"ვალერი თუ არ იქნება, ვიქნებით ჩვენ?" ზალუჟნის მშობლიურ ქალაქში მისი ჯანმრთელობისთვის ლოცულობენ
ვალერი ზალუჟნის მშობლიური ქალაქი
როგორი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სკოლის წლები? რა ეძახდნენ სკოლაში და დღემდე ეძახიან თანაკლასელები? გოგოებს თუ მოსწონდათ? ვინ იწინასწარმეტყველა, რომ ზალუჟნი გენერალი გახდებოდა? და როგორია ის სინამდვილეში – ემთხვევა თუ არა ჩვენს წარმოდგენას კაცზე, რომელიც დღეს ყველას უყვარს?
JAMnews-ის პარტნიორი, უკრაინული გამოცემა “ჰრომადსკე” ჟიტომირის ოლქში ჩავიდა, ქალაქ ზვიაგელში, სადაც დაიბადა, გაიზარდა და 19 წლამდე ცხოვრობდა ვალერი ზალუჟნი.
სამხედრო მამასთან ერთად სამხედრო ქალაქში მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობ – გახდე სამხედრო
თავისი უძველესი სახელი 55 ათასიანმა ქალაქმა ზვიაგელმა სულ რაღაც სამი თვის წინ დაიბრუნა.
ადგილობრივები ჯერ ვერც შეეჩვივნენ და კვლავ ნოვოგროდ-ვოლინსკის ეძახიან. ეს ქალაქი ცნობილი იყო როგორც უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას სამშობლო. ახლა კი უკვე – ვალერი ზალუჟნის.
აქ ბევრი სამხედრო ნაწილია, ამიტომაც “სამხედროების ქალაქს” ეძახიან. ვისთანაც არ უნდა დაიწყო საუბარი, ყველას აუცილებლად ჰყავს ოჯახში ვაჟი, სიძე ან ვინმე ნათესავი – სამხედრო. აქ მთელი სამხედრო დინასტიებიც კი არსებობს. ზალუჟნისაც მამა ოფიცერი ჰყავს.
ქალაქის 11 სკოლიდან მშობლებმა შვილისთვის მეცხრე სკოლა აირჩიეს – არა ელიტური, სადაც სამხედროებს თავიანთი შვილები დაჰყავდათ, არამედ ყველაზე ჩვეულებრივი სკოლა მშრომელთა და რკინიგზელთა შვილებისთვის. სკოლა სახლთან ახლოს იყო, საინჟინრო ქარხანასა და სადგურს შორის. სადგურში ვალერის დედა მოლარედ მუშაობდა.
* * *
1980 წლის პირველ სექტემბერს პატარა ბიჭმა დიდი თაიგულით პირველად გადააბიჯა სკოლის ზღურბლს. ეს ახლაც კარგად ახსოვს მისი დაწყებითი სკოლის მასწავლებელს, 79 წლის ტატიანა შატულსკაიას.
”ძალიან პასუხისმგებელიანი იყო – არასდროს აგვიანებდა, არაფერი ავიწყდებოდა. ყოველთვის პირველი კითხულობდა: “შეიძლება მე ვიყო მორიგე?” დაფას გაწმენდდა, კლასს მოაწესრიგებდა. მათთან სახლშიც სულ წესრიგი იყო: ყველაფერი თაროებზე დალაგებული, სახელმძღვანელოები შეფუთულია ქაღალდის ყდაში, რომ არ გაფუჭდეს. გაიზარდნენ და ჩემს სადამრიგებლოში აღარ იყვნენ, სულ მაინტერესებდა და ვეკითხებოდი მასწავლებლებს – „როგორ არიან ჩემები? ყურადღება მიაქციეთ, ნუ გააფუჭებ მათ,” – ამბობს ტატიანა გრიგორიევნა. და დასძენს, რომ უკვე მაშინ შეამჩნია, რომ ვალერი ზალუჟნი “მაგარი ბიჭი” გაიზრდებოდა, რადგან ჯიუტი იყო. პატარაობისას ამბობდა კიდეც – „მე სამხედრო კაცი გავხდები.“
”რა ამაყი ვიყავი, როცა შვილიშვილმა დამირეკა რამდენიმე წლის წინ: ”ბებია, გილოცავ, ზალუჟნი გენერალია!”
”ის გვეხმარებოდა, ასრულებდა დავალებებს პატივისცემით, იყო გონიერი, კარგად სწავლობდა, არ ჰქონდა ცუდი ჩვევები.” ხდება თუ არა ხშირად ასე? ეს მაშინ ხდება, როცა გენერალი იზრდება
ზალუჟნის კიდევ ერთ მასწავლებელთან მივდივართ სახლში, ოლგა ეფრემოვა-ანტონენკოსთან. ისიც 79 წლისაა. გზას გვიჩვენებს ჟანა ვასიანოვიჩი, ზალუჟნის კლასელი.
ჟანა ეხუტება და კოცნის მასწავლებელს, ისწორებს თმას.
ოლგა ეფიმოვნას ფუმფულა ლურჯი, გამოსასვლელი ჟაკეტი აცვია. მას კარგად არ ახსოვს ზალუჟნის ბავშვობა – 30 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, გააცნობიერა, რომ ჟურნალისტებს უნდა ელაპარაკოს, ამიტომ დახასიათება მოუმზადებია -თანაც, საბჭოთა სკოლის საუკეთესო ტრადიციებში. ოლგა ფურცლიდან კითხულობს. ის იყო “კარგად აღზარდილი ახალგაზრდა, ეხმარებოდა ამხანაგებს, ზედმიწევნით ასრულებდა ყველა დავალებას, იყო გონიერი რთულ სიტუაციებში, კარგად სწავლობდა (სინამდვილეში, ძირითადად, სამებზე და ოთხებზე – რედ.), ცუდი ჩვევები არ ჰქონდა. მისი ქცევა სამაგალითო იყო.”
ამ დროს საუბარში ჟანა ვასიანოვიჩი ერთვება:
„ვალერი მშვიდი იყო. ლიდერის თვისებები იმ დროს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოკვეთილი. საშუალო იყო ყველაფერში. არც ცელქი იყო და არც წარჩინებული მოსწავლე. დიდად არ გამოირჩეოდა სხვებისგან. ფეხბურთს თამაშობდა და ბიჭებთან ერთად თხილამურებით სრიალებდა“.
ჩვენ ვუყურებთ შავ-თეთრ ფოტოებს მე-8 და მე-9 კლასებიდან: ზალუჟნის გახსნილი, ნათელი მზერა აქვს. ერთ-ერთ ფოტოზე ის მაღალი და გამხდარია, ხელში სკოლის ალამი უჭირავს – მაშინ ეს დიდ პატივად ითვლებოდა.
ოლგა მასწავლებელი ამბობს, რომ როცა გაიგო, მისი მოსწავლე გენერალი გახდა, ყველა მეზობელს პირადად შეატყობინა.
განშორებისას, ჟანა სიცილით ჰპირდება მასწავლებელს, რომ ზალუჟნიზე სიმღერას მოუტანს და ჩაურთავს.
გოგოებმა მეტსახელად “ვალერჩიკი” შეარქვეს. მაშინვე ყველამ აიტაცა
მეცხრე სკოლის შენობაშ, რომელსაც ახლა გიმნაზია ჰქვია, დირექტორის კაბინეტში, ქარვისგან დამზადებული უკრაინის რუკა ჰკიდია. ეს რუკა გენერალმა თავის მშობლიურ სკოლას 100 წლის თავზე აჩუქა.
გზად ჟანას ვეკითხები, მოსწონდა თუ არა გოგოები ახალგაზრდა ზალუჟნის?
”ის იყო მაღალი, სპორტული აღნაგობის, ხვეული თმით. კარგი იუმორი ჰქონდა. ჯართის და მაკულატურის შეგროვების აქტივისტი იყო (საბჭოთა სკოლაში გავრცელებული პრაქტიკა – რედ.). ერთხელ, როგორც გამარჯვებულები, რამდენიმე დღით გაგვაგზავნეს ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი – რედ.). ჩვენ პლაცკარტით ვმგზავრობდით. ზედა თაროზე იდო ხილი ყუთებში, აშკარად გასაყიდად.იმ გარგარსა თუ ატამს საოცარი სუნი ასდიოდა. ბიჭები აძვრნენ და ყველა გაგვინაწილეს. იმდენი ვჭამეთ, დილით ყველას მუცელი გვტკიოდა.“
ის ასევე იხსენებს, რომ 23 თებერვალსა და 8 მარტს კლასი იკრიბებოდა რომელიმე კლასელის ბინაში, შეუკვეთდნნენ ტორტს საკონდიტრო მაღაზიაში და ასე აღნიშნავდნენ ამ დღეებს – იწყებოდა თამაში და ცეკვა.
კიდევ ერთი კლასელი სერგეი სტეპანიუკი, რომელიც ახლა დედაქალაქში ცხოვრობს, ვალერი ზალუჟნის სკოლის საუკეთესო მეგობარი იყო. ის გვეუბნება:
„ჩვენ ვსწავლობდით პიონერებისა და კომსომოლის დროს. ცხოვრება აქტიური იყო: სხვადასხვა წრეები, სპორტული შეჯიბრებები, ოლიმპიადები, მხატვრული წარმოდგენები. სახლში არავინ იჯდა. მე ვიყავი კომკავშირის მდივანი და მევალებოდა ყველას რაღაც წრეში გადანაწილება, მაგრამ ვალერი ვერსად ვერ ჩავრთე. არ უნდოდა. მწყინდა კიდეც: შენი მეგობარი ვარ, წამოდი, რომ გთხოვ. “არა, არ მოვდივარ”. მაგრამ როდესაც რამე რეალური იყო გასაკთებელი, მაგალითად, მოხუცების დახმარება, მაშინ მოდიოდა. შეშას მოუსატანდა მათ, ეზოში ფოთლების შეუგროვებდა, ან ბაღს დაბარავდა. ის პატიოსნად ასრულებდა დავალებებს, მაგრამ არ ისწრაფოდა საჯაროობისკენ. ყველა ფოტოზე ზალუჟნი, თანაკლასელების შეხვედრაზეც კი 20 წლის შემდეგ, უკანა რიგში ან ვიღაცის ზურგს უკან დგას. ფოტოებზე მხოლოდ მისი თავი ჩანს”.
კითხვაზე, მოწონდათ თუ არა გოგოებს ზალუჟნი, სერგეო პასუხობს:
”გოგოებმა მას მოფერებით უწოდეს ”ვალერჩიკი”. თქვენ როგორ ფიქრობთ – არ მოწონდათ? ამ სახელზე მან მაშინვე გაჭედა, მაგრამ ჩვენ მაინც ასე ვეძახით. ვფიქრობ, გოგოებს უფრო აინტერესებდათ ის, ვიდრე თავად ვალერის გოგოები,” – იცინის ის.
„ჩვენ გვყავს იმპულსური პრეზიდენტი. ეს კი, მეორე მხრივ, მშვიდია“
16-დან 19 წლამდე ვალერი ზალუჟნი სწავლობდა საინჟინრო კოლეჯში (ახლანდელი პოლიტექნიკური პროფესიული კოლეჯი), სპეციალობა – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეკეთება და მოვლა.
ეს განათლება მთავარსარდლის ოფიციალური ბიოგრაფიებიდან ამოღებულია და მხოლოდ სამხედრო განათლება რჩება, თუმცა სრულიად დაუმსახურებლად, მიიჩნევენ კოლეჯის პედაგოგები. რადგან მათი თქმით, სწორედ კოლეჯში სწავლისას შეაბიჯა ზალუჟნიმ ზრდასრულობაში და თუ სკოლაში სამიანებზე სწავლობდა, კოლეჯი ფრიადებზე დაამთავრა.
ბრონისლავ პეკარსკი, რომელიც ტექნიკურ მექანიკას ასწავლიდა “რკინის გენერალს”, მას ასე იხსენებს: ”მაღალი, გამხდარი, მშვიდი. მართალია სულ სერიოზულია, მაგრამ არა პირქუში. სასიამოვნო იყო მასთან საუბარი, თავმოყვარე კაცი იყო”.
კიდევ ერთი მასწავლებელი, ვიქტორ ვახოვსკი, ამბობს:
„განგებამ ასე გადაწყვიტა – ჩვენ გვყავს იმპულსური პრეზიდენტი. ეს კი, ძალიან მშვიდია. ის სცენის ადამიამია, საზოგადო კაცი. ეს კი, პრაქტიკულად ინტერვიუებსაც არ იძლევა. ისინი ავსებენ ერთმანეთს. და ჩვენი ქვეყანა ამით მხოლოდ სარგებელს იღებს“.
“ის არ არის იდეალური. ჩვენ გაკვეთილებს ვაცდენდით, დავყიალობდით ქუჩაში, ვეწეოდით”
კოლეჯში მუშაობს ზალუჟნის მეგობარი და კლასელი ალექსანდრე პივოვარი.
„ის იყო მაღალი, 189 სმ, სიმპათიური, გოგოებს მოეწონათ. ჩვენს ჯგუფში მხოლოდ ბიჭები გვყავდა, ამიტომ სხვა ჯგუფის გოგოები მოდიოდნენ ხოლმე. ერთი იყო, ირა, პირდაპირ გიჟდებოდა მასზე. მაშინ ზალუჟნი ძალიან მორცხვი იყო. იდეალური ნამდვილად არ ყოფილა, შატალოზეც დავდიოდით, ქუჩაში დავყიალობდით, სიგარეტს ვეწეოდით.
ერთი მასწავლებელი გვყავდა, ვიაჩესლავ კიმი, მთავარი მექანიკოსი იყო. გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელმაც ავღანეთი გამოიარა. ის გამუდმებით იმეორებდა, ვალერი გენერალი გახდებაო.”
ოცდაათი წლის შემდეგ: ”ზალუჟნის იმიჯი შეიქმნა იმ მახასიათებლების საფუძველზე, რაც მას აქვს. ეს არ არის ხელოვნური”
უკვე ზრდასრულ ასაკში, კლასელები იშვიათად ხედავენ ზალუჟნის. ის მხოლოდ რამდენჯერმე მივიდა საერთო შეხვედრებზე.
ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელზეც ის ფორმით მივიდა (მაშინ პოდპოლკოვნიკი ან პოლკოვნიკი იყო), გოგოები გაშეშდნენ. ერთი ატყდა: “ვალერჩიკი, ჩვენი მომავალი გენერალი!”
„მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახურშია, მისი ადამიანური თვისებები არ შეცვლილა. ყურადღებიანია, უბრალო. ყველასთან მიდიოდა, ეკითხებოდა,”როგორ ხარ?” ცეკვავდა. ის ზომიერად სვამდა ალკოჰოლს, მაგრამ როდესაც ბიჭები ეწეოდნენ, ის მათთან არ გამოდიოდა,” – იხსენებს ჟანა ვასიანოვიჩი.
ჟანა ჰყვება, რომ ის კლასის viber-ის ჯგუფსაც დაემატა და ომის დაწყებამდე სულ აქტიურობდა – ხუმრობდა, ფოტოებზე კომენტარებს აკეთებდა, დაბადების დღეებს ულოცავდა მეგობრებს.
სერგეი სტეპანიუკი მიიჩნევს, რომ სკოლამ ადამიანური ღირებულებები ასწავლა თითოეულს.
”ხოლო ტექნიკუმში კი ვალერჩიკმა უკვე პრაქტიკული საქმე იპოვა. მას იქ აღარ ბოჭავდა პიონერობა, კომსომოლობა და სხვა ბორკილები. ის თავისუფალი ადამიანი გახდა და თავის გზას დაადგა და დაადგა”.
ის, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე მას ყველაფერი გამოუვა, ეჭვი არავის გვეპარება. ჩვენს ვალერჩიკს შეუძლია დიდი საქმეების კეთება – გულწრფელად, მშვიდად, ჩუმად. იგი არ ელის ჯილდოებს, როგორც ეს იყო დიპლომების შემთხვევაში სკოლაში.
2022 წლის მარტში მე და ჩემი ოჯახი დავრჩით კიევში. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ იმის გაცნობიერებამ, რომ ვალერი ზალუჟნი გვიცავდა, დამამშვიდა.
პივოვარი და ზალუჟნი ახლა მეგობრები არიან. ალექსანდრი ამბობს, რომ ბოლოს ერთმანეთს დაახლოებით სამი კვირის წინ დაურეკეს. სამხედრო თემებზე არ საუბრობენ. ძირითადად მოიკითხავენ ერთმანეთის ჯანმრთელობას, როგორ არიან ბავშვები, დედა.
რუსეთის შემოჭრამდე, ზალუჟნი იშვიათად სტუმრობდა ზვიაგელს – შესაძლოა, ექვს თვეში ერთხელ და მაშინაც კი, ორი საათის განმავლობაში. მაგრამ ყოველთვის ალექსანდრთან და მესამე მეგობართან, ევგენთან ერთად – სუფრას შლიდნენ, ხუმრობდნენ, იხსენებდნენ ძველ ამბებს – ღვინოს ან შამპანურს წრუპავდნენ.
„ვფიქრობ, ვალერიმ თავისი წოდება და თანამდებობა წიგნიერებით დაიმსახურა, ოთხი უმაღლესი განათლება აქვს და ყველა წარჩინებით. ამაზე დიდხანს მუშაობდა, თუმცა ამბობდა, რომ 25 წლიანი სამსახურის შემდეგ ყველაფერს მიატოვებდა – დავიღალეო. ის ახალი თაობის გენერალია. იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად ჩვენი არმია იქნება ნატოში. მე ძალიან ამაყი ვარ მისით.
რაც შეეხება ზალუჟნის იმიჯს, ის შეიქმნა იმ თვისებების საფუძველზე, რაც მას აქვს – ეს არ არის ხელოვნური.“
ალექსანდრს ჰყავს ვაჟი და სიძე, რომლებიც ოფიცრები არიან. ისინი ახლა რუსეთის წინააღმდეგ ომობენ. როდესაც ეკლესიაში მიდის, სანთლებს ანთებს სამხედროების, ყველა ნათესავისა და მეგობრის ჯანმრთელობისთვის. და, რა თქმა უნდა, ვალერი ზალუჟნისთვის.