"თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო" - რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
აქართველოში მცხოვრები რუსები მობილიზაციაზე
21 სექტემბერს, დილით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა “ნაწილობრივი მობილიზაცია” . თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააკონკრეტა, რომ დაახლოებით 300 ათას რეზერვისტს გამოიძახებენ უკრაინაში, “სპეციალურ ოპერაციაში” (ოფიციალურად ჯერ კიდევ არ უწოდებენ ომს) მონაწილეობის მისაღებად.
პირველ ეტაპზე 18-35 წლის მამაკაცებს გაიწვევენ, შემდეგ 35-45 და ა.შ. რუსული მედია წერს, რომ რუსმა ახალგაზრდებმა უკვე მასობრივად მიიღეს გაწვევის ცნობები. მოსახლეობის ნაწილში პანიკაა. რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. გუშინ რუსეთის 30 ქალაქში 570-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე. ხალხი მასობრივად გარბის რუსეთიდან. პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში უკვე აღარ იყო ავიაბილეთები სტამბოლის, თბილისის, ერევნის, ბაქოს და სხვა იმ ქალაქების და ქვეყნების მიმართულებით, სადაც რუსებს ვიზა არ სჭირდებათ.
JAMnews-ი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები რუსები მობილიზაციაზე. რა იცვლება მათთვის დღეიდან, როგორც სამართლებრივი, ისე მორალურით თვალსაზრისით.
სერგეი, 27 წლის საქართველოში მცხოვრები რუსები მობილიზაციაზე
ემოციურად, ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვარ, როგორც 24 თებერვალს. იგივე შიშის და კოშმარის შეგრძნება მაქვს. ვისაც ველაპარაკები რუსეთში, ისინიც იმავეს გრძნობენ. თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო. ბევრი ჩემი მეგობარი მოხვდება მობილიზაციის ქვეშ. კოშმარში გავიღვიძეთ. ახლა კიდევ უფრო დიდია შიში.
მე იურისტი ვარ პროფესიით. მარტში ჩამოვედი თბილისში და მას შემდეგ ონლაინ ვმუშაობ რუს კლიენტებთან. ახლა ყველას უფასოდ ვეხმარები, როგორც შემიძლია. ბევრი ადამიანი მირეკავს რუსეთიდან. მეკითხებიან, როგორ მოვახერხოთ, რომ არ წავიდეთ ომში? როგორ დავტოვოთ ქვეყანა? რომელ ქვეყანაში გავიქცეთ? სად ვიცხოვროთ, სად ვიმუშაოთ? მხოლოდ ოპოზიციონერი აქტივისტები არ მირეკავენ, მათ შორის არიან პოლიციის თანამშრომლებიც.
დღევანდელ დღემდე ომში ან პროპაგანდის საშუალებით აგზავნიდნენ ადამიანებს, ან ფულს აძლევდნენ. ადამიანს ან სჯეროდა რომ სწორ საქმეს აკეთებდა, ან ანაზღაურებას იღებდა. ახლა კი, ვისაც წაიყვანენ, ეს იქნებიან რიგითი რუსები, რომლებსაც არ უნდათ ომი. მათ წაიყვანენ ძალით. ვინც აქამდე არ წასულა ომში, მათ არც ახლა უნდათ ბრძოლა.
თუმცა, მაინც არ მგონია, რომ ეს იქნება ბოლო წვეთი, რომელიც რეალობას შეცვლის. არ მაქვს იმედი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა. პროპაგანდა უკვე მუშაობს, ხალხს არწმუნებენ, რომ მობილიზაცია მხოლოდ ნაწილობრივია და სამხედროებს და ქვეყნის ძალიან პატარა პროცენტს შეეხება.
საუბარია 300 ათას ადამიანზე. ეს მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტია, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ეს პროცესი მართლაც ისევ მხოლოდ პირად ტრაგედიებად დარჩეს და სოციალურ პრობლემად არ გადაიქცეს. ქვეყანას არ შეაზანზარებს.
ოფიციალურად, მე ჯერ დეზერტირი არ ვარ, რადგან ჩემს სახელზე მოწვევა არ მოსულა. თუ გამომიძახეს და არ წავალ, დეზერტირი ამ შემთხვევაში გავხდები.
ადამიანები ახლა ეძებენ ყველანაირ გზას, რომ ქვეყნიდან გაიქცნენ. ყველაზე მეტად ბელარუსში, ყაზახეთში და სომხეთში ეცდებიან წასვლას, სადაც საზღვარგარეთის პასპორტი არ სჭირდებათ. ვისაც პასპორტი აქვს, საქართველოში ჩამოვა. მას შემდეგ, რაც ლიეტუვა [და ბალტიის სხვა ქვეყნები, ასევე პოლონეთი] საერთოდ აღარ გასცემს ვიზებს, ევროპაში გაუჭირდება ხალხს წასვლა. ბევრი სადმე რუსულ სოფელში წავა და იქ დაიმალება.
ახლა ალბათ კიდევ უარესია, ვიდრე თავიდან. მაშინ არ ვიცოდით რა იქნებოდა, რა მოხდებოდა. ახლა ყველაფერი ნათელია. ყველამ ვიცით რაზეა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება წამსვლელი. ახლა ვიცით, რომ კიდევ მეტი სისხლი დაიღვრება.
დიმიტრი, 24 წლის
ხვალ მოვდივარ მოსკოვიდან საქართველოში ლარსის გავლით. ავიაბილეთებზე არც მიოცნებია, ყველაფერი გაყიდულია. სიზმარი მგონია, რომ სახლიდან გაქცევა მიწევს. აქამდეც უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ ასე ადვილი ხომ არ არის – ახალი სამსახური მაქვს, შეყვარებული, რომელიც მშობლებს ვერ დატოვებს.
გაწვევის ასაკი მაქვს, თანაც ჯარში სამსახური მოხდილი მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მეხება მობილიზაცია. თუმცა, ჯერ გაწვევის ცნობა არ მომსვლია.
ლარსამდე მარშრუტკით მივდივარ. მძღოლი მეუბნება, რომ კიდევ ერთი რეზერვისტი მიჰყავს. თუ მკითხავენ, უნდა ვუთხრა, რომ ჩემს ნათესავს ოპერაციას უკეთებენ თბილისში და ჩემი ყოფნა აუცილებელია და რომ ორ კვირაში დავბრუნდები.
არც კი მინდა ვიფიქრო, რა უნდა ვქნა, თუ არ გამიშვებენ საზღვარზე.
მე მაგ ომში წამსვლელი არ ვარ. რამდენიმე ვარიანტი მაქვს გეგმა ბეს სახით – რამე წვრილმან ხულიგნობას ჩავიდენ და ციხეში ჩამსვამენ ერთი წლით. უკვე მოფიქრებული მაქვს, რას გავაკეთებ. ახლობელს მაღაზია აქვს და იქ “მოვიპარავ” რამეს. ის პოლიციაში დარეკავს.
ან, კიდევ ერთი ვარიანტია – ხელის ან ფეხის მოტეხა. მამაჩემმა მოიტანა კიდევ ერთი იდეა, რომელიც ვიღაცისგან მოისმინა – თუ ნაცნობი ქირურგი გყავს, შეიძლება რამე ოპერაცია გაგიკეთონ. მაგალითად, ბრმა ნაწლავის.
არ ვიცი საქართველოში რა უნდა ვაკეთო. ქართული გვარი მაქვს და რუსეთის მოქალაქეობა. მამით ქართველი ვარ, დედით – რუსი. ქართულიც არ ვიცი, რომ აქ დავსაქმდე. მაგრამ მაგ ომში წავლას ყველაფერი მირჩევნია. ვერავის ვერ ვესვრი და არც მე მინდა მესროლონ. თავს დეზერტირად ნაღდად არ მივიჩნევ. თავს დაესხა ვინმე ჩემს ქვეყანას და მე ვუღალატე და გავიქეცი? რა ომია ეს? რატომ ვუვარდებით ხალხს თავიანთ ქვეყანაში, სახლში, რატომ ვაწიოკებთ?
ვალერი, 24 წლის
ემოციურად, ჩვენ 24 თებერვალს თავიდან გავდივართ. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ. არ ვიცი როგორ დავეხმარო მათ, ვინც იქ ჩარჩა და ახლა გაქცევა უნდა. ჯერ-ჯერობით, ჩემს გარშემო ყველა შოკის მდგომარეობაშია.
აქამდე პროპაგანდა ტვინს ურეცხავდა ხალხს, რომ ეს ომი მათ არ ეხებათ. ახლა კი ომმა ყველას კარზე დააკაკუნა. ახლა ჩვენი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები წავლენ ომში. მათ არ უნდათ ხალხის ხოცვა. არც სიკვდილი უნდათ. ჯერ ვერ ხვდებიან, რა გააკეთონ. მეკითხებიან – რა ვქნათ? პასუხი არ მაქვს. უნდა გაიქცნენ.
აქციაზე გასვლა ერთ-ერთი გამოსავალია. აქციაზე გასულ ხალხს მაშინვე აიყვანენ და ციხეში ჩასვამენ. ციხეში მოხვედრა ნამდვილად სჯობს ომში წასვლას. მე ჩემს მეგობრებს ამას ვურჩევ, რომ შეუერთდნენ პროტესტს.
მასობრივი გამოსვლები რომც არ დაიწყოს, მასობრივი საბოტაჟი ნამდვილად იქნება. ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს ამ რეჟიმის დასასრულია. პუტინმა ამ გადაწყვეტილებით საკუთარი თავის განადგურება დაიწყო.
თბილისში სამნი ვქირაობთ ბინას. კიდევ ერთი ადამიანის დატევა შეგვიძლია – ახლა ველოდებით, რომ ჩამოვიდეს. მთავარია აქამდე ჩამოაღწიოს.
ემიგრაციის კიდევ ერთი დიდი ტალღა წამოვა ახლა საქართველოსკენ, თუ რა თქმა უნდა შემოუშვებენ. და რაც მთავარია, თუ რუსეთიდან გამოუშვებენ.
მე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ სრულად ჩამოინგრევა რეჟიმი რუსეთში. თუმცა, შეიძლება მაინც არ დავბრუნდე. მომავალს საერთოდ ვერ ვგეგმავ. წარმოდგენა არ მაქვს ხვალ რა იქნება და სად გავიღვიძებ. ჩვენი გეგმების ჰორიზონტი ყოველდღიურად იცვლება.
ალექსანდრ კოროვაინი, 37 წლის
ადგილს ვერ ვპოულობ. მთელი დღე ტელეფონზე ვლაპარაკობ, ახალ ამბებს ვუყურებ, იურისტებს ველაპარაკები და ვცდილობ ახლობლებს დავეხმარო. ცუდად ვარ. ძალიან ცუდად. ჩემი მეგობრების უმეტესობა 18-დან 35 წლამდეა, ანუ პირველებს მათ წაიყვანენ.
ვისაც ველაპარაკე, ყველა შოკშია. სხვადასხვა გზებს ეძებენ, რა გააკეთონ. ზოგი ცდილობს რუსეთი დატოვოს. ზოგი ფიქრობს, რომ წასვლა უკვე გვიანია და ციხეში გეგმავენ ჩაჯდომას. ზოგი ამბობს რომ წავა, მაგრამ არ ისვრის იარაღს. ჩემს მეგობრებს არავის არ უნდა ადამიანების მოკვლა. მათ მტერი არ ჰყავთ. ვერ ხვდებიან, რატომ უნდა დახოცონ ხალხი, ან თავად რატომ უნდა მოკვდნენ.
კვირას ჩემი და გათხოვდა. მე, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ ქორწილში. დღეს ჩემი სიძე ერთ-ერთი პირველია მობილიზაციის სიაში. მთელი დღეა ვურეკავ და არ მპასუხობენ. ალბათ ძალიან ნერვიულობენ. თუმცა, რომც მიპასუხონ, არ ვიცი რით შემიძლია დახმარება. ერთადერთი, შემიძლია ადამიანებს საქართველოში სახლის პოვნაში დავეხმარო, მაგრამ აქამდე ჩამოღწევაც ძალიან რთულია.
ერთი მეგობარი უკვე გზაშია, ლარსით მოდის. ახლა უნდა მოვიფიქროთ კარგი ისტორია, რომ გამოუშვან. ისე არ გამოუშვებენ არავის.
პირველ რიგში ქალები უნდა გამოვიდნენ აქციებზე, რაც შეიძლება მეტნი. არის მოლოდინი, რომ კაცებს, ვინც აქციაზე გამოვლენ, პირველ რიგში მოაბილიზებენ და პირდაპირ ომში წაიყვანენ.
ზოგი ფიქრობს, რომ ეს ბოლო შანსია, ზოგს არ სჯერა, რომ რამე შეიცვლება. 300 ათას ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანს ომში უშვებენ. ეს უკვე ნაციის განადგურებაა.
მარტში რომ ჩამოვედი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მალე დავბრუნდებოდი უკან. ახლა აღარ ვაპირებ დაბრუნებას. მე იმ რეჟიმში აღარ დავბრუნდები.
ანასტასია, 33 წლის
დღეს დილით ჩამოვედი. ბოლო თავისუფალ მატარებელს გამოვყვევი ერევნიდან. ფაქტიურად ცარიელ მატარებელში ვიჯექი. მხოლოდ რამდენიმე რუსი კაცი იჯდა. მითხრეს, რომ მობილიზაციის ეშინოდათ და გარბოდნენ. გამიხარდა უპრობლემოდ რომ შემოუშვეს საზღვარზე. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ უკანასკნელი გადარჩენილები იყვნენ.
წინა შაბათამდე ვცდილობდი მებრძოლა და ბოლომდე არ დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა. თუმცა, ბოლო პერიოდში უკვე მივხვდი, რომ მალე გამოაცხადებდნენ მობილიზაციას. დიდი ხანია დეპრესია მაქვს. ბოლოს კი ვიგრძენი, რომ სიკვდილის პირას ვარ. რუსეთში თუ დავრჩები, მოვკვდები. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მალე არ დამთავრდება და წამოვედი.
ორი კვირით წამოვედი ჯერ სომხეთში, შემდეგ საქართველოში. 6 წლის შვილი დედ-მამასთან დავტოვე. ვიფიქრე, ვნახავ სად მირჩევნია ცხოვრება, სახლში დავრბუნდები, მოვიფიქრებ რა როგორ დავგეგმო და ბავშვთან ერთად წამოვალ-მეთქი.
დღეს რომ გავიღვიძე და ახალი ამბები ვნახე, ყველაფერი ყირაზე დადგა. უკან ვეღარ დავბრუნდები. მთავარია ბავშვი ჩამოვიყავნო დროულად. სულ 115 დოლარი დამრჩა იმ ფულიდან, რაც წამოვიღე და ახლა წარმოდგენა არ მაქვს ან სად უნდა ვიცხოვრო, ან ფული როგორ გამოვიტანო ბანკიდან, ან საერთოდ რა გავაკეთო.
ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა წამოსულიყვნენ, რომ ეს ბოლო შანსი იყო. ზოგს სამსახური ჰქონდა, ზოგი ოჯახზე ღელავდა და დარჩნენ. ახლა მეშინია, რომ ვეღარ მოასწრებენ წამოსვლას. კეტავენ საზღვრებს. აღარავის გამოუშვებენ.
დღეს ინვალიდობა ერთადერთი რეალური გამოსავალია, რომ ადამიანები არ დახოცო. უნდა გააყალბო დოკუმენტი, რომ ინვალიდი ხარ.
მიყვარს ჩემი ქვეყანა და სანამ შემეძლო, ვცდილობდი რაღაც შემეცვალა. ახლა ვხვდები რომ არც არჩევნებს, არც რაიმე მცდელობას აზრი არ აქვს. 24 თებერვალს დაიწყო კოშმარი, რომელიც მეგონა რომ მალე დამთავრდებოდა. და ახლა ვხვდები, რომ ეს კოშმარი არ მთავრდება.
მთელი დღეა მეგობრებს ველაპარაკები და ვარიანტებს ვთავაზობ, როგორ შეიძლება გადარჩნენ. დღეს საღამოს რა იქნება, ისიც კი არ ვიცი.
უკვე ბევრი წელია ვფიქრობ, რომ უკვე ზღვარზე ვართ და ხალხი გამოიღვიძებს, მაგრამ იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი, ახლაც არ მგონია რომ რაიმე შეიცვალოს. პროტესტზე ვინც გავა, ყველას დაიჭერენ და პირველ რიგში მათ გააგზავნიან ომში.
დანიილ ბურმაკა, 22 წლის
24 თებერვლის შემდეგ რუსეთში რადიკალურად შეიცვალა ცხოვრება უარესობისკენ. თუმცა მე მაინც ვიცდიდი, რომ დიპლომი ამეღო. მეოთხე კურსზე ვიყავი და სულ რამდენიმე თვე მქონდა დარჩენილი.
ივლისში დიპლომი ავიღე თუ არა, წამოვედი. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ძალიან ბევრი ახლობელი მყავს უკრაინაში. ძალიან ვარ დაკავშირებული ამ ქვეყენასთან. არ ვიცოდი, რა მექნა.
სულ ამ თემაზე ვლაპარაკობდი. ზოგ ადამიანს, ვინც ომს უჭერდა მხარს, აზრიც კი შევაცვლევინე. ბევრს ვერ, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენიმეს მაინც.
გუშინდლიდან უკვე ვიცოდით რაც მოხდებოდა. ახლა ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავეხმაროთ ადამიანებს – იურიდიულად, მორალურად.
ადამიანი, რომელიც არ ეთანხმება ომს, არ უნდა წავიდეს ომში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დიქტატორმა ასე თქვა. და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
მე გამიწვევდნენ. ივლისში რომ არ წამოვსულიყავი, ახლა ომში მომიწევდა წასვლა, ან რაიმე გზის ძიება, რომ ეს უბედურება თავიდან ამერიდებინა. მე ახლა ოფიციალურ დეზერტირად არ ვითვლები, რადგან პირადად არ მიმიღია გაწვევა.
მეგობრები ჯერ შოკის მდგომარეობაში არიან. ერთმანეთს ეჩხუბებიან, პანიკაში არიან. რუსეთის ბევრ მოქალაქეს ფინანსური საშუალებაც არ აქვს, რომ ქვეყანა დატოვოს და სხვაგან წავიდეს. ამიტომ ინვალიდობა ერთ-ერთი გამოსავალია. ერთ-ერთი პოპულარული ტაქტიკა დამალვაა, ახლობლებთან და ნათესავებთან.
რუსები ძალიან, ძალიან შეშინებულები არიან. მინდა, რომ დიდი რუსული პროტესტის იმედი მქონდეს, მაგრამ ბოლომდე არ მჯერა ამის. არ მეიმედება.
საქართველოში მცხოვრები რუსები მობილიზაციაზე
საქართველოში მცხოვრები რუსები მობილიზაციაზე
საქართველოში მცხოვრები რუსები მობილიზაციაზე