აბორტის აკრძალვა აფხაზეთში: "ჩემი შვილი დეპუტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემთვის?"
აბორტის აკრძალვა აფხაზეთში
აფხაზეთში აბორტი 2016 წელს აკრძალეს. ერთადერთი გამონაკლისი ნაყოფის საშვილოსნოში სიკვდილის შემთხვევებია. რვა წლის შემდეგ JAMnews-მა გადაწყვიტა ესაუბრა მათთან, ვინც ამ აკრძალვის შედეგები საკუთარ თავზე გამოცადა, თუმცა მხოლოდ ერთი ქალი დაგვთანხმდა, საკუთარი ამბავი მოეყოლა.
არანაირი გამონაკლისები არ არსებობს გამონაკლისის შემთხვევებშიც კი
2017 წელს, ორსულობის ტესტის გავლის შემდეგ, არინამ (სახელი შეცვლილია) როგორც იქნა დაინახა დიდი ხნის ნანატრი ორი ზოლი. ეს მისი მეორე ორსულობა იყო და მრავალი ქრონიკული დაავადების გათვალისწინებით, მეორე შვილის დაბადება დიდ პასუხისმგებლობად მიიღო.
- რას ფიქრობენ აფხაზეთში აბორტის აკრძალვაზე ხუთი წლის შემდეგ
- „ვიცოდი, რომ ერთი ქალი აკეთებდა უფრო იაფად და მასთან წავედი“. რატომ მიმართავენ ქალები არალეგალურ აბორტს საქართველოში?
- დეპოპულაცია სომხეთში: არგაჩენილი გოგოები, დაღუპული ბიჭები, პანდემია
„ამ ორსულობისთვის ერთი წელია ვემზადები. ექიმი, რომელიც დამეხმარა პირველ ორსულობაში, ცხოვრობს რუსეთში. მან ასევე მომამზადა მეორე ორსულობისთვის. დავორსულდი და ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო – ჯერ სისხლდენა დამეწყო, მერე კი უცებ ორსულობის შეგრძნების გრძნობა გამიქრა. გავიქეცი ექოსკოპიაზე აქ, აფხაზეთში და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგადაა და ორსულობის პერიოდი 4-5 კვირაა რაც გრძელდება. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაქვს არა 4-5 კვირა, არამედ მეტი, 8-9 კვირა.
აშკარად საუბარი იყო გაყინულ ორსულობაზე, ანუ როცა ნაყოფი წყვეტს განვითარებას. ეს არის გამონაკლისი, როდესაც კანონი აბორტს უშვებს. თუმცა, ექიმმა უარი თქვა, რომ ეს დასკვნაში დაეწერა. ეჭვი ეპარებოდა, რომ არინა ცრუობდა და განზრახ აზვიადებდა ვადას, რათა აბორტის ნებართვა მიეღო.
„მან თქვა, რომ დასაკვირვებლად უნდა წავსულიყავი. კანონის თანახმად, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ორსულობა ნამდვილად გაჩერდა, საჭიროა ქალზე დაკვირვება რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირის განმავლობაში!”– განმარტავს არინა.
კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სოჭში წასვლა გადაწყვიტა ექიმთან. ის იქ უკვე მაღალი ტემპერატურით და მუცლის ძლიერი ტკივილით ჩავიდა. განმეორებითმა ექოსკოპიამ დაადასტურა სპონტანური აბორტის აუცილებლობა. ქალს ინტოქსიკაცია ემუქრებოდა და მრავალი ქრონიკული დაავადების გათვალისწინებით, შესაძლოა ლეტალურად დასრულებულიყო.
“ეს ეხებოდა ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. საკითხი სასწრაფოდ გადაწყდა – მე გავიკეთე სამედიცინო აბორტი. და მე მივხვდი, რომ ჩემი სახელმწიფო არანაირად არ მიცავს. მე კანონში ცვლილების მომხრე კი არ ვარ, არამედ აბორტის აკრძალვის სრული გაუქმების მომხრე ვარ.”
არინა აღიარებს, რომ მისთვის ყველაზე რთული ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია იყო, ამაში კი მას ქმრის მხარდაჭერა დაეხმარა. მათი ნათესავების უმეტესობამ და დედამისმაც კი ჯერ კიდევ არ იციან, რომ არინას ცხოვრებაში ასეთი რაღაც მოხდა.
„ერთი-ორი წელი გონზე ვერ მოვდიოდი. ბოლოს და ბოლოს, გავიაზრე, რომ ის ორსულობა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და ნაყოფის დაკარგვაც ძალიან მძიმედ გადავიტანე. მინდა ვკითხო იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთში აბორტების აკრძალვა შემოიღო, მინდა ვკითხო ეკლესიას, რომელიც მხარს უჭერს ამას: მართლა ფიქრობთ, რომ ჩემი შვილი თქვენთვის უფრო საჭირო და ძვირფასია, ვიდრე ჩემთვის? მე უკვე მყავს ერთი შვილი. მე კი მაშინ უპირველესად მასზე ვფიქრობდი, როცა იქ, სოჭში, მითხრეს, რომ ფიქრის დრო არ იყო და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ხედავთ, რომ მე დავემორჩილე ჩვენს კანონმდებლობას, მაგრამ რომ არა სხვაგან მიღებული ზომები, ძალიან მალე მთელი აფხაზეთი დაინახავდა სისხლით მოწამლული ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ამბავს ან რაღაც ამდაგვარს.“
აბორტზე ცუდი არასასურველი ორსულობაა
2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ აბორტების შეზღუდვა ან პირდაპირ აკრძალვა იწვევს თვითმკვლელობის რისკს რეპროდუქციული ასაკის ქალებში, ამბობს ფსიქიატრი გვანცა მაჭავარიანი. ვარაუდობენ, რომ მთავარი სუიციდური ფაქტორი არის არასასურველი ორსულობასთან დაკავშირებული სტრესი.
„კვლევების მიხედვით, აბორტი ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ისე არ აზიანებს, როგორც მდგომარეობა, როდესაც მას არასასურველი ორსულობის შედეგად უწევს მშობიარობა“, – განმარტავს ექიმი.
მაჭავარიანი ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად საგანმანათლებლო სამუშაოები არ ტარდება, ორსულობის პათოლოგიურად გაგრძელების რისკი იზრდება – ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობა საშვილოსნოში პათოლოგიის გამო. შესაბამისად, უფრო მაღალია მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და ფსიქოზის განვითარების რისკი.
„პათოლოგიური დეფექტებით დაბადებული ბავშვების შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მათ რეაბილიტაციაზე. მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში ასეთი რაღაც არსებობს. მშობლები ასევე ყოველთვის არ არიან მზად მორალური პასუხისმგებლობის აღებისთვის, რაც იწვევს განქორწინებების რაოდენობის ზრდას. და შედეგად, ასეთი ბავშვები არავის სჭირდება: არც სახელმწიფოს და არც ხშირად საკუთარ მამებს“, – ამბობს ექიმი.
ყველაზე სასოწარკვეთილები რაღაც საშინელ წამლებს სვამდნენ, რომ მუცელი მოეშალათ
კამა გოპია საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზის“ ხელმძღვანელია, რომელიც ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. თავად კამა აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ მას გამართლებულად მიიჩნევს, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენებები.
„რა თქმა უნდა, აფხაზეთში აბორტის აკრძალვა ჩვენს პაციენტებსაც დაეტყო. ზოგადად, ასეთი კანონები, პირველ რიგში, გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების ცხოვრებაზე. ჩვენს პაციენტებს არ შეუძლიათ აბორტის გასაკეთებლად აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გამგზავრება. ამიტომ ბევრმა ვერაფერი გააწყო და შვილები გააჩინა. ყველაზე სასოწარკვეთილებმა კი სპონტანურ აბორტს მიმართეს – დალიეს ძალიან საშიში წამლები და კინაღამ დაკარგეს საკუთარი სიცოცხლეც.“
კამა გოპია მოგვითხრობს ორსულ ქალზე, რომელმაც გაიგო, რომ მის ბავშვს აქვს გულის კომპლექსური დაავადება და დაუნის სინდრომის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
„ასეთ ბავშვს სჭირდება ფრთხილი მოვლა, განსაკუთრებული კვება და ა.შ. რასაც ეს ოჯახი ვერ უზრუნველყოფდა! აბორტის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ კანონით ეს შეუძლებელია. ყველაფერი გაჭიანურდა, ვადა კი უკვე ძალიან დიდი იყო. და ჩვენს ორგანიზაციას გაუჩნდა დილემა – რა ვქნათ? ჩვენ თითქმის შევთანხმდით მოსკოვის კლინიკასთან, მაგრამ შემდეგ ნაყოფმა განვითარება თავისით შეწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სტრესული იყო ქალისთვის“, – იხსენებს გოპია.
ანონიმურობის პირობით, ჩვენ მოვახერხეთ ერთ-ერთ აფხაზ მეან-გინეკოლოგთან საუბარი. მისი აზრით, 21-ე საუკუნეში, როდესაც კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, აბორტი აღარ არის ერთადერთი გამოსავალი. ექიმი იხსენებს, რომ აბორტები, განსაკუთრებით ხშირი, ასევე საშიშია ჯანმრთელობისთვის და გაცილებით სწორია მოსახლეობის განათლება კონტრაცეფციის შესახებ.
აფხაზეთში აბორტის აკრძალვის მთავარი მიზანი შობადობის გაზრდა იყო. მაგრამ, სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ეს მიზანი მიუღწეველია – ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში შობადობა, პირიქით, შემცირდა.
სტატია მომზადდა აფხაზურ საინიციატივო ჯგუფ „ჩემი უფლებებთან“ თანამშრომლობით.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო