საქართველოს უკრაინისგან ბუკის სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია - თავდაცვის სამინისტრო
ბუკის სისტემები უკრაინიდან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2007 წელს საქართველოს უკრაინისგან ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია და ქვეყანამ ის მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. ასევე, განცხადებაში განმარტებულია, რომ 2017 წელს თავდაცვის უწყებამ ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-სგან ჯაველინის ანტისატანკო სისტემების შესყიდვის მიზნით.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს “ბუკის” ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. ამის შესახებ კასიანოვი Європейська правда-სთვის დაწერილ სტატიაში საუბრობს. სტატიის სახელწოდებაა “როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები.”
კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემასაც. დიპლომატის თქმით, ეს უკანასკნელი შეთანხმებული იყო არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ არსებობდა წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ ბუკის საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბუკის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს, მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ 2017 წელს თავდაცვის უწყებამ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-სგან ჯაველინის ანტისატანკო სისტემების შესყიდვის მიზნით”. – წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას მტკიცედ აგრძელებს.
“რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია”. – წერია განცხადებაში.
● საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა 463 მილიონი დოლარია
● რობერტ ჰამილტონი: უკვე ტრაგიკულია, რომ რომ კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვას განიხილავენ
● ოლექსი არესტოვიჩი: რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტურად პრორუსული კურსი აქვს
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორს შორის ვითარება გამწვავდა. ჯერ კიდევ თებერვალში საქართველო არ შეუერთდა უკრაინის მხარდასაჭერ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სანქციებს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია დასახელდა. საქართველოში უკრაინას დღემდე არ ჰყავს მუდმივი წარმომდაგენელი – ელჩის მოვალეობას სწორედ დროებით ანდრეი კასიანოვი ასრულებს.
გასული წლის 6 დეკემბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ომის პარტიის” წევრები [იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობა”] სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ უკრაინაში და “რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების.”
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ბახმუტში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრა და კვლავ “ომის პარტიაზე” [“ნაციონალურ მოძრაობაზე”} ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში “ომის პარტიას” მიჰყავს.
პრემიერის ამ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. მის სიტყვებს გამოეხმაურნენ როგორც პოლიტიკოსები და მწერლები, ასევე უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ბახმუტში დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა.
18 ნოემბერს, პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა კვლავ გაიმეორა, რომ მას სთხოვდნენ [ოპოზიცია], რომ საქართველოს მიეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად. ღარიბაშვილის თქმით, ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა და “გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთს შესაბამისი რეაქცია ექნებოდა და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, როგორც ეს მათ უკრაინელ პარტნიორებთან ერთად დააანონსეს.”
“ეს ადამიანები [ნაციონალური მოძრაობა] რომ დღეს ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ… პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას.” – თქვა ღარიბაშვილმა.