სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი ერთი წლით შეუმცირა
5 ივლისის საქმე
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებულები აკაკი ნაკაშიძე, დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი არიან. თავდაპირველად მათ სასჯელის სახით 5-5 წლით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, სააპელაციო სასამართლომ კი ძალადობაში მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.
თორნიკე დავლაშერიძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; დევნა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება;
ცოტნე ჩიხლაძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მის შემთხვევაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი შეიცვალა ძალადობის მუხლით. ამასთან, მას ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; დევნა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება;
დავით კუტალაძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; დევნა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება;
გია გიგუაშვილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; დევნა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება;
ოთარ გელაშვილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; დევნა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
● 5 ივლისის ძალადობაზე Tbilisi Pride-ის სარჩელი სტრასბურგმა განსახილველად მიიღო
რა მოხდა 5 ივლისს
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. იგი თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქვეყნის “გაუკუღმართებული ცხოვრების წესისგან” დაცვისკენ მოუწოდებდა.
5 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები დილიდან გამოვიდნენ პარლამენტთან. მათ ჯერ პარლამენტთან თვეების განმავლობაში მდგარი ოპოზიციური კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ამ ამბის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დაერივნენ. 5 ივლისს თბილისში ნამდვილი ნადირობა მოეწყო ჟურნალისტებზე – რადიკალები 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს.
შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის”, – ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ მოძალადეთა ქმედებები წააქეზა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისს გაკეთებულმა განცხადებამ. ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის“” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე.
“ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც ჟურნალისტები ამბობდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული არასაკმარისი პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, “რისი საშუალებაც იყო”.
როგორც მედიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ჰომოფობები მათ მიზანმიმართულად დასდევდნენ. ზოგ ჟურნალისტს ქირურგიული ოპერაცია და სერიოზული სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.