უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების საქმე და განხეთქილება უმრავლესობაში
ათმა მოსამართლემ, რომლებიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ უნდა დაენიშნათ, საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.
ათი მოსამართლის ისტორია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალია, რომელსაც მმართველი გუნდის შიგნით განხეთქილება მოჰყვა.
ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ათმა მოსამართლემ მათ პარლამენტს მიმართა, წერია, რომ კანდიდატურებს “არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით” ხსნიან.
არასამთავრობო სექტორი ამას სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებად მიიჩნევს.
10 მოსამართლის საქმე. რა სიაზეა ლაპარაკი?
გასული წლის ბოლოს, 24 დეკემბერს იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა ათკაციანი სია გაუგზავნა. ამ სიაში მოხვდნენ მოსამართლეები, რომლებიც იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციით, პარლამენტს უვადოდ უნდა დაენიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად.
იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა უზრუნველყოს. შესაბამისად, ეს ორგანო პასუხისმგებელია მოსამართლეების შერჩევაზეც. თუმცა, საბოლოოდ, კანონის თანახმად, მოსამართლეებს პარლამენტი ამტკიცებს.
ეს სია მიუღებელი აღმოჩნდა როგორც არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციისთვის, ასევე თავად სახელისუფლებო გუნდის ნაწილისთვის და სახალხო დამცველისთვისაც.
მოსამართლეთა ამ სიამ პირველი სერიოზული განხეთქილება გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობაში. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. მისი პოზიცია გაიზიარეს უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თუ პარლამენტი ამ სიას დაამტკიცებდა, ისინი მზად იყვნენ უმრავლესობა დაეტოვებინათ.
უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოსამართლეთა ათკაციან სიაში აღმოჩდნენ მოსამართლეები, რომლებმაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა გახმაურებული თუ რიგითი საქმეების განხილვისას დაიმსახურეს ხელისუფლებისადმი ლოიალური და პოლიტიზებული მოსამართლეების სახელი.
სიაში მოხვდა, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშში მოხსენიებულია როგორც გავლენიანი მოსამართლე, რომელსაც სასამართლო სისტემაში თავისი კლანი ჰყავს და სხვა მოსამართლეებზე ახდენს გავლენას, “რაც ზრდის კორუფციის რისკს”.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლეთა ამ სიის უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ცდილობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო დაიქვემდებაროს სასამართლო.
ამ სიას მოჰყვა სამოქალაქო სექტორის მხრიდან ხმაურიანი კამპანია და საპროტესტო აქციები აღნიშნული მოსამართლეების წინააღმდეგ. ასევე ბოლო დროს მოსამართლეების საკითხი იყო პოლიტიკური თოქ-შოუებისა და საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემაც.
“მართლმსაჯულების გადასარჩენად”
საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში დღესაც, მოსამართლეების მიერ განცხადების გავრცელებამდე და კანდიდატურის მოხსნამდე რამდენიმე საათით ადრეც.
აქცია არასამთავრობო სექტორის მიერ იყო ორგანიზებული და მისი მთავარი ლოზუნგი იყო “მართლმსაჯულების გადასარჩენად”.
იუსტიციის საბჭოსთან შეკრებილი მოქალაქეები სასამართლო სისტემის რეფორმირებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა მანიფესტი მიიღეს, სადაც წერია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში სხვადასხვა მიზეზთა გამო სასამართლო სისტემის რეფორმირება არ მოხდა, შედეგი კი ის არის, რომ ქვეყანაში დღესაც “ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა”.
მანიფესტი ბოლო წლების ისტორიას მოკლედ მიმოიხილავს:
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2004 წელს, “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემური კორუფციისგან კი გაათავისუფლა, თუმცა მთლიანად საკუთარ თავს დაუქვემდებარა.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე “ქართული ოცნება” თავის მთავარ პრიორიტეტად სწორედ სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას და სამართლიანობის აღდგენას მიიჩნევდა, თუმცა დღეს სასამართლოს კლანები მართავენ, წერია მანიფესტში:
“სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა, კლანმა, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს… ”
“კლანს” მიეცა შესაძლებლობა უვადოდ დააკომპლექტოს ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო. შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ საზოგადოება დაკარგავს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების უკანასკნელ იმედს და ათწლეულების განმავლობაში სასამართლო სისტემა მოექცევა კლანის მმართველობის ქვეშ”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, უკვე აქციის შემდეგ გავრცელდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, ის რომ მოსამართლეებმა უკან დაიხიეს, ეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგია.
“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ მურუსიძისნაირი მოსამართლეები არ მოცილდებიან ჩვენ სასამართლოს“, – აღნიშნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
იგივეს ფიქრობს ოპოზიციაც:
“არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა ჯანსაღი ადამიანის კონსოლიდირებული პროტესტის შედეგად, ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება ვერ მოახერხა, რომ კანონდარღვევით მთლიანად სასამართლო ჩაეგდო ხელში,” – ამბობს ოპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.