ერთი წელი ემიგრაციაში. როგორ მოეწყვნენ საქართველოში და რას აპირებენ ემიგრანტი რუსები
როგორ ცხოვრობენ რუსები საქართველოში
ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მასობრივად შემოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვეს. სექტემბერში მათ თანამემამულეების ახალი ტალღა შეუერთდა – მობილიზაციას ათასობით რუსი სწორედ საქართველოში გამოექცა. სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში რუსეთის 100 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს.
საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში – თბილისსა და ბათუმში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის რუსული საუბარი. რუსეთის მოქალაქეები აქ ახალ ცხოვრებას იწყებენ – მუშაობენ, სწავლობენ, ბავშვებს ზრდიან, საყიდლებზე დადიან, ბინებს ქირაობენ, ერთობიან, პარკებში სეირნობენ; იხსნება რუსული ბიზნესები – კაფეები, მაღაზიები და ა.შ. სოციალურ ქსელებში შექმნილ მრავალრიცხოვან რუსულენოვან ჯგუფებში, ადამიანები ერთმანეთს სთავაზობენ მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო სერვისებს – ბინების დასუფთავება, თმის შეჭრა, მანიკური, ენების სწავლება, სანტექნიკის შეკეთება.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში გაჩნდა პარალელური სამყარო, რომელიც ხშირად საერთოდ არ იკვეთება ადგილობრივ მოსახლეობასთან.
JAMnews-ის რეპორტაჟის თემაა როგორი იყო ეს ერთი წელი რუსი ემიგრანტებისთვის და როგორ წარიმართა ქართველების და რუსების თანაცხოვრება.
__________________________________
2023 წლის თებერვლის ერთ საღამოს თბილისში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე ერთ პატარა ოფისში 30-მდე ადამიანი შეკრებილა.
რიგ-რიგობით წარადგენენ თავს: კატია – ქიმიის მასწავლებელი, იური – მოცეკვავე, ლენა- ფსიქოლოგი, ანასტასია – ბანკირი, გლები – პროგრამისტი, სტასი – ფოტოგრაფი, ნიკოლაი – მუსიკოსი, კრისტინა – ინგლისურის მასწავლებელი, ნადია – მარკეტინგის სპეციალისტი, ივანი – ბიზნეს კონსულტანტი, ივანი – ბარმენი, ალისა – კოსმეტოლოგი.
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უმეტესად ყველა რუსეთიდანაა.
ადგილს, სადაც ისინი სხედან Reforum Space ჰქვია. დისკუსიების, შეხვედრების და პრეზენტაციების სივრცეა, რომელიც სულ ახლახან საერთაშორისო ორგანიზაციამ Free Russia Foundation გახსნა და სადაც საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი თემის წარმომადგენლები იკრიბებიან.
ამჯერად რუსულენოვან თემს ნიკოლაი ლევშიცი ხვდება.
ლევშიცი საქართველოში ჯერ კიდევ 2019 წელს მოსკოვიდან ჩამოვიდა საქართველოში ცხოვრების ნამდვილი ექსპერტია. მას საქართველოს შესახებ ყველაზე დიდი რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის აქვს, 95 ათასამდე გამომწერით.
ომის დაწყების შემდეგ მისი ტელეგრამი ბევრი ემიგრანტი რუსისთვის ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა – აქ ეძებენ სამსახურს, არკვევენ როგორ გახსნან ანგარიში ბანკში, სად გადაამრავლონ სახლის გასაღები, რომელ სკოლაში წაიყვანონ შვილები, სად იარონ იოგა და ა.შ.
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● ომს გამოქცეული უკრაინელები საქართველოში – როგორ ცხოვრობენ, რა გეგმები აქვთ
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
ლევშიცთან შესახვედრად დღესაც ბევრი ხალხი მოვიდა. ამ შეხვედრის მიზანია ერთმანეთი გაიცნონ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი საჭიროებები და გამოსავალზე იმსჯელონ.
დარბაზში მსხდომები სათითაოდ დგებიან და თავიანთ ამბავს ჰყვებიან: როდის ჩამოვიდნენ, რა პროფესია აქვთ, რა აწუხებთ, როგორ ცხოვრობენ თბილისში, რა გეგმები აქვთ.
მაგალითად, კოსმეტოლოგი მოსკოვიდან სილამაზის სალონის გახსნას გეგმავს, ფსიქოლოგი პეტერბურგიდან საკუთარ მომსახურებას სთავაზობს რუსულენოვან თემს, ახალგაზრდა ქიმიის მასწავლებელი თავის პარტნიორთან ერთად სამსახურს ვერ პოულობს გორში, ბარმენი ყველას აბაშიძის ქუჩაზე ეპატიჟება.
ლევშიციმათ შესაბამის რჩევებს აძლევს – როგორ იცხოვრონ საქართველოში. სად ეძებონ სამსახური, როგორ მიესალმონ ქართველებს, სად იყიდონ ყველაზე კარგი თევზი, სად მიირთვან საუკეთესო ქართული ყველი და ა.შ.
მარკი, სტარტაპერი
ერთ-ერთი გამომსვლელი 34 წლის მარკ მარკინია. ის რუსულენოვან თემს თავისი სტარტაპების შესახებ უყვება. მარკი შარშან, 22 მარტს ჩამოვიდა თბილისში ცოლთან, კრისტინასთან და 11 წლის სტეპანთან ერთად.
მარკი წარმოშობით ულიანსკიდანაა, თუმცა უკვე ბევრი წელია მოსკოვში ცხოვრობს. 2009 წლიდან მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დისპეტჩერად მუშაობდა, ომამდე ერთი წლით ადრე კი ონლაინ გაყიდვების მცირე ბიზნესი წამოიწყო.
2022 წლის 24 თებერვალს მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
„ომამდე ყველა შესაძლო გზით გამოვხატავდი ჩემს პროტესტს რუსული პოლიტიკის მიმართ. 24-ში კი საკითხი ასე დადგა – ან მათ გვერდით ხარ და რჩები ან მიდიხარ.“
მარკმა სამსახური, მცირე ბიზნესი – ყველაფერი დატოვა და წამოვიდა.
„ვიცოდი რომ საქართველო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანაა, რომელმაც დაამარცხა კორუფცია, ბიუროკრატია და დასავლეთისკენ აქვს გეზი. ყოველთვის ძალიან კარგი წარმოდგენა მქონდა საქართველოზე, ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. თუმცა, შეშინებულიც ვიყავი, არ ვიცოდი ხალხი როგორ შეგვხვდებოდა.“
მოხდა ისე, რომ პირველივე ქართველი, რომელიც თბილისის აეროპორტში გაიცნო, დღეს მისი საუკეთესო მეგობარია. ეს ტაქსის მძღოლი გივია, რომელიც მარკს ყველა ყოფითი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება:
„მოსკოვში მამაჩემს რაზეც დავურეკავდი და დახმარებას ვთხოვდი, ახლა ასეთ დროს გივის ვურეკავ. გივის აქვს ყველა ხელსაწყო, გივიმ იცის ყველა მდგომარეობიდან გამოსავალი. ერთხელ სიღნაღშიც წაგვიყვანა.“
მარკმა ბინა „თბილისის ზღვის პლაზაში“ 350 დოლარად იქირავა.
„მაშინ ჯერ დაბალი ფასები იყო. ახლა, როგორც ვიცი, ორმაგი ღირს. ძალიან კარგი, დიდი ბინაა. ამ დასახლებაში უამრავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ცხოვრობს“.
მარკის ცოლი, კრისტინა, ინგლისურის მასწავლებელია და მუშაობა დისტანციურად გააგრძელა. მარკი კი უსამსახუროდ დარჩა და დაიწყო ფიქრი, რა უნდა ეკეთებინა საქართველოში.
მან და კრისტინამ ინგლისური ენის კლუბის გახსნა გადაწყვიტეს. უფრო სოციალიზაციისთვის – ქეთევან დედოფლის გამზირზე, ერთ-ერთ აზიურ რესტორანში იკრიბებიან და ინგლისურად ლაპარაკობენ.
● როგორ აისახა უკრაინის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● “თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო” – რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
„აქ არავინ არავის ასწავლის, უბრალოდ ვსხდებით და ვლაპარაკობთ, პრაქტიკისთვის. უცხო ქვეყანაში ვართ და ყველას გვინდა, რომ ჩვენი ინგლისური გავაუმჯობესოთ. ფრანგული ენის მაგიდაც გვაქვს, მაგრამ მსურველი ნაკლებია.“
ნელ-ნელა, ინგლისური ენის კლუბს მსურველები ემატებოდნენ, დღეს კლუბი 500-მდე ადამიანს აერთიანებს. მცირე საწევრო თანხის ნახევარი უკრაინის დასახმარებელ ფონდებში იგზავნება. მარკმა და კრისტინამ ფონდში Choose To Help ამ დროისთვის 6 ათას ლარზე მეტი გადარიცხეს.
„ტელეგრამ არხებზე, სადაც ერთმანეთთან ვურთიერთობთ, დაახლოებით 800-მდე ადამიანია. 90 პროცენტი რუსები არიან, თუმცა არიან უკრაინელებიც, ბელორუსებიც, ევროპელებიც და აზიელებიც. ასეთ ჯგუფებში ყველაზე სწორ და სწრაფ პასუხს მიიღებ საქართველოზე, ყველამ ყველაფერი იცის.“
პარალელურად მარკმა ბიზნესი წამოიწყო – ნივთები გადააქვს საქართველოდან რუსეთში და პირიქით. 23 იანვარს უკვე ოფისიც გახსნა. CDEK, ასე ჰქვია დიდ კომპანიას, რომლის პატარა ფილიალსაც მარკის ოფისი წარმოადგენს.
„საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან რუსეთის ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია ნივთის გაგზავნა. ჩვენი მომსახურება ძალიან იაფია. საქართველოდან მაგალითად, ნოვოსიბირსკში რომ გააგზავნო პატარა ნივთი, სულ რაღაც 27 ლარი ჯდება.“
მარკი და კრისტინა ბევრს მუშაობენ, გართობის დრო ნაკლებად რჩებათ. მარკს ჭავჭავაძის გამზირზე უყვარს სეირნობა. დასვენების დღეებში ხშირად კინოში დადიან.
11 წლის სტეპანმა ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაიწყო სწავლა ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო კლასში. 12 ბავშვიდან ოთხი რუსეთიდანაა, დანარჩენები ეგვიპტიდან, ჩინეთიდან, ვიეტნამიდან.
„ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბავშვებთან და მოსწონს აქაურობა, თუმცა ხშირად მეკითხება ხოლმე ქუჩაში რომ ვსეირნობთ და სხვადასხვა წარწერას ხედავს კედელზე რუსებზე – მამა, რატომ წერენ ჩვენზე ასე? რა გავუკეთეთ ასეთი? მე ვუხსნი, რაც გავუკეთეთ, რომ ეს დამსახურებული სიტყვებია და უნდა აიტანოს.“
„მრცხვენია. სხვა არაფრის თქმა შემიძლია. მე ჩემს ხელისუფლებას ვერ ვცვლი და ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ რუსეთიდან წავიდე და შევეცადო ჩემს შვილს მაინც ჰქონდეს უკეთესი მომავალი. იქ რომ დავრჩე, ჩამსვამენ ციხეში და ამით ვერც ჩემს ქვეყანას გამოვადგები და ვერც ჩემს ოჯახს. აქ ის მაინც შემიძლია, რომ მეც მივაწერო კედელზე – დიახ, Russia, fuck off from Ukraine and Georgia.“
კატერინა, აქტივისტი
30 წლის კატერინა კილტაუ 2021 წელს რუსეთში უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს ოპოზიციური საქმიანობის გამო. ომი დაიწყო თუ არა, მან რუსეთი დატოვა.
5 მარტს თბილისში ჩამოვიდა მისიით, რომ უკრაინელებს დახმარებოდა. კატერინამ რამდენიმე მეგობართან ერთად შექმნა ჯგუფი Emigration For Action, რომელიც უკრაინელ დევნილებს ეხმარება და რუსულენოვანი თემის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრების ადგილად იქცა.
ძველ თბილისში, ბეთლემის ვიწრო ქუჩაზე ტარდება ლექციები, ანტისაომარი ფესტივალები, დისკუსიები და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები რუსული პოლიტიკის და პროპაგანდის შესახებ. პარალელურად, სხვადასხვა დონორების დახმარებით გუნდი ყოველდღიურად ეხმარება უკრაინელ დევნილებს.
„ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, შესაბამისად, ყოველდღე ვგრძნობთ და გვახსოვს, რომ ომია. ყოველდღე, ყოველ წუთას ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ვეხმარებით.“
ღონისძიებებში მონაწილეობას უმეტესად რუსულენოვანი თემის წარმომადგენლები იღებენ. სტუმრებიც, რუსულენოვანები არიან.
რამდენჯერმე ქართველი გამომსვლელიც ჰყავდათ, თუმცა, კატერინას თქმით, ასეთი ადამიანების პოვნა საკმაოდ რთულია და ზოგადად, ქართველების დაინტერესება, რომ ღონისძიებებს დაესწრონ, პრაქტიკულად შეუძლებელი.
„ჩვენ ვიცით, რამდენი ცუდი მოუტანა რუსეთმა საქართველოს და ამიტომ გვესმის, რატომ არ უნდათ ქართველებს რუსები აქ. ჩვენც, ჩვენის მხრივ აშკარად ჩვენს ბუშტში ვიმყოფებით, გვეშინია ქართველებთან კომუნიკაციაში შესვლის და ნაკლებად ვცდილობთ ინტეგრაციას. არადა, აუცილებელია დიალოგი და პროექტებზე ერთად მუშაობა, რომ საერთო მიზანს მივაღწიოთ.“
კატერინა ჩუღურეთში ცხოვრობს, სანთლის ქუჩაზე. გაუმართლა, ბინას თბილისის ცენტრში სულ რაღაც 600 ლარად ქირაობს.
„ძველი, თბილისური სახლია და ძალიან მიყვარს, თუმცა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველა იმ სტუდენტის წინაშე, რომელიც ჩვენს გამო ბინას ვეღარ შოულობს.“
ნელ-ნელა თბილისი კატერინასთვის მშობლიური გახდა. უყვარს ქუჩები, რომელზეც ყოველდღე დადის, სურსათის მაღაზია, სადაც პროდუქტებს ყიდულობს.
„ქართულ-რუსული მძიმე კონტექსტის მიუხედავად, ქართველების სტუმართმოყვარეობა, მართლაც რომ უნიკალურია. ერთი შემთხვევაც კი არ მქონია აგრესიის. პირიქით, ყველა მხოლოდ დახმარებას ცდილობს.“
„ასევე უნიკალურია ჩემთვის ის ფაქტი, რომ აქ თითქმის ყველა რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს. რუსეთში მაგალითად, ეს ძალიან იშვიათია. ამ დროს ვხვდები, რამხელა იმპერიალისტური პრეტენზიაა ჩვენში.“
კატერინას თბილისში უკვე ძალიან ბევრი რამ აკავებს, თუმცა გეზი გერმანიისკენ აქვს.
„გერმანიაში წასვლას ვგეგმავ და ვნახოთ, იმედია უახლოეს ნახევარ წელიწადში უკვე იქ ვიქნები. მინდა, რომ პროექტის მასშტაბები გავზარდო, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დახმარება შევძლო და მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა, რომ ყველა რუსი ცუდი არ არის.“
ეგორი, ფოტოგრაფი
34 წლის ეგორი საქართველოში შეყვარებულთან ერთად ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა. თავიდან მეგობართან ცხოვრობდნენ, მერე მეგობრის მეგობართან, რომელთანაც ასევე სხვა მეგობრებიც ცხოვრობდნენ. შემდეგ კიდევ სხვა მეგობრის მეგობართან გადავიდნენ და ბოლოს, როგორც იქნა იპოვეს ბინა ჩიქოვანის ქუჩაზე.
„თავიდანვე მოგვეწონა. ძველი, სულ ხეში ჩასმული ბინაა. მაშინვე ვიქირავეთ და იმავე საღამოს რომ შევამოწმეთ, უკვე 700 ნახვა ჰქონდა“.
ეგორ სლეზიაკი ფოტოგრაფია. მოსკოვში ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. იღებდა რეპორტაჟებს, პორტრეტებს, რეკლამებს, საჭმელს, ინტერიერებს. თბილისში სამსახურის პოვნა ძალიან უჭირს.
„ჰოლანდიური გაზეთისთვის ვიმუშავე რამდენჯერმე, ერთხელ ეროვნული გალერეისთვის გადავიღე ვიდეო. სულ ეს იყო. ვხვდები, რომ საქართველოში ფოტოგრაფიის ბაზარი ძალიან პატარაა და ქართველებსაც კი უჭირთ სამსახურის პოვნა.“
ამიტომ, რამდენჯერმე ცოტა ხნით უკან დაბრუნდა, მოსკოვში.
„აქ ფაქტობრივად არანაირი შემოსავალი არ მაქვს. მოსკოვში პატარა საქმე შემომთავაზეს და უარი ვერ ვთქვი, წავედი. ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. როდესაც შენს ქვეყანას იმიტომ ტოვებ, რომ აბსოლუტურად ემიჯნები იმას, რაც იქ ხდება და შემდეგ ანაზღაურებისთვის უკან ბრუნდები, ძალიან უსიამოვნო კომპრომისია.“
ეგორის შეყვარებული დანინიც არტისტია – ძველი გობელენისგან თანამედროვე ინსტალაციებს ქმნის. მისი ნამუშევრებიც რთულად იყიდება.
„როდესაც შემოსავალი არ გაქვს, ყველაფერი ძვირია. თბილისში ბოსტნეულს და რძის პროდუქტებს ნამდვილად იყიდი იაფად, თუმცა მთლიანობაში, შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის და მოსკოვის ფასები დაახლოებით ერთნაირია.“
ჩამოსვლიდან პირველი სამი თვე ეგორი და დანინი ფაქტობრივად არ გადიოდნენ სახლიდან, გართობის და დროს ტარების განწყობა არ ჰქონდათ. ახლაც, უმეტეს დროს სახლში ან მეგობრებთან სტუმრად ატარებენ. მათი მეგობრების წრე დაახლოებით 15-20 ადამიანია, უმეტესად ემიგრანტები. ოპერაში იყვნენ რამდენჯერმე – „კარმენი“, „ჟიზელი“ და „პინოქიო“ ნახეს.
„ემიგრაციაში როცა ხარ, კარგი ნაცნობიც მეგობარი ხდება. თბილისელი მეგობარი ერთი გვყავს, ჩვენი ბინის პატრონი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მასთან.“
„როდესაც ქალაქში სეირნობ და ყველგან უკრაინის დროშას ხედავ, ყოველ წუთას გახსოვს, რომ ომია და შეუძლებელია თავს კარგად გრძნობდე. ისინი, ვინც რუსეთში დარჩნენ, ალბათ ცდილობენ არ შეიმჩნიონ რაც ხდება და გააგრძელონ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება. მე კი სულ მახსოვს, რას აკეთებს ჩემი ქვეყანა და რომ მე რუსი ვარ.“
„იმასაც სულ ვგრძნობ, რომ არავის უხარია, აქ რომ ვარ. ვიცი, რომ ქართველებს ერთი სული აქვთ, როდის წავალთ. ეს ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ სრულიად გასაგები. ამიტომ სხვა არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ შევეგუოთ.“
ვინ ჩამოვიდა საქართველოში?
ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, არ არსებობს.
საზღვრის კვეთის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის ერთი მილიონ 274 ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა. მათგან ზოგი ტურისტი იყო, ზოგისთვის კი საქართველო ტრანზიტული ქვეყანა იყო – შემდეგ სხვაგან წავიდნენ.
ბოლო პერიოდში ზოგიერთმა რუსეთში მიმოსვლა აღადგინა. რუსეთში მიდიან და შემდეგ ისევ საქართველოში ბრუნდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში დაახლოებით 113 ათასამდე რუსეთის მოქალაქე იმყოფება.
რუსეთიდან მიგრაციის ტალღა ორ ნაწილად იყოფა – „თებერვლის“ და „სექტემბრის“ ემიგრანტების ტალღად.
29 წლის კატია ჩიგალეიჩიკი სოციალური ანთროპოლოგია, სხვადასხვა კვლევებზე მუშაობს და თბილისში გადმოსვლის შემდეგ სწორედ რუსეთის მოქალაქეების სომხეთსა და საქართველოში მიგრაციის საკითხს იკვლევს პროექტის Exodus-22 ფარგლებში.
მისი თქმით, საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა ძირითადად 1980-90-იან წლებში დაბადებული ახალგაზრდები არიან, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და პროფესია. მათი უმეტესობა სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდანაა.
არსებობს მოსაზრება, რომ „სექტემბრის“, ანუ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩამოსული ემიგრანტების მეორე ტალღა უმეტესად რეგიონებიდანაა, თუმცა კატიას თქმით, ეს ასე არ არის და უმეტესად, მეორე ტალღაც, დიდი ქალაქებიდან ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები არიან.
კატიას თქმით, რუსი ემიგრანტების 50 პროცენტი პროგრამისტები და IT სპეციალისტები არიან. ეს არის ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელთაც დისტანციური სამსახური და შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ.
საქართველოში ისინი ცხოვრობენ როგორც ტურისტები – დადიან სხვადასხვა ადგილებში, ათვალიერებენ ღირსშესანიშნაობებს. ოღონდ ხანგრძლივობაა არატურისტული – მოგზაურობა თვეები გრძელდება.
“ისინი უმეტესად საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები და მათი ჩართულობა საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებია.“
მეორე ჯგუფი კულტურის წარმომდგენლები არიან – მუსიკოსები, დიზაინერები, მხატვრები, რომლებმაც რუსეთში ყველაფერი დაკარგეს და ახლა გამოუვალ მდგომარეობაში არიან: ეძებენ სამსახურს და ცხოვრების თავიდან დაწყება უწევთ.
მესამე ჯგუფი არიან ადამიანები, ვინც აქ ბიზნესი წამოიწყო და მათი ფინანსური მდგომარეობა შედარებით უკეთესადაა.
მეოთხე ჯგუფის ადამიანები, უმეტესად შემოდგომაზე ჩამოსული, „სექტემბრის“ ემიგრანტები არიან, რომლებიც სამშობლოში ფიზიკურად მუშაობდნენ და ახლა, საქართველოში იმავე ტიპის სამსახურს ეძებენ.
რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის საკითხებს იკვლევს 30 წლის ანასტასია ბურაკოვაც, რომელიც პროექტით „კოვჩეგ“ [კიდობანი] რუსეთიდან პოლიტიკურ დევნილებს ეხმარება.
„ემიგრანტების პირველი ტალღის წარმომადგენლები უმეტესად ისინი არიან, ვინც ეწინააღმდეგებოდა რუსულ პოლიტიკას, მონაწილეობდა ოპოზიციურ გამოსვლებში და ომის დაწყების შემდეგ უბრალოდ აღარ შეეძლო რუსეთში დარჩენა. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ წამოსული მეორე ტალღა, უფრო მრავალფეროვანია. თუმცა, დიდწილად ეს ადამიანებიც პოლიტიკური დევნილები არიან.“
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 2500 აქტივისტი და პოლიტიკური დევნილია რუსული პასპორტით.
როგორია ქართველების და რუსების თანაცხოვრება
უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეები და რუსეთიდან ჩამოსული ემიგრანტები ერთი ცის ქვეშ ცხოვრობენ, თუმცა მათი კომუნიკაცია საკმაოდ კომპელქსურია.
რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც ვესაუბრეთ, გვითხრეს, რომ იციან რამდენიმე წესი, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა დაიცვან.
მაგალითად, პირველი წესია – ახალგაზრდებს რუსულად არ უნდა მიმართო.
“და საერთოდ, მათგან თავი შორს უნდა დაიჭირო. მათ არ სიამოვნებთ ჩვენი აქ ყოფნა,” – გვითხრა 21 წლის გლებმა, რომელიც თავის სამ მეგობართან ერთად თბილისში ბინას ქირაობს. ისინი სანქტ-პეტერბურგელი პროგრამისტები არიან და თბილისში 2022 წლის აპრილში ჩამოვიდნენ.
მეორე მხრივ, როგორც გვითხრეს, რუსეთის მოქალაქეებს ძალიან უადვილდებათ 50-60 წელს გადაცილებულ ადამიანებთან ურთიერთობა – ისინი უფრო კეთილგანწყობილები არიან და რუსულად საუბრის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
„ლაპარაკს მხოლოდ ინგლისურ ენაზე ვიწყებ, არასდროს ვლაპარაკობ რუსულად. ხშირ შემთხვევაში ბოსტნეულის გამყიდველი ან ტაქსის მძღოლი თავად მელაპარაკება რუსულად“ – ამბობს ფოტოგრაფი ეგორი.
„ძალიან სასაცილოა ხოლმე კომუნიკაცია, სანამ გავერკვევით, რა ენაზე ვლაპარაკობთ, – ჰყვება კატერინა კილტაუ, – მე პირველ რამდენიმე სიტყვას ყოველთვის ქართულად ვამბობ, მერე ინგლისურად ვაგრძელებ, ამასობაში ადამიანი ხვდება, რომ რუსულად მოლაპარაკე ვარ და თუ რუსული იცის, თავად იწყებს რუსულად ლაპარაკს. ხანდახან რამდენიმე ენაზე ერთდროულად ვლაპარაკობთ ხოლმე.“
ამის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის და რუსული თემის კომუნიკაცია ამ დროისთვის ერთჯერად კონტაქტებს არ სცდება.
„ქართველები ძალიან ზრდილობიანი და თბილი ხალხია, – ამბობს კატია ჩიგალეიჩიკი, – ამიტომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ არ შეიმჩნიონ, როგორ ვაღიზიანებთ. ჩვენ ჩამოვედით მათთვის მტერი ქვეყნიდან, ჩამოვუტანეთ ძალიან ბევრი ახალი პრობლემა და ისინი უბრალოდ ელოდებიან, როდის წავალთ. ამას უხეშად არავინ გვეუბნება პირში, მაგრამ ჩვენ ხომ ეს ვიცით და ვგრძნობთ.“
22 წლის არტიომი, გლების მეგობარი, ამბობს, რომ კომუნიკაცია მხოლოდ ბინის მეპატრონესთან აქვთ, ასევე ადამიანებთან, რომლებიც მაღაზიაში, კაფეში მუშაობენ. მეგობრები თბილისში არ შეუძენიათ:
“ვცდილობთ ძალიან არ შევეჩხიროთ თვალში აქაურებს. აშკარად არ მოსწონთ აქ რომ ვართ. ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ვაღიარებ, რომ ჩემმა თაობამ ბევრი არაფერი იცოდა ქართველებზე. უფროს ადამიანებს აქვთ მეხსიერებაში ერთმანეთთან კონტაქტი საბჭოთა დროს, ჩვენ კი – არა. ჩვენთვის აქაურობა უცხოა, ისევე როგორც ჩვენ ვართ უცხო ქართველი ახალგაზრდებისთვის,” – ამბობს არტიომი.
“მე აგვისტოს ომზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, ვიცოდი რომ რაღაც მოხდა, მაგრამ რატომ და როგორ, ამით არ დავინტერესებულვარ. ზოგადად, რუსეთში პოლიტიკაში ნაკლებად ერევა ხალხი. რაც თურმე დიდი შეცდომა იყო. აქაურები კი ძალიან პოლიტიზირებულები არიან, ამიტომაც არ დაუშვეს აგენტების კანონის მიღება ჩვენგან განსხვავებით,” – გვეუბნება გლები.
ტელეგრამ-ჩატებში, რომლებიც მრავლად არის შექმნილი საქართველოში მცხოვრები მიგრანტების მიერ, საქართველოში ცხოვრებაზე სხვადასხვა გამოხმაურებების წაკითხვა შეიძლება.
განსაკუთრებით აქებენ ქართულ კლიმატს, საჭმელს. უკვირთ ქართველების ხმამაღალი საუბარი, პოლიტიკაში ჩართულობის ხარისხი და ასევე, სტუმრად მისვლის დროს ფეხსაცმელს რომ არ იხდიან. რაც შეეხება ფასებს, ბევრი წერს, რომ საქართველოში ფასები უკვე “ლამის მოსკოვის ფასებს გაუტოლდა”.
“კი, საყოფაცხოვრებო კულტურის დონეზეც ბევრი განსხვავებაა ქართველებსა და რუსებს შორის. განსაკუთრებით თვალშისაცემი რაც არის, ქუჩები სავსეა ძაღლების ექსკრემენტებით, არ ვიცი ამას როგორ და რატომ ითმენთ,” – ამბობს არტიომი.
ადგილობრივებს, რომლებსაც JAMnews-ი ესაბრა, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებით.
მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსი მიგრანტები ქვეყნის ეკონომიკას გააცოცხლებენ. თუმცა, მეორე ნაწილი საფრთხეს ხედავს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
უმრავლესობა, ვისაც ესაუბრა JAMnews, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში მუდმივად ესმით რუსული საუბარი, რუსებთან პირადი კონტაქტი ან არასოდეს ჰქონიათ ან იშვიათად.
თათა ამაშუკელს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ყოველ დღე ასეირნებს ბავშვებს ყაზბეგზე, ე.წ. წითელ პარკში.
“სათამაშო მოედანზე ძალიან ბევრი რუსია, უკვე თვეებია ერთად დაგვყავს ბავშვები, ყოველ დღე ვხვდებით ერთმანეთს. გავუღიმებთ ხოლმე მისალმების ნიშნად, მაგრამ სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არასოდეს გამოუთქვამთ კონტაქტის სურვილი. ერთმანეთში საუბრობენ ხოლმე, ისიც ძალიან ხმადაბლა. ერთხელ ერთი გოგო ტელეფონზე ვიღაცას ეკითხებოდა, ხომ არ იცი, სად შეიძლება ბავშვისთვის თოვლის კომბინიზონი ვიყიდოო. არადა, იქვე ვიყავით ადგილობრივი დედები და შეეძლო ჩვენთვისაც ეკითხა, მაგრამ არ ჩათვალა საჭიროდ,” – ამბობს თათა.
43 წლის თამარი ამბობს, რომ ის პრობლემას ხედავს არა კონკრეტულად რუსი ეროვნების ადამიანში, არამედ რუსეთის მოქალაქეების დიდ რაოდენობაში:
“ფაქტობრივად ეთნიკური შემადგენლობა იცვლება საქართველოში. ასე გამოდის, ვერაზე ვცხოვრობ და ქუჩაში ყოველი მეორე ადამიანი რუსია. არ მინდა ისე გამოგოთ, რომ თითქოს ეროვნების მიხედვით განვსაზღვრავ ადამიანებს, არანაირად. ეს ფაშიზმია. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოქალაქეები კი არ უნდა ვღელავდით ამაზე, არამედ მთავრობა უნდა ზრუნავდეს – სავიზო რეჟიმი შემოიღონ, ან რაიმე კონტროლი. ჩვენთან კი რა ხდება – დისიდენტებს, პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს არ უშვებენ და სამაგიეროდ შემოდის ხალხი, რომელსაც უბრალოდ არ უნდა, რომ ომში ტყვია მოხვდეს”.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, საქართველოს მოსახლეობის 69 პროცენტის აზრით, რუსეთის ბევრი მოქალაქის შემოსვლას შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ქვეყანაზე. მხოლოდ 17 პროცენტი ფიქრობს, რომ ამას დადებითი გავლენა ექნება.
პოლიტოლოგი და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ქართველებში ბევრი მითოლოგიური, ინსტინქტური შიშია, რომელიც სრულიად უსაფუძვლოა.
“ქართველებს ეშინიათ, რომ რუსები ბოროტი განზრახვით არიან ჩამოსულები და რომ მომავალში პუტინი მათ საქართველოში ყოფნას ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს. პუტინს არ სჭირდება ათი ათასობით რუსი მოქალაქის საქართველოში გამოშვება, რომ მერე თავს დაგვესხას. მეტიც, მას საერთოდ არ სჭირდება ამისთვის მიზეზი. მას შეუძლია რამე ააფეთქოს ცხინვალში და ქართველებს დააბრალოს, ან უბრალოდ მოიმიზეზოს ამინდი, ეს მას არ გაუჭირდება”.
მისი აზრით, ბევრად უფრო რეალისტური შიშია, რომ რუსები ბიზნესის სეგმენტში დიდ კონკურენციას გაიწევენ ქართველებს ადგილობრივ ბაზარზე:
“ისინი ბევრ სფეროში უფრო მომზადებულები არიან ვიდრე ქართველები და სრულიად შესაძლებელია სამუშაო ადგილები დაიკავონ. მეტიც, ზოგ შემთხვევაში მომსახურების ხარისხიც გაიზარდა. მაგალითად, გამიგია, რომ რუსმა უფრო ეფექტურად და კარგად შეაკეთა კომპიუტერი, ვიდრე ქართველმა. ისინი უფრო კვალიფიციურები და კონკურენტუნარიანები არიან და სწორედ ეს შეიძლება იძლეოდეს საფუძვლიან შიშს, რომ ისინი ქართველების ადგილებს დაიკავებენ”.
კატია ჩიგალეიჩიკიც, რომელიც რუს მიგრანტებს იკვლევს საქართველოსა და სომხეთში, ადასტურებს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში რუსულ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონტაქტი მართლაც მინიმალური იყო და ამს სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა.
მისი თქმით, საქართველო მკვეთრად განსხვავდება სომხეთისგან, რადგან ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი მნიშვნელოვანწილად განსაზღვარვს რუსი მიგრანტების ქცევას საქართველოში:
“ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მათი მხრიდან ზედმეტი აქტიურობა ქართველებისთვის გამაღიზიანებელი იქნება, ისინი ამბობენ, მათთვის ჩვენ ყველანი ოკუპანტები ვართ, ჯობია ჩვენთვის ვისხდეთ და ზედმეტად არ ვიაქტიუროთ.”
მისი თქმით, რუსული თემი, ზოგადად ძალიან ჩაკეტილია და ხშირად საკუთარ გარემოს არ სცდება. შესაბამისად, თბილისში ნელ-ნელა გაჩნდა ე.წ. „რუსული“ ადგილები, სადაც მხოლოდ რუსულენოვანი თემი იკრიბება. ასეთია მაგალითად ბარი „ქოშინი“, რომელიც ძველ თბილისს გადმოჰყურებს.
“ძირითადად მხოლოდ ერთმანეთთან ვურთიერთობთ და ქართველებთან კომუნიკაცია პრაქტიკულად არ გვაქვს. უმეტეს შემთხვევაში იგივე მეგობრები გვყავს აქ, ვისთანაც რუსეთში ვმეგობრობდით. ჩვენი გარშემომყოფების წრე პრაქტიკულად არ შეცვლილა.“
„რუსული“ ადგილები, სადაც ქართველები არ არიან
ბარი „ქოშინი“ 29 წლის არტემ გრინევიჩმა გახსნა 2022 წლის მაისში იმ მიზნით, რომ მულტიკულტურული სივრცე შეექმნა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების სოციალიზაციისათვის და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ გამოვიდა – ბარის სტუმრების უმეტესი ნაწილი რუსულენოვანია.
ბარში მუდმივად ეწყობა კონცერტები, კინო-ჩვენებები, კარაოკე, დისკუსიები, თეატრალური წარმოდგენები. არტემის დიდი სურვილის მიუხედავად, ქართველები მის ბარში არ დადიან.
„აბსოლუტურად გასაგებია რატომ არ ენდობიან ამ ქვეყანაში რუსებს და რატომ არიდებენ მაქსიმალურად თავს ჩვენთან ურთიერთობას. რამდენიმე ღონისძიება გვქონდა, სადაც ქართველი გამომსვლელიც გვყავდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე. ადგილობრივი ადამიანის პოვნა, ვინც აქ მოვა და რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, პრაქტიკულად შეუძლებელია. არავინ აიტკივებს აუტკივარ თავს.“
არტემი შეეცადა, რომ სამსახურში ქართველი პერსონალიც აეყვანა. ქართველი თანამშრომლისთვის ცოტა უფრო მაღალი ხელფასიც დააწესა, თუმცა შესაბამისი მსურველი არავინ გამოჩნდა.
„ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რომ ჩვენს გამო ყველაფერი ასე გაძვირდა. ძალიან გვინდა, ქართველი თანამშრომლებიც გვყავდეს და მათ მეტი გადავუხადოთ სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო. ძალიან ზრდილობიანად გვეპყრობა ყველა, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობაში შემოსვლა არავის უნდა.“
არტემ გრინევიჩის ბარი „ქოშინი“ ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია რუსული თემის შეხვედრებისთვის. ბარის გარშემო გაერთიანებული თემი 500-მდე ადამიანია. ისინი იქ რეგულარულად დადიან.
ასევე „რუსულ“ სივრცეებად ითვლება „გრაალი“ ორბელიანის მოედანთან, „ჭაჭა Time” და “Ploho Bar”სოლოლაკში. გასართობი სივრცეების გარდა სოციალურ-პოლიტიკური შეხვედრების ადგილიც ბევრია: Dom, ბეთლემის ქუჩაზე, Reforum Space, Antizona და სხვ. ვერაზე მრავლად არის კულტურული ღონისძიებების ადგილები: წიგნის მაღაზია “აუდიტორია“, Kera Space, Dissident Books, Bumaga და სხვ.
რა ხდება თბილისს მიღმა
26 წლის დენის კუზნეცოვი “სექტემბრელია”- ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში.
ბათუმში იმ მიზეზით გადასახლდა, რომ იქ კომუნიკაცია ბევრად უფრო ადვილია.
„თბილისში სამსახური ვერ ვიპოვე. თბილისში აუცილებელია, რომ ქართულად ლაპარაკობდე და საერთოდაც, რუსულად მოლაპარაკე ადამიანს არც თუ ისე კარგად ექცევიან. ცოტა მეშინოდა ხოლმე რუსულად რამის თქმის, სულ ინგლისურად მიწევდა ლაპარაკი. აქ უფრო მარტივად მელაპარაკებიან რუსულ ენაზე. ბათუმში სამსახურიც უფრო ადვილად ვიპოვე და აქ თავს უკეთესად ვგრძნობ.“
დენისი რუსეთში მსახიობი იყო, ახლა ბათუმში ბარში მუშაობს. მისი ხელფასი 800 ლარია, თუმცა გულუხვი სტუმრების შემთხვევაში, შეიძლება თვეში 1800 ლარიც გამოუვიდეს.
ოფიციანტად მუშაობა არ ეთაკილება, თუმცა დატვირთული გრაფიკის და არც ისე მაღალი შემოსავლის გამო, მოგზაურობას ვერ ახერხებს.
„გამიხარდებოდა, მეც სხვებივით დისტანციური სამსახური მქონოდა და დამეთვალიერებინა საქართველო: აქ ლამაზი ბუნება, კარგი ხალხი, თბილი კლიმატია. იდეალური ქვეყანაა, თუ ფული გაქვს, მაგრამ მე ამის საშუალება არ მაქვს. სამსახურის დღეებში იქვე მაჭმევენ, მაგრამ დანარჩენ დღეებში ჩემით უნდა ვიკვებო, ბინის ქირა ვიხადო – მარტივი არ არის. ლეპტოპის ყიდვაც კი არ შემიძლია.“
დენისი ბათუმში რუს, უკრაინელ და ბელარუს ემიგრანტებს დაუმეგობრდა. იკრიბებიან ხოლმე და სამაგიდო თამაშებს თამაშობენ. ხანდახან, რამდენიმე ქართველიც შემოუერთდებათ. საღამოობით, ზღვის სანაპიროზე სეირნობს.
რუსეთში დაბრუნებას არც განიხილავს. „ერთი კვირა მაღალი წნევა მქონდა, რომ გავაანალიზე რას აკეთებდა ჩემი ქვეყანა.“
დენისი გერმანიაში წასვლას გეგმავს და იმედი აქვს, რომ მაისის თვეში უკვე იქ იქნება.
რა იქნება მომავალში?
საქართველო ბევრი რუსი ემიგრანტებისთვის ერთგვარი სატრანზიტო სივრცეა, სადაც რუსეთიდან თავის სწრაფად დაღწევის შემდეგ, მომავლის გეგმებზე იწყებენ ფიქრს.
თუმცა, არიან ისეთები, ვინც ჯერჯერობით არსად გეგმავს წასვლას და საქართველოში დიდი ხნით აპირებს დარჩენას.
კატია ჩილაგეიჩიკის თქმით, მალე ასეთები კიდევ უფრო მეტნი იქნებიან, რადგან შენგენის ზონა რუსებისთვის დახურულია; რეგულაციები გაართულეს ყაზახეთმა და თურქეთმაც:
„კიდევ მეტი ადამიანი ჩამოვა და დარჩება აქ, ამიტომ ურთიერთობა უნდა დავიწყოთ. ამისთვის, პირველ რიგში, რუსმა ემიგრანტებმა კარგად უნდა გაიაზრონ, სად არიან. დღეს უკვე ყველამ იცის, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იყო „კარგი რუსი“: უნდა თქვა, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უნდა თქვა „გამარჯობა“ და „მე ომის წინააღმდეგი ვარ.“ ეს ფრაზები ერთგვარ სავიზიტო ბარათებად იქცა. ისინი უკვე ყველამ დაისწავლა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ რეალურად რას აღნიშნავს ეს ფრაზები და როგორია ქართულ-რუსული ურთიერთობის ისტორია“.
„რუსებმა იციან, საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქართული საზოგადოებისთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია. თუმცა, ამ ცოდნის მიღმა რუსეთის მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ და ეს მეტ გაღიზიანებას იწვევს,“ – ამბობს “კოვჩეგის” დამფუძნებელი ანასტასია ბურაკოვა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების 70 პროცენტს საზღვარგარეთის პასპორტი არ აქვს.
„ეს ნიშნავს, რომ ისინი საზღვარგარეთ არასდროს ყოფილან და ბევრ მათგანს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა მოიქცეს.“
თავის მხრივ, აქტივისტები ცდილობენ ეს „ჩავარდნები“ ლექციებით და ტრენინგებით შეავსონ.
მაგალითად, კლუბებში რუს ემიგრანტებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიას უყვებიან და უხსნიან, რატომ შეიძლება მათი ყოფნა საქართველოში უსიამოვნო იყოს ადგილობრივებისთვის.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ტარდება ბარში „ქოშინიც“, ასევე Emigration For Action-ის ოფისში, Reforum Space-ის შეხვედრების სივრცეში და სხვაგან.
„მობილიზაციის დროს ძალიან ბევრი რუსი ჩამოვიდა, რომლებსაც ოკუპაციაზეც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა,“ – ამბობს არტემ გრინევიჩი, ბარ „ქოშინის“ დამფუძნებელი.
„გაოცებულები იყვნენ, უცნაური დამოკიდებულება რომ იგრძნეს. მათთვის სპეციალური ღონისძიება მოვაწყვეთ და ავუხსენით, რა ხდება. მოვუყევით აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, 2008 წლის ომზე და ოკუპაციაზე. ისიც გავაგებინეთ, რამდენი პრობლემა ჩამოვუტანეთ ქართველებს, თუნდაც ფასების ზრდის მხრივ.“
კატია ჩილაგეიჩიკმა რამდენიმე დახურული ღონისძიებაც მოაწყო, სადაც ქართველი და რუსი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს შეახვედრა.
„ქართველი ჟურნალისტები, ფემინისტები, ლგბტ თემის აქტივისტები ამავე პროფესიების რუს ემიგრანტებს შევახვედრეთ. ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რომ ერთმანეთს გამოცდილება, ცოდნა და გამოწვევები გავუზიაროთ. თუმცა, შეხვედრები მეტ წილად იმის ხარჯზე შედგა, რომ სრულად დახურული იყო და არაფერი გამოგვიქვეყნებია სოციალურ მედიაში.“
აქტივისტების თქმით, ერთი მხრივ რუსმა ემიგრანტებმა უნდა გადალახონ ქართველებთან ურთიერთობის შიში, მეორე მხრივ კი, ქართველებიც უნდა გახდნენ მეტად ღია და დაუშვან, რომ ყველა რუსი ემიგრანტი ოკუპანტი არ არის.
„ქართველებს მინდა ვუთხრა, რომ ხშირად რაც იმპერიალისტურ, კოლონიალისტურ დამოკიდებულებად გამოიყურება, რეალურად შიში და დაბნეულობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ჩვენი შიშები, უკმაყოფილება და სურვილები გავუზიაროთ. მაგალითად, მე მინდა, რომ პირდაპირ გვკითხონ ქართველებმა – როდემდე ხართ აქ? რატომ ჩამოხვედით? და ჩვენც პირდაპირ გავცეთ პასუხი და მოვუყვეთ, რომ უბრალოდ სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენს შორის აღმართულ კედელს მხოლოდ ინდივიდუალური და ადამიანური ურთიერთობები თუ დაანგრევს.“
როგორ ცხოვრობენ რუსები საქართველოში