ერთად ერთ სკოლაში - ჩვეულებრივები და განსაკუთრებულები
არსებობდა გეგმა, რომ 2022 წლამდე სომხეთის მთელი განათლების სისტემა ინკლუზიურ საფუძველზე გადასულიყო. თუმცა, ქვეყნის მზადყოფნის მრავალდონიანი შემოწმების შემდეგ ამ ნაბიჯის გადადება გადაწყდა. ახლა მთელ ქვეყანაში ინკლუზიური განათლება 1450 სკოლიდან მხოლოდ მეხუთედ ნაწილშია. ამავდროულად მოსწავლეების მშობლებიც და ექსპერტებიც ამ მხრივ ბევრ გადაუწყვეტელ პრობლემას ხედავენ.
„სკოლაში კარგია, იმიტომ, რომ ახლა ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც ვუყვარვარ. მასწავლებლები და მეგობრები მეხმარებიან, რომ ჩემი ეტლით გადავადგილდე – კლასში, ზუსტად ჩემს ადგილამდე მაცილებენ. ძალიან მიყვარს ჩვენი სკოლა“, – ამბობს ქალაქ გიუმრის ნომერ მე-7 სკოლის მოსწავლე ედუარდ ტოროიანი.
მას საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მეტყველების პრობლემები აქვს – ბავშვთა ცერებრალური დამბლის შედეგი. მაგრამ, სიჯიუტემ, რომლითაც ის და მისი მშობლები ავადმყოფობას ებრძოდნენ, სერიოზული პროგრესის მიღწევის საშუალება მისცა.
ედუარდის დედა იხსენებს, რომ მისი ვაჟი ერთ-ერთი პირველი ბავშვი იყო, რომელიც სკოლაში ეტლით წავიდა. სომხეთის რეგიონებში რამდენიმე წლის წინათ შშმ ბავშვებისთვის საერთო საგანმანათლებლო სკოლები სრულიად მიუღწეველი იყო.
განათლების სისტემის ინკლუზიურ საფუძველზე გადასვლის შესახებ კანონი ჯერ კიდევ 2005 წელს მიიღეს, მაგრამ განსაკუთრებული შესაძლებლობების ბავშვების მისაღებად არც ისე ბევრი სკოლა იყო სათანადოდ აღჭურვილი.
შირაქის ოლქში სკოლების ინკლუზიურ სწავლებაზე გადასასვლელად აღჭურვა 2012 წელს დაიწყო. მაგრამ, ედუარდის დედამ მანამდე რამდენიმე წლით ადრე გადაწყვიტა, რომ ყველა სიძნელეს გადალახავდა, რათა მის შვილს განათლება მიეღო. მიუხედავად მისი ასეთი სიმტკიცისა, სკოლაში მიღებაც კი საკმაოდ ძნელი იყო, და მთელ მათ ოჯახს დღემდე მრავალი პრობლემის გადალახვა უწევს.
სკოლამ ჩემს შვილს სხვა სამყარო გაუხსნა. თავიდან ბავშვები ძალიან გაოცებულები იყვნენ, თვალებში შეკითხვები ჰქონდათ. შემდეგ მიეჩვივნენ, დაუმეგობრდნენ ჩემს ბიჭს, მასზე ზრუნვა დაიწყეს. მაგრამ მშობლები მაინც ვერ მიეჩვივნენ. ჩვენ და ედუარდს განსაკუთრებული მზერით გვიყურებენ – გვათვალიერებენ, გვსწავლობენ, გვაფასებენ, თითქოს უცხო პლანეტელები ვიყოთ. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვმა დედას ჰკითხა: „დედა, რატომ ზის ეს ბავშვი ეტლში?“ – ჰყვება ოფელია ტოროიანი.
ის ამაყობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შეძლო არათუ არ გატეხილიყო, არამედ ბევრისთვის საკუთარი თავის ნორმალურად აღქმაც კი ესწავლებინა. ედუარადს უკვე სომხურად და რუსულად კითხვა შეუძლია, სწავლობს ინგლისურს, ბოლო დროს ქიმიისა და ბიოლოგიის გაკვეთილებშიც კი მონაწილეობს. წლების განმავლობაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, და სკოლაში შშმ ბავშვებისთვის პირობები შეიქმნა. მაგრამ სკოლამდე ჯერ უნდა მიაღწიო.
როგორ მიაღწიონ სკოლამდე?
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს ყველაზე მეტად სკოლისაკენ მიმავალი გზა ადარდებთ.
ვაანი სკოლაში ყოველ დღე საგანგებო საყრდენის დახმარებით დადის. ქუჩაში ყველა ორმოსა და ჩაღრმავებას გვერდი რომ აუაროს, დედა ეხმარება. გიუმრიში კი, სომხეთის მეორე ქალაქში, ტროტუარები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია.
პანდუსები არის, მაგრამ ხშირად ისეთი ძლიერი დახრით არის გაკეთებული, ეტლით სპორტსმენსაც გაუჭირდება სარგებლობა.
„გიუმრიში პანდუსები კი არა ტრამპლინებია, მთის ციცაბო ფერდობივითაა, სავარძლით შეიძლება კისერი მოიტეხო. დასანახად ტროტუარზე კუთხით დგას ორი ფილა, მაგრამ კომფორტის ნაცვლად, საფრთხეს ქმნის“, – ამბობს კრისტინე – ვაანის დედა.
ის ასევე იმაზე ჩივის, რომ გიუმრიში საყრდენ-მამოძრავებელი სიტემის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის არ არის მათ საჭიროებებზე მორგებული ტრანსპორტი. ისინი იძულებულები არიან ტაქსით ისარგებლონ. ამას ყოველდღიურად 1000 დრამი სჭირდება (დაახლოებით 2 დოლარი), და ეს ოჯახისთვის დიდი დანახარჯია.
სახელმწიფოს დანახარჯები
სახელმწიფო იმ ბავშვებისთვის, რომლებიც განათლებას ინკლუზიური სისტემით იღებენ, სკოლას 4-5-ჯერ მეტ სახსრებს გამოუყოფს, ვიდრე სხვა ბავშვებისთვის. სკოლები 100-110 ათას დრამს (207-228$) იღებენ თითოეულ ბავშვზე და 400-დან 500 ათას დრამამდე ($830-1040) – შშმ მოსწავლეებისთვის. ამ თანხიდან სკოლა ხელფასს უხდის იმ სპეციალისტებს, რომლებიც ამ ბავშვებთან მუშაობენ, თავად მოსწავლეებს კი კვებავენ და მათი მგზავრობის ხარჯებს ფარავენ.
„კანონით, მათ ტრანსპორტისთვის 200 დრამი (40 ცენტი) ეკუთვნით. ვიცით, რომ ამ თანხით მშობლებს შვილების სკოლამდე მიყვანა არ შეუძლიათ. მაგრამ მათთვის მეტი თანხის გამოყოფა არ შეგვიძლია. ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ნაკლები სახსრები გამოვუყოთ იმ ბავშვების ვისაც, ვთქვათ, სმენის პრობლემა აქვს, რათა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის თანხა გავზარდოთ.
გვინდა, რომ საგრანტო პროგრამისა და სკოლის მხრიდან გაღებული სახსრებით შევიძინოთ ავტობუსი, რათა მშობლებს შვილების სკოლაში მოყვანაში დავეხმაროთ. თუმცა, ვხვდებით, რომ ერთი სკოლა და ერთი ავტობუსი საკუთრივ პრობლემას ვერ გადაწყვეტს“, – ამბობს გიუმრის ნომერ მე-7 სკოლის დირექტორი გაგიკ კარაპეტიანი.
შირაქის ოლქის გუბერნატორის მოადგილე სოფია ოვსეპიანი ამას არა საგანმანათლებლო, არამედ სოციალურ პრობლემად მიიჩნევს. ამბობს, რომ ამჟამად შესაბამის კანონში შესწორებების შეტანის საკითხი განიხილება. არსებობს შეთავაზება, რომ სახსრები თითოეული ბავშვის საჭიროებების მიხედვით გამოიყოს და დახმარებაში მშობლები და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროც ჩაერთონ.
გახსნილია ინკლუზიური განათლების „ჩრდილოვანი“ მხარე
იმასთან დაკავშირებით, რომ შშმ ბავშვებისთვის სახელმწიფო სკოლებს დიდ სახსრებს ურიცხავს, მათ ინკლუზიურ სისტემაში ჯანმრთელობის მსუბუქი პრობლემების მქონე ბავშვების ჩართვა დაიწყეს. რაღაც მომენტში ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე მოსწავლეების სიაში „ემოციურ-ნებელობითი დარღვევების“ მქონე ბევრი ბავშვი აღმოჩნდა.
მათი მშობლები ამით ასევე დაინტერესებულნი იყვნენ. სკოლაში ბაშვის ყოველდღიური სადილი – სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმრებას წარმოადგენს. საბუთებში ბავშვებს უმნიშვნელო პრობლემა აღენიშნებოდათ – ჰიპექტიურობა ან ჩაკეტილობა.
„ახლა ემოციურ-ნებელობითი პრობლემები ინკლუზიურობის სიიდან ამოღებულია. გარკვეული შესწორებები შეტანილია ასევე მხედველობისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა სიაშიც – პირობები გამკაცრდა. მაგალითად მცირე ახლომხედველობის დროს ბავშვი ინკლუზიური განათლების მიმღებთა სიაში არ ხვდება“, – ამბობს შირაქის ადმინისტრაციის განათლების სამმართველოს უფროსი გრაირ კარაპეტიანი.
სულ ახლახან კიდევ ერთი კორუფციული სქემა გაიხსნა. გიუმრის ორ სკოლაში ჩატარდა შემოწმებები, რომელთა შედეგების მიხედვით სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. გაირკვა, რომ 697-780 დრამის ($1,4-1,6) ღირებულების სადილის ნაცვლად, ბავშვებს ისეთ სადილს ურიგებდნენ, რომლის ფასიც 200 დრამს( 40 ცენტს) შეადგენდა. ამ გზით მისაკუთრებულ იქნა 11 მილიონი დრამი (დაახლოებით 23 ათასი დოლარი).
ახალი პერსპექტივები და ძველი პრობლემები
როდესაც მთელი განათლების სისტემა სრულად ინკლუზიური გახდება, დარჩება სპეციალური სკოლების შეზღუდული რაოდენობა, სადაც განათლებას ძალიან მძიმე პრობლემების მქონე ბავშვები მიიღებენ. 2019 წელს დედაქალაქსა და ქვეყნის ორ რეგიონში – შირაქსა და არაგაცოტნში მთლიანად ინკლუზიურ სწავლებაზე გადასვლა იგეგმება.
ამჟამად შირაქის ოლქში მოქმედი 148 სკოლიდან 24 სკოლაში ინკლუზიური სწავლება ხორციელდება.
თუმცა, ჯერჯერობით გადაუწყვეტელია სკოლების აუცილებელი სპეციალისტებით უზრუნველყოფის საკითხი. შირაქის ოლქის ზოგიერთ სკოლაში სპეციალური პედაგოგებისა და ლოგოპედების პოზიციები ვაკანტური რჩება.
„ასეთი სპეციალისტების არსებობა განსაკუთრებით აუტიზმის და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისთვის არის აუცილებელი. მეტყველების არქონისა და მომატებული ემოციურობის გამო, ბავშვები შეიძლება ატირდნენ – მაგალითად, წვიმის ხმის გამო. ცარცის ხმამ, რომლითაც ისინი დაფაზე წერენ, ასევე შეიძლება მათზე იმოქმედოს, და ნერვული დაძაბულობა გამოიწვიოს. ხოლო მათთან, ვისაც მეტყველების პრობლემა აქვს, აუცილებლად ლოგოპედმა უნდა იმუშაოს, რათა გართულებები არ წარმოიშვას“, – განმარტავს ფსიქოლოგი არმინე ოვანესიანი.
სპეციალური პედაგოგი და ლოგოპედი ჯერჯერობით ძალიან ცოტაა. და გაურკვეველია, თუ როგორ უნდა გადაწყდეს კადრების პრობლემა, რადგან ქვეყანაში მოცემული სპეციალობით განათლების მიღებას მხოლოდ ერთი უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფს.