ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
28 ოქტომბერს ს საქართველო პრეზიდენტს ირჩევს.
3 ათას 703 საარჩევნო უბანი დილის 8 საათიდან გაიხსნა. აქედან 55 უბანი საზღვარგარეთ იმუშავებს.
საქართველოში სულ 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველია.
საარჩევნო უბნები გაიხსნა 08:00-ზე და დაიხურება 20:00-ზე.
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ პრეზიდენტს აქ გაცილებით ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე პრემიერ-მინისტრს. თუმცა, პრეზიდენტის ფიგურას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, სულ რაღაც ორ წელიწადში ქვეყანა ახალ პარლამენტს აირჩევს – საპრეზიდენტო არჩევნები კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საპარლამენტო არჩევნების ბედსაც და აჩვენებს, ვის რა შანსი აქვს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელისუფლებო კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა ან თუნდაც მეორე ტური დაინიშნა, ეს იქნება მკვეთრი მესიჯი ხელისუფლებისთვის, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა “ქართული ოცნების” პოლიტიკით.
JAMnews-მა ყველაზე მთავარ ფაქტებს მოუყარა თავი, რაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ უნდა იცოდეთ:
______________
ზოგადი ფაქტები
• საქართველო დღეს მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.
• ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნებია.
• განახლებული კონსტიტუციის თანახმა, საქართველო პრეზიდენტს პირველად აირჩევს 6 წლის ვადით (მანამდე ვადა 5 წელი იყო).
• ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ეს იქნება ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი აირჩევს. უკვე შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდება და პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
• საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნებში არასოდეს ყოფილა მეორე ტური.
ასევე წაიკითხეთ: მზეჭაბუკი და დრაკონი. დავით ზურაბიშვილის ბლოგი
• საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს უფრო ნაკლები უფლებები ექნება, ვიდრე მის წინამორბედებს.
• საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 22 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი და 58 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი.
რა უფლებები ექნება მომავალ პრეზიდენტს:
√ ის შეიწყალებს მსჯავრდებულებს;
√ უფლება ექნება მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა;
√ წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ყველა მისი ნაბიჯი შეთანხმებული იქნება მთავრობასთან;
√ ფორმალურად ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას;
√ კანონით განსაზღვრულ ვადებში დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და ვადამდელ არჩევნებს;
√ მიანიჭებს და დაარიგებს ჯილდოებს;
√ პრეზიდენტი ხელშეუხებელია. მას ვერ დააპატიმრებენ და ვერ მისცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
√ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეუძლია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს
მოკლედ სამი მთავარი კანდიდატის შესახებ
• არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი. მათგან 19 წარადგინეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა.
• ეს პირველი არჩევნებია საქართველოს ისტორიაში, როდესაც მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს. “ქართულმა ოცნებამ” დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა დაუჭირა მხარი.
ასევე წაიკითხეთ: “ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის
• სამი ყველაზე რეიტინგული კანდიდატია: ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი; გაერთიანებული ოპოზიციის (აქ ძირითადი პარტიაა სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა”) კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე; და ოპოზიციური “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე.
• თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება საქართველოს ისტორიაში.
სალომე ზურაბიშვილი, #48. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი.
სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2005 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2005 წლის შემდეგ სააკაშვილის ოპოზიციაშია, თუმცა მის პარტიას არასოდეს ჰქონია მაღალი რეიტინგი.
საპრეზიდენტო კანდიდატად იგი თავად ბიძინა ივანიშვილმა აირჩია. ის მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” წევრი არ არის, თუმცა მთელი ხელისუფლება და ადმინისტრაციული რესურსი წინასაარჩევნო მის სასარგებლოდ მუშაობდა. მაგალითად, გასულ კვირას, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად “ქართულმა ოცნებამ” უზარმაზარი ყრილობა გამართა სპორტის სასახლეში, სადაც იყო მთელი მთავრობა, დეპუტატები და პარტიული აქტივი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები მაინც იმას იმეორებენ, რომ ზურაბიშვილი “ზეპარტიული კანდიდატია”.
ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ 2018 წლის აგვისტოში ომის პროვოცირება საქართველომ მოახდინა. ამ განცხადების გამო ზურაბიშვილის წინააღმდეგ ფეისბუკზე უპრეცედენტო ანტიკამპანია გაჩაღდა, რომელშიც არამხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტები, არამედ „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური ადამიანებიც მონაწილეობდნენ.
გრიგოლ ვაშაძე, #5. “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი:
ყოფილმა მმართველმა პარტიამ, მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო კოალიცია შექმნა ათ მცირე ოპოზიციურ პარტიასთან. გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციას “ძალა ერთობაშია” ჰქვია და ამ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია გრიგოლ ვაშაძე.
ასევე წაიკითხეთ: რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები
ვაშაძე გამოცდილი დიპლომატია, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო (2008 წლის დეკემბრიდან – 2012 წლის ოქტომბრამდე).
ვაშაძის დიპლომატიური კარიერა რუსეთთანაა დაკავშირებული, ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში და რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მხოლოდ 2008 წელს თქვა. თუმცა, მისი საგარეო ორიენტაცია მკვეთრად პროევროპულია. ვაშაძე ცნობილი პრიმა-ბალერინას, ნინო ანანიაშვილის მეუღლეა. ანანიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა მის საარჩევნო კამპანიაში.
დავით ბაქრაძე # 2. “ევროპული საქართველოს” კანდიდატი:
“ევროპულმა საქართველომ” (სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები, რომლებიც 2016 წელს გამოეყვნენ “ნაციონალურ მოძრაობას”) საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად პარლამენტის ყოფილი სპიკერი – დავით ბაქრაძე დაასახელა.
ამ პოლიტიკოსს თითქმის ყველა სოციოლოგიური გამოკითხვაში ნდობის მაღალი რეიტინგი აქვს. ბაქრაძე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრიდა კენჭს. არჩევნებში მან 21, 73 პროცენტი მიიღო.
წინასაარჩევნო კამპანია
• თუ მეორე ტური არ იქნება უკვე 18 ნოემბერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს ღვთისა და ერის წინაშე
• თითქმის ყველა პოლიტიკური დამკვირვებელი და ჟურნალისტი აღიარებს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სკანდალური წინასაარჩევნო კამპანია – კომპრომატების და ფარული ჩანაწერების ომი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სკანდალური ჩანაწერები გავრცელდა, სადაც “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები საუბრობენ ადამიანების გატაცებასა და წამებაზე, ასევე გახმაურებული საქმეების მოწმეებზე ზეწოლაზე; ბიზნესმენები საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან რეკეტზე, რომელშიც თვით ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია ჩართული. ხელისუფლება ამბობს, რომ არც ერთი ჩანაწერი ავთენტური არ არის და ყველა ფაქტს უარყოფს. ასევე მედიით გავრცელდა ინფორმაცია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ფეშენებელური სახლების შესახებ.
ასევე წაიკითხეთ: საარჩევნო არტი. საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები
• კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ამ წინასაარჩევნო კამპანიას გამოარჩევს – ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სამთავრობო კანდიდატის წინააღმდეგ არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლების ზოგიერთი მომხრეც გამოვიდა. ზურაბიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ ასეთი მასობრივი კამპანიის მიზეზი მისი განცხადებებია, რომლებიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გააკეთა.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფეისბუკის ქართულ სეგმენტში ხშირად შეხვდებოდით სტატუსებს, სადაც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს არ მიეცათ ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის. ხშირი იყო ასევე ავატარები, რომლებზეც ზურაბიშვილის ფოტო წითელი ხაზით იყო გადახაზული და ეწერა: „ომი რუსეთმა დაიწყო“.