სამსახური პოლონეთში - ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
ქუთაისის აეროპორტში, ვროცლავის რეისზე ჩასხდომის წინ, დასავლეთ საქართველოს ყველა კილო ისმის.
ასაკოვან კაცს მეგობრები უხსნიან, როგორ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და საპასპორტო კონტროლი. გვერდით მოდის მამაკაცი, რომელსაც ნივთები ჩანთის ნაცვლად ცელოფნის პარკში უწყვია.
მამაკაცების ჯგუფი – შესახედავად სოფლის მაცხოვრებლები, დუტი-ფრის ზონაში, ძვირიან კაფეში ვახშმობს. ერთ-ერთი მგზავრი ტელეფონზე საუბრობს და თანამოსაუბრეს უყვება, რომ ღამეს ვროცლავის აეროპორტში გაათევს და სამსახურის ძებნას შემდეგ შეუდგება.
საქართველოს მოქალაქეთა პოლონეთში შრომითი მიგრაცია ერთი შეხედვით ასე გამოიყურება.
• ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები უფრო მეტ ფულს აგზავნიან საქართველოში, ვიდრე რუსეთში დასაქმებულები
• თავშესაფრისთვის ევროპაში – რა ემუქრება უვიზო რეჟიმს
• ბურები, რომლებმაც ქართულ სოფელში სამშობლო იპოვეს
64 წლის გურამ ჯოჯუა მარტვილის რაიონის სოფელ ტალერიდანაა. ვროცლავში ისიც ქუთაისიდან, ტურისტად ჩამოვიდა. თუმცა ამ ლამაზი ევროპული ქალაქის ღირსშესანიშნაობები მას ნაკლებად აინტერესებს, იგი აქ სამსახურს ეძებს.
გურამს სოფელში 900 ძირი თხილი აქვს. თუმცა მოსავალი მთლიანად ფაროსანამ გაუნადგურა და ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე დარჩა. სამსახური პოლონეთში, თუნდაც დროებითი, მისი ერთადერთი იმედია.
მით უმეტეს, რომ გურამის სიძე უკვე წელიწადია ვროცლავშია და ავეჯის საწარმოში მუშაობს. “დარწმუნებული ვარ, დამეხმარებიან და დამასაქმებენ”, – ამბობს გურამი.
რატომ პოლონეთი?
ბოლო ორი წლის განმავლობაში – მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, პოლონეთი საქართველოდან შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა.
სხვა ქვეყნებისგან, სადაც საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ მიემგზავრებიან, პოლონეთს ის განასხვავებს, რომ ამ ქვეყანაში სამსახური ლეგალურია. პოსტსაბჭოთა ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, მოლდოვასა და სომხეთის მოქალაქეებისთვის ამ ქვეყანაში სამუშაო ნებართვა მარტივად ფორმდება.
2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ პოლონეთში 5,1% შეადგინა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივად იზრდება ბოლო 26 წლის განმავლობაში. პოლონეთმა, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, 2008-2009 წლებში ეკონომიკის ვარდნა თავიდან აიცილა.
ყველაზე მეტად ეს ეკონომიკური ბუმი სწორედ სამუშაო ძალის დეფიციტში იგრძნობა.
“დღეს პოლონეთი რთულ დემოგრაფიულ სიტუაციაშია. ყოველ წელს სამუშაო ძალის ბაზრიდან 700 ათასი ადამიანი გადის, 400 ათასი კი შემოდის. დანაკლისი 300 ათასს შეადგენს და ასე უკვე რამდენიმე წელი გრძელდება. ქვეყანას უბრალოდ მუშახელი არ ჰყოფნის”, – ამბობს ცეზარი კაჟმერჩაკი, პოლონეთის მეწარმეთა და დამსაქმებელთა კავშირის თავმჯდომარე.
საკუთარი სამუშაო ძალა პოლონეთიდან დასავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებში გაედინება, სადაც პოლონელებს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეებს, მუშაობის უფლება აქვთ. ამ ზარალის ანაზღაურება პოსტსაბჭოთა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების ხარჯზე ხდება.
ანაზღაურება აქ საათში 11 ზლოტიდან იწყება (2,5 ევრო). სამუშაო დღე ხშირად 10-12 საათი გრძელდება. არაკვალიფიციურ სამუშაოში თვეში 700-800 ევროს აღება შეიძლება.
ევროსტატის მონაცემებით, 2017 წელს პოლონეთმა ევროკავშირის მასშტაბით, გაერთიანების არაწევრი ქვეყნებიდან მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო – 683 ათასი.
კაჟმერჩაკის თქმით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში შრომითი მიგრანტების 80 პროცენტი უკრაინის მოქალაქეა.
თუმცა, საქართველოდან ჩასული მიგრანტების რიცხვიც სწრაფად იზრდება. თუ 2017 წლამდე პოლონეთში საქართველოდან სამუშაოდ თითქმის არავინ მიდიოდა, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე უკვე 12 ათასზე მეტი დროებითი სამუშაო ნებართვა გაიცა. პოლონეთის საკონსულომ თბილისში გასულ წელს 3700-მდე სამუშაო ვიზა გასცა. შესაბამისად, პოლონეთში სამუშაოდ ჩასული ქართველების უმრავლესობამ უვიზო რეჟიმით ისარგებლა.
2019 წლის თებერვალში პოლონეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით მე-10 ადგილზე გავიდა – თვის განმავლობაში ამ ქვეყნიდან 2,2 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. შედარებისთვის, 2018 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 800 ათასი დოლარი, ხოლო 2017 წლის თებერვალში – 127 ათასი იყო.
სამსახური ყველასთვის?
“აქ შვილებს ვტოვებ, დედასთან და მეუღლესთან ერთად მინდა წამოსვლა პოლონეთში სამუშაოდ… როგორ მოვემზადოთ ან სამსახურის ძებნა როგორ დავიწყო, მირჩიეთ გთხოვთ წინასწარ”, – ასე იწყება ერთ-ერთი პოსტი ფეისბუქ-ჯგუფში, რომელიც პოლონეთში მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. პოსტების უმრავლესობა ჯგუფში სამსახურის ძებნაში დახმარების ან საბუთების თაობაზე რჩევის თხოვნას ეძღვნება. როგორც წესი, სამსახურის თხოვნებს აქ საკმაოდ სწრაფად ვაკანსიების შეთავაზებით ეხმაურებიან ხოლმე.
გურამ ჯოჯუას სიძე, 43 წლის როლანდ ქაჯაია, პოლონეთში 2017 წლის დეკემბერში ჩამოვიდა. სამსახური მშენებლობაზე – მინის ფასადის მონტაჟზე დაიწყო, რაშიც საათში 15 ზლოტს (3,5 ევროს) უხდიდნენ. მსგავსი სამუშაოს გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ ავეჯის ხელოსნის გამოცდილება დაეხმარა, რასაც საქართველოში 20 წელი აკეთებდა.
სამსახურმა იგი «სასტუმროში» მოაწყო, სადაც ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა, ამაში 450 ზლოტს (100 ევროზე ცოტა მეტს) ახდევინებდნენ.
როლანდი მის პირველ სამუშაო ადგილს – თანამედროვე საოფისე შენობას, გვაჩვენებს და სიამაყით გვიყვება სამუშაო პროცესის შესახებ, თან შიგადაშიგ პოლონურ სიტყვებსაც იშველიებს – “ვინდა” (ლიფტი), “ვუზეკი” (ურიკა), “კეროვნიკი” (ხელმძღვანელი). ერთი წლის განმავლობაში მან სალაპარაკო პოლონური აითვისა. ახლა მას უკვე მესამე სამსახური აქვს – ავეჯის მცირე საწარმოში, რომლითაც სავსებით კმაყოფილია.
ზაზა ლობჟანიძეც ათი თვეა პოლონეთში , ქალაქ პოზნანში ცხოვრობს. იგი სუპერმარკეტების ქსელ “Żabka”-ში “მაგაზინერად” – საწყობის თანამშრომლად, მუშაობს.
“მთავარი მიზეზი, რატომაც აქ წამოვედი, ბანკის ვალებია. მთელი საქართველო ვალებშია და გამონაკლისი არც მე ვარ”, – ამბობს ზაზა.
მისი თქმით, პოლონეთში სამსახურის პოვნა რთული არ არის – შესაძლებელია უბრალოდ ჩამოსვლა და მისვლა ერთ-ერთი ადგილობრივი საშუამავლო-დამსაქმებელი კომპანიის ოფისში.
თუმცა, პირველივე ჯერზე ყველას არ უმართლებს. მაია ნესუაშვილი ახლო ნათესავს ენდო და შუამავალს 1500 ევრო გადაუხადა – გარანტირებული სამსახურისთვის, საცხოვრებლისთვის და საბუთებისათვის. თუმცა, დაპირებულიდან ვერაფერი მიიღო და სხვა ქართველებთან ერთად ორი თვე სამსახურის ნებართვის მოლოდინში “ჰოსტელიდან ჰოსტელში” სიარულში გაატარა. შემდეგ სამსახური ქარხანაში დაიწყო, თუმცა იქ უკვე პრობლემები ბინადრობის მოწმობასთან – “კარტა პობიტუ”-სთან დაკავშირებით შეიქმნა.
საბოლოოდ მაიამ და მისმა მეუღლე ზაზამ სამსახური კომპანიაში იპოვეს, რომელიც ქალაქის დასუფთავებას ემსახურება. ორივეს ერთად თვეში ათას ევროზე ცოტა მეტი გამოსდით. ისინი, ორ ქართველ ქალთან ერთად, ვროცლავის ცენტრში ძველ ხუთსართულიან შენობაში ოროთახიან ბინას ქირაობენ. ბინაში არც ინტერნეტი და არც ტელევიზორია.
მაია და ზაზა (52 და 57 წლის) გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხიდან არიან. საქართველოში მათ ორი ზრდასრული შვილი ჰყავთ. ამბობენ, რომ უცხოეთში სამსახურის ძებნა უმუშევრობის გამო დაიწყეს. პოლონეთამდე სამი წელი ისრაელში არალეგალურად მუშაობდნენ.
“პოლონეთში ჩამოსვლა ძვირი არ ჯდება, ფორმდება საბუთები, სამედიცინო დაზღვევა. ყველაფერი ლეგალურია და არავინ გეხება. მართალია, ხელფასები ისეთი დიდი არ არის, მაგრამ რას იზამ – ჩვენთან ამის ნახევარიც არაა”, – ამბობს ზაზა ნესუაშვილი.
თუმცა, სამსახურით კმაყოფილი ყველა არ რჩება. გელა (სახელი შეცვლილია) უკვე ექვსი თვეა პოლონეთშია და გდანსკში, ერთ-ერთი დიდი ბრენდული კომპანიის საწყობში მუშაობს. მისი ანაზღაურება დღეში 80 ზლოტია (18,5 ევრო). ამბობს, რომ პირობებით უკმაყოფილოა და დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადასვლა სურს.
“აქ ბევრჯერ მომატყუეს. ვითომ სამსახურია, მივდივარ და თაბაშირ-მუყაოს სამუშაოების ნაცვლად არმატურა მხვდება. ტრანსპორტი აქ ძვირია და გამოდის, ამდენი ფული ტყუილად დამიხარჯავს”.
“ქარხანაში ვმუშაობდი საათში 11 ზლოტად. პოლონელი იგივე პოზიციაზე 21 ზლოტს იღებდა. ვეკითხები რატომ, მპასუხობენ – იმიტომ რომ ის პოლონელია”.
მას ადგილობრივების დამოკიდებულებაც არ მოსწონს: “რუსულად რომ დაგელაპარაკონ არ კადრულობენ, ავტობუსის ნომერს არ მიგასწავლიან. ჩვენ კი საქართველოში ყველა უცხოელს მწვადებით ვხვდებით”.
“ვერსად იჩივლებ”
ზურაბ ტორჩინავა 20 წელზე მეტია ვროცლავში ცხოვრობს. მოქალაქეობა მოქმედი პრეზიდენტის ანჯეი დუდასგან მიიღო, რითიც ძალიან ამაყობს. ახალგაზრდობაში ზურაბი აკრობატი იყო და ცირკში გამოდიოდა. თბილისში დასის ხელმძღვანელობას მიაღწია. მაგრამ 90-ან წლებში უმუშევრად დარჩა და ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა. ვროცლავში დაფუძნდა და აქ ოჯახიც შექმნა. საკუთარ საქმიანობაზე ცოტას საუბრობს: “ხელობა შევისწავლე, ფიზიკურად ვშრომობდი, ახლა დაცვაში ვარ დაკავებული”.
ქართველებმა ვროცლავში სამუშაოდ ჩამოსვლა ორი წლის წინ დაიწყეს. ზურაბი კი მათი უფლებების არაფორმალური დამცველი და ხშირ შემთხვევაში უკანასკნელი იმედი გახდა.
იგი თანამემამულეებს კონსულტაციებს უწევს, ეხმარება თარგმანში, დამსაქმებლებთან და შუამავლებთან მოლაპარაკებებში, დაგვიანებული ხელფასების პრობლემის გადაჭრაში.
ჩვენი საუბრის დროს მისი ტელეფონი თითქმის ყოველ წუთს რეკავს.
ზურაბი ამბობს, რომ ჩამომსვლელთა ძირითადი პრობლემა არაინფორმირებულობა და არასაკმარისი კვალიფიკაციაა:
“მათ სამსახურს და საბუთებს პირდებიან. რომ ჩამოდიან, აღმოჩნდება, რომ ვერ ასრულებენ იმ სამუშაოს, რისთვისაც დაიქირავეს. შედეგად ადამიანები სამსახურის გარეშე რჩებიან და ახლის ძებნას იწყებენ”.
მისი თქმით, ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს ხელფასების გაცემა უჭიანურებენ. ზოგჯერ კი საერთოდ არ უხდიან – მათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის 90-დღიანი ვადა ეწურებათ და იძულებულნი ხდებიან სახლში უფულოდ წავიდნენ.
ასე მოუვიდათ ქართველებს, რომლებიც როლანდ ქაჯაიასთან ერთად მშენებლობაზე მუშაობდნენ. თანამშრომლები, რომელია მუშაობით ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო, მალევე გაუშვეს. მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა ისე, რომ ნამუშევარი თანხა ვერ მიიღო.
“ისინი არ ამბობენ, არ გადაგიხდითო. ამბობენ ხვალ იქნებაო, ზეგ, ორშაბათს. აქ არცერთ ქართველს არ ვიცნობ, ვისაც ერთხელ მაინც ეს პრობლემა არ ჰქონია”, – ამბობს როლანდი.
ხშირად ასეთი პრობლემების მოგვარება ზურაბ ტორჩინავას უწევს. იგი ამბობს, რომ პოლონეთში არ არიან იურისტები ან ორგანიზაციები, რომლებიც ქართველი მიგრანტების უფლებებს დაიცავდნენ. თავად მიგრანტებს კი ადვოკატების ფული არ აქვთ.
“ვერსად იჩივლებ. შრომის ინსპექციაში მათ ეუბნებიან, რომ ხელფასს უნდა დაელოდონ. მაგრამ ამასობაში 90-დღიანი ვადა გადის და იძულებულები ხდებიან წავიდნენ”, – ამბობს ზურაბი.
ლექსო ახალაია ზუგდიდიდანაა, ამჟამად პოზნანში ცხოვრობს. განათლებით ისტორიკოსია, უნივერსიტეტი ვარშავაში დაამთავრა, პოზნანში დიქტორანტურაში სწავლობდა. სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობას იგი უთავსებს სამეწარმეო საქმიანობას – ქართველები მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოჰყავს, ამჟამად კი პოზნანის ცენტრში ეძებს შენობას ქართული საცხობის გასახსნელად.
ზურაბის მსგავსად, ისიც შეძლებისდაგვარად თანამემამულეთა დახმარებას ცდილობს. მასაც მიაჩნია, რომ არაინფორმირებულობა ჩამოსული ქართველების მთავარი პრობლემაა:
“მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, სად მიდიან, სად უნდა იმუშაონ, რა პროფესია აქვთ და რის გაკეთება შეუძლიათ. უმეტესობამ ეს არ იცის, ამბობენ, იქ ევროპაა და რაღაც იქნება”.
გარდა ამისა, ისინი ხშირად არაკეთილსინდისიერი შუამავლების მსხვერპლები ხდებიან.
“როდესაც ადამიანები კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ, 10-დან 8 შემთხვევაში ეს შუამავლის ბრალია, რომელიც დამქირავებლის მიერ გადახდილ თანხას ითვისებს”, – გვიხსნის ლექსო.
მას უკრაინის საელჩოს მაგალითი მოჰყავს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს პოლონეთში ორგანიზებულად ეხმარება, მათ შორის დაკარგული ხელფასების მიღებაში და ამისთვის პოლონეთის უწყებებთან თანამშრომლობს. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, საქართველოს სახელმწიფოსაც მსგავსი რამ გაეკეთებინა.
საქართველოს საელჩოს მრჩეველი თემურ ფურცელაძე გვიყვება, რომ საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკუთარი პრობლემების შესახებ შეატყობინონ.
ძირითადად, მისი თქმით, ადამიანებს აინტერესებთ, რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ პოლონეთში სამსახური რომ იშოვონ. ასევე მიმართავენ საკონსულოს ხელფასის აღებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთვევაში. “შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დავეხმაროთ”, – ამბობს ფურცელაძე. ამავე დროს, ქართველების პოლონეთში მიგრაციის საკითხის კომენტირებისას სიტყვა “ქაოტურს” ახსენებს. აშკარაა, გაზრდილ მიგრაციასთან დიპლომატიურ წარმომადგენლობას გამკლავება უჭირს.
ცეზარი კაჟმერჩაკი ასევე ამბობს, რომ პოლონეთში შრომითი მიგრაციის მასშტაბები ისეთია, რომ მას ქვეყნის სახელმწიფო სამსახურები ვეღარ უმკლავდებიან და სწორედ ესაა იმ პრობლემების მიზეზი, რასაც მიგრანტები აწყდებიან.
“პოლონეთი იმიგრატების ქვეყანა არ არის. სახელმწიფო ხალხის ასეთ რაოდენობას ვერ უმკლავდება”, – ამბობს კაჟმერჩაკი.
პოლონეთში ლეგალურად დარჩენა – რამდენად რთულია ეს
იმისთვის, რომ პოლონეთში სამსახურში ლეგალურად მოეწყოს, საქართველოს მოქალაქემ დროებითი სამუშაო ნებართვა უნდა აიღოს. ამისთვის მისმა დამქირავებელმა უნდა მიმართოს «უჟონდს» – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. როგორც წესი, ამ დოკუმენტის მიღებს რამდენიმე დღის საკითხია.
ნებართვის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სამუშაო ვიზის აღება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ან გამგზავრება პოლონეთში და ქვეყანაში 3 თვის განმავლობაში ლეგალურად ყოფნის უფლებით სარგებლობა.
უკვე პოლონეთში ყოფნისას შესაძლებელია განაცხადის შეტანა ბინადრობის დროებითი მოწმობის – 3 წლიანი “კარტა პობიტუს” ასაღებად. ამისთვის აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების, ასევე ბინის დაქირავების ხელშეკრულების წარდგენა და ბაჟის გადახდა 450 ზლოტის (100 ევროზე ცოტა მეტი) ოდენობით. გასათვალიწინებელია, რომ “კარტა პობიტუ” მკაცრად არის მიბმული სამუშაო ადგილზე – თუ ადამიანი სამსახურს ტოვებს, პროცესი ჩერდება და საბუთების ხელახლა, უკვე ახალი სამსახურიდან შეტანა ხდება აუცილებელი.
მიგრანტების დიდი რაოდენობისა და საიმიგრაციო სამსახურის დიდი დატვირთვის გამო კარტა პობიტუს ლოდინი დიდხანს იწელება – ზოგჯერ ამას წელიწადზე მეტი სჭირდება. თუმცა, უცხოელს, რომელსაც საბუთები კარტაზე შეტანილი აქვს, ქვეყანაში ყოფნისა და მუშაობის უფლება აქვს. როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რაიმე თანხის გადახდას საბუთის მომზადების დაჩქარებაში აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ თანხის გამოძალვის ხერხია.
უცხოელი მუშახელის რეკრუტირებას პოლონური კომპანიები საშუამავლო კომპანიებს ანდობენ. პოლონეთში ასეთ კომპანიებს ძირითადად უკრაინის მოქალაქეები მართავენ. შუამავლების მიერ შემოთავაზებული ვაკანსიების უმეტესობა უფასოა – ანუ მათი მომსახურების საფასურს დამქირავებელი იხდის.
არსებობს ფასიანი ვაკანსიებიც, ლექსო ახალაიას თქმით, მათი ფასი მაქსიმუმ 200 დოლარია.
საშუამავლო კომპანიები საქართველოში თანამშრომლობენ პოლონეთში მყოფ შუამავლებთნ, რომლებიც მათ აქტუალურ ვაკანსიებს აწვდიან.
პოლონეთი – პლუსები და მინუსები
– პოლონეთში შრომითი მიგრაციის მთავარი პლუსი ლეგალური სამუშაოა. მათ შორის – დაბალი კვალიფიკაციის მუშახელისთვის.
– დიდი პლუსი, რაზეც გვესაუბრებოდა პრაქტიკულად ყველა, ვისაც ამის შესახებ ვკითხეთ, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებაა. პოლონელების დამოკიდებულება ქართველების მიმართ ძალიან დადებითია.
– ქვეყნის მინუსი შედარებით დაბალი ხელფასებია (დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით). «თუ ადამიანს რამე დიდი ფინანსური პრობლემა აქვს, პოლონეთში წამოსვლით მას ვერ მოაგვარებს. აქედან მაქსიმუმ თვეში 500 დოლარის გამოგზავნას შეძლებს», – გვიხსნის ზაზა ნესუაშვილი.
– მთავარი მინუსი მაინც ენობრივი ბარიერია
ქართველებმა პოლონური არ იციან, ზოგმა კი არც რუსული იცის. ეს კი ადამიანებს დიდ პრობლემას უქმნის და შეიძლება სამსახურის ფასად დაუჯდეს. “როდესაც არ გესმის, უფროსი რას გთხოვს და სულ სხვა რამეს აკეთებ – ასეთ ადამიანს სამსახურში რატომ გააჩერებენ?”, – ამბობს როლანდ ქაჯაია.
ზაზა ლობჟანიძის თქმით, მას ინგლისური ენის იმედი ჰქონდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ინგლისურის ცოდნა მას პოზნანში საბოლოო ჯამში ვერ გამოადგა. თუმცა უფრო სასარგებლო რუსული აღმოჩნდა – ამ ენაზე ადვილია ურთიერთობა შუამავალ კომპანიებთან, სადაც ძირითადად უკრაინელები მუშაობენ.
რუსულის ცოდნა ეხმარება მაია და ზაზა ნესუაშვილებსაც – ხელმძღვანელებთან ისინი უკრაინელი კოლეგების მეშვეობით ურთიერთობენ.
ვარშავა, პოლონეთი. მარტი 2019 წ. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
ლექსო ახალაია პოლონეთში ჩამოსვლის მსურველებს წამოსვლამდე პოლონური ენის თუნდაც ელემენტარულ დონეზე შესწავლის დაწყებას ურჩევს. ზაზა ლობჟანიძე კი სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ კურსებზე დადის, რომელთა ღირებულება თვეში სულ 75 ზლოტია (17,5 ევრო).
მაია და ზაზა ნესუაშვილები ამბობენ, რომ პოლონურის სწავლას მათთვის აზრი არ აქვს, რადგან ქვეყანაში დარჩენას არ აპირებენ.
შუამავლები
ჩვენ ერთ-ერთ შუამავალ სააგენტოს მივმართეთ, რომელსაც ქართულენოვანი ფეისბუქ-გვერდის საშუალებით მივაგენით. გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ჩვენ გვიპასუხეს, რომ ამ მომენტში ვაკანსიები არ აქვთ. საერთოდ, ვაკანსიებს სააგენტო პოზნანში მდებარე ოფისიდან ღებულობს.
მომსახურება 300 ევრო ჯდება. ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ამაში შედის “გარანტირებული სამუშაო ადგილი”. სააგენტო სამუშაოს მსურველებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლად ურჩევს, თუმცა კარტა პობიტუს აღების ორგანიზებას არ სთავაზობს და ამაზე ზრუნვა დასაქმების მაძიებელს თავად მოუწევს.
თვეში სააგენტო პოლონეთში 50-მდე ადამიანს უშვებდა.
მშენებლობა პოზნანში, პოლონეთი. მარტი 2019 წ. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
კიდევ ერთმა შუამავალმა სააგენტომ, რომელსაც მივმართეთ, თავის მომსახურებაში 400 დოლარი მოითხოვა. შემოთავაზებულ ვაკანსიებს შორის იყო სამუშაო ქარხნებში, მშენებლობაზე, რესტორნებსა და საწყობებში.
მომსახურების პაკეტში შედიოდა მოწვევის გაფორმება ნახევარწლიანი ან ერთწლიანი სამუშაო ვიზისთვის, ასევე – “ადგილზე დახვედრა და დაბინავება”.
“კარტა პობიტუს” საკითხის მოგვარებას სააგენტო მაძიებელს ამ შემთხვევაშიც დამოუკიდებლად სთავაზობს.
2015 წლიდან, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის თანახმად, საშუამავლო საქმიანობა უცხოეთში დასაქმების მიზნით რეგულირებადი გახდა. როგორც გვიხსნის გიორგი ბუნტური – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის სამმართველოს ხელმძღვანელი, საშუამავლო კომპანიები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ სამეწარმეო რეესტრში თავიანთი საქმიანობის შესაბამისად და რეგულარულად ანგარიშები წარმოადგინონ.
კანონის თანახმად, მოქალაქეებისთვის სამსახურის გაწევისას კომპანიები ვალდებულნი არიან სამი სახის ხელშეკრულება გააფორმონ: 1. შუამავალ კომპანიასა და დამქირავებელ კომპანიას შორის, 2. შუამავალ კომპანიასა და სამუშაოს მაძიებელს შორის და 3. დამქირავებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის.
კანონის დარღვევისთვის ჯარიმებია დაწესებული – 300-დან 1000 ლარამდე.
ამჟამად საქართველოში 60 კომპანია მუშაობს, რომლებიც საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციით არიან დაკავებულები.
“სამუშაოს მაძიებელმა კარგად უნდა შეისწავლოს, სად მიდის და რა პირობებით. უნდა დარწმუნდეს, რომ მართლაც მიიღებს სამუშაო ნებართვას, ასევე გაეცნოს ხელშეკრულებას ან მის ნიმუშს მაინც“, – ამბობს ბუნტური.
მისი თქმით, საქართველოში არაერთი არაკეთილსინდისიერი კომპანია მუშაობს, რის გამოც ადამიანები ხშირად მოტყუებულები რჩებიან.
გიორგი ბუნტური ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ეძებს გზებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად, რათა საქართველოს მოქალაქეებს შრომითი მიგრაციისთვის გზა გაუხსნას. 1 თებერვლიდან ამოქმედდა ასეთი ხელშეკრულება საფრანგეთთან, თუმცა სამუშაოდ იქ წასვლა ასეთი ადვილი ვერ იქნება, როგორც პოლონეთში.
ვროცლავი, პოლონეთი. მარტი 2019 წ. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
პირველად პოლონეთში ლეგალური შრომითი მიგრაციის პროცესი, ორივე სახელმწიფოს მონაწილეობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საპილოტე პროექტის სახით წამოიწყო. საქართველოში ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელის ნათია კვიციანის თქმით, ამ დროის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 32 ადამიანი დასაქმდა.
“შეიქმნა მოდელი, რომელიც შეგვიძლია სხვა ქვეყნებთან გამოვიყენოთ”, – ამბობს კვიციანი.
თუმცა, ექსპერტების აზრით, სწორედ პოლონეთს მომავალ წლებშიც სამუშაო ძალაზე დიდი მოთხოვნა ექნება. როგორც ცეზარი კაჟმერჩაკი ამტკიცებს,
“2050 წლამდე პოლონეთში სამუშაო ძალის დეფიციტი 5 მილიონ ადამიანს გაუტოლდება. თუ არაფერი შეიცვალა, კვლავაც მიგრანტების მოწვევა მოგვიწევს”.
ამავე დროს, მისი თქმით, პოლონეთს გაუმართლა იმაში, რომ ქვეყანაში ჩამოსული უცხოელები მუშაობენ, და არა ბიუჯეტიდან დახმარებას იღებენ, როგორც ეს დასავლეთ ევროპაში ხდება.
დარჩენას არავინ აპირებს
პრაქტიკულად არავინ მათ შორის, ვინც პოლონეთში გამოვკითხეთ, ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენას არ აპირებს და საკუთარ მომავალს მას არ უკავშირებს.
“თუ საქართველოში თუნდაც 500 ლარიანი სამსახურები გვექნება, აუცილებლად დავბრუნდებით”, – ამბობს მაია ნესუაშვილი.
ზაზა ლობჟანიძე პოლონეთში დარჩენის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს: “ქვეყანაში სიტუაცია რომ გამოსწორდება, დავბრუნდები”.
“პოლონეთში სამსახურს ჩემს წარმატებად არ მივიჩნევ. ჩემი წარმატება საქართველოში კარგი სამსახური ან საკუთარი ბიზნესი იქნება”, – ამბობს როლანდ ქაჯაია.