ანგელა მერკელი: "დიახ, ეს არის ოკუპაცია. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია"
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას მხოლოდ მესამე ჯერზე დასმული კითხვის პასუხად ახსენა ტერმინი “ოკუპაცია”.
სტუდენტმა კონსტანტინე შუბითიძემ კანცლერს ჰკითხა:
-ტერმინ “ოკუპაციასთან” რაიმე პრობლემა არის თუ რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც ოკუპაციას და რატომ იყენებთ მხოლოდ ტერმინს “უსამართლობა”?
– დიახ, ეს არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორია. ეს არის ქალბატონი კანცლერის პასუხი. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ამის მიუხედავად ეს რჩება უდიდეს უსამართლობად” – უპასუხა მერკელმა სტუდენტის კითხვას.
გერმანიის კანცლერის ამ პასუხს აუდიტორია ტაშით შეხვდა.
იქამდე მერკელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე შეკითხვა კიდევ ორმა სტუდენტმა დაუსვა, თუმცა პასუხისას გერმანიის კანცლერს სიტყვა „ოკუპაცია“ არ გამოუყენებია და რუსეთის ქმედებები უბრალოდ „უსამართლობად“ შეაფასა. შუბითიძის მორიგი შეკითხვა სწორედ ამას მოჰყვა.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში არის ლიდერი ქვეყანა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ის აცხადებს, რომ “საქართველოს უკრაინასთან ერთად აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა”.
“საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყოფთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას მომავალში”,-განაცხადა მერკელმა.
თსუ-ს სტუდენტმა მერკელს კითხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებზე დაუსვა და ჰკითხა, რამდენად შეუქმნის ამ პარტიების სკეპტიციზმი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას პრობლემას?
როგორც მერკელმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე ძალები ცდილობენ საქართველოს, უკრაინის და ბალკანეთის ქვეყნების ისე წარმოჩენას, თითქოს ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისას პრობლემებს შექმნიან.
“როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად ამის წარმოჩენა, რა „პრობლემები“ შეიძლება შექმნას საქართველოს გაწევრიანებამ ევროკავშირში? ეს არის ადამიანური ემოციები, ამიტომ ძალიან ადვილად მანიპულირებადია ეს და დიდი სიფრთხილეა ამ თვალსაზრისით საჭირო“, – განაცხადა მერკელმა.
რუსეთთან ურთიერთობა
“ვფიქრობ, ევროკავშირი და ნატო არ არის საფრთხე რუსეთისთვის, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი და ნატო არ არის მტერი”, – განაცხადა მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.
მერკელის თქმით, გერმანიას სურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ისევე როგორც საქართველოსთან.
“გერმანიას სურს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს არამარტო საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ან უკრაინასთან, არამედ რუსეთთან. რუსეთი მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა… რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის მისი მტერი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ურთულებს სიტუაციას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, მაგალითად, საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახით; მაგალითად, მოლდოვას აქვს პრობლემა; აზერბაიჯანსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას”, – განაცხადა მერკელმა.
ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა სტუდენტის შეკითხვას გერმანიის და ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესახებ.
მერკელის თქმით, მთავარი სიმართლეა ის, რომ რუსული გაზის მიღება დღეს ევროპისთვის უფრო იაფი ვიდრე, სხვა ქვეყნის.
„ცივი ომის დროსაც ევროპას და რუსეთს, მაშინ საბჭოთა კავშირს, მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ენერგო მიმართულებით. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც ისეთი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გაზის მიღება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამ გაზის მიღება არ არის იგივე ფასად შესაძლებელი, როგორც რუსული გაზის მიღება. მე არ ვარ წინააღმდეგი რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, იქნებ გადავწყვიტოთ პრობლემა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით და ეს იქნება ადამიანებისთვის მომგებიანი”, – განაცხადა მერკელმა.