საქართველოში 7 იანვარს შობას აღნიშნავენ. გამოქვეყნდა პატრიარქის ეპისტოლე
საქართველოში შობას აღნიშნავენ
საქართველოში დღეს შობას აღნიშნავენ. 7 იანვარი უქმე დღე და სახალხო დღესასწაულია. სადღესასწაულო ლიტურგია 7 იანვრის ღამეს ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.სადღესასწაულო მსახურება სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სამებაში კი მისმა თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.
იმისთვის, რომ მრევლი სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწროს, თბილისში შობის ღამეს მეტრო დილის სამ საათამდე მუშაობს, ღამის 23 საათიდან კი მგზავრობა უფასოა. საქართველოში შობას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ახლის დასაწყისს. შესაბამისად, იგი დატვირთულია სხვადასხვა წეს-ჩვეულებებით.
ყველაზე მთავარი საშობაო ტრადიცია ალილოობაა, რომელიც 15 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ძველ საქართველოში შობის ღამეს ბავშვები და ახალგაზრდები კარდაკარ დადიოდნენ სოფელში სიმღერით “ალილო” იგივე ალილუია. ტრადიციის თანახმად, მეალილეებს ეგებებოდა ოჯახის უფროსი ქალი ან კაცი და აძლევდა ძღვენს – ცოტა ფულს, სხვადასხვა სურსათს, საშობაო ღვეზელს. „ალილოს“ მღეროდნენ თითქმის მთელ საქართველოში – კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში.
გურიაში ასევე აქვთ საშობაო ღვეზელის გამოცხობის ტრადიცია – შობის ღამეს აცხობენ ერთგვარი ხაჭაპურს, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს და შიგთავსად ყველთან ერთად ემატება მოხარშული კვერცხი.
● რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელსა და შობას საირმეში
● “დიდია შანსი, რომ მსოფლიო ომი 2023 წელს დაიწყოს, მაგრამ არსებობს იმედი, რომ მას თავიდან ავიცილებთ”
● მთავარეპისკოპოსი ზენონი, რომელიც საქართველოს პატრიარქმა კათედრიდან გადააყენა, კიევში ჩავიდა
ალილოობის ტრადიცია წლებია თბილისში დიდ საერთო-სახალხო მსვლელობა-დღესასწაულად იქცა. 7 იანვარს თბილისში მორწმუნეები მრავალათასიან მსვლელობას აწყობენ – ადამიანებს თან მიაქვთ სხვადასხვა საჩუქრები და ტკბილეული, რომლებსაც შემდეგ გაჭირვებულებს ურიგებენ.
მსვლელობის მონაწილეების კოსტიუმები მოგვაგონებს საშობაო ამბავს – ანგელოზ-მახარობლებს. კიდევ ერთი საშობაო ტრადიცია, რომელიც სულ რამდენიმე წელა ითვლის, მაგრამ მორწმუნეებმა ძალიან შეიყვარეს – ეს არის შობის ღამეს ფანჯრებთან სანთლის ანთების ტრადიცია.
ამ ტრადიციას ილია მეორემ დაიდო სათავე – ზუსტად შუაღამეს მორწმუნეები საკუთარ სახლებში ფანჯრის რაფაზე ანთებულ სანთელს დებენ. სიმბოლურად ეს სანთლები ღვთისმშობელსა და ჩვილ იესოს ქრისტიანების სახლებისა და გულებისკენ გზას უნათებს და გვახსენებს ბიბლიურ ამბავს, როდესაც მოხეტიალე იოსები და მარიამი თავშესაფარს ეძებდნენ შვილის დაბადებისთვის.
პატრიარქის ეპისტოლე
7 აინვარს ტრადიციულად ქვეყნდება კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლე, რომელშიც პატრიარქი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ამბებს ეხება. 2023 წლის საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე ამბობს, რომ მნიშვნელობა აქვს ერთიანობისათვის ზრუნვას, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკურად რთული ადგილი უკავია.
ილია მეორემ შობა მიულოცა უკრაინას და ომით დაზარალებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს:
“ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტესშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.“
პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს ქრისტიანულად, სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება.
“მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა;
კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით… ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, – საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი.” – ვკითხულობთ ეპისტოლეში.