ოვანესი, საერთოდ, მომღიმარი და კეთილმოსურნე ადამიანია, მაგრამ ყოველთვიურად, როდესაც ხელფასის მიღების საბუთს ხელს აწერს, ასეთ მდგომარეობაში ვარდება.
„ყოველ ჯერზე თვალებზე ცრემლი მადგება და ტირილს ვიწყებ. ამ საბუთს ხელი პირველად რომ მოვაწერე, მუხლებზე დავეცი და ქვითინი დავიწყე. შემდეგ კი აქ ჩემი დაბადების დღე აღვნიშნეთ, და სანთლები ჩავაქრე“, – ჰყვება ოვანესი და თავის საუკეთესო მეგობარს ბარმენ რამზიკს ეხვევა.
„შშმ ადამიანები ძალიან ამაღელვებელი და მოწყვლადები არიან. როდესაც მათთან ერთად მუშაობ, მათ ყოველთვის უნდა უღიმოდე, მუშაობის დროს არ უნდა გაუბრაზდე. თუმცა, მათზე გაბრაზება არც შეიძლება – ისინი მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევენ“, – ამბობს რამზიკი და უფრო მაგრად ეხვევა ოვანესს.
„ჩემს შვილი უკვე 18 წელიწადია ინვალიდია. წარმოდგენა მქონდა, თუ სად მივდიოდი სამუშაოდ. მაგრამ სახლში მხოლოდ შენს შვილთან გაქვს საქმე, აქ კი ასეთი რამდენიმეა. მათთან მუშაობაა საჭირო. ძალიან ძნელია, მაგრამ ამავდროულად – სასიამოვნოც, როდესაც ხვდები, თუ დღეისთვის რა შედეგს მივაღწიეთ“, – ამბობს ანაიტი და მორიგ კრუასანს ახვევს.
საცხობის სისუფთავეზე პასუხისმგებელი ანუში საკუთარ დაკვირვებებს გვიზიარებს:
„ზოგიერთ მომსვლელს ჰგონია, რომ აქ ინვალიდობის მქონე ადამიანების ნაცვლად სხვები მუშაობენ. მაგრამ შემდეგ, როდესაც ისინი უკვე აქ აღმოჩნდებიან და ხედავენ, რომ ყველაფერს თავად ვაკეთებთ, ძალიან უკვირთ“.
როგორ გაჩნდა „არეგაკი“
ეს გიუმრიში უკვე მეორე „არეგაკია“. თავიდან, 2008 წელს შეიქმნა „ემილი არეგაკი“(ემილის მზე) – შშმ ადამიანების მხარდამჭერი რესურს-ცენტრი. ის ორგანიზაციების – „სომხური კარიტასის“ და „ავსტრიის კარიტასის“ მხარდაჭერით დაარსდა.
დღის ამ ცენტრში 70 შშმ ბავშვი დადის. ყველაზე პატარები 2 წლის არიან, ყველაზე უფროსები კი – 18-ის. მათ ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარებიან. ისინი იღებენ ფიზიოთერაპიულ, სამეტყველო, მუსიკალურ, ფსიქოლოგიურ დახმარებას და გადიან არტ-თერაპიას.
ცენტრის მიზანია საკუთარი აღსაზრდელები უფრო დამოუკიდებლებად და შრომისუნარიანებად აქციოს. აქ ასევე ბავშვების კვებაზე, ჰიგიენასა და პირველადი საჭიროების წამლებზე ზრუნავენ.
2016 წელს კი, რესურს-ცენტრის „ემილი არეგაკის“ ინიციატივით, შეიქმნა კაფე და საცხობი „არეგაკი“. საქმე ისაა, რომ როდესაც ცენტრის აღსაზრდელებს 18 წელი უსრულდებათ, მათ იქ სიარული უკვე აღარ შეუძლიათ. და ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ანგარიშით, ისინი სახლიდან გასვლისა და ვინმესთან ურთიერთობის შესაძლებლობას თითქმის კარგავენ:
„რასაკვირველია, რაღაცის გაკეთებას ვცდილობდით, რომ ცენტრის ის აღსაზრდელები, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ, სამუშაოთი უზრუნველგვეყო ჩვენს ცენტრშივე, თუმცა ყველას ჩართვას ვერ ვახერხებდით.
„ევროკავშირმა გამოაცხადა კონკურსი გრანტზე, რომელიც სოციალური მეწარმეობის განხორციელებისთვის ეძლევათ. გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმეში ჩვენი 18 წლის აღსაზრდელები ჩაგვერთო და მათთვის კაფე-საცხობი „არეგაკი“ დავაარსეთ. ვიყიდეთ ცენტრ „ემილი არეგაკის“ მახლობლად დიდ ბაღი, სამუშაოსთვის საჭირო ინტრუმენტები და ჩვენი საქმე წამოვიწყეთ“, – ჰყვება პროექტის ხელმძღვანელი ტიგრანუი აკოპიანი.
ბოლო დროს სომხეთში ბევრი სოციალური საწარმო გაიხსნა. თუკი ჩვეულებრივი საწარმოები საკუთარ წარმატებას შემოსავლის დონით აფასებენ, ამ შემთხვევაში, ეფექტურობის მაჩვენებელს გადაწყვეტილი სოციალური პრობლემები წარმოადგენს. სოციალური საწარმოსთვის შემოსავალი ასევე მნიშვნელოვანია. მისი 50 პროცენტი ბიზნესის განვითარებასა და დახვეწას ხმარდება, მეორე ნახევარი – სოციალური პრობლემების მოგვარებას.
„ჩვენთან ბავშვები მოდიან, საუზმეს ყიდულობენ და სკოლაში თან მიაქვთ, ახალგაზრდები – ყავის დასალევად დადიან, უფროსები სახლისთვის პურს იძენენ. თავიდან მომსვლელებს შედარებით მაღალი ფასები აფრთხობდათ, მაგრამ შემდეგ ადამიანები მიხვდნენ, რომ ფულს ბუნებრივ ნედლეულსა და მაღალ ხარისხში იხდიან“, – ამბობს კაფე „არეგაკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ასმიკ ტოპალიანი.
მაგრამ მომსვლელები კაფეში მხოლოდ ხარისხისა და გემრიელი საჭმლის გამო არ დადიან.
„აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც თავი საზოგადების სრულფასოვან წევრებად უნდა იგრძნონ. მე დიდი სიამოვნებით ვიძენ საცხობის ნაწარმს. ამ საქმის წარმატებაში ჩემი წვლილი მინდა შევიტანო“, – ამბობს ბაბუა სტიოპა გიუმრიდან.
„მე და ჩემი დაქალი მოვედით, როდესაც გავიგეთ, თუ ვინ მუშაობს აქ. სწორედ ამიტომ მოვედით. მოგვწონს, რომ ამ ადამიანებს იზოლაციაში კი არ ამყოფებენ, არამედ პირიქით – ბიზნესში ჩართეს“, – აღიარებენ ანი და სიუზი.
„სომხეთში საკუთარი საცხობის მქონე კაფე ბევრი არ არის. იდეა ძალიან კარგია, აქ თბილი და სასიამოვნო ატმოსფეროა“, – დასძენს პერჩი გვერდითა მაგიდიდან.
„ამ კაფეს შესახებ ახალი ამბებიდან შევიტყვე. აქაური ყავა გავსინჯე – და ახლა მუდმივად დავდივარ. პერსონალი ძალიან კეთილმოსურნეა, მომსვლელებს მუდამ ღიმილით ეგებებიან. ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც გიუმრიში საგანგებოდ ჩამოდიან, რათა დრო ამ კაფეში გაატარონ“, – ამბობს ვანაძორიდან ჩამოსული ივანი.
აქ ხშირად ტყდება ჭურჭელი
„ყოფილა, რომ ყავა ჩვენ თვითონაც გადაგვისხამს და სტუმრისთვისაც დაგვისხამს“, – ღიმილით ჰყვება პროექტის ხელმძღვანელი ტიგრანიუი აკოპიანი.
მისი თქმით, სამუშაომ რამდენიმე თვის განმავლობაში ისიც ცხდყო, თუ რამდენად პასუხისმგებლიანები არიან შშმ ადამიანები.
სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, შშმ ადამიანებმა 4 საათზე მეტ ხანს არ უნდა იმუშაონ, მაგრამ ბევრს „არეგაკში“ უფრო დიდხანს დარჩენა თავად სურს. მოცემულ მომენტში კაფე-საცხობში 20 ადამიანი მუშაობს, საშუალო ხელფასი -100 000 დრამია (205 დოლარი).
მოგება თანდათან იზრდება, და პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მალე კაფეს გაფართოებაზე დაიწყებენ ფიქრს.