რატომ ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო ომზე?
28 ოქტომბერს ისტორიაში პირველად საქართველომ პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ აირჩია. მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება,ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ დასახელებულა.
სალომე ზურაბიშვილის (38, 64 პროცენტი) და გრიგოლ ვაშაძის ხმები (37,73 პროცენტი) თითქმის თანაბრად გაიყო.
ახალი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა და ქვეყნის მართვაში განსაკუთრებულ როლს არ ასრულებს, თუმცა ის მაინც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა.
და, რაც ყველაზე მთავარია, საპრეზიდენტო არჩევნები გენერალური რეპეტიციაა საპარლამენტო არჩევნების, რომელიც საქართველოში ორ წელიწადში ჩატარდება და რომლითაც ქვეყანა ხელისუფლებას აირჩევს.
ქვეყანა უკვე გადაეშვა ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და მძიმე წინასაარჩევნო კამპანიაში.
მთავარი ინტრიგა იმაშია, ამ ერთი თვის განმავლობაში ვინ უფრო მეტი ხმის კონსოლიდირებას მოახერხებს – მმართველი პარტია თუ ოპოზიცია.
ხელისუფლებამ უკვე განსაზღვრა თავისი ახალი წინასაარჩევნო სტრატეგია – მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა მოსახლეობა სამოქალაქო ომითა და დესტაბილიზაციით დააშინოს. და ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, იმეორებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
____________
პირველ ტურში ზურაბიშვილსაც და ვაშაძესაც თითქმის ერთნაირი შედეგი აქვთ. ზურაბიშვილი ნახევარ პროცენტზე ცოტა მეტით იგებს. თუმცა, თუ ზოგადად ოპოზიციის ხმებს დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ ხელისუფლების კანდიდატმა უბრალოდ გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ზურაბიშვილმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი წააგო.
•არჩევნები საქართველოში. რატომ ვერ გაიმარჯვა პროსამთავრობო კანდიდატმა პირველ ტურში?
•საქართველო: მეორე ტური იქნება. ასეთ შედეგს არც ხელისუფლება ელოდა და არც ოპოზიცია
•ვინ არის სალომე ზურაბიშვილი — მმართველი პარტიის პირველი სერიოზული მარცხი
• ვინ არიან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და რატომ არის ეს არჩევნები განსაკუთრებული
ამჟამად ფსიქოლოგიური უპირატესობა აშკარად ოპოზიციის სასარგებლოდაა.
გარდა ამისა, მეორე ტურში ვაშაძეს სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა იმედიც აქვს.
სიდიდით მეორე ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“, რომელმაც არჩევნებში ხმათა თითქმის 11 პროცენტი დააგროვა, თავის მომხრეებს უკვე მოუწოდა, რომ მეორე ტურში ხმა ვაშაძეს მისცენ.
გაცილებით მძიმედაა საქმე მმართველი პარტიის შიგნით.
აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად არ იყო. ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ზურაბიშვილის შტაბში გამარჯვების აღნიშვნა დაიწყეს. განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როდესაც ცესკომ პირველი მონაცემები გამოაქვეყნა.
ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში ზურაბიშვილი ჟურნალისტებს გაურბოდა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა.
ხმებიც კი გავრცელდა, თითქოს ის მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.
თუმცა, ეს არ მოხდა – მესამე დღეს ზურაბიშვილმა პრეს-კონფერენცია მოიწვია, და თქვა, რომ იბრძოლებს.
მმართველი პარტიის სტრატეგია
როდესაც მოსახლეობა დაინახავს, რომ სააკაშვილის დაბრუნების რეალური საფრთხე არსებობს, მობილიზებას მოახდენს, არჩევნებზე მივა და ხმას ზურაბიშვილს მისცემს – სწორედ ეს არის მმართველი პარტიის მთავარი წინასაარჩევნო სტრატეგია, რომელიც მთლიანად ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს.
იმისთვის, რომ ამ სტრატეგიამ იმუშაოს, „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის რევოლუციით, დესტაბილიზაციითა და ქაოსით დაშინება დაიწყო, რაც, მათი თქმით, ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში გარდაუვალია.
„თუკი არჩევნებში ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით რეალური ნაბიჯი იქნება“, — ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დეპუტატს გედევან ფოფხაძეს ეკუთვნის.
მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალება და ქვეყანაში დაბრუნება — ასევე ხელისუფლების ერთ-ერთი მესიჯია.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვაშაძე არა პრეზიდენტის სავარძლისთვის, არამედ სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის იბრძვის.
დეპუტატები ასევე ვარაუდობენ, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ის ძალადობისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის მსჯავრდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებსაც გაათავისუფლებს [საუბარია შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიაზე – JAMnews]
„რასაკვირველია, ეს ყველაფერი იმ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენენ“, – განაცხადა დეპუტატმა ფოფხაძემ და ერთობისკენ მოუწოდა, რათა ეს „ფაშისტური ძალა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს.
[ამასობაში, სააკაშვილმა, რომელსაც დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, განაცხადა, რომ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის მისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ აპირებს. ანალოგიური განცხადება გააკეთა ციხეში სასჯელის მოხდის პროცესში მყოფმა ბაჩო ახალაიამაც – JAMnews].
მსგავსი განცხადება გააკეთა იუსტიციის საბჭოს წევრმა ანა დოლიძემაც. დამატებით, მან ასეთი პროგნოზიც კი გააკეთა, რომ თუკი ხელისუფლებაში ვაშაძე მოვა, დოლარი 6,70 ლარი გახდება“ [ამჟამად დოლარის კურსი 2,47 ლარია. 2012 წელს ის 1,67 ლარს უდრიდა — JAMnews].
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ფიზიკურად შებრძოლების მზადყოფნა, „პირველ ჯარისკაცად“ გადაქცევის და ქვეყნის „ამ მოღალატეებისგან, მწამებლებისა და კაცთმოძულეებისგან“ დაცვის სურვილიც კი გამოთქვა.
„ერთ მხარეს დგას ძალადობის აუსრულებელი სურვილი, მეორე მხარეს კი, შესაძლოა, არცთუ იდეალური ხელისუფლება, მაგრამ მშვიდობა, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარება. ამ სიტუაციაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ 28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი არჩევნებზე არ მივიდა, რადგან ეგონათ, რომ ზურაბიშვილი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებდა.
„მაგრამ ახლა, როდესაც დაინახავენ, რომ სააკაშვილის დაბრუნება რეალურია, მობილიზდებიან, არჩევნებზე მივლენ, და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – თქვა მან.
იგივე რიტორიკა აქვთ პროსამთავრობო ექსპერტებსაც, ასევე საზოგადოებისა და კულტურის წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადსხვა პოლიტიკურ ტოკ-შოუში მონაწილეობენ, და ხალხს ზურაბიშვილის კანდიდატურის გარშემო კონსოლიდირებისთვის მოუწოდებენ.
ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ტელეკომპანია „იმედიც“. ეს არხი გარდაცვლილი ქართველი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნოდა, და დღეს ხელისუფლების მთავარ პროპაგანდისტულ მანქანას წარმოადგენს.
პირველი ტურის შემდეგ ტელეკომპანიის მფლობელებმა და კოლექტივმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, „იმედი“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და ღიად დაიწყებს მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ოპოზიციის კანდიდატს ხმა არ მისცენ.
კიდევ ერთმა პროსამთავრობო მედიარესურსმა – Post TV-მ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ალკოჰოლის მწარმოებელი საწარმოს თანამშრომლები ტრაგიკული სახეებით აკეთებენ განცხადებას, რომ ქარხანას მეორე ტურამდე ხურავენ, მთელი ამ დროის განმავლობაში კი რეგიონებში ივლიან და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას გამართავენ, რათა სამშობლო გადაარჩინონ, და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება არ დაუშვან“.
ვაშაძის წინააღმდეგ კომპრომატად იქცა ის ფაქტიც, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს ვიტალი შკლიაროვი, ამერიკელი, გერმანელი და რუსი პოლიტიკური კონსულტანტი და პოლიტტექნოლოგი, რომელიც სხვადასხვა წლებში ბერნი სანდერსის, ბარაკ ობამას, ასევე ქსენია სობჩაკის და დმიტრი გუდკოვის საარჩევნო შტაბებში მუშაობდა.
პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებამ საკუთარი კამპანიის იმაზე აგება გადაწყვიტა, რომ ვაშაძე პრორუსული პოლიტიკოსია, რომელიც „ფეესბესთან“ არის კავშირში [ვაშაძე „მგიმო“-ს კურსდამთავრებულია და 80-იანი წლების ბოლოს სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა].
„ქვეყანას რუსეთს ვერ დავუთმობ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც თავად ადანაშაულებენ პრორუსულ რიტორიკაში, კერძოდ, აგვისტოს ომის შესახებ მისი გამონათქვამების გამო.
ოპოზიციის სტრატეგია
სულ სხვა რეალობაა საქართველოს მეორე „ნახევარსფეროზე“, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს.
ოპოზიციური არხი „რუსთავი-2“ ასევე მთლიანად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში.
ვაშაძის და მისი წინასაარჩევნო შტაბის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტ ოპოზიციურ ხმას მოუყარონ თავი. ამას ისინი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის მუდმივი შეხსენებით, და იმაზე საუბრით ცდილობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცენტრალიზებულია და ერთი არაფორმალური ლიდერის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელშია.
• საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
მეორე ტურში ოპოზიციისთვის ხმის მიცემას ისინიც კი აპირებენ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის მიმართ „სიმპათიით არ არის განწყობილი“.
„ჩვეულებრივ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მივცემდი ხმას, მაგრამ ეს არაჩვეულებრივი სიტუაციაა. ხელისუფლებას ხალხის ხმა სრულიად აღარ ესმის.
ივანიშვილს ისიც კი ჰგონია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, და მხოლოდ „რუსთავი-2“ ამღვრევს წყალს. საჭიროა, მათ ყურთასმენამდე რამენაირად მივიდეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ცუდად არის, და რომ ივანიშვილი სულაც არ არის ამ ქვეყნის მეფე, რომელსაც რაც მოესურვება, ყველაფრის გაკეთება შეუძლია“, – ამბობს მარინა 63 წლის პენსიონერი.
სააკაშვილი ხაზზეა
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის დაბრუნებასაც ახლანდელი ხელისუფლება ასე უფრთხის, ამჟამად ნიდერლანდებში, თავისი ცოლის სამშობლოში იმყოფება, თუმცა – მხოლოდ ფიზიკურად.
სინამდვილეში სააკაშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში – Facebook-ზე დღეში რამდენიმე ვიდეოს აქვეყნებს, ამომრჩევლებს მიმართავს და მათ მეორე ტურში გამარჯვებისთვის განაწყობს.
ასევე მისი ნახვა სისტემატურად შეიძლება ოპოზიციურ არხ “რუსთავი-2“-ზე.
აი, მაგალითად, ვიდეო, როდესაც არჩევნების ღამეს სააკაშვილის აღფრთოვანებით კითხულობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა უბნებიდან მისულ შედეგებს, სადაც ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს:
თუმცა, სააკაშვილის ასეთ აქტიურობას ყველა სიხარულით სულაც არ ხვდება.
მას ოპოზიციის მომხრეებს შორისაც კი ჰყავს ბევრი კრიტიკოსი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი – საქართველოსთვის გუშინდელი დღეა, და მისი აქტიურობა ოპოზიციას მომხრეების კონსოლიდირებაში ხელს უშლის.
„ადამიანებმა თქვეს, რომ მათ წინსვლა უნდათ“
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ტელეარხ „იმედზე“ პოლიტიკურ ტოკ-შოუს უყურა და დაითვალა, რომ წამყვანმა 25-ჯერ გაიმეორა სიტყვა „სამოქალაქო ომი“.
„ისინი უბრალოდ პირდაპირ აშინებენ და აშანტაჟებენ ამომრჩეველს. ჰიპოთეტურადაც კი რომ დავუშვათ დესტაბილიზაციის საფრთხის არსებობა, ეს ოპოზიციის კი არა, ხელისუფლების ბრალი იქნება, რომელიც ქვეყანაში წესრიგის დამყარებაზეა პასუხისმგებელი. ეს ხელისუფლების წინასაარჩევნო მესიჯია – აი, რა საშიში იქნება, ჩვენ თუ დავმარცხდებით“, – ამბობს რუხაძე.
მისი თქმით, ის, რომ საქართველოს საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია, ამის შემჩნევა ახლაც შეიძლება – თუ რიგ-რიგობით ხან „იმედზე“ გადავრთავთ და ხან „რუსთავი-2-ე“. თუმცა, რუხაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, სამოქალაქო ომის არავითარი საფრთხე არ არსებობს.
საქართველოს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ ხელმძღვანელი სულხან სალაძე ხელისუფლების განცხადებებს უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს.
„როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამგვარ განცხადებებს აკეთებდნენ? ქვეყანაში თუკი რაიმე მოხდება, ეს ხომ პირველ რიგში ხელისუფლების ბრალი იქნება“, – ამბობს სალაძე.
„ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნებში დამარცხების საპასუხო ისტერიული რეაქცია იყო“, – მიაჩნია ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს.
„იმის ნაცვლად, რომ არჩევნების შედეგები გააანალიზონ, და შეეცადონ მიხვდნენ, თუ რატომ არ მისცა ამომრჩეველმა ხმა მათ კანდიდატს, ისინი საკუთარი მოსახლეობის შანტაჟსა და დაშინებაზე გადავიდნენ“.
სამნიძის თქმით, საქართველოში ადამიანები სრულიად არ არიან დესტაბილიზაციისა და რევოლუციისკენ განწყობილები. პირიქით, მისი აზრით, წლების განმავლობაში ქართველი ამომრჩეველი დაბრძენდა:
„ადამიანები მივიდნენ, და მშვიდად მისცეს ხმა ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ. ამით მათ თქვეს, რომ მობეზრდათ ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ექვსი წელიწადია, იმის გარშემო ტრიალებს, თუ რა ცუდი იყო სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. მათ წინსვლა უნდათ, და ამ არჩევნებში სწორედ ეს თქვეს“.