ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: სხვა ფრაქციებს მოგიწოდებთ, ხალხის ძალის კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროთ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უცხოურ აგენტებზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტს “უცხოური აგენტების” შესახებ მხარი არ დაუჭირონ.
“კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც ფრაქცია ხალხის ძალამ წარმოადგინა, იწვევს რამდენიმე შეშფოთებას მის დემოკრატიულ და ადამიანთა უფლებათა სტანდარტებთან თავსებადობის მიმართ”- თქვეს PACE-ის მომხსენებლებმა საქართველოზე, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ.
“ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოვუწოდებთ, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომელსაც, მიღების შემთხვევაში, შემზარავი შედეგი ექნება”, – ხაზი გაუსვეს”. – წერს PACE-ი Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ 16 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გამიჯნული დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პრაისის თქმით, კანონი დაფუძნებულია არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე.
● რას ფიქრობენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტზე. სპოილერი: კარგს არაფერს
● რუსეთში “უცხოელ აგენტად” გამოცხადებული ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატები, რომლებმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს, პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის არეგისტრირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.
“უცხოური აგენტების” რეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, ეს იქნება დაფინანსების გამჭვირვალობის დასავლური ანალოგი და მას რუსულ მოდელთან საერთო არაფერი აქვს.
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
რას გულისხმობს რუსული კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ
ვლადიმირ პუტინმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ბოლო შესწორებას 2021 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი. სადავო კანონის დარღვევა ჯარიმას აწესებს. ჯარიმას ითვალისწინებს ასევე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციები – მიტინგების დაფინანსება და სამართალდამცავი ორგანოების დაუმორჩილებლობა.
24 თებერვალს, პუტინის მიერ ხელმოწერილი „უცხოელი აგენტების“ კანონი, ფიზიკური პირებისთვის 2 500 რუბლამდე, ორგანიზაციაზე კი 500 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს. „უცხოელი აგენტის“ სახელით ცნობილი კანონი, არ განარჩევს და თანაბრად მოქმედებს, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე ინდივიდუალურ პირებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც და ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.
კანონი პირველად 2012 წელს, პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებისას მიიღეს და მას შემდეგ, მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა – რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.
კანონი ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დახმარებას უცხოეთიდან იღებენ – რუსეთის მთავრობა კი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა – საკუთარი თავის იდენტიფიცირება „უცხოელ აგენტებად“ მოახდინონ და აუდიტის სამსახურში დარეგისტრირდნენ.
კანონში ბოლოდროინდელი შესწორებების სამიზნე უცხოეთის მიერ დაფინანსებული მედიაა. მათ შორისაა „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი, ასევე სხვა ექვსი რუსულენოვანი ახალი ამბების სამსახური და „Current Time” – „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი მედიაპროექტი. ასევე, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, “უცხოური აგენტების” რიგებს გამოცემა “მედუზა” და “ნოვაია გაზეტა” შეემატნენ.
2020 წლის ბოლოს, კანონში შეტანილი ცვლილებები რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს „უცხოელი აგენტების“ სიაში ინდივიდუალური ჟურნალისტები შეიყვანოს და მათ შეზღუდვები დაუწესოს.