ვინ არიან „ყვითელი ჟილეტები“ და რატომ აწყობენ საფრანგეთში მასობრივ არეულობებს
უკვე ერთი თვეა, საფრანგეთში არ ცხრება ქუჩის აქციები. ეს არამხოლოდ პარიზში, არამედ ბორდოში, ლიონში და სხვა ფრანგულ ქალაქებშიც გრძელდება. ამის მიზეზი ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასების გაზრდის შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ამიტომ პროტესტანტებმა ჩაიცვეს ყვითელი ჟილეტები, რომლის ქონაც ქვეყნის ყველა მძღოლისთვის აუცილებელია. სწორედ ამ ჟილეტების დამსახურებით მიიღო ამ პროტესტმა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის სახელი.
ვინ გააერთიანა ეს პროტესტი და რის მიღწევა სურთ მის მონაწლეებს? აქვთ თუ არა წარმატების შანსი მათ? ამ და სხვა შეკითხვებზე გამოცემა Meduza-ს ცნობილი ფრანგი სოციოლოგი, კარინ კლემანი პასუხობს
ვინ გავიდა ქუჩაში
ეს საპროტესტო ტალღა წინა აქციებისგან პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ ეს ახალი საზოგადოებაა – პერიფერიიდან და რეგიონებიდან. მეორე არის ის, რომ აქ ყველა ასაკის ადამიანია – ქალებიც და მამაკაცებიც. მათი უმრავლესობა არიან მუშა- მოსამსახურეები, რომლებსაც იმისთვის, რომ იცხოვრონ და ოჯახები არჩინონ, სულ უფრო და უფრო მეტი მუშაობა უწევთ.
განსხვავება არის კიდევ ის, რომ ადამიანებში პროტესტი ისედაც დაგროვილი იყო, ბენზინის ფასის ზრდა კი მხოლოდ უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ადამიანებს არ სურთ, რომ მათ ვინმე წარმოადგენდეს და მათი სახელით ლაპარაკობდეს, ამიტომ ისინი პარტიებსა და პროფკავშირებს სუსტად, ან საერთოდ არ უჭერენ მხარს.
რამდენად კრიტიკულია ეკონომიკური მდგომარეობა საფრანგეთში?
აბსოლუტური ციფრები ცოტა რამეზე მეტყველებს. მაგალითად, ბევრი აქციის მონაწილე 1100 ევროს ოდენობის მინიმალურ ხელფასს იღებს, თუმცა, იმავდროულად, უამრავ გადასახადს იხდის – მათ კომუნალური გადასახადების დიდ ხარჯი აქვთ. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ჰყავთ შვილები – ამ მოძრაობის მონაწილეთა შორის ბევრი მარტოხელა დედაა. რა არის საფრანგეთში 1100 ევრო, როდესაც ორი შვილი გყავს და მარტოხელა ხარ? ეს კაპიკებია. ადამიანები ჩივიან, რომ მათ უწევთ, თავიანთ მშობლებს შვილიშვილებისთვის ტანსაცმლის საყიდელი ფული სთხოვონ. ეს სრულიად დამამცირებელი სიტუაციაა.
მატერიალური მდგომარეობა – ეს კიდევ ყველაფერი არ არის
ეკონომიკური მოთხოვნები – ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა. ეს არის უთანასწორობის საწინააღმდეგო პროტესტი: გადასახადებს ღარიბები იხდიან, შეძლებული ადამიანები კი სულ უფრო და უფრო ნაკლებს იხდიან და მათ ხარჯზე მდიდრდებიან. პროსტესტანტებთან საუბრისას ირკვევა, და ყველა გამოკითხვაც ამაზე მეტყველებს, რომ ამ ხალხის ყველაზე დიდი ღელვის საგანი მაკრონის მიერ სიმდიდრის გადასახადის გაუქმებაა (ეს გადასახადი ეკისრებოდათ იმ მოქალაქეებს, ვისი წლიური შემოსავალი 1,3 მილიონ ევროს აჭარბებდა. გადასახადი 0,5 1,5%-მდე იყო- რედ.)
ხელისუფლება ზემოდან ლაპარაკობს
ადამიანები ასევე ძალიან ცუდად აღიქვამენ იმ ტონს, რომლითაც მათ მაკრონი ელაპარაკება. ის ისტებლიშმენტის წარმომადგენელია, ტექნოკრატი. მან თავს უფლება მისცა და რეგიონში მცხოვრები ადამიანების მიმართ ბევრი დამამცირებელი გამოთქმა გამოიყენა; ამბობდა, რომ ისინი ზარმაცები, ნაკლებად განათლებული, პატარა ადამიანები არიან, რომლებიც ახლა აჯანყდნენ. მისი თქმით, ადამიანებს ან მუშაობა არ სურთ, ან არასაკმარისად ეძებენ სამუშაოს.
არადა, ისინი მუშაობით თავს იკლავენ, მაგრამ მუდმივად ცხოვრებისეულ სიძნელეებს აწყდებიან.
რატომ შემოუერთდნენ რეგიონები
რეგიონებში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ მანქანა, რათა პროდუქტებზე და სამსახურში იარონ – ამიტომაც ბენზინის ფასის ნებისმიერი ცვლა მათთვის ძალიან არსებითია. თანაც, ეს არის საფრანგეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის დაცინვისკენ ყველაზე მეტად არიან მიდრეკილები ისტებლიშმენტის წარმომადგენლები.
რა იქნება შემდეგ
ახლა ხელისუფლებას დიდი სიძნელეები ელის წინ. არ ვიცი, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვლენ, მაგრამ მოცემულ მომენტში დათმობები – ერთადერთი გამოსავალია. ვერ ვხვდები, სხვანაირად როგორ შეძლებენ პროტესტის შერბილებას, რადგან მოძრაობას საკუთარი დინამიკა აქვს – სოლიდარობა, თავის პატივისცემა და ა. შ. და როგორც ჩანს, ეს ადამიანები ზოგიერთი დათმობის შემდეგ შეჩერებას არ აპირებენ. მაგრამ თუკი ხელისუფლება მათ ძალადობითა და დაპატიმრებებით უპასუხებს – ეს მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს.